ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად ჩვენ ჩვენი ბრძოლა გვაქვს. გარდა იმისა, რომ ვცდილობთ, საქართველო იმპერიების ომში არ ჩაერთოს, არის კიდევ ერთი არანაკლებ მტკივნეული საკითხი – ფასები პროდუქტებზე. ეს თემა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია იმის გამო, რომ ირანმა ორმუზის სრუტე ჩაკეტა. შეიძლება ვინმემ არც იცოდეს ამ სულ რაღაც 33-კილომეტრიანი სრუტის არსებობის შესახებ და არც მის მნიშვნელობაზე ჰქონდეს წარმოდგენა, მაგრამ ორმუზის სრუტე ერთგვარი „ენერგეტიკული მარყუჟია“ გლობალური ლოჯისტიკის „კისერზე“. ის ერთმანეთთან აკავშირებს სპარსეთისა და ომანის ყურეებს და არის ერთადერთი საზღვაო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომლის გამოც მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ კვანძად მიიჩნევა.
ორმუზის სრუტის მეშვეობით ყოველდღიურად 20 მლნ ბარელზე მეტი ნავთობი გადის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ეს დედამიწის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ნავთობის მეხუთედზე მეტს შეადგენს. აქედან მარაგდება ჩინეთის ქარხნების უდიდესი ნაწილი, აქედან მარაგდება ევროპის ბევრი საწარმო. დღეს ყურეში არაერთი უზარმაზარი ტანკერია გაჩერებული და ახლა სადაზღვევო კომპანიები თავში ხელს იცემენ, რადგან ზარალი მათი ასანაზღაურებელი იქნება. საუბარია არა დღეებზე, არამედ საათებზე, რომლებიც ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, და ეს კარგად იცის ირანმა. უკვე ითქვა, რომ, თუ ასე გაგრძელდება, რამდენიმე დღეში ბარელი ნავთობის ფასმა შეიძლება 200-დოლარიან ნიშნულს მიუკაკუნოს და ეს მაშინ, როცა ამჟამად ერთი ბარელი 71 დოლარი ღირს.
ნავთობის გაძვირება ავტომატურად აისახება პროდუქტების ფასებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გასაიაფებლად გამზადებული პროდუქტი გაძვირდება და დისტრიბუტორები თუ ქსელური მაღაზიები მიზეზს მარტივად ახსნიან, მაგრამ… გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კომისიის წევრები კარგად ხვდებიან, რეალურად რატომ არის პროდუქტი ძვირი და რა ხდება ამ სფეროში, მაგრამ, ან თავს გვაჩვენებენ, რომ ეს ყველაფერი პირველად ესმით, ან ასე იმიტომ იქცევიან, რომ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მაღაზიებს აიძულონ პროდუქტების გაიაფება. ამის გაკეთება მარტივი არ იქნება და ახლავე გეტყვით, რატომ.
გასაღების ბაზარზე ორი მთავარი მოთამაშე დარჩა: „ორი ნაბიჯი“ და ბოლო თვის განმავლობაში გაერთიანებული „კალათა“, „მაგნიტი“, „გვირილა“ და „დეილი“. დიახ, ამ ორმა გიგანტმა ბაზრის ლამის 80% ჩაიგდო ხელში და მწარმოებლები შიშით ელოდებიან, რა პირობებს მოითხოვენ ისინი ისედაც წელში გაწყვეტილი მეწარმეებისგან. ჩვენ მოვიპოვეთ იმ ხელშეკრულების შაბლონი, რომელსაც დიდი ქსელური მარკეტები პრაქტიკულად ყველა მეწარმეს უფორმებენ, უარის შემთხვევაში კი კარისკენ უთითებენ. ხელშეკრულებაში არის მუხლი, რომლის მიხედვით, ქსელური მაღაზიები გადახდას იწყებენ 30-ს პლუს 15 დღის, ანუ 45 დღის შემდეგ. ამ პერიოდში გაყიდული პროდუქტების თანხა ე.წ. დეპოზიტზე რჩება, რომელიც მაღაზიას ერთგვარ ბონუსს აძლევს. ეს თანხა გაყინულია მანამ, სანამ იმ ქსელიდან არ გახვალთ და, თუ გახვალთ, მის მიღებას, სულ ცოტა, ორი წელიწადი დასჭირდება. კომისიის სხდომაზე ერთ-ერთმა წევრმა მეწარმეს ჰკითხა, ასეთ კაბალურ პირობებზე რატომ თანხმდებითო, მაგრამ საპასუხო კითხვაზე – „სად წავიდეთ?“ პასუხი არ ჰქონდა. კომისიის სხდომის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია სიტყვა „კარფური“, მაგრამ ეს ქსელური მაღაზია ჯერ არც კომისიის წევრებს უხსენებიათ და არც მეწარმეებს. გამოდის, „კარფურთან“ პრეტენზია არავის აქვს, მაგრამ რეალურად „კარფური“ მეწარმეებს უკეთეს დღეში ნამდვილად არ აყენებს, მეტიც, ხშირად უფრო უარეს დღეში ჰყავს. მაგალითად, „კარფურს“ ხელშეკრულებაში ე.წ. დეპოზიტ თანხად 100 000 ლარი უწერია, ანუ, 45 დღე კი არა, 100 000 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მაღაზია ამ თანხის პროდუქციის გაყიდვის შემდეგ იწყებს გადახდას და, თუ მცირე მეწარმე ხარ და ფეხზე დადგომა გინდა, „კარფურში,“ უბრალოდ, ვერ შეხვალ, რადგან ცალკე 100 ათასი ძალიან მძიმე ტვირთად დაგაწყვება.
ასევე, ყველა ქსელურ მარკეტს ხელშეკრულებაში უწერია, რომ პროდუქციის ერთი დღით დაგვიანება ისჯება 25 000-ლარიანი ჯარიმით. ანუ, თუ შემთხვევით წარმოებაში პრობლემა შეგექმნა, დანადგარი გაგიფუჭდა და პროდუქცია დროზე ვერ დაამზადე, 1 დღე 25 ათასი ლარი დაგიჯდება და, დანადგარის გაკეთება 3-4 დღეს რომ გაჭიანურდეს, ჩათვალე, დაღუპული ხარ, ამიტომ ქსელური მარკეტები „ურჩევენ“ მეწარმეებს, სათადარიგო დანადგარი ჰქონდეთ და მერე რა, რომ ერთი დანადგარის ფასი შეიძლება, ნახევარი მილიონი თუ არა, 300 ათასი მაინც იყოს. უნდა შეიძინო და ეგდოს უქმად, რა იცი, რა დროს გამოგადგება.
ფასების დამდგენმა სპეციალურმა კომისიამ დასკვნა აპრილში უნდა გამოაქვეყნოს და მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ იქ პროდუქტის სიძვირის მიზეზებზე ბევრი ეწერება, მაგრამ, რა ეწერება პრობლემების მოგვარების გზებზე, სხვა საკითხია. ჯერ ერთი, უკვე ვიცით, რომ ქსელური მარკეტების მფლობელები შეთანხმდნენ და, თუ გადაწყვეტილება არ მოეწონებათ, იტყვიან, რომ ხელისუფლება ბიზნესში ერევა და ზემოქმედებას ცდილობსო. ამან შეიძლება საერთაშორისო სანქციების მოსურნე და მოყვარული ევროკავშირი თუ ბრიტანეთი უფრო წააქეზოს. მთავრობას ძალიან გაუჭირდება ფასების ხელოვნურად შემცირება. სხვა საკითხია ზღვრული ფასების დაწესება თუნდაც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, მაგრამ ესეც საეჭვოა. სინამდვილეში, გამოსავალი მხოლოდ ის არის, რომ ხელისუფლებამ დააკანონოს კონკრეტული ფასნამატი, ანუ მიღებულ პროდუქტზე არ შეიძლებოდეს 50%-ზე მეტის მომატება, მაგრამ ესეც არ არის გამოსავალი, რადგან ყველა პროდუქტს მაქსიმალური ფასნამატი ექნება და ამასაც ვიგრძნობთ.
მეზობელი ქვეყნების გამოცდილებას თუ გავიზიარებთ, მაშინ შემოტანილ პროდუქტზე უნდა გავზარდოთ საბაჟო გადასახადი. ამან იმუშავა თურქეთში, რუსეთში, მაგრამ… არ იმუშავებს ჩვენთან იმიტომ, რომ აღნიშნულმა ქვეყნებმა გაზარდეს ადგილობრივი წარმოება და ამის ხარჯზე გააიაფეს პროდუქტი. ჩვენ კი, ადგილობრივი წარმოება ისეთი მიზერულია, რომ მის ხარჯზე ვერაფერს გავზრდით და იძულებული ვიქნებით, ისევ შემოტანილი პროდუქტით ვიკვებოთ, რომელიც უფრო ძვირი იქნება. შესაბამისად, იმაზე უნდა შევქმნათ კომისია, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, როგორ დავიწყოთ ადგილზე თუნდაც ჩვენთვის საკმარისი პროდუქტების წარმოება, ისეთის, როგორიც არის ბოსტნეული და ბაღჩეული, ელემენტარულად, ცომის გახმობა ვისწავლოთ, რომელსაც მაკარონად, ვერმიშელად ვაქცევთ და საკვებად გამოვიყენებთ. ხომ ელემენტარულია? ის მაინც თუ იცის ფასების დამდგენმა სპეციალურმა კომისიამ, რომ საქართველოში რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ დაიწყო ყველის წარმოება და სამშობლოში მიაქვს გასაყიდად? მიზეზი გაინტერესებთ? ნედლი რძე აქ ძალიან იაფი ღირს. გვირჩევნია, აქ ვიყიდოთ, აქ დავამზადოთ და სამშობლოში მზა პროდუქცია წავიღოთო. ჰო, იმ რძეს, რომელიც, წყალგარეული და დამუშავებული, მაღაზიაში 6 ლარი ღირს, მწარმოებლები ფერმერებისგან უკეთეს შემთხვევაში 1,80-1,90-ად იბარებენ ზამთარში, ზაფხულში კი დამადლებულ 1,50-ს იხდიან. არადა, ევროპაში რძის ფასი 3-4 ლარიდან იწყება. ფასებს არასდროს არაფერი ეშველება, სანამ ადგილობრივი წარმოება წელში არ გაიმართება. მეზობლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ევროპის ქვეყნებს რომ გვინდა შევედაროთ, იქ ადგილობრივი წარმოება დუღს და ცდილობენ, რომ სწორედ ადგილობრივ პროდუქტებს მიანიჭონ უპირატესობა და, რაც მთავარია, იქაური ქსელური მარკეტებიც სწორედ ადგილობრივს აყენებენ წინა პლანზე ორი მიზეზის გამო: პირველი, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკისთვის არის სასარგებლო და ისინი თავიანთ ქვეყანაზე ფიქრობენ; მეორე – ადგილობრივი ნაწარმი გაცილებით იაფი ღირს და, შესაბამისად, გასაღება და მოგებაც მეტია. ჩვენთან კი ქართული პროდუქტის წინა პლანზე დადებაში ფულს გთხოვენ. სხვა ფასი აქვს დახლ-მაცივარს და სხვა – საყინულე მაცივარს. ეს იცის ყველამ, მაგრამ არავინ არაფერს იმჩნევს და თითქოს პირველად ესმით, რომ ქსელური მარკეტები ადგილობრივ მეწარმეებსა და პატარა მაღაზიებს, უბრალოდ, გუდავენ.
ბესო ბარბაქაძე







