Home ახალი ამბები საქართველო წერტილის საშიშროება

წერტილის საშიშროება

ქართული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) იძიებს საქმეს, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი მზადდება. ჟურნალისტები ამ ვერსიას უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქისა და მისი ადვოკატის ინტერვიუებზე დაყრდნობით ანვითარებენ.

ჩატარებული საგამოძიებო პროცედურების შემდეგ უკრაინაში მებრძოლი გელა კახაბრიშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კამერების წინ ასე ლაპარაკობდა: „კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართული ოცნების” მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილზე. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობასო”.

ფაქტია, რომ გამოძიება დაწყებულია და ვერსიებიც არსებობს. კონკრეტულად რა და როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ მე ის უფრო გამიკვირდებოდა, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი თუ არ დაიგეგმებოდა, ვიდრე ის, რომ ასეთი ოპერაცია მზადდებოდა და, ალბათ, ახლაც მზადდება.

რატომ?

მეოცე საუკუნეში სხვადასხვა ვითარებაში დაიღუპა უმაღლესი თანამდებობის 94 პირი.

მათ შორის:

* კონგოს ექსპრემიერმინისტრი პატრის ლუმუმბა (1961 წლის 18 იანვარი);

* ჩილეს პრეზიდენტი სალვადორ ალიენდე (1973 წლის 11 სექტემბერი);

* საუდის არაბეთის მეფე აბდულაზიზ ალ საიდი (1975 წლის 25 მარტი);

* ბანგლადეშის პრეზიდენტი შეიჰი მუჯიბურ რახმანი (1975 წლის 15 აგვისტო);

* კონგოს პრეზიდენტი, შრომის პარტიის ლიდერი მარიენ ნგუაბი (1977 წლის 18 მარტი);

* ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის გენერალური მდივანი, რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე ხაზიფულა ამინი (1979 წლის 27 დეკემბერი);

* ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ ანვარ ალ სადა (1981 წლის 6 ოქტომბერი);

* ინდოეთის პრემიერმინისტრი ინდირა განდი (1984 წლის 31 ოქტომბერი);

* შვეციის პრემიერმინისტრი ულოფ პალმე (1986 წლის 1 მარტი);

* მოზამბიკის პრემიერმინისტრი სამორა მოიზეს მაშელი (1986 წლის 19 ოქტომბერი);

* რუმინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ნიკოლაე ჩაუშესკუ (1989 წლის 25 დეკემბერი);

* ალჟირის უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე მოჰამედ ბუდიაფი (1992 წლია 29 ივნისი);

* საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია (1993 წლის 31 დეკემბერი);

* ისრაელის პრემიერმინისტრი იცხაკ რაბინი (1995 წლის 4 ნოემბერი);

* სომხეთის პრემიერმინისტრი ვაზგენ სარქისიანი (1999 წლის 27 ოქტომბერი);

* სერბეთის პრემიერმინისტრი ზორან ჯინჯიჩი (2003 წლის 12 მარტი);

* საქართველოს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია (2005 წლის 3 თებერვალი).

სტატიისთვის ეს საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც თავისთავად წვეთია ზღვაში, კი არ მეტყველებს, პირდაპირ ღაღადებს, რა ფორმებით უსწორდებიან მიუღებელ მმართველებს.  კი მაგრამ, ვინ? ვინ არის ის ძალა, რომელიც  მსოფლიოში დასდევს და ჩიტებივით ხოცავს სახელმწიფოს მეთაურებს? ვის გააჩნია საამისო საშუალებები? გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ამ საქმით დაკავებულნი არიან ზესახელმწიფოთა სპეციალური სამსახურები, რომლებიც ან დაამხობენ მათთვის მიუღებელ სახელმწიფო მოღვაწეებს, ან მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას ახდენენ. უპირველეს ყოვლისა, ეს პრაქტიკა მყარად არის დანერგილი აშშ-ში. ისინი არ ინდობენ არათუ სხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, არამედ საკუთარ პრეზიდენტებს და პრეზიდენტობის კანდიდატებს. წარსულზე რომ არაფერი ვთქვათ, განა ამაზე არ მეტყველებს  ახლახან განხორციელებული თავდასხმა აშშ-ის პრეზიდენტობის დღევანდელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე?! განა ამაზე არ მეტყველებს ამასწინანდელი თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე? განა ამაზე არ მეტყველებს საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეზე ევროკომისარ ვარჰეის დაუფარავი მუქარა სლოვაკეთის პრემიერის ხვედრზე მითითებით? საქართველოში ვინმეს თუ დაემუქრებიან, ეს, უწინარესად,  ბიძინა ივანიშვილია, ვინაიდან სწორედ ის განსაზღვრავს პოლიტიკურ ამინდს, პოლიტიკურ ტენდენციებსა და პოლიტიკურ მიმართულებებს. ახლა, როდესაც დასავლეთთან ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ახლა, როდესაც ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორადაა აღიარებული და რუსეთთან მეორე ფრონტი ვერაფრით გაგვახსნევინეს, დასავლეთის სპეცსამსახურების პოზიციებიდან სავსებით ლოგიკური არ იქნება ბიძინა ივანიშვილის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე ფიქრი? ლოგიკურიც იქნება და ზელოგიკურიც, ამიტომ ვთქვი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ტერორის დაუგეგმავობა უფრო გამიკვირდებოდა, ვიდრე მისი დაგეგმვა.

რატომაა ბიძინა ივანიშვილი დასავლეთისთვის ასე მიუღებელი? მას დასავლეთი სძულს, მასთან ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა აქვს, ანუ აკვიატებული დასავლოფობია სჭირს? ამას, ალბათ, ვერ დავწამებთ, რადგან ის დიდხანს ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდა ამისა, როგორც  ცნობილია, მისი უზარმაზარი კაპიტალის უდიდესი ნაწილი სწორედ დასავლურ ბანკებში ინახება. მისი ხელმძღვანელობით საქართველომ დასავლური სტრუქტურებისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსიც კი მიიღო. მაშ, რაშია საქმე? რა არ მოსწონთ ივანიშვილში?

* არ მოსწონთ ის, რომ საქართველოს სუვერენიტეტის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადადგა;

* არ მოსწონთ ის, რომ ვასალობაზე მტკიცე უარი განაცხადა და მის ნაცვლად დასავლეთს სრულფასოვანი პარტნიორობა შესთავაზა;

* არ მოსწონთ ის, რომ დასავლური ღირებულებები უპრაგონოდ კი არ შემოუშვა, ქართულ ღირებულებებთან მათი ჰარმონიზება მოითხოვა;

* არ მოსწონთ ის, რომ ივანიშვილმა დასავლური გლობალური ომის პარტია მისი ნამდვილი სახელით მოიხსენია;

* არ მოსწონთ ის, რომ 2008 წელს ცხინვალის რეგიონში დატრიალებული ტრაგედია გლობალური ომის პარტიის წაქეზებით ჩადენილ დანაშაულად გამოაცხადა;

* არ მოსწონთ ის, რომ უკრაინაში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლა, ოფიციალურად რამე სახის სამხედრო კონტინგენტი არ გაგზავნა და უკრაინის ომი საქართველოს ომად არ აქცია;

* არ მოსწონთ ის, რომ საქართველოს ინტერესები დაიცვა და რუსეთთან მეორე ფრონტი არ გახსნა, არც დასავლეთის მიერ ამ ქვეყნისთვის დაწესებულ სამხედრო სანქციებს შეუერთდა.

ივანიშვილი დასავლეთს ყველაფერზე რომ დათანხმებოდა და საქართველო მეორე უკრაინად ექცია, თვითონაც  ფაშისტ ზელენსკად  უნდა ქცეულიყო, რომელმაც უკრაინელი ხალხიც გაანადგურა და უკრაინის სახელმწიფოც. ასეთ შემთხვევაში ივანიშვილი ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ლიდერი იქნებოდა თუ ისეთივე დაუძინებელ მტრად მოევლინებოდა ჩვენს ქვეყანას, როგორც ზელენსკი მოევლინა უკრაინას?! იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი, მისი გონიერი ნაწილი ფიქრობს ამ საკითხებზე. აბა, იმ ნაწილს რა უნდა მისთხოვო, დღემდე უკრაინული დროშა რომ გადმოუფენია აივნებზე და სააკაშვილზე ლოცვაში რომ ათენებს და აღამებს?! რთულია ეს ყველაფერი. დასავლეთმა ადამიანის ცნობიერებაზე მანიპულაციის ვერაგული სისტემები შექმნა. ეს უბედურები, ეს გაუნათლებლები, ბრიყვები და ფეხის ხმას აყოლილები ამ ზეწოლას ვერ უძლებენ და წყლიდან ამოყრილი თევზებივით ფართხალებენ.

ივანიშვილი უნდა მოვაშოროთ ქვეყანას!

ოლიგარქი უნდა მოვიცილოთ თავიდან!

გაუთავებლად ისმის მათი ხავილი, დასავლეთის უკონტროლო და ბინძური ფულით დაფინანსებული ტელეარხებიდან. ჯერჯერობით ხალხი ვერ აიყოლიეს, მაგრამ, ვითარების არევას თუ მიაღწევენ, ხალხის დიდი ნაწილი ბრბოდ გადაიქცევა (დასავლეთს საამისო მექანიზმებიც გააჩნია) და ზვავს დაემსგავსება, რომელსაც, სანამ უფსკრულში არ ჩაიფშვნება, ვერაფერი შეაკავებს. ეს ადვილი მისაღწევია იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. აი, სად და როდის იწყებს დასავლეთი ფიქრს ლიდერის ლიკვიდაციაზე. ივანიშვილის მკვლელობა ერში დაბნეულობას, ისედაც არსებული განხეთქილების გაღრმავებასა და ქაოსში გადაშვებას ნიშნავს, რაც უმოკლესი გზაა საქართველოში დასავლური აგენტოკრატიის აღდგენისკენ.

აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის დაგეგმვა მათი მხრიდან სრულიად ლოგიკურია, რადგან ამას ერთმნიშვნელოვნად მოჰყვება საქართველოში იმ პროცესების აღორძინება, რომლებმაც ახლო წარსულში ბევრი სისხლი და ცრემლი გვადინა. ასეთ ვითარებაში სუვერენიტეტზე ფიქრთანაც კი დამშვიდობება მოგვიწევს; სახელმწიფოებრივი ღირსების გრძნობა, რომელსაც თანდათანობით ვიბრუნებთ, მირაჟივით გაქრება; მშვიდობა კი, რომელსაც რატომღაც ჯეროვნად ვერ ვაფასებთ, ტკბილ მოგონებად იქცევა, ვინაიდან ისტორიამ ისე ინება, რომ სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და მშვიდობის ბედიც ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს აწევს მხრებზე, მას უჭირავს ეს მყიფე ტრიადა და ღმერთმა ნუ ქნას მისი წაქცევა, თორემ დასავლეთის ამ ვერაგული ჩანაფიქრის განხორციელების შემთხვევაში ყოველივე ამას შავი, სქელი წერტილი დაესმება.

სამწუხაროდ, წერტილის ეს საშიშროება გავლილი არ არის.

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here