იტალიის მილან-კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შეხვდა, ხელი ჩამოართვა და მალე საქართველოში ელოდება… აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კი საქართველოს არა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ვენსი ამ ქვეყნებში ჩავიდა იმისთვის, რათა „გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის გზა” საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”…
,,დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს საუბარი აზერბაიჯანი-სომხეთის ახალი გზების მშენებლობაზე, რომელზეც თამამად შეგვიძლია მშვიდად და წყნარად ვთქვათ, რომ კარგია რეგიონისთვის. ეს თუ განვითარდება და დაემატება რაღაც გზა ჩვენს რეგიონს, ჩვენი რეგიონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება დაკავშირების კონტექსტში, მაგრამ წარმოუდგენელია, რომელიმე გზამ ჩაანაცვლოს საქართველო, მაშინ, როდესაც ამდენი ხნის განმავლობაში ეს გზა არსებობს, მოქმედებს, ვითარდება. ყოველწლიურად მოთხოვნა იზრდება და არ მცირდება. კიდევ სამი-ოთხი მარშრუტი რომ დაემატოს მას, მაინც საკმარისი არ იქნება, ალბათ, იმ ყველაფრისთვის, რაც ხდება დღეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, როდესაც ტვირთბრუნვაზეა საუბარი”, _ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ზოგიერთი პოლიტოლოგის აზრით, ,,ტრამპის გზა” საქართველოს ხელს შეუშლის სატრანსპორტო გადაზიდვებში, ჩვენი ქვეყანა ფუნქციას დაკარგავს და დაზარალდება…
არის კი სანდო პარტნიორი აშშ, განსაკუთრებით კავკასიის ქვეყნებისთვის? ამ საკითხზე ანალიტიკოსი გიორგი ხარიბეგაშვილი გვესაუბრება:
_ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის კრიზისი ჯერ კიდევ არ გადაულახავს და ამიტომაც ცდილობენ ისეთი კადრების გამოქვეყნებას, რომლებზეც ჩანს, რომ „ოცნების” მაღალჩინოსნები ხელს ართმევენ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს. გამომდინარე იქიდან, რომ ბვევრი ადამიანი საკითხს ზედაპირულად უდგება და ცოტა თუ დასვამს კითხვას, რა შინაარსი ჰქონდა ამ შეხვედრას, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი ხრიკები საზოგადოებაზე მაინც მუშაობს. აშშ-თან მეგობრობა კი არც ყაველაშვილის მონდომებაზეა დამოკიდებული და არც ივანიშვილის გავლენებზე. ამერიკა ,,დაგიმეგობრდება” თუ თვითონ არის დაინტერესებული, დაუკითხავად მოვა და სამხედრო ბაზებსაც ჩაგიდგამს, თუ ეს უღირს; მნიშვნელობა არ აქვს არც პატარა ქვეყნის ნებას და არც ,,დემოკრატიის ხარისხს”.
ნებისმიერი პარტნიორის სანდოობა დამოკიდებულია იმაზე, ეს პარტნიორი რამდენად ძლიერია მეორე მხარეზე და მყარია თუ არა მისი ინტერესები ამა თუ იმ რეგიონში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მისი ცივილიზაციური იდენტობა და პოლიტიკური მოწყობა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენზე განუზომლად ძლიერია და იმ პირობებში, როდესაც გადამტერებული გვყავს რუსეთი, აშშ-ს შეუძლია, ჩვენი ინტერესები მარტივად დაახურდავოს რამე აქტივში, რადგან გარისკვა არ უწევს.
ვერავინ დაასახელებს მიზეზს, რატომ არ უნდა „გადაგვაგდოს” ამერიკამ, თუ მისთვის სხვა ალტერნატივა უფრო სარფიანი იქნება. გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლა ამ „გადაგდებას” ლეგიტიმაციას მისცემს: ტრამპი გეტყვის: მე რა შუაში ვარ შენი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებასთან, თუ ერთგულება ჩემს მტერ ბაიდენსა და ობამას შეჰფიცეო?!..
_ როგორი იქნება ე.წ. ტრამპის გზის პერსპექტივა? საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გვარწმუნებს, რომ ამით ჩვენი ქვეყანა არაფერს დაკარგავს…
_ საქართველოს აქამდე ჰქონდა ორი გეოპოლიტიკური ფუნქცია _ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფნისა და რუსეთის გამღიზიანებლის. პირველი ფუნქცია ჯერ ბოლომდე არ დაგვიკარგავს, რადგან ზანგეზურის დერეფნის გამტარუნარიანობა დიდხანს იქნება დაბალი, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ თვალსაზრისით ჩვენი მნიშვნელობა მაინც შემცირდება. მეორე ფუნქცია კი არ შევასრულეთ, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა ანტირუსული ისტერიკის გაღვივება ფართო საზოგადოებაში, რომლის გამოც გაუგებარი გახდა კოლექტიური დასავლეთისთვის, რატომ უნდა იყოს საქართველო მისი ინტერესის საგანი.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







