მშვიდობით, მშვიდობავ!

    (ორი შეტყობინება)

    შეტყობინების ადრესატები: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ქართველი ხალხი.

    ბოლო პერიოდში  ძალიან შეუტიეს რუსეთს. განაპირა რაიონებს კი არა, პირდაპირ მოსკოვსა და პეტერბურგს ბომბავენ. 3 ივნისს სანკტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმი უნდა გამართულიყო, მაგრამ დრონებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა. „კრონშტადტის, კიროვსკისა და კრასნოსელსკის რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე უკრაინელი ნაცისტების მიერ დრონებით თავდასხმა განხორციელდა. არიან დაშავებულები. მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ქალაქის ხელმძღვანელობამ. ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე საათში პულკოვოს აეროპორტში 30-მდე რეისი გადაიდო. მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია,  რომ „დრონებით თავდასხმამ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსსა და პეტერბურგის  ნავთობტერმინალში ხანძარი გამოიწვია”.

    ეს რას ნიშნავს: რუსეთი ისე დასუსტდა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების ნაცვლად საკუთარ ტერიტორიაზე მტრის მოგერიების პრობლემას ვერ ართმევს თავს? ასე გამოდის! აქვს თუ არა ამას ობიექტური, კონკრეტული და ხელშესახები მიზეზები? ვფიქრობ,  კი. ეს არის:

    * რუსეთისთვის ისტორიულად დამახასიათებელი გაფეტიშება დასავლური ცხოვრების წესისა;

    * მიღება დასავლური ანტისაბჭოთა შაბლონებისა და სტერეოტიპებისა, რომლებიც დღემდე წამლავს რუსულ საზოგადოებრივ ცბობიერებას (მაგ.: სტალინის როლის უარყოფა და მისი პიროვნების გაშავების გაგრძელება; სოციალისტური სისტემის უარყოფა და კაპიტალიზმის უპირატესობის აღიარება);

    * სახელმწიფო იდეოლოგიაზე უარის თქმა, რომელიც დასავლეთის კარნახით განხორციელდა (რუსეთში გაბატონებულია აბსურდული აზრი, რომ სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს იდეოლოგია. საბჭოთა კავშირი რაკი მკვეთრად იდეოლოგიზებული სახელმწიფო იყო, რუსეთი თითქოს იდეოლოგიისგან თავისუფალი უნდა იყოს. ჯერ ერთი, დეიდეოლოგიზაციას პრინციპად თუკი იღებ, ეს უკვე იდეოლოგიაა, მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება ამ მასშტაბისა და სიძლიერის სახელმწიფოს საკუთარი იდეოლოგია არ გააჩნდეს?! ეს თავსმოხვეული სისულელეა, რომელიც, სწორედ იმიტომ, რომ თავსმოხვეულია, ძალიან სიცოცხლისუნარიანი გამოდგა (საინტერესო შედარება: ამერიკელთა რეკომენდაციის შესაბამისად, საქართველოსაც არ აქვს იდეოლოგია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთს და საქართველოს ერთი და იგივე ინსტრუქტორები მართავენ).

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეუძლებელი შეძლო. მან ფეხზე წამოაყენა დაჩოქებული სახელმწიფო – წამოსწია ეკონომიკა, სულიერება და პატრიოტიზმი, ქვეყანას დაუბრუნა სუვერენული განვითარების ბერკეტები. ეს უდავოა, მაგრამ… მაგრამ არის ერთი მომენტი, რომელიც ყველაფერს სპობს, ანადგურებს, აფუჭებს. ეს არის დასავლეთის წინაშე ქედის მოხრის რუსული შინაგანი პათოსი, დასავლეთის „ცივილიზებულობის” წინაშე უსიტყვო კაპიტულაცია. ეს საერთო რუსული სენია, რომელიც მთელ ისტორიას გასდევს. საოცარია, მაგრამ ეს ხდება დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ უკიდეგანო, აკვიატებული, გაუნელებელი, პროგრესირებული სიძულვილის ფონზე.   ამ სტატიაში ყველაფერზე ერთდროულად რომ არ ვისაუბრო, პუტინის ქცევის ზოგიერთ მომენტს შეგახსენებთ:                                                                    

    2017 წლის 30 ოქტომბერს პრეზიდენტმა პუტინმამოსკოვის ცენტრში გახსნა სტალინური რეპრესიების ხსოვნის მემორიალი „მწუხარების კედელი”, სადაც თქვა: „რეპრესიების არც დავიწყება შეიძლება და არც გამართლება არანაირი უმაღლესი სახალხო კეთილდღეობით”; „ეს იყო ტრაგედია მთელი ხალხისთვის”; „სასტიკი დარტყმა კულტურისთვის”. პუტინის სიტყვებით, თურმე:

    „ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლოთ გამოგონილი და აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალის წაყენება”;

    „მილიონობით ადამიანი ცხადდებოდა ხალხის მტრად”;

    „მათ ატარებდნენ წამებისა და დამცირების უსასტიკეს ბანაკებში”;

    „საკვირველია, რომ ჩვენთან, მოსკოვში, ეს საკითხი გადაუჭრელია, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი დღემდე არ გვაქვს. ეს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელია”.

    ეს ხომ პირდაპირი ციტირებაა დასავლეთის ლიდერებისა. ლაპარაკობს პუტინი, მაგრამ ჩაგესმის კლინტონის,  მაკრონის, მერცის, ბორელის, ფონ დერ ლაიენისა და მათი იდეოლოგიური ძმების სიტყვები. პუტინი, ნებსით თუ უნებლიეთ, გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ დასავლეთმა საბჭოთა კავშირში მოღალატეებისა და ხალხის მტრების მთელი არმია შექმნა. ან მხილება, ან მარცხი! – ასეთი იყო ალტერნატივა, რომლის წინაშეც საბჭოთა კავშირი და მისი ლიდერი აღმოჩნდნენ. სტალინმა მტრის მხილებისა და დასჯის გზა აირჩია. მან ქვეყნის შიგნით მტერთან ბრძოლის გამოცხადებით ბრძოლა გამოუცხადა მტრულ დასავლეთს და ეს ბრძოლა წუთითაც არ შეუნელებია. ბრძოლა ბრძოლა იყო, ომი ომი იყო. იგი არც მტერთან, არც საკუთარ თავთან კომპრომისზე არ წასულა. უკომპრომისობის გზიდან მას შვილის ტრაგიკულმა ბედმაც ვერ გადაახვევინა. პუტინმა კი პირიქით, კომპრომისების გზა აირჩია – სტალინის საკითხზე კომპრომისი; კაპიტალიზმთან კომპრომისი; დასავლურ იდეოლოგიასთან კომპრომისი და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ომის გზას ვერ ასცდა, კომპრომისებზე საბოლოო უარი მაინც ვერ თქვა. რუსეთს ახსოვს საბჭოთა დისიდენტ ლუდმილა ალექსევასთან შინ სტუმრად მისული პუტინი შამპანურის ბოკალით ხელში… რუსეთს ახსოვს ალექსანდრე სოლჟენიცინისთვის ძეგლის აღმმართველი და მასთან ხელში ვარდების თაიგულით მისული პუტინი. აი, მისი სიტყვებიც: „ალექსანდრე ისაევიჩი იყო ნამდვილი, ჭეშმარიტი პატრიოტი რუსეთისა!”  არადა,  ალექსანდრე ისაევიჩის მთელი პატრიოტიზმი სტალინის პიროვნების უკიდურესი სიძულვილი და დასავლური იდეოლოგიის სამსახურში დგომა იყო… რუსეთს ახსოვს პუტინი გორბაჩოვის ცხედართან თაიგულით ხელში. ეს ის გორბაჩოვი იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირი დაანგრია… პუტინმა რუსეთის დამაქცეველ პრეზიდენტ ელცინ ცენტრი (მავზოლეუმი) აუგო. ესეც ახსოვს რუსეთს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო   რუსი ხალხისადმი  მიმართვაში პუტინმა სტალინის მიერ დაშვებული „შეცდომა” ახსენა. ესეც ახსოვს რუსეთს. ახლა კი, ოპერაციის დაწყებიდან მეხუთე წელს, მოსკოვს და პეტერბურგს ბომბავენ…                                                                       

    სტალინმა  დიდ სამამულო ომში სამ წელიწადსა და თერთმეტ თვეში რაიხსტაგზე წითელი დროშა ააფრიალა… ესეც ახსოვს რუსეთს.

    რუსეთის პრეზიდენტისთვის ჩემი შეტყობინება ასეთია:

    ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!

    შეეშვით დასავლეთთან არაფრისმომცემ კომპრომისებს. ნუ ეძებთ კიევის მსუბუქად დაბომბვის მიზეზს, აიღეთ და დაამთავრეთ ის, რაც მართლა ელვის სისწრაფით უნდა დაგემთავრებინათ. ნურც მტერს და ნურც მოყვარეს ნუ შეატანინებთ ეჭვს რუსეთის ძლიერებაში. დროის რესურსიც გეწურებათ და ნდობის რესურსიც ილევა. თქვენი გარემოცვიდანაც კი ავისმომასწავებელი ჩურჩული ისმის. შეუძლებელია, ეს თქვენს ყურთასმენას ვერ სწვდებოდეს. წარმატებებს გისურვებთ!

    რაც შეეხება საქართველოს:

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის სტუმრობის შემდეგ საქართველოში აშშ-ის საელჩომ შემდეგი განცხადება გამოაქვეყნა:

    „შეხვედრა საქართველოს მთავრობასთან. 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს: ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა და მისი ინტერესი გაუზიარა სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ”.

    უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ განცხადების შემდეგ საქართველო მთლიანად შებრუნდება დასავლეთისკენ და საბოლოოდ ჩადგება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ბასტიონში. ეს ერთი. ახლა ვნახოთ ამ განცხადების კიდევ ერთი არსებითი მომენტი:

    „შეხვედრა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან. აშშ-ის დელეგაციამ სიღრმისეული საუბრები გამართა საქართველოს ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ მოისმინა შეშფოთება ოპოზიციური პარტიების მიმართ მოპყრობის შესახებ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე საქმისა და არსებული პოლიტიკური გარემოს შესახებ. დელეგაციამ მათ გაუზიარა შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ. ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს “.

    ყველაფერი დღესავით ნათელია. აშშ-მა ხელისუფლებაც აღიარა და ოპოზიციაც (საკუთარი „მეხუთე კოლონა”), ანუ კვლავ ეს ორი ძალა დატოვა პოლიტიკურ ასპარეზზე იმ პირობით, რომ მათ შორის დაპირისპირება შერბილდება და კონსტრუქციული თანამშრომლობის ელემენტები გაჩნდება.

     ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება ახალი კოაბიტაცია. დააკვირდით, რას აცხადებს აშშ-ის საელჩო: „პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს”. არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის ხელისუფლებისთვის მიცემული დავალება ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ, ანუ დავალება, როგორც უკვე ვთქვი, ახალი კოაბიტაციის შესახებ. ამის შემდეგ აზრს კარგავს „ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის ყველა მცდელობა, საპარლამენტო სპეციალური კომისიის მუშაობა და საკონსტიტუციო სასამართლოში შტანილი სარჩელიც. ესეც მეორე.

    ქართველხალხისთვის ჩემი შეტყობინება ასეთია:

    საქართველო რუსეთთან დროებითი და მოჩვენებითი კეთილგანწყობის რეჟიმიდან გამოდის. დღეიდან დასავლური დირექტივები ამოქმედდება. სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გადაწყვეტილება უკვე შეიცვალა აგენტურისთვის ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემის გადაწყვეტილებით. არ აქვს მნიშვნელობა, ეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნით მოხდება თუ 2028 წელს დაელოდებიან. ასე იქნება თუ ისე, საქართველოში აქამდე შენარჩუნებული მშვიდობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დგება.

    ემზადეთ უარესისთვის, ანუ მშვიდობით, მშვიდობავ!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here