გიორგი გოგოლაშვილი: ტექნიკური უნივერსიტეტი არ უქმდება, უბრალოდ, ორის ნაცვლად ერთი დიდი უნივერსიტეტი გვექნება. არ შემცირდება არც ფაკულტეტები და არც კადრები

    ,,თუ დავინახავთ, რომ სასწავლო პროცესი იშლება, მაშინ ყველანი ჩავერევით და ხელს შევუშლით ამ გაერთიანებას, მაგრამ, თუ გაერთიანებულ უნივერსიტეტს ექნება უფრო მეტი ბიუჯეტი, სწავლება გაძლიერდება და მეტი სასიკეთო საქმე გაკეთდება, მივესალმებით”

    განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ  გივი მიქანაძის 29 იანვრის განცხადებამ ქვეყნის ორი ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებლის_ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის_ გაერთიანების შესახებ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ეს ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა პროფესორ მასწავლებლებისთვის, გაერთიანების თაობაზე არც რექტორებმა იცოდნენ… 29 იანვრის შემდეგ საპროტესტო აქციები არ ცხრება ზემო აღნიშნულ უნივერსიტეტებთან.

    ,,გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს განათლების ხარისხზე. გარდა ამისა, ორი უნივერსიტეტის გაერთიანება გარდაუვლად გამოიწვეს, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის სამუშაო ადგილების შემცირებას“, _ აღნიშნულია თსუის სენატის 4 თებერვლის სხდომის ოქმში.

    მიუხედავად იმისა, რომ პროფესორმასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ორი უნივერსიტეტის გაერთიანებისადმი, არსებობს განსხვავებული აზრიც.

    გვესაუბრება ენათმეცნიერი, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი:

    _ უნივერსიტეტების გაერთიანება ერთ-ერთი დეტალია იმ რეფორმებისა, რომლებიც მომზადდა განათლების სამინისტროში. განათლების მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება და არგუმენტები, მაგრამ ვინმემ მოისმინა კონტრარგუმენტი? არავინ ასაბუთებს, რატომ არის ცუდი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება.

    უნივერსიტეტის გამსხვილება ცუდი არ არის. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი დამოუკიდებელი იყო, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შეუერთდა სახელმწიფო უნივერსიტეტს და აქამდე არავის უთქვამს, რომ ეს ცუდი იყო.

    წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, იმიტომ ვიბრძოდით, რომ თსუ-ის გაუქმება და ილიაუნის გაძლიერება სურდათ. იმხანად გააერთაინეს სულხანსაბას სახელობის ინსტიტუტი, უცხო ენათა ინსტიტუტი, ფიზკულტურის და ეს იმიტომ, რომ ჯავახიშვილის უნივერსიტეტზე ძლიერი და დიდი ყოფილიყო ახლანდელი ილიაუნი.

    _ ილიაუნი რომ შეეერთებინათ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტისთვის, უფრო მისაღები იქნებოდა, ვიდრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეერთება

    _ გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ორი ფაკულტეტი _ სიბრძნისმეტყველება და საბუნებისმეტყველო, შემდეგ დაემატა სამშენებლო, აგრონომიული და სამედიცინო ფაკულტეტები. მოგვიანებით სამშენებლო ფაკულტეტი გავიდა თსუ-დან და შეიქმნა საქართველოს ტექნიკური ინსტიტუტი.

    ტექნიკური უნივერსიტეტი არ უქმდება, უბრალოდ, ორის ნაცვლად ერთი დიდი უნივერსიტეტი გვექნება. არ შემცირდება არც ფაკულტეტები და არც კადრები.

    ოპტიმიზაციის პროცესი დასაშვებია, ეს ხდებოდა და მოხდება.                   

     _ განათლების სამინისტროში ცვლილებების განხორციელება როცა გადაწყდა, თქვენ თუ მიგიწვიეს სამსჯელოდ?

    _ დიახ, მიმიწვიეს და ვიმსჯელეთ, განათლების ის რეფორმა მომწონს. მომწონს, რომ ქართული ენა, რომელიც სააკაშვილმა და ლომაიამ გააუქმეს უმაღლეს სასწავლებლებში, უპირველეს საგნად უნდა ისწავლებოდეს ყველა უნივერსიტეტში. ითქვა ასევე, რომ საშუალო სკოლებში სახელმძღვანელოების პრობლემა უნდა მოგვარდეს და ესეც მომწონს, მივესალმები.

    მართალია, უნივერსიტეტების გაერთიანებაზე შეკითხვები მეც მაქვს, მაგრამ ხელისუფლების ყველა სიტყვას ეჭვის თვალით არ უნდა შევხედოთ. თქვეს, რომ კადრების შემცირება არ მოხდება, არ შემცირდება კონტიგენტი, იქნება ერთი დიდი უნივერსიტეტი.

    საზღვარგარეთ არის უნივერსიტეტები, რომელთა ბიუჯეტიც საქართველოს ბიუჯეტზე მეტია. რაც მეტი აქვს ბიუჯეტი სასწავლო დაწესებულებას, მით მეტი პერსპექტივაა განვითარების, პროექტებსა და პროგრამებში ჩართვის, ნოვაციის…

    ტექნიკურ უნივერსიტეტში საკმაო წილი აქვს ჰუმანიტარულ ფაკულტეტებს. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭებინათ ინსტიტუტისთვის, ჰუმანიტარები არ უნდა სწავლობდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში, მეტსაც გეტყვით, ინჟინერიაც დაღუპულია საქართველოში

    მერწმუნეთ, ეს გაერთიანება გააძლიერებს ფაკულტეტებს, გააღრმავებს მომავალი სპეციალისტების ცოდნას. ვინ ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში, არ ვიცი, მაგრამ იდეა ცუდი არ არის. ეს რეფორმის ნაწილია, რეფორმა კი აუცილებელი იყო და კარგად დაიწყეს. ყველაფერი დალაგდება, ცვლილებებს მოჰყვება ხოლმე პრობლემები, მაგრამ მათი მოგვარებაც შეიძლება. მგონია, რომ ამ ცვლილებების შედეგად არავინ დაზარალდება, სტუდენტი ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს დაამთავრებს და მერწმუნეთ, ეს არავის დააზიანებს…

    სიმართლის მხარეს დავდგეთ, თუ დავინახავთ, რომ სასწავლო პროცესი იშლება, მაშინ ყველანი  ჩავერევით და ხელს შევუშლით ამ გაერთიანებას, მაგრამ, თუ გაერთიანებულ უნივერსიტეტს ექნება უფრო მეტი ბიუჯეტი, სწავლება გაძლიერდება და მეტი სასიკეთო საქმე გაკეთდება, მივესალმებით. წინასწარ ნუ შევქმნით პრობლემას, ვენდოთ ერთმანეთს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here