რუსეთი როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური საავტომობილო დერეფნის აღდგენის ტექნიკურ და ინსტიტუციონალურ დეტალებს აანონსებს. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) წერს.
TCRC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს გახშირდა რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ანალიტიკური ინფორმაციები საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური საავტომობილო მარშრუტის აღდგენის შესახებ.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, ანალიტიკური მასალები რუსეთის ხელისუფლების ხედვას ასახავს და სტატიაში საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
რუსეთი როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური საავტომობილო დერეფნის აღდგენის ტექნიკურ და ინსტიტუციონალურ დეტალებს აანონსებს. ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) წერს.
TCRC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს გახშირდა რუსეთის საინფორმაციო სივრცეში ანალიტიკური ინფორმაციები საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური საავტომობილო მარშრუტის აღდგენის შესახებ.
როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს, ანალიტიკური მასალები რუსეთის ხელისუფლების ხედვას ასახავს და სტატიაში საქართველოს ინტერესები გათვალისწინებული არ არის.
„ბოლო ხანებში რუსეთის საინფორმაციო სივრცეში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ანალიტიკურ ინფორმაციებს საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი ტრანსკავკასიური საავტომობილო მარშრუტის რეანიმირების შესახებ.
ახლახანს რუსეთში გამოქვეყნდა ანალიტიკური სტატია სათაურით – Транскавказская магистраль и Военно-Осетинская дорога. აღნიშნულ სტატიაში აქცენტი საქართველო-რუსეთის ერთადერთი, ზემო ლარსი–ყაზბეგის დამაკავშირებელი მარშრუტისთვის დამატებითი სახმელეთო დერეფნების შექმნის ტექნიკურ და ინსტიტუციონალურ ასპექტებზეა გაკეთებული.
ანალიტიკური მასალა რუსეთის ხელისუფლების ხედვას ასახავს – ბუნებრივია, სტატიაში საქართველოს ინტერესები არ არის გათვალისწინებული. ამასთან, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, რუსეთი გამოთქვამს მზადყოფნას, ახლო მომავალში ჩრდილოეთ ოსეთისა და დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე დამოუკიდებლად განახორციელოს საქართველოსთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალების, ლოგისტიკური თუ სასაზღვრო – საბაჟო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
რუსეთი ავითარებს აზრს საქართველოსთან ორი დამატებითი საავტომობილო მიმართულების გახსნის მიზანშეწონილობის შესახებ.
ჩვენი მხრიდან აქცენტს ტექნიკურ საკითხებზე გავაკეთებთ.
სადღეისოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ერთადერთ მოქმედ სატრანსპორტო არტერიას ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვები პუნქტის გავლით საავტომობილო დერეფანი წარმოადგენს. რუსეთი აღნიშნულ მიმართულებას „ჩრდილოეთ-სამხრეთ“ დერეფნის ჩრდილოეთ ოსეთის დასავლეთ განშტოებად მიიჩნევს და გადაზიდვების სქემაში მნიშვნელოვან დატვირთვას ანიჭებს.
რუსეთისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და ამას არასდროს მალავს ქვეშეთი-კობის შემოკლებული მონაკვეთის პროექტის დროულად დასრულება, რომლის მშენებლობაშიც საქართველომ დონორების დახმარებით 1.2 მილიარდი დოლარი ფინანსური კონტრიბუცია ჩადო. უფრო მეტიც, რუსეთი ვარაუდობდა საქართველოს მიერ პროექტის 2024 წლისთვის ექსპლუატაციაში გაშვებას.
ამ ეტაპზე ქვეშეთი-კობის პროექტის ვადების გადაწევა, (ნავარაუდევია პროექტის 2027 წლისთვის დასრულება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ ვადებმა კიდევ გადაიწიოს) ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე ინფრასტრუქტურულ შეზღუდვებსა და მუდმივ საცობებს იწვევს, რაც რუსეთს, საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებთან, პირველ რიგში თურქეთთან საგარეო-სავაჭრო ტვირთბრუნვაში მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნის.
ზემო ლარსის არსებულ საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე დატვირთვის შესამცირებლად რუსეთის ხელისუფლება ინიციატივით გამოდის საქართველოსთან დამაკავშირებელი მეორე საავტომობილო დერეფნის – მამისონის მიმართულებით საავტომობილო გზის აღდგენის აუცილებლობის შესახებ. ისტორიულად, მამისონის გავლით გამავალი მარშრუტი ჩრდილოეთ ოსეთიდან რაჭისა და იმერეთის საქართველოს რეგიონებამდე გადიოდა. მარტივად რომ ვთქვათ, საავტომობილო ტრასა დასავლეთ საქართველოსთან, შავი ზღვის ნავსადგურებთან უფრო ახლოს, პირდაპირ გასასვლელს ქმნიდა.
ამ სახმელეთო დერეფნის აღდგენა ფოთისა და ბათუმის მიმართულებით მარშრუტს მნიშვნელოვნად შეამოკლებდა, რადგან თბილისის შემოვლითი მიმართულების ნაცვლად მოძრაობა ალაგირიდან ონის გავლით ქუთაისისკენ პირდაპირი მიმართულებით გაგრძელდებოდა. ეს კი არსებულ ლარსის დერეფანთან შედარებით მანძილს დაახლოებით 300 კმ-ით შეამცირებდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის მეორე (დამატებითი) დერეფნის ფორმირების კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ოსეთს შორის უშუალოდ ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების განვითარება. კერძოდ, ეს ეხება სამხრეთ ოსეთისკენ ლისრი–კვაისას მიმართულებით, კუდარის უღელტეხილის გავლით, ძუაძიკაუ–ცხინვალის გაზსადენის გასწვრივ საავტომობილო გზის მშენებლობას.
ორი ოსეთის დამაკავშირებელი ლისრი–კვაისა–ცხინვალის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალის ბეტონის საფარის საფუძველი უკვე არსებობს. გზის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა დამატებითი ზვავ საწინააღმდეგო ხელოვნური ნაგებობების – გალერეებისა და ასფალტის საფარის მოწყობა.
გარდა მამისონის მიმართულებით საავტომობილო გზის აღდგენის პროექტისა, რუსეთის მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ორივე ოსეთზე გამავალ საავტომობილო მაგისტრალს ანიჭებს, რომელიც, მათივე განმარტებით, სამხრეთ კავკასიის „კარიბჭეს“ წარმოადგენს, რადგან მასზე გადის საქართველოსთან დამაკავშირებელი სამხედრო გზა და სადღეისოდ საერთაშორისო გადაზიდვებისთვის პრაქტიკულად უფუნქციო ტრანსკავკასიური მაგისტრალი.
რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია როკის გვირაბის გავლით ტრანსკავკასიური მაგისტრალი. რუსეთის ვარაუდით, ტრანსკავკასიური მაგისტრალით სრულფასოვანი საერთაშორისო ტრანზიტის ამოქმედებისთვის აუცილებელი იქნება ინსტიტუციონალური და ტექნიკურ-ინფრასტრუქტურული ასპექტების გადაწყვეტა.
რუსეთის ვარაუდით, როკის გვირაბის გამოყენებით სრულფასოვანი საერთაშორისო ტრანზიტის განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელია საბაჟო პუნქტების, გამჭვირვალე გადასახადებისა და სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების გარეშე. იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთი სატრანსპორტო „ჩიხიდან“ გამოვიდეს და რეალურ ლოგისტიკურ ცენტრად გარდაიქმნას, რუსეთი მიიჩნევს, რომ აუცილებელია არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება. ამჟამად სამხრეთ ოსეთს – საერთაშორისო ტვირთების დამუშავების, დახარისხებისა და დროებით შენახვის არანაირი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები არ გააჩნია.
რუსეთის ვარაუდით, თანამედროვე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაწყობო ტერმინალების მშენებლობის გარეშე, სამხრეთ ოსეთზე ტრანზიტი უბრალო სატვირთო მარშრუტად იქცევა, რასაც სამხრეთ ოსეთზე არანაირი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება.
ქვედა ზარამაგი (რუსეთი) – რუკი (სამხრეთ ოსეთი) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ინფრასტრუქტურა შეზღუდული საავტომობილო ნაკადების დასამუშავებლადაც არ არის მზადყოფნაში, ხოლო საერთაშორისო ტრანზიტის განსახორციელებლად აუცილებელი იქნება ლარსის გამშვები პუნქტის ანალოგიურად დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე მაღალტექნოლოგიური სკანირების სისტემებით აღჭურვილი საბაჟო-სასაზღვრო ტერმინალის მოწყობა. აქ ბუნებრივია ისმის კითხვა საქართველოს ხელისუფლების გარეშე სად უნდა განთავსდეს საზღვარი?!
აღსანიშნავია, რომ რუსეთი, დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით, საავტომობილოსთან ერთად სარკინიგზო დერეფნის ამოქმედებას გეგმავს. აღნიშნულ საკითის ტექნიკურ ასპექტებს ჩვენი გვერდი ახლო მომავალში აუცილებლად დაუბრუნდება“, – წერს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.







