სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე წლის 30 მაისს დააკავა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, რომელსაც ორი ქვეყნის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გულბაათ რცხილაძის საქმეს გრიფი „საიდუმლო” დაადეს, სასამართლო სხდომები დახურეს, ადვოკატს გაუთქმელობაზე ხელი მოაწერინეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს…
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, „ჯაშუშობა – ეს არის შეგროვება ისეთი ცნობებისა, რომლებიც წარმოადგენს სამხედრო ან სხვა სახელმწიფოებრივ საიდუმლოს, სხვა სახელმწიფოსთვის გადასაცემად”. გულბაათ რცხილაძე დაუფარავად საუბრობდა პრობლემებზე, ჰქონდა თავისი საინფორმაციო პორტალები, რომლებიც აქვეყნებდა სიმართლეს, და ახლა საქმეს იმ ადამიანისა, რომელსაც დაფარული არაფერი ჰქონდა, გრიფი „საიდუმლო” დაადეს…
გვესაუბრება ადამიანის უფლებათადამცველი ნანა კაკაბაძე:
_ გულბაათ რცხილაძეს ახლოს არ ვიცნობდი, მისი საქმეების შესახებ კი ნამდვილად მსმენია. ვერაფრით დავიჯერებ, რომ მან ქვეყნის წინაშე ჩაიდინა დანაშაული.
_ გულბაათ რცხილაძეს ორი ქვეყნის ჯაშუშობაში ადანაშაულებენ, მაგრამ არავინ იცის, რომელია ეს ორი ქვეყანა. ის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არასდროს ყოფილა, არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში…
_ რაღაც ინფორმაციებს ვეცნობი, ამბობენ, საიდუმლო დოკუმენტები აქვს გადაცემულიო, ცუდი მუხლი აქვს წაყენებული. ეს ისეთი მუხლია, რომელიც ყველას შეიძლება მიუსადაგო. ჯაშუში რას ნიშნავს, არ არის განმარტებული, რადგან შენივე ქვეყნის მოქალქე არ შეიძლება იყოს ჯაშუში. ეს სიტყვა გულისხმობს სხვა ქვეყნიდან ჩანერგილ, ჩამოსულ ადამიანს.
_ საქართველოში სხვა ქვეყნიდან ჩანერგილი არის სალომე ზურაბიშვილი…
_ დიახ, ის არის სხვა ქვეყნიდან ჩანერგილი და ამას მისი ქცევაც ადასტურებს. გულბაათ რცხილაძის შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდა. ახლახან გავიგე, რომ შეუქმნია ანტირუსოფობიული საბჭო. საქართველოში მართლაც არის რუსოფობია და ამის მონიტორინგი თუ ისჯებოდა, არ ვიცოდი. ფობია, საერთოდ, ისჯება და რა მოხდება, თუ რუსოფობებიც დაისჯებიან?!
_ რა განცდა დაგეუფლათ, როდესაც შეიტყვეთ, რომ ორი ქვეყნის ჯაშუში დააკავეს?
_ კიდევ ვიმეორებ: ახლო ნაცნობობა არ მაკავშირებს გულბაათთან, მაგრამ გავოცდი, როდესაც შევიტყვე, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ის იყო, რადგან მის ქმედებაში ჯაშუშობა არასდროს იკვეთებოდა. მისი ქმედებები ეროვნული იყო. ვფიქრობ, ეს იყო დასავლეთის დაკვეთა. გულბაათ რცხილაძე ჯაშუში ვერ იქნებოდა.
_ გულბაათ რცხილაძეს ჰქონდა საინფორმაციო პორტალები, ის ღია შეხვედრებს აწყობდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე დაუფარავად საუბრობდა და იმჟამინდელ ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებდა, მაგრამ ხელი არავის უხლია. დღეს კი გულბაათ რცხილაძე ე.წ. ეროვნულმა ხელისუფლებამ დააკავა, თანაც ჯაშუშობის ბრალდებით…
_ გაოგნებული ვარ, რადგან გულბაათის ჯაშუშობა ჩემთვის წარმოუდგენელია.
_ გულბაათ რცხილაძეს მხარდამჭერთა დიდი არმია ჰყავს, ადამიანები, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის რეგულირების მომხრენი არიან, მაგრამ მათ არ აქვთ სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება, რადგან სხდომები დახურულია.
_ გულბაათ რცხილაძის სასამართლოს დახურვა ემსახურება იმას, რომ, თუ იქ რამე საიდუმლო დოკუმენტებზეა საუბარი, არ უნდა გასაჯაროვდეს, მაგრამ დაუჯერებელია, რომ მას ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო დოკუმენტებზე.
თუკი ჰქონდა ვინმესგან მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები, მაშინ ის ადამიანიც უნდა დააპატიმრონ და მისი სახელიც უნდა ვიცოდეთ. ბევრი კითხვაა, რომლებსაც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს…
_ გულბაათ რცხილაძე ამბობს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან…
_ ბუნებრივია, მართალი ადამიანი ითანამშრომლებს გამოძიებასთან და შეეცდება, პრობლემა აღმოიფხვრას… რუსოფობიის წინაღმდეგ ქმედებების გამო გულბაათ რცხილაძის დაპატიმრება გამაოგნებელია. დასაჭერები რუსოფობიის გამღვივებლები არიან. ჩვენი ტრადიციების ქვეყანაში დაუშვებელია ფობიები, ებრაელებს მთელი მსოფლიო დევნიდა, მხოლოდ ჩვენთან იყვნენ დაცულები. საქართველოში გამძაფრებულია რუსოფობია, რომელიც დაუშვებელია. სიძულვილს აღვივებენ და დაუსჯელები რჩებიან. ქართველები ასეთი ღირებულებებით არ ვცხოვრობთ, ჩვენ აქამდე სიძულვილით არ მოვსულვართ და არც ამის შემდეგ ვაპირებთ სიძულვილით ცხოვრებას.
სწორედ ამ სიძულვილის წინააღმდეგ წავიდა გულბაათ რცხილაძე, ის ცდილობდა, გაერკვია, საიდან მოდიოდა ეს სიძულვილი და ვინ აღვივებდა მას. საქმეს, რომლის გაკეთებასაც აპირებდა, მეც მივესალმები.
ვიმედოვნებ, გაირკვევა, რომ გულბაათ რცხილაძე უდანაშაულოა და მალე გაათავისუფლებენ, რადგან ის კარგ საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







