„ათასობით არასრულწლოვანი კრიმინალით არის დაკავებული, პოლიცია  კი უძლურია“

    სამართალდამცველები არ მალავენ, რომ დღეს არასრულწლოვანთა პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე ნარკოდანაშაულის

    31

    დღეს მშობლების უმრავლესობა ამბობს, რომ ბავშვებს იმაზე მეტი უფლებები აქვთ, ვიდრე უნდა ჰქონდეთ და ეს არა მხოლოდ მშობლების, არამედ მასწავლებლების აზრიცაა, მაგრამ ამაზე საჯაროდ  არავინ ლაპარაკობს, რადგან, როდესაც ბავშვს უსაყვედურებ ან დატუქსავ, შეიძლება  გამოხტეს ვინმე, ვინც ბავშვთა უფლებების დარღვევაში  დაგადანაშაულებს და შესაძლოა, 112-ში დარეკოს, შემდეგ კი  თავის მართლება მოგიწევთ, რომ ცუდი განზრახვა არ გქონიათ, რომ ბავშვები სხვაზე ნაკლებად არ გიყვართ…

    არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული ძალიან გახშირდა –  ისინი არ ერიდებიან არაფერს, არ აქვთ  შიში, რადგან ზუსტად იციან, კანონი მათ არ დასჯის. „ვიღაც იტყვის,  ეს, ძირითადად, დედაქალაქის პრობლემააო, მაგრამ არა, ბატონებო, არა, რეგიონებშიც არანაკლები ხდება.  აგერ, გასულ კვირას ხაშურში მომხდარი მკვლელობა გავიხსენოთ, როცა 14 თუ 15 წლის გოგონამ ტაქსის მძღოლი სიცოცხლეს გამოასალმა და ახლა დაცვის მხარე ამტკიცებს, გინდა თუ არა, 76 წლის მოხუცი ამ გოგოს გაუპატიურებას აპირებდაო. სიმართლეს, რა თქმა უნდა, ძიება და სასამართლო დაადგენს, მაგრამ პირველი, რასაც დაცვა იშველიებს ხოლმე, სწორედ გენდერული ნიშნით შევიწროვება გახლავთ. ამ მიმართლებითაც თითქოს აბსურდში გადავედით და ვეღარ გაგვირკვევია, რა გვსურს ან საით მივდივართ, თუმცა ახლა არასრულწლოვანებზე უნდა ვისაუბროთ.

    დავიწყოთ იმით, რომ არასრულწლოვანთა უდიდესმა ნაწილმა იცის, რომ მათ აქვთ ყველაფრის უფლება (და ყველაფერში იგულისხმება ყველაფერი), ხოლო მშობლებს, მასწავლებლებსა და, რაც მთავარია, სამართალდამცველებს არაფრის უფლება არ გააჩნიათ. არ არსებობს კანონი, რომელიც 14-წლამდელ მოზარდს პასუხისმგებლობას დააკისრებს და ამიტომ ისინი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ძარცვა-გლეჯვით არიან დაკავებულნი. ძალოვანები არ მალავენ, რომ დღეს არასრულწლოვანთა პრობლემა უფრო მწვავედ დგას, ვიდრე თუნდაც  ნარკოდანაშაულის. ჰო, ნარკოდანაშაულშიც, ძირითადად, არასრულწლოვანთ იყენებენ და განმკითხავი არავინაა.

    „თუ ატყობთ, ბოლო პერიოდში დაკავებულ ნარკოტიკების გამსაღებლებს შორის ბევრი არ არის ე.წ. დამდები, ანუ არ არიან ისინი, ვინც კონკრეტულ ადგილზე მალავს ნარკოტიკს, შემდეგ სურათს უღებს და მომხმარებელს უგზავნის. რატომ? იმიტომ, რომ ნარკოდილერებმა არასრულწლოვანები ჩართეს საქმეში,  სამართალდამცველები კი მათ პასუხისგებაში ვერ აძლევენ. შედეგად ვიღებთ იმას, რომ კრიმინალით არის დაკავებული ასობით და ათასობით არასრულწლოვანი და პოლიცია უძლურია“, – გვითხრა პოლიციის მოქმედმა პოლკოვნიკმა.

    არც იმას მალავს არავინ, რომ განსაკუთრებით გარეუბნებში ღამის საათებში არასრულწლოვანი გოგონები 50 ლარის სანაცვლოდ  მზად არიან, ორალური სექსით  დაკავდნენ. ადრე ამ მხრივ „პოპულარული“ აღმაშენებლის გამზირი და იქ მყოფი აზიელები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე აზიელი ამის გამო  შარში გაეხვია და რამდენიმე ციხეშიც მოხვდა არასრულწლოვანთან ურთიერთობის გამო, ახლა იქ ყველა თავშეკავებულია.  აი, გარეუბნებში კი…  ნუ იტყვით, რომ ამ ყველაფერს ძალოვანები უნდა აკონტროლებდნენ. გვერწმუნეეთ, ისინი  ძალიან ბევრს აკეთებენ, მაგრამ ხშირად უძლურნი არიან.

    „თავად განსაჯეთ – არასრულწლოვნებს სოციალურ ქსელში აქვთ გახსნილი ჩატი, სადაც მთელი ღამის განმაავლობაში მიდის მიმოწერა, თუ რომელ ქუჩაზეა საპატრულო მანქანა და იმ ქუჩაზე, უბრალოდ, იმალებიან. ღამის 2-3 საათზე ხომ ვერ დაინახავ, თუნდაც გაჩერებული ავტომობილის უკან ვინ დგას, გაივლი, თითქოს სიმშვიდეა და ათ წუთში სიგნალიზაცია ირთვება ამა თუ იმ მაღაზიის ვიტრინის ჩამტვრევის გამო. სანამ ადგილამდე მიდიხარ, წაღებულია სიგარეტი, სასმელი, კოსმეტიკური საშალებები. თუ გაგიმართლა და დამნაშავეს წაასწარი, გამოსავალი არც ეს არის – დააკავებ და მეორე დღეს გაშვება გიწევს იმის გამო, რომ 14 წლის არ არის; მხოლოდ ხელწერილს წერს მშობლების თანდასწრებით და უშვებ. მშობლების ნახვა ცალკე საცოდაობა და უიმედობაა“, – გვეუბნება ჩვენი მეგობარი პოლკოვნიკი.

    როგორ გგონიათ, რას აკეთებს მშობელი, რომელსაც ეუბნებიან, რომ მისმა შვილმა მაღაზიიდან ნივთები მოიპარა? ვერაფერს, რადგან, თუ ბავშვს გაუბრაზდება, მან შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციას ან 112-ს დაურეკოს, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობაზე ძიება იწყება და პირველ შემთხვევაში მშობელი თუ გაფრთხილებით შეიძლება შემოიფარგლოს, მეორე შემთხვევაში მას აუცილებლად დააკავებენ და, სულ ცოტა, 3 წლით ციხეში ჩასვამენ. მშობლებიც ხვდებიან, რომ ციხე არ ასცდებათ და ტკბილი სიტყვით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას, რაც, უბრალოდ, არ გამოდის.

    ცუდ  დღეში არიან მასწავლებლებიც. არც ისე იშვიათია შემთხვევა, როცა მოსწავლეებს მკაცრი და მომთხოვნი პედაგოგი არ მოსწონთ, ერთობლივ განცხადებას აკეთებენ, რომ მასწავლებელი მათზე, ფიზიკურად თუ არა, ფსიქოლოგიურად ძალადობს და, საუკეთესო შემთხვევაში, ეს მასწავლებელი იმ კლასიდან გაჰყავთ, უარეს შემთხვევაში –  სკოლიდან უშვებენ. ჰოდა, სამსახურის დაკარგვის შიშით მასწავლებელთა უმრავლესობა  არ ცდილობს,  მოსწავლეებამდე ცოდნა „ცეცხლითა და მახვილით“ მიიტანოს, მშვიდად ელოდება 45 წუთის გასვლას, შემდეგ ისევ მშვიდად შედის სხვა გაკვეთილზე და შედეგიც აშკარაა – სწავლის დონით, რეგიონში კი არა, ალბათ, მსოფლიოში აუტსაიდერთა შორის ვართ. თუნდაც წლევანდელი მონაცემები ავიღოთ: ქართულ ენაში ქულათა მაქსიმუმი 85-მა აბიტურიენტმა მიიღო, ინგლისურში – ათასზე მეტმა და ვისაც ეს ეამაყება, უბრალოდ ერის მოღალატეა. გამოდის, რომ მოზარდი თაობა უფრო დიდ ყურადღებას უცხო ენას უთმობს და ავიწყდება ქართულის სწავლა; იმ ქართული ენის, რომელსაც იოანე ზოსიმე ღმერთების ენად მოიხსენიებდა; იმ ენის, რომლის დამწერლობა მსოფლიოს 14 ანბანშია  შესული; იმ ენის, რომელზეც შოთა რუსთაველი მეეტყველებდა და შექმნა პოემა, რომელსაც ანალოგი არ აქვს და არც არასდროს ექნება.

    ისევ არასრულწლოვნებს დავუბრუნდეთ. თუ გგონიათ, რომ ნაქურდალი თუ სხვა გზებით მოპოვებული თანხებით ისინი მომავალს გეგმავენ და მაღალ მატერიებზე ფიქრობენ, ძალიან ცდებით. ამ თანხით მათი უმრავლესობა ბიონარკოტიკს ყიდულობს და, თუ ტელევიზიით არ გვიცხადებენ ყოველდღიურად, არ ნიშნავს, რომ ხალხმა არ იცის. გასულ კვირას სოლოლაკში 2 გოგო ნარკოტიკებით  გარდაიცვალა, ერთი კვირით ადრე – ორი ბიჭი ავლაბარში, მანამდე  იმერეთში – ისევ ორი ბიჭი, უფრო ადრე  – ვარკეთილში გოგო და ბიჭი და ასეა ყოველდღიურად. ნარკოტიკებით გარდაცვალების შემთხვევა უკვე ტრაგედია კი არა, სტატისტიკა გახდა და საშველიც თითქოს არსად ჩანს – ნარკოლიბერალიზაციის გამო,  კიდევ იმის გამო, რომ კანონი თუ უკანონობა 14 წლამდე ბავშვებს იცავს, ძალოვანებს ხელ-ფეხი აქვთ შეკრული.  ამ დროს კი, მიმდინარე წლის ივლისის  მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმს 264 705 არასრულწლოვანი იღებს, ანუ ყოველი მესამე არასრულწლოვანი სახელმწიფოზეა დამოკიდებული. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია – 2023 წლის ივლისში სახელმწიფო შემწეობას 250 868 ბავშვი იღებდა, 2022-ში – 245 819,  2021-ში – 224 918, 2020-ში – 172 169… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, 2015 წელზე  ვთქვათ, როცა ამ დახმარებას 82 284 ბაავშვი იღებდა, ანუ 9 წელიწადში რაოდენობა  ლამის 200 ათასით გაიზარდა და ეს, პრობლემა კი არა, კატასტროფაა.  წინასაარჩევნო პერიოდში რომელიმე პარტიის ლიდერი ამ პრობლემაზე რამეს ამბობს? არა, რადგან მარტივია – მიეცი დახმარება ბიუჯეტიდან და პრობლემაც მოგვარებულია. პრობლემა, მოგვარებული კი არა, ისეა გამწვავებული, ერთ მშვენიერ დღეს ყველას წაგვლეკავს.

    სად არის გამოსავალი? სამართალდამცველები ამბობენ, რომ გამოსავალი კანონის გამკაცრებაშია, ანუ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დაისჯება  და არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ, თუ დაიჭერენ,  ხელწერილს დაწერს და თავისუფალი იქნება. არიან არასრულწლოვანები, რომლებსაც ასეთი ხელწერილი ათობით აქვთ დაწერილი და კიდევ დაწერენ. რა პრობლემაა! აუცილებელია, რომ მასწავლებელსა და მშობელს ცოტა მეტი უფლებები ჰქონდეთ  და არ ეშინოდეთ, რომ ბავშვის დაყვირებისთვის ციხეში ჩასვამენ. სხვაგვარად მართლა არაფერი გვეშველება და ერთ მშვენიერ თუ არც ისე მშვენიერ დღეს მივალთ იქამდე, ბავშვები იარაღს აიღებენ ხელში და მშობლების ხოცვას დაიწყებენ იმის განცდით, რომ ამის გამო არავინ დასჯით. აფრიკის ქვეყნებში, სადაც ათეული წლები სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ბანდებში, ძირითადად, არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავთ იმიტომ, რომ ისინი დაუფიქრებლად კლავენ, ჩვენ კი აქამდე არცთუ ნელი ტემპით მივდივართ.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                          

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here