საქართველოს მთავრობამ, ოპოზიციისთვის უცხოეთიდან დაფინანსების შეჩერების პარალელურად, კანონების გამკაცრება გადაწყვიტა, ისე გამკაცრება, რომ ე.წ. ოპოზიციამ, წესით, მანიპულაციებისა და არეულობების მოწყობა ვეღარ უნდა შეძლოს. ცოტაოდენი გადაცდომა და ციხეში აღმოჩნდებიან; მაგალითად, ბილწსიტყვაობისთვისაც კი… მაგრამ ქუჩაში აქციაზე მდგომი ადამიანები დაშოშმინებას არ აპირებენ…
ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. რას იზამს ხელისუფლებლება? – ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:
_ თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, აუცილებლად უნდა აღიკვეთოს ამ ქვეყანაში იმ ადამიანების ბოგინი, რომლებიც სამშობლოს ორ გროშად ყიდიან. აუცილებელია, ასე ვთქვათ, ცხელი თავების დაპატიმრება.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა უცხო ქვეყნების დაფინანსება, საქართველოში მოქმედ დესტრუქციულ ძალებს მაინც რჩებათ იმედი, რომ ეს მათი აღსასრული არ არის და ცდილობენ, დრო გაიყვანონ, თანაც უფრო გავეშებულები არიან, როგორმე დაღუპონ ეს ქვეყანა, მეტი ფული რომ მიიღონ. ამ ვითარებაში აუცილებელი იყო იმ კანონების მიღება, რომლებიც ხელისუფლებამ ახლახან მიიღო, რადგან ეს კანონები სამშობლოს გამყიდველებს თავიანთ ადგილს მიუჩენს. ქართული სახელმწიფოს მტერს ყველა მხრიდან ცეცხლი უნდა გავუხსნათ და ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ მივცეთ, რადგან საქართველოს არეულობა არაფერში სჭირდება. აურევენ? _ პირდაპირ ვირის აბანოში უკრან თავი.
_ 49 ე.წ. ოპოზიციონერ დეპუტატს შეუწყვიტეს მანდატი და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეს მათი დამსახურებაა. საქმე ის არის, რომ ამ 49 დეპუტატმა თვითონ შეიტანეს განაცხადი მანდატის შეწყვეტაზე, უმრავლესობამ კი, უბრალოდ, მხარი დაუჭირა და მათი ნება აღასრულა, მაგრამ ხალხს ეუბნებიან, რომ ეს მათი დამსახურება იყო… არადა, თითქმის ყველა საჯარო სამსახური, სამინისტრო ნაცებით არის სავსე. აი, ეს უნდა დასრულდეს, დაპირებაც ეს იყო, მაგრამ…
_ ,,ოცნების” დაპირება (და თანაც მერამდენე) იყო სწორედ ის, რომ ყველა უწყება გათავისუფლდებოდა ნაცებისგან, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს მძიმე პერიოდი უდგას და ეს ერთი ხელის მოსმით ვერ მოხერდება. ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ლაკმუსის ქაღალდი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. სამინისტროებში მართლაც საშინელი ვითარებაა, ხშირად ვახსენებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ რა ხდება განათლების სამინისტროში? ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტრო მართლაც გასაწმედია. ამ სამინისტროებში გლობალური ომის პარტიის ხალხია ჩანერგილი და გარკვეული თანხების საფასურად სამშობლოს ღალატობენ. ეს ადამიანები იმაზე მეტი მოღალატეები არიან ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე ყორღანაშვილები, ბერბიჭაშვილები და ა.შ. სამშობლოს ღალატისთვის ასე უხვად დაფინანსებული ადამიანების თავიდან მოშორება არ არის მარტივი საქმე, ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დაიწყო, და დიდი იმედი მაქვს, გაგრძელდება.
დღესაც ინიშნებიან თანამდებობებზე ისეთი ადამიანები, რომელთა წარსულიც საეჭვოა, რომლებიც სულით ხორცამდე ნაცები არიან. არადა, არ შეიძლება ასეთი ადამიანების მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშვნა, განსაკუთრებით განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებში. მერწმუნეთ, ყველა უწყების წმენდა დაიწყება, მტკივნეული იქნება ეს პროცესი, მაგრამ მოსაკვეთი უნდა მოიკვეთოს. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები ვერასდროს გახდებიან სამშობლოსათვის თავდადებულები. ნაცები უნდა მოიკვეთონ სახელმწიფო სტრუქტურებიდან.
პროცესი დაწყებულია, ყველას თავის ადგილს მიუჩენენ, მოხდა ლუსტრაცია და ვიმედოვნებ, რომ ამ ქვეყანაში ლიბერალ-ფაშისტების ბოგინი დასრულდება.
_ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ,,იუსაიდს” გააუქმებდა, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ კი არ გააუქმებს, უბრალოდ, იქ ცუდი ადამიანები მუშაობდნენ და ახლა კარგებს დანიშნავს… ამის გამო საქართველოში ჟრიამული აქვს ე.წ. ოპოზიაციას. ტრამპი როგორ მოიქცევა, არ ვიცით… რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ქვეყანაში აღარ გაჭაჭანდეს ,,იუსაიდების” მსგავსი ორგანიზაციები?
_ პროცესი დაწყებულია. ამერიკაში თუ არ გაგრძელდება ის პროცესები, რომლებიც წამოიწყო ტრამპმა, ეს ცუდად აისახება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ტრამპი ხელისუფლებაში მოიყვანეს. სანამ ამერიკაშიც ასეთი გაურკვეველი ვითარებაა და იქაც მიმდინარეობს ლიბერალებისგან წმენდის პროცესი, საქართველოს ხელისუფლებამ ამ ცხელ გულზე უნდა ჩაკეტოს ყველა გზა, რომლებიდანაც შემოდის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი ფული, შემოდის უბედურება.
ხელისუფლება მიდის ყველანაირი დესტრუქციული ქმედების აკრძალვისკენ, ნელ-ნელა დააპატიმრებენ ყველას, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა. ეს პროცესი მშვიდად უნდა გავიაროთ, მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, რადგან სხვა შემთხვევაში ,,ოცნება” ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებს და ვერც ხალხის მხარდაჭერას… მერწმუნეთ, აუცილებლად შესრულდება ,,ოცნების” დაპირება და მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის ნება აღსრულდება.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი