Home ახალი ამბები საქართველო სახელმწიფო დეპარტამენტი – სამწუხაროდ, უცხოური დახმარების ჩვენმა არქიტექტურამ, დიდი ხანია, მიატოვა აშშ-ის...

სახელმწიფო დეპარტამენტი – სამწუხაროდ, უცხოური დახმარების ჩვენმა არქიტექტურამ, დიდი ხანია, მიატოვა აშშ-ის ეროვნული ინტერესები, ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა USAID-ის შემთხვევაში

უცხოური დახმარების ჩვენმა არქიტექტურამ, დიდი ხანია, მიატოვა სტრატეგიული დისციპლინა და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაში, რომელიც განსაზღვრავს 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას, როგორ განახორციელებს დეპარტამენტი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ ათწლეულების განმავლობაში მოკავშირეებს სხვადასხვა პროგრამით ეხმარებოდა, აშშ-ის ახალი სტრატეგიით კი, ეს ფინანსური რესურსები უფრო გონვირულად დაიხარჯება.

„დიდი ხნის განმავლობაში უცხოური დახმარება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო. „ლენდ-ლიზიდან“ დაწყებული, „მარშალის გეგმითა“ და ცივი ომის დროს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული, სტრატეგიულად ორიენტირებული დახმარების პროგრამები ამერიკულ რესურსებს მოკავშირეების გასაძლიერებლად, აშშ-ის მხარდამჭერი განვითარების წარმართვისთვის, სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ღირებულებების პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ. სამწუხაროდ, უცხოური დახმარების ჩვენმა არქიტექტურამ, დიდი ხანია, მიატოვა სტრატეგიული დისციპლინა და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები. ეს ტენდენცია საუკეთესოდ გამოიხატა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში – USAID-ში. შექმნილი გადაუდებელი ჰუმანიტარული კრიზისების საპასუხოდ და ღარიბი მოკავშირეების მდგრადი ზრდის პოვნაში დასახმარებლად, USAID-მა თავის ძირითად ამომრჩეველს გლობალური ჰუმანიტარული საზოგადოება უწოდა და არა – ამერიკელი ერი ან ხალხი. USAID-ი გაუქმდა და მისი უცხოური დახმარების პროგრამები სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. ჩვენი მანდატი ნათელია: დახმარების რესურსები გონივრულად და სტრატეგიულად უნდა განთავსდეს უფრო მიზანმიმართულად მაღალი გავლენის მქონე პროგრამებისკენ, რომლებიც დიპლომატიურ პრიორიტეტებს წინ უძღვის“, – ნათქვამია გეგმაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის ფინანსური რესურსები ამერიკელების კეთილდღეობისთვის უნდა იხარჯებოდეს, ამასთან, ხშირად აშშ-ის რესურსები ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყო გამოყენებული.

„ამერიკის სუვერენული რესურსები ამერიკელ ხალხს ეკუთვნის და უნდა დაიხარჯოს მათი და ჩვენი ერის ინტერესების წინსვლისთვის. არცერთ უცხოურ მთავრობას, მოსახლეობას ან ინსტრუმენტს არ აქვს წინასწარ განსაზღვრული უფლება ან პრეტენზია აშშ-ის დაფინანსებაზე. უცხოური დახმარება ამერიკული დიპლომატიისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ინსტრუმენტია და მასზე დახარჯული ყოველი დოლარი პირდაპირ უნდა იყოს გამართლებული ამ პირობებით. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გლობალისტური ან ჰუმანიტარული ბაზებით გამართლებულ დახმარებას სარგებელი მოჰქონდა შეერთებული შტატების მიმართ არამეგობრულად განწყობილი ჯგუფებისთვის. ასე აღარ იქნება. დახმარების პროგრამების შეფასებას ჩვენ დავიწყებთ იმის უზრუნველყოფით, რომ ის მიემართება იმ ჯგუფებისკენ ან ქვეყნებისკენ, რომლებიც აქტიურად იცავენ ჩვენს ინტერესებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2024 წელს USAID-მა დახმარების ბიუჯეტის მხოლოდ 10-15% დახარჯა დასავლეთ ნახევარსფეროსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, 2026 წელს კი ამ რეგიონში ბიუჯეტის, სულ მცირე, 40% დაიხარჯება.

„2024 წელს USAID-მა დახმარების ბიუჯეტის მხოლოდ 10-15% დახარჯა დასავლეთ ნახევარსფეროსა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთად. ეს არის მწირი რესურსების მიუღებელი განაწილება აშშ-ის სტრატეგიული პრიორიტეტების გათვალისწინებით. შესაბამისად, დეპარტამენტი მიზნად ისახავს 2026 წელს ჩვენი დახმარების მთლიანი ბიუჯეტის, სულ მცირე, 40%-ის დახარჯვას დასავლეთ ნახევარსფეროსა და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში. ადმინისტრაციულად დაჯგუფებულ რეგიონებშიც კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ დახმარების ქვეყნებისა და სუბრეგიონების მიხედვით განაწილება ასახავდეს თანამედროვე განვითარებას და სტრატეგიულ პრიორიტეტებს“, – წერია დოკუმენტში.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here