დიმიტრი ლორთქიფანიძე: დღის წესრიგში ძალიან მალე დადგება კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღება!

    ,,3+3” ფორმატი დაკავშირებულია ეკონომიკური სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედებასთან, ამიტომ ის არის, იყო და დარჩება ერთ-ერთ საკვანძო ფორმატად”

    დიმიტრი ლორთქიფანიძე

    ,,თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდესაც მის უმაღლეს საგარეო წარმომადგენლად დაინიშნ აპრემიერი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო სამართლის დარღვევით სხვა ქვეყანაში რადიკალების ანტისამთავრობო აქციაზე სიტყვით გამოდის. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს”, _ დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მან მოიყვანა სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უნდა შეცვალონ

    საქართველოს კონსტიტუციაში78-მუხლის ჩამწერნი ევროკავშირსა და მის ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ, საით მიდის საქართველო. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

    _ ამჟამად ძალთა კონცენტრაცია ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოქმედ მონროს დოქტრინას ააქტიურებს და თავის კონკურენტებს ანადგურებს. ამჟამად ძალიან აქტუალურია წნეხი გრენლანდიაზე, დანიაზე, მექსიკის ექსპანსია. ამასაც მონროს დოქტრინა ითვალისწინებს, ვენესუელა უკვე არის ამ დოქტრინის მსხვერპლი…

    ჩვენი ხელისუფლება ითვალისწინებს ძალთა კონცენტრაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყურადღება გადატანილი აქვს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის აღდგენაზე, სტრატეგიული ქარტიის ამოქმედებაზე, რომელსაც 2009 წლის 9 იანვარს მოეწერა ხელი და რომელიც შეჩერებულია სიტყვიერად. თვითონ აშშ არ ცდილობს პროცესის დაჩქარებას, ვგულისხმობ, ე.წ. მეგობარი აქტის შეფერხებას. ამერიკელები შემოიფარგლებიან სასანქციო აქციებით კონკრეტული ადამიანების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობას აქვს პერსპექტივა, რომელიც, თავის მხრივ, დაბალანსებული უნდა იყოს რუსეთთან, რომელთანაც ოფიციალურად არ გვაქვს პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა იმ დონემდეა მისული, რომ ამერიკასთან ურთიერთობების მოგვარება რუსეთის გარეშე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. რუსეთთან მიბმულია ჩვენი ქვეყნის მთელი რიგი სტრატეგიული მიმართულებები, განსაკუთრებით – სასურსათო. რუსეთი ერთგვარი პლაცენტაა…

    რეგიონებში ტურბულენცია იზრდება. უკრაინაში გართულდა  ვითარება, რთული ვითარებაა ირანშიც, აგრეთვე, საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ არაბულ საამიროებს შორის, დაიძაბა ვითარება იემენის მიმართულებით. მესამე მსოფლიო ომი ლატენტურად დაწყებულია. როდესაც სამხრეთ ამერიკაში აშშ-ის ინტერესებზე ვსაუბრობთ, არ დაგავიწყდეთ, რომ იქ არის ბრიჩს-ის ერთ-ერთი დიდი ქვეყანა _ ბრაზილია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ათეულში შედის და მაღალი თავდაცვისუნარიანობა აქვს. მონროს დოქტრინის მიხედვით, თუ აშშ-ი გაილაშქრებს კუბაზე, ვენესუელაზე, მექსიკაზე, გრენლანდიაზე, შეიძლება მთელი მსოფლიო აღმოჩნდეს დიდ ქაოსში.

    _ ის, რაც ხდება ირანში, მასთან ახლომდებარე ჩვენი რეგიონისთვისაც საშიშია?

    _ საქმე ის არის, რომ ჩვენ, ალბათ, ვვაჭრობთ იმ კუთხით, რომ მსოფლიო ლოჯისტიკური გზების დამაკავშირებელი არის სამხრეთი დერეფანი, რომელიც ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან. საქართველო ერთ-ერთი საჭირო რგოლია და  შეიძლება ამ მიზეზით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გამოცხადდეს მშვიდობის ოაზისად. არ გამოვრიცხავ, რომ ლოჯისტიკური პროგრამების განხორციელებიდან გამომდინარე საქართველოში შენარჩუნდეს სტაბილურობა და სიმშვიდე. ჩვენ სტატეგიული მოთმინების რეჟიმში ვართ, რომელიც ძალიან კარგია.

    _ მოგწონთ, რომ საქართველო დუმს და რუსეთისკენ ნაბიჯს არ დგამს? ბევრი ამბობს, რომ დავაგვიანებთ, თუკი რუსეთს დრულად არ დაველაპაკებით

    _ არის ვითარება, როდესაც სტრატეგიული მოთმინება უფრო მომგებიანია დროის მოკლე მონაკვეთში, ვიდრე ხანგრძლივად გაკეთებული განცხადებები საგარეო კურსის პრიორიტეტებზე. ჩვენი საგარეო კურსის პრიორიტეტი ვეღარ იქნება ევროკავშირი, რადგან ეს გაერთიანება თვითონ განიცდის რყევას.

    _ ჩვენ ხელს გვიშლის კონსტიტუციის 78- მუხლიც

    _ 78-ე მუხლი მკვდრაშობილი აღმოჩნდება, მისი კონსტუტუციიდან ამოღება დღის წესრიგში ძალიან მალე დადგება.

    _ ,,3+3” ფორმატს დასცინიან დესტრუქციული ძალები; ამბობენ, კიდევ კარგი, არ შევედით ამ ფორმატის მოლაპარაკებებშიორა ბედი ელის ამ ფორმატს, თუკი ირანის ამჟამინდელი ხელისუფლება დაემხობა?

    _ ,,3+3” ფორმატი დაკავშირებულია ეკონომიკური სატრანსპორტო დერეფნების ამოქმედებასთან, ამიტომ ის არის, იყო და დარჩება ერთ-ერთ საკვანძო ფორმატად. ირანში სახელმწიფო გადატრიალება ზეგავლენას ვერ მოახდენს იმაზე, რომ ჩვენ ვიყოთ ჩრდილოეთ-სამხრეთის გეოსტრატეგიული მაგისტრალის შემაკავშირებელი რგოლი. ირანში თუკი მოხდება რევოლუცია, თუკი ზანგეზურის დერეფანიც ამოქმედდება, ჩვენ ზანგეზურის დერეფანს გადავჭრით ჯვარისებურად და საქართველოს ექნება საკუთარი ინტერესი, რადგან ის იქნება არა მხოლოდ ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერაფანი, არამედ პეტერბურგი-მუმბაის დამაკავშირებელი 7500-კილომეტრიანი მონაკვეთის შემაკავშირებელი რგოლიც. როგორც უნდა დასრულდეს პროცესი ირანში, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფანი მეგაეკონომიკური პროექტია და მასში არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის ინტერესი. ეს დიდი გამოწვევაა. ჩვენ არაფერს ვკარგავთ. ,,3+3″ ფორმატი ერქმევა მას თუ სხვა რამ, საქართველოს საარსებოდ სჭირდება რეგიონულ პროექტებში ჩართვა, დაკავშირება სპარსეთის ყურის ქვეყნებთან…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here