2025  წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ეკონომიკაში 1,5 მილიარდზე მეტი  ლარი  „ჩადეს“

    ხომ გვიმტკიცებენ ევროპელები თუ ამერიკელები, თქვენ გვერდით ვართ და თქვენზე ფიქრში ღამეები არ გვძინავსო? სად არიან მაშინ, როცა იციან, რომ ტურიზმი ქართული ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია? რატომ არ მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო, სასიამოვნო და საინტერესოა?

    დიდი ამბები ატყდა  მთავრობის ახალ ინიციატივაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისა  და  ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობის  დაწყების  შესახებ. ოპოზიცია თვლის, რომ ამ გაფართოება-მშენებლობით ხელისუფლების მაღალჩინოსნები ჯიბეს ისქელებენ, არადა, თბილისის მოქმედ აეროპორტს რეკონსტრუქციას ფრანგული კომპანია ჩაუტარებს, ხოლო ვაზიანში ასაშენებელ აეროპორტზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება და, დიდი ალბათობით, მასაც უცხოური კომპანია ააშენებს. რაც შეეხება გაფართოების სურვილს,   ხელისუფლება, სავარაუდოდ, იმ ციფრებს დაეყრდნო, რომლებიც  გავრცელდა და ტურისტთა ნაკადის ზრდაზე მიანიშნებს.

    2025 წელს საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი აღირიცხა. ისტორიული მაქსიმუმი ასეთია – საქართველოში თუნდაც ერთი ღამის გასატარებლად 5 521 866 ტურისტი ჩამოვიდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურ ვიზიტორთა რაოდენობა  არის       7 803 239, ანუ ეს ის ხალხია, რომელმაც საქართველო სატრანზიტო ქვეყნად გამოიყენა. ესეც რეკორდული მაჩვენებელია და, რა გასაკვირია, რომ აეროპორტის გაფართოებაზე  საუბარი აქტიურად დაიწყო. ეგ სამომავლო საქმეა, ჩვენ კი იმაზე ვთქვათ, რაც უკვე მოხდა.

    გემახსოვრებათ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები რომ ამბობდნენ, აზრი არ აქვს რუსი ტურისტების ჩამოსვლას, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტურისტები და ამერიკელები საქართველოში გაცილებით მეტს ხარჯავენ და სწორება მათზე უნდა გავაკეთოთო. შეიძლება ითქვას, რომ  ეს მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მოსაზრებაა, რადგან ქართული სასტუმროების მფლობელებს რატომღაც სწორედ რუსი ტურისტების მისვლა უხარიათ.    მეტი თვალსაჩინოებისთვის სტატისტიკას გადავხედოთ. ჩვენ შემოგთავაზებთ სიას იმ 15 ქვეყნისა, რომლებიდანაც  2025 წელს   ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს:

    რუსეთი – 1 579 764 ტურისტი,თურქეთი – 1 248 881, სომხეთი – 948 242,ისრაელი – 402 426, აზერბაიჯანი – 292 149, ყაზახეთი – 169 367, ბელარუსი – 150 325, ინდოეთი – 142 476,უკრაინა – 136 826, ჩინეთი – 127 895, ირანი – 120 068, საუდის არაბეთი – 96 340,გერმანია – 83 656, პოლონეთი – 79 722, უზბეკეთი – 72 913. რა გამოდის? მოწინავე 15 ქვეყანაში აშშ არ ფიგურირებს, ხოლო ტოპ-ათეულში ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანია და პოლონეთი იწონებენ თავს, შესაბამისად, მე-13 და მე-14 ადგილით. ახლა ვინმეს სჯერა, რომ 80 ათასზე ნაკლები პოლონელი ტურისტი უფრო მეტს დახარჯავდა საქართველოში, ვიდრე მილიონ ნახევარზე მეტი რუსი ტურისტი?! რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ოპოზიციისთვის არც ეს არის საზომი. ისინი ჯიუტად ამტკიცებენ იმას, რაც ადრე თქვეს, და ამერიკელების ნაკლებობას იმით ხსნიან, რომ… თურმე საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ხელისუფლებასთან   კარგი ურთიერთობა არ აქვს. არადა, აშშ-ის რომელიმე ქალაქის  ქუჩაში 100 ადამიანი რომ გააჩეროთ და საქართველოზე ჰკითხოთ,  „ჯორჯია“ ამერიკის შტატი ეგონებათ, ხოლო, როცა აუხსნით, რომ ქვეყანაზე ესაუბრებით და არა შტატზე, რუკაზე ვერ გიჩვენებენ, სად არის ჩვენი ქვეყანა. როგორ გგონიათ, ეს  ოპოზიციის ლიდერებმა არ იციან?  ძალიან კარგად იციან, მაგრამ  სხვა გზა არ აქვთ, არ სურთ,  აღიარონ, რომ საქართველო რუს ტურისტებზე მეტად არავის აინტერესებს, რომ რუსებს კარგად ახსოვთ, ქართული სტუმართმოყვარეობაც, აქაური კერძების გემოც და, ზოგადად, ქართველ ხალხთან ურთიერთობა ახარებთ, პატივს სცემენ, უყვართ და, რაც  უნდა მოიმოქმედონ პოლიტიკოსებმა, ამ ურთიერთობებს ვერაფერი წაშლის.

    ხომ გვიმტკიცებენ ევროპელები თუ ამერიკელები, თქვენ გვერდით ვართ და თქვენზე ნერვიულობით ღამეები არ გვძინავსო? სად არიან მაშინ, როცა იციან, რომ ტურიზმი ქართული ეეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია?  რატომ არ მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხო, სასიამოვნო და საინტერესოა? იმიტომ, რომ მათ არასდროს აინტერესებდათ ჩვენი ეკონომიკა ან ისტორია, მათი მთავარი მიზანი ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი ტერიტორიაა   ერთადერთი მიზეზით – რუსეთს რომ მოუშალონ ნერვები ან საჭიროების შემთხვევაში რუსეთზე იერიში საქართველოდან მიიტანონ. პირდაპირ თუ ირიბად ეს არაერთხელ თქმულა და მომავალშიც იტყვიან, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ამას ოპოზიცია კვლავ არ შეამჩნევს. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე მონად დაუდგნენ დასავლეთს, ზუსტად ისე, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთეს, უბრალოდ, ერის გადაგვარება და გენოციდი არ გამოუვიდათ.     

            ორიოდე დღის წინათ გამოქვეყნდა ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ ბოდიშს არც ერთი ჭეშმარიტი ნაციონალი არ მოიხდის და არ თვლის, რომ იმ პერიოდში, როცა ხელისუფლებაში ნაციონალები იყვნენ, რამე შეცდომა დაუშვეს, პირიქით, ამტკიცებს, რომ სწორად იქცეოდნენ და  სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა. შეგახსენებთ: ეს ის ახალაიაა, რომელმაც ციხის ის რეჟიმი შექმნა, რომელმაც ასეულობით პატიმარი იმსხვერპლა, უფრო მეტი – სამუდამოდ დააინვალიდა, ახლა კი ამტკიცებს, რომ,  თუ ადამიანების გვამებზე  არ ივლიდნენ, არაფერი გამოვიდოდა. ბაჩანა ახლაიაა ის, ვინც ორთაჭალის ციხეში ბუნტი სისხლში ჩაახშო და სწორედ მან გასცა ბრძანება, რომ დაკეტილ (!) საკნებში ავტომატის ლულა შეეყოთ და იქაურობა   დაეცხრილათ. ამ განცხადებით ახალაიამ პირდაპირ მიანიშნა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ანალოგიურად მოიქცევიან, რადგან „სხვაგვარად სახელმწიფოს ვერ ააშენებენ“ და, ალბათ, ლოგიკურიცაა, რომ მას ბრალი  4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ედება. ხვდებით, სად მივდიოდით და რას აპირებდნენ?!

    ისევ ტურიზმს დავუბრუნდეთ. ორიოდე წლის წინათ  ოპოზიციის მიერ  ატეხილი პანიკა, რუსეთი უიარაღოდ გვიპყრობს, საქართველოში იმდენი რუსი ჩამოვიდა, მალე ჩვენი ადგილი აღარ დარჩებაო, ჩაცხრა. ბევრი ჩამოსული სამშობლოში დაბრუნდა, ბევრი  დარჩა და ბიზნესს ეწევა. მერე რა, რომ ადგილობრივებს  რუსებთან მუშაობა ურჩევნიათ  იმის გამო, რომ დამოკიდებულებაც კარგია და ხელფასიც გაცილებით მაღალი. ახლა აღარავინ ყვირის, რუსები უიარაღოდ გვიპყრობენო, მაგრამ ორიოდე დღის წინათ ის გააპროტესტა ოპოზიციამ, რომ თურმე ბათუმში ტარდება დახურული საღამოები, რომლებზეც სრიპტიზს ცეკვავენ.  ის კი აღარ თქვეს, რომ ეს საღამოები ოფიციალურად იმართება, არც დახურულია, უბრალოდ, ბილეთის ფასია 500 ლარი და… სრული ანშლაგია, ანუ მოთხოვნა-მოწოდების ამბავი უფროა, ვიდრე სხვა რამის და ახლა თუ ვინმე იტყვის, რომ სტრიპტიზით გვრყვნიან, საღამოს გაიაროს სანაპიროზე, სადაც „ღამის პეპლები“ (მდედრი, მამრი) დგანან და მუშტარს ელიან.

    ტურიზმი არა მხოლოდ  საქართველოსთვის, არამედ ბევრი ისეთი ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, როგორიც არის თუნდაც იტალია ან საფრანგეთი, ამიტომ, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს ხელისუფალი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ტურიზმს  საფრთხე არ შეექმნას, სხვა ქვეყნებში  ოპოზიციაც კი არ საუბრობს ისეთ რაღაცებზე, რამაც, შესაძლოა, ტურიზმი და, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის იმიჯი დააზიანოს,  საქართველოში კი მთავარია, დაზიანდეს, დაინგრეს, ჩამოიშალოს… ეს არის სხვაობა ქართველ და უცხოელ პოლიტიკოსებს შორის.   შესაძლოა, იქაც გამოერიოს ერთი ან ორი იმგვარი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარს დააყენებს, მაგრამ ჩვენს ოპოზიციაში  ერთიც კი არ გამოერია  ისეთი, ვინც იტყვის, რომ მთავარი სახელმწიფო და მისი ინტერესებია, მერე კი – ყველაფერი დანარჩენი.

    რესტორატორები და სასტუმროების მეპატრონეები არ მალავენ, რომ ამოისუნთქეს და გასული საზაფხულო სეზონითა და მიმდინარე ზამთრის სეზონით კმაყოფილი არიან. რაც მთავარია, ეს ყველაფერი სწორედ რუსი ტურისტების ხარჯზე ხდება და მათი სიმრავლით არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკა, არამედ კონკრეტული ადამიანებიც ხეირობენ და ამას არც მალავენ. ჰო, ერთი ეგაა, როცა წარმატებულ ტურისტულ სეზონზე საუბრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არც ისინი ამბობენ, ვის და რის ხარჯზეა ეს წარმატება და რომელი ქვეყნის წარმომადგენლები არიან „მთავარი დამნაშავეები“. ციფრები კი ზუსტად გვეუბნება, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ეკონომიკაში მილიარდ-ნახევარზე მეტი „ჩაასხეს“. ჰო, 1.5 მილიონი ტურისტი რომ შემოვიდა,  მათგან ერთი საშუალოდ 1000 ლარს ხარჯავს (ყველაფრის ჩათვლით) და კი გამოდის მილიარდ-ნახევარზე მეტი.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                    

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here