მიხეილ ჟღენტი: როდემდე უნდა იყოს ერი პირდაფჩენილი და სხვისი ხელის შემყურე?… უკვე მრცხვენია, როდესაც ტრამპის იმედზეა ხელისუფლება ან მეორე მხარე

    ,,ტრამპი კავკასიიდან როგორ გავა, რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. ომი თუ გააჩაღებინეს არაადეკვატურ სომხეთის პრეზიდენტ პაშინიანს, მერე ვნახოთ, რაც დატრიალდება აქ”

    მიხეილ ჟღენტი
    მიხეილ ჟღენტი

    პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სუვერენიტეტისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დიდი გამოწვევები ელის. 2025 წელი გარდამტეხი იქნება მსოფლიოსთვის. აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს,  როგორ აისახება დონალდ ტრამპის ამბიციები საქართველოზე _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პარტიის ,,სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი:

    _ ჯერ კიდევ საახალწლო დღეებია, ამიტომ ვთხოვ მკითხველს, მაპატიოს ჩემი ხისტი ტონი. უნდა დავსვა შეკითხვები:  როდის უნდა დასრულდეს საქართველოში 35-წლიანი პროვინციული მარაზმი სახელწოდებით ,,ეს გვიშველის”? როდემდე უნდა ატყუოს ამ ხალხმა ერთმანეთს? რა გერმანია და რა აშშ, რის ნატო და რის კატო? საერთოდ, სრულ ჭკუაზე ვართ? როდემდე უნდა იყოს ერი პირდაფჩენილი და სხვისი ხელის შემყურე? გასული საუკუნის 92-95 წლებში პარლამენტში დეპუტატების ერთი ნაწილი სერიოზულად განიხილავდა საკითხს, რომ  გერმანიას უნდა ერჩინა საქართველო, რადგან ჩვენ გავაერთიანეთ და რა უღირთ, რომ შეგვინახონ; მერე _ ედიკას ძმაკაცის შვილია აშშ-ის პრეზიდენტი და გვეშველაო; მერე _ ,,ნატო დეიდა” გვიხსნის რუსეთისგანო… ყოველი ასეთი მარაზმის შემდეგ ვკარგავდით ტერიტორიებს.

    როდემდე უნდა იყოს ერი პირდაფჩენილი და სხვისი ხელის შემყურე?… უკვე მრცხვენია, როდესაც ტრამპის იმედზეა ხელისუფლება ან მეორე მხარე. ოპოზიციის მესმის, მიყიდულ-გაყიდულები არიან, დასავლეთის გავლენის ქვეშ არის ,,ოცნების ” გარკვეული ნაწილიც, მაგრამ ის ჯანსაღი ნაწილი ,,ქართული ოცნებისა” რატომ არ იღებს ხმას და არ ყვირის, რომ დრო აღარ დარჩა და ტრამპის იმედზე ვეღარ ვიქნებით?!

    ტრამპი არის ტიპური ამერიკელი კაპიტალისტი, რომელმაც უკვე განაცხადა, ამერიკის კონტინენტზე ქვეყნების ნახევარი  ჩემი უნდა გახდესო.

    როგორ ფიქრობთ, ტრამპს სძინავს და საქართველო ელანდება? მოკლედ გეტყვით: აშშ და რუსეთი მოილაპარაკებენ და, რასაც გადაწყვეტენ, ისე მოხდება; რასაც ეს ორი ,,დერჟავა ” შესთავაზებს დეკოლონიზაციის გზაზე დამდგარ საქართველოს, იმას უნდა დათანხმდეს. რამდენ წუთსაც დავაგვიანებთ, იმდენი ნაბიჯით დავიხევთ უკან და ბოლოს არავინ არაფერს შეგვეკითხება. ტრამპი კავკასიიდან როგორ გავა, რას მოიმოქმედებს, არავინ იცის. ომი თუ გააჩაღებინეს არაადეკვატურ სომხეთის პრეზიდენტ პაშინიანს, მერე ვნახოთ, რაც დატრიალდება აქ. მაპატიეთ ასეთი ემოციისთვის, მაგრამ როდის უნდა დასრულდეს ეს 35-წლიანი პროვინციალიზმი?

    ჩვენ თითქმის ორი თაობა გაგვეზარდა, რომელთა წარმომადგენელთა უმრავლესობა ტრადეგიის წინაშე დგას. 2-4 წელიწადში ისინი ვერ მიხვდებიან, რატომ გადააგდეს და რატომ არ მისცა ტრამპა და დასავლეთმა ნანატრი ევროპული მომავალი?

    _ როგორი წელიწადი ექნება საქართველოს: იმაზე რთული, რაც ჰქონდა, თუ სტაბილური?.. ტრამპის განცხადებები სიმშვიდეზე არ მიანიშნებს….

    _ უმძიმესი წელიწადი გვექნება, მაგრამ ძალიან საინტერესო. 2025 წელი გადამწყვეტი იქნება არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის.

    ტრამპი წინასაარჩევნოდ ჯერ დაჰპირდა მსოფლიოს, რომ ერთ დღეში დაასრულებდა უკრაინაში ომს… დღეს კი რას აცხადებს? თვეები დაგვჭირდებაო. გარდა ამისა, მისი პარტიის წარმომადგენლებს დედა არ უგინებიათ ,,ოცნებისთვის ”, თორემ სხვა არაფერი დაუკლიათ.

    ტრამპს უნდა, ჩაძიროს ევროპა; რუსეთს უნდა ევროპაზე გავლენის მოპოვება. აი, აქ უნდა ვითამაშოთ მათ ინტერესებზე. როგორ? სრულიად ინდა გავწყვიტოთ ურთიერთობა ევროპასთან! ვთხოვოთ აშშ-ს, რომ ტროტილად ქცეული საქართველოდან გამოაძროს დეტონატორი, რათა აღარ ვიყოთ რუსეთის ამფეთქებლის როლში. თუ ჩვენი ხელისუფლება გააძევებს ევროპას თავისი აგენტურით, რუსეთისთვის აღარ ვიქნებით საფრთხე; შეიძლება, საერთოდ უდანაკარგოდ გამოვიდეთ 35-წლიანი ჯოჯოხეთიდან. ვინც დღეს ტრამპის იმედზეა, ცოტა ხანში შეიძლება მისი მაგინებელი გახდეს. ვნახოთ, მე ძალიან იმედიანად ვარ!

    დასავლეთი მიხვდა, რომ აქ არც ,,ფერადი ” და არც შეიარაღებული გადატრიალება არ მოხდება. ახლა ჩაირთო გეგმა ,,ბ ”, რომლის მიზანია, ბატონ ივანიშვილს მოუწყონ კარის გადატრიალება, ამიტომ დაიწყეს ყველა გავლენიანი მაღალჩინოსნისა და ბიზნესმენის სანქცირება. ანალოგიური მცდელობა იყო რუსეთშიც უკრაინის ტრაგედიის დაწყებისას. ვლადიმერ პუტინმა გაუძლო სანქციებსა და გამოწვევებს; იმედია, ბიძინა ივანიშვილიც გაუძლებს ამ გამოწვევას.

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here