გოჩა ცოფურაშვილი: ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ფასების შემცირება საკითხისადმი სწორი მიდგომა არ არის, სახელმწიფო მექანიზმები უნდა შეიცვალოს!

    “კობახიძე შემჩნეული არ არის კორუფციაში, გონიერი კაცია, თუკი ის სწორ ტაქტიკას შეარჩევს, თუ მიხვდება, რომ ამ საქმეში ინსტიტუციური ცვლილებაა საჭირო, მაშინ რაღაც გამოვა”

    გოჩა ცოფურაშვილი

    საქართველოში სოციალური ფონი მძიმეა, რომელიც უმუშევრობით, დაბალი ხელფასებითა და პროდუქტების სიძვირით არის განპირობებული. ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მოიცალა იმისთვის, რომ პროდუქტების ფასებისთვის გადაეხედა. ეს ამბავი პრემიერმა წინასაახალწლოდ ამცნო საზოგადოებას და მალე შეიქმნა კომისიაც, რომელშიც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც შევიდნენ.

    ბუნებრივია, სადაც ვაჭრობაა, იქ შეიძლება კორუფციაც არსებობდეს, მაგრამ სუს-ით ბიზნესის დაშინება სწორი გადაწყვეტილებაა? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი:

    _ სურსათზე ფასების შემცირების პროცესი ასეთი არ უნდა იყოს _ სუს-ი არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან. ფასების პრობლემა არ უნდა განვიხილით, როგორც ვიღაც ერთი პიროვნების ხუშტური; ფასების თვითნებური მატება ეს სისტემური პრობლემაა, რომელიც გამოწვეულია ძვირი ფულით, ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთით, რაც ძალიან ძვირია ყველასთვის, ბიზნესმენია ის თუ კერძო პირი. ეს სერიოზულად ურტყამს ფასებს. აგრეთვე, ინფლაციაა ჩვენი ქვეყნის პრობლემა, რომელსაც მექანიკურად იჭერენ. ეროვნული ბანკი ადგენს სტანდარტს, ინფლაცია უნდა ყოფილიყო 3 პროცენტი და გაექცათ 5 პროცენტამდე…

    მოკლედ, პირველი პრობლემაა ძვირი ფული, მეორე _ ინფლაცია და მესამე _ წლების განმავლობაში მარკეტინგულ ქსელებზე მორგებული კანონმდებლობა. წესები მათზეა მორგებული, ისინი არასდროს არავის შეუვიწროვებია და სწორედ ეს არის ადგილობრივი წარმოების არარსებობის მიზეზი. როცა გლეხს სურს სუპერმარკეტში კარტოფილისა და ხახვის შეტანა, ქსელის მეპატრონე დღგ-ის გადახდას სთხოვს, მაგრამ გლეხი არ თანხმდება. იმპორტიორს შემოაქვს პროდუქტი, იხდის დღგ-ს და მერე ამის მიხედვით ადგენს ფასს. ეს ყველაფერი ინსტიტუციურად არის აწყობილი იმპორტზე… იმპორტიორები ერთმანეთს არ ჩაძირავენ, ფასს არ შეამცირებენ, მოგების მარჟას არ შეამცირებენ. შემომტანებისთვის რისკები უნდა იყოს დაცული, დისტრიბუტორები ფულს დროულად არ იძლევიან, ამიტომ ბიზნესი მოგებაზე ზრუნავს და პროდუქტს დიდ ფასს ადებს.

    ახლა გაარკვიეს, რომ სუპერმარკეტი იმაზე სამჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანას სჭირდება. ესეც უკონტროლო სისტემის ბრალია.

    ფასებსა და გაყიდვაზე ეკონომიკური ფაქტორებიც მოქმედებს, ეს არ არის ძალოვანი სტრუქტურების პრეროგატივა. ძალოვანი სტრუქტურა ფასებს ვერ შეამცირებს. სახელმწიფომ, სჯობს, ეკონომიკურ საფუძვლებზე იმუშაოს. ძალოვანი სტრუქტურებით ვერაფერს გააკეთებენ. შეიძლება სადღაც მართლაც არის სიმახინჯე, დანაშაული რაღაც ფორმით, მაგრამ ძალოვანი სტრუქტურით მისი აღმოფხვრა, პრობლემის მოკლევადიანი მოგვარებაა.

    პრემიერს მივმართე ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში, ავუხსენი, რომ მიწის გაყიდვა, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროა დაკავებული, არ არის სწორი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის იყიდება მიწა; უნდა ვიცოდეთ, რა მოგება და სარგებელი ექნება მას. თუკი ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ ყიდის და ამის იქით არაფერზე ზრუნავს, რად გვინდა ამხელა სამინისტრო? თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებებს დებენ, რომლებმაც მოიტანა დაბალი ხარისხი და მაღალი ფასები.

    ევროპაში ყველაფერია დათვლილი _ მარჟაც, მოგებაც, პროცენტიც, ჩვენთან კი დათვლილი არაფერია. სახელმწიფომ დაწესებულ გადასახადებს უნდა გადახედოს და მერე დაელაპარაკოს ბიზნესმენებს, სასურსათო კალათას უნდა გადახედოს და გადაწყვიტოს, რომელ პროდუქტზე იქნება შესაძლებელი გადასახადის შემცირება, ასევე საუბარია მედიკამენტებსა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე. მოკლედ, სახელმწიფო მარჟაა დასაწევი.

    ფასები გაუშვეს ლიბერალიზმის გამო. ამ ლიბერალიზმს მართრახით კი არ უნდა ვებრძოლოთ, ეკონომიკის მართვის მექანიზმები უნდა შეიცვალოს. ეკონომიკური მოდელია შესაცვლელი, პარალელურად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელსაც ჟურნალისტები და სამართალდამცველებიც გააკონტროლებენ. კიდევ ვიმეორებ: ეკონომიკური პლატფორმა უნდა შეიცვალოს და მერე ყველას ექნება ფასების გაკონტროლების საშუალება. დღეს ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს და, ბიზნესმენი რომ დაიბარო, ფასები შეამცირეო უთხრა, არასწორია.

    _ სწორედ ამას ედავებიან ე.წ. აკაცუკები ხელისუფლებას…

    _ რა თქმა უნდა, შეედავებიან. ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები გამოვიდნენ ომახიანად, მათ პასუხი ვერ გასცეს; მეტიც, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გაიპარნენ. მაგალითად, გენადი არველაძე, რომელიც თავისუფალ ხელშეკრულებებს ხელმძღვანელობს, ლიბერალიზმს ქადაგებს, და არა მხოლოდ ის… ეკონომიკის სამინისტრო ბენდუქიძის ლეკვებითაა გავსებული. გენადი არველაძისნაირ ტიპებს თუ არ მოაცილებენ სამინისტროს, არაფერი გამოვა, ყველაფერი უაზრობა იქნება…

    _ თქვენ ახსენეთ ძვირი ფული, არადა, “ოცნების” დაპირება იაფი ფული იყო…

    _ ხელისუფლებამ თქვა, რომ იქნება იაფი ფული… იქ, სადაც მაღალი საბანკო პროცენტია, თანადაფინანსება გადაწყვიტეს, რაც ნიშნავს, 20-პროცენტიანი სესხიდან სახელმწიფოს მიერ დაფინასებულ 7 პროცენტს, ეს ეხება სოფლის მეურნეობის აღორძინების საქმეს. ეს სისტემა დღესაც მუშაობს, მაგრამ ყველას არ აძლევენ სესხს, პირობები შეცვალეს. ისე გამოვიდა, რომ ფეხზე მყარად მდგომ ბიზნესებს ეხმარებიან და არა დამწყებს.

    _ სუს-შევიდა ნაციონალების სუპერმარკეტებში, ამით მათ დაშინებას ცდილობენ? ნაცების ბიზნესებს გააუქმებენ და თავიანთს დატოვებენ?

    _ კიდევ ვიმეორებ: ძალოვანი სტრუქტურების დახმარებით ფასების შემცირება საკითხისადმი სწორი მიდგომა არ არის. სახელმწიფო მექანიზმებია შესაცვლელი.

    სუპერმარკეტებში სუს-ის შესვლა ნიშნავს იმას, რომ ბევრი მაღაზია დაიხურება და ხელისუფლებაც მაგას ამბობს, ქვეყანაში იმდენი სუპერმარკეტია, რომ მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ამდენი მაღაზიის საჭიროება არ არსებობს. ძალისმიერმა მოქმედებამ, შესაძლოა, ზოგიერთს ხელი ააღებინოს სავაჭრო ბიზნესზე და ოპტიმალურად შემცირდება მაღაზიების რაოდენობა. ბუნებრივია, წნეხში მოყვებიან ის ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მისაღები არ არიან.

    _ თავის დროზე რატომ დაუტოვეს ეს ბიზნესები არასასურველ ბიზნესმენებს?

    _ მხოლოდ სუპერმარკეტები კი არ დაუტოვეს ნაცებს, მათ ხელში ბევრი რამ არის. ვანო მერაბიშვილს, ციხეში რომ იჯდა, ბიზნესი არ ჰქონდა? წაერთმიათ ბიზნესები თავის დროზე და აღარ იქნებოდა ეს პრობლემა.

     პროცესის ადმინისტრირების თვალსაზრისით, გააქტიურება შეიძლება ცუდი არ იყოს, მაგრამ ამას თუ არ მოჰყვა კარგად გააზრებული ეკონომიკური და ინსტიტუციური გადაწყობა, ეს დროებითი ფასდაკლება იქნება. დროებით ფასდაკლებას კი შეიძლება უფრო ცუდი შედეგი მოჰყვეს _ პროდუქტების დეფიციტს გამოიწვევს და მერე უფრო გაძვირებულ პროდუქტს მივიღებთ.

    _ შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას ის ადამიანები და უწყებები, რომლებიც ფასების მარეგულირებელ კომისიაში არიან?

    _ რეგიონული განვითარების მინისტრი გულედანი კომისიაშიც არ შეიყვანეს, არადა, სწორედ ის უნდა ყოფილიყო მთავრი ფიგურა. სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელსაც ზეზეულად სძინავს და სამინისტრო არასამთავრობოებით გატენა, ბენდუქიძის კადრია, არაფერს გააკეთებს. თვითონ ბენდუქიძეც კი მიხვდებოდა, რომ ახლა ცვლილებებია საჭირო, მაგრამ მისი გაფუჭებული ხალხი ამას ვერ მიხვდება.

    კობახიძე შემჩნეული არ არის კორუფციაში, გონიერი კაცია. თუკი ის სწორ ტაქტიკას შეარჩევს, თუ მიხვდება, რომ ამ საქმეში ინსტიტუციური ცვლილებაა საჭირო, მაშინ რაღაც გამოვა. ბანკებიც უნდა დაიბარონ, წესრიგი უნდა ჩამოეყალიბებინათ, ბიზნესმენებიც უნდა დაებარებინათ, კი არ უნდა შევარდნილიყვნენ. ერთობლივი, მაკონტროლებელი და კანონით გათვლილი ცვლილება უნდა შეეთავაზებინათ და ორ დღეში სისტემა თავად დაიწყებდა შეცვლას. ახლა ჩემთვის გაურკვეველია, ბიზნესმენებს აშინებენ თუ რამის შეცვლას სთხოვენ…

    ეკონომიკური გუნდია შესაცვლელი, პარადიგმიდან უნდა გამოვიდნენ. კორუფციის მხრივ დაიწყეს საქმის კეთება, მაგრამ ეკონომიკის კუთხით ცვლილებები ჯერ არ ჩანს…

    ვაჭრობა ისეთი რამ არის, შეიძლება ვიღაც დაიჭირო, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. პრემიერმა კობახიძემ ეს პრობლემა თუ სწორად გადაწყვიტა, ძალიან კარგი იქნება. ეს თვითონ მასაც უნდა აძლევდეს ხელს, რადგან თანამდებობიდან მისი გაშვება არავის მოუნდება და მყარად მოიკიდებს ფეხს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here