Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციამ წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელშიც  დასავლეთის სცენარის მიხედვით მოქმედებს და გაჩერებას...

ოპოზიციამ წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელშიც  დასავლეთის სცენარის მიხედვით მოქმედებს და გაჩერებას აშკარად არ აპირებს

თუ ოპოზიციის აქტივი იგრძობს, რომ ყველაფრის უფლება აქვს, არჩევნები პოლიტიკური პროცესის ნაცვლად სასაკლაოდ გადაიქცევა

360
„ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას დაკავება

თბილისის საკრებულოში მისი წევრები„ოცნების“ წარმომადგენელი კონსტანტინე ზარნაძე  და „ნაციონალრი მოძრაობის“ წევრი  ირაკლი ეძგვერაძე – ერთმანეთს  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  მხარეებმა ქართული პოლიტიკის წესისამებრ  ერთმანეთს რაღაც საგნებიც  ესროლეს, არც გინება დაუკლიათ,  ბოლოს კი ისინი მანდატურებმა და კოლეგებმა გააშველეს. იმავე საღამოს გლდანში, თავისი საცხოვრებელი  კორპუსის ეზოში მყოფ ეძგვერაძეს რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს და სცემა. გაილახა როგორც საკრებულოს წევრი, ისე მისი მეგობარი, ყოფილი ფეხბურთელი კახა ალადაშვილი. ნაცემი ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემთხვევის ადგილზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მივიდნენ და ყველაზე საინტერესოც სწორედ ამის შემდეგ დაიწყო…

ოპოზიციური არხები ყველაფერს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ და სრულიად  საქართველომ იხილა, როგორ აგინა ნიკა მელიამ სამართალდამცველებს,როგორ აგინა იმავე სამართალდამცველებს ზვიად კ უპრავამ და როგორ იწევდა მათზე ბაჩო დოლიძე. ძალოვნებმა „ნაციონალური მოძრაობის“ სამივე წევრი დააკავეს (გინება, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ფიზიკური დაპირისპირება). ატყდა ამბავი, მაგრამ რა ატყდა – სამივე მათგანი მაშინვე  პოლიტპატიმრად  მოინათლა, წინასწარი დაკავების იზოლატორში ისინი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა და სამივემ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. ან რა უნდა ეთქვათ გამოძიებისთვის: დედა ვაგინეთ პოლიციას და ხელი დავარტყითო? ოპოზიცია სამივე დაკავებულის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს, აქაოდა,  მართლები არიანო…

პირველ რიგში, სახალხო დამცველს ვეკითხებით: ეს ადამიანები, რომლებიც   ჩვეულებრივი კრიმინალებივით მოიქცნენ, რატომ სარგებლობენ უპირატესობით და რატომ ეახლა მათ სახალხო დამცველის წარმომადგენელი? ამას წინათ ვაგზლის მოედანზე იყო გვარიანი ჩხუბი, იქაც ადამიანებს  სცემეს, იქაც პოლიციელებზე იყო თავდასხმისა და წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი. რატომ არავინ  მოინახულა  ის ხალხი  ომბუდსმენის აპარატიდან? თუ, სახალხო დამცველმა შენთვის რომ მოიცალოს, აუცილებლად ოპოზიციის წარმომადგენელი და „ცნობადი სახე“ უნდა იყო? ან რატომ არიან გაჩუმებული ევროპელი ელჩები – ის ელჩები, რომლებიც დღენიადაგ გვიკიჟინებენ: 12 პუნქტი უნდა შეასრულოთ, კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოთ და მათგან უმთავრესი პოლარიზაციის დასრულებააო? ასე (არც ისე) პოლარიზაცია რომ არ დასრულდება, ცხადზე ცხადია და გვგონია, რომ მთავარ მიზეზად ევროპა სწორედ ამ პუნქტის შეუსრულებლობას მოიდებს და მოსახლეობასაც მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდეს ხელისუფლების შესაცვლელად. აკი თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა:  ქართველი ხალხისგან მკაფიო მესიჯს ველოდებით და ბრძოლა დღესვეა საჭიროო…

მომხდარს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა საავადმყოფოში, სადაც დაზარალებულების დასაკითხად დეტექტივები მივიდნენ. მათ  თქვეს, რომ დამნაშავეების ცხელ კვალზე დასაკავებლად აუცილებელი იყო დაზარალებულთა ჩვენება, რომლებიც,  სანამ საავადმყოფოში მოხვდებოდნენ, ტელეკამერების წინ ამბობდნენ, ყველა თავდამსხმელი ვიცანითო. ჰოდა, მათ პალატაში სამართალდამცველებს დახვდნენ ელენე ხოშტარია და მიხეილ სააკაშვილის  ე.წ. საზოგადოებრივი მისაღების ხელმძღვანელი, აგრეთვე, ფესიბუკ-ადმინისტრატორი (თუ სხვა რეგალია იცით, გვითხარით, დავწერთ)  სოფო ჯაფარიძე, „დროას“  ლიდერი  ხოშტარია კი ქვეყნის მთავარი პროვოკატორის იმიჯის მორგებას ცდილობს. ჰოდა, ამ  დიაცებმა ძალოვანები დაზარალებულებამდე არ მიუშვეს, აქაოდა, ცუდად არიან, რა დროს დაკითხვააო… გვესმის, რომ ნაცემი ადამიანები შეიძლება ცუდად იყვნენ, მაგრამ, როცა კონკრეტულ ტელევიზიებს უწყვეტად 10 წუთის განმავლობაში ესაუბრები და მერე ამბობ, გამომძიებელს 2-3 წუთი ვერ დაველაპარაკები, რადგან ცუდად ვარო, უცნაურია. რეალურად, მათ არ ჰქონდათ მიღებული მითითებები, რა უნდა ეთქვათ გამოძიებისთვის და ამიტომ ოპოზიცონერმა ლიდერებმა ისინი პოლიციელებამდე  არ მიუშვეს.

„მე იცი, ვინ ვარ? გადი ახლა, გაეთრიე აქედან,  შე ფარცხალაძის მონა“, – ამ სიტყვებით ელენე ხოშტარიამ რამდენიმე პოლიციელს ხელი ჰკრა და პალატიდან მათ გაყვანას შეეცადა. ქალბატონო ელენე, ნამდვილად ვიცი, ვინც ხართ, მაგრამ აქ დაწერას აზრი არ აქვს, ცუდ სიტყვებს არ ბეჭდავს ჩვენი გაზეთი და მეორეც – იგივე ქმედება  „ნაციონალური მოძრაობის“  ზეობის ხანაში   რომ ჩაედინა  ხოშტარიას, მიშას პოლიციელები იმ ტელეფონს, რომლითაც ამ ყველაფერს იღებდა, წაართმევდნენ და ისეთ ადგილზე გაუკეთებდნენ…  არ იცით თქვენ, რას ნიშნავს ადამიანების ცემა, მართლა არ იცით, რადგან ეს ნაცემი ადამიანები  ორი საათი, ანუ საავადმყოფოში მისვლამდე, უბანში ყველა ტელევიზიას კომენტარს ურიგებდნენ. ცემა ის იყო, ნაცებმა რომ იცოდნენ, და თუ არ გჯერათ, ყოფილ  დეპუტატ  ვალერი გელაშვილს ჰკითხეთ. აი, კობა დავითაშვილს ვეღარ ჰკითხავთ, რადგან მაგ ცემას შეეწირა  მთასავით კაცი…

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის რიგ ქვეყნებში (საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია) პოლიციელისთვის, რომელსაც ფორმა აცვია, ხელის შეხება შეიძლება შეფასდეს, როგორც მასზე თავდასხმა და სამართალდამცველს სრული უფლება აქვს, ასეთ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს. იყენებენ კიდეც და არასდროს არც ერთ ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსს არ უთქვამს, სამართალდამცველი არასწორად მოიქცაო. აი, საქართველოში კი თურმე შეგიძლია პოლიციელს აგინო, ხელიც დაარტყა და, თუ დაგიჭირეს, პოლიტპატიმარი ხარ. ანუ, ჩვენთან ეს ყველაფერი უნდა შეირგოს პოლიციელმა და ამას იგივე ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები თუ პოლიტიკოსები ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ. მერე რა, რომ კანონი აქაც ირღვევა, ეს ხომ საქართველოა – მათი სათარეშო ქვეყანა. მთავარია, მათ ქვეყანაში არ მოხდეს ანალოგიური რამ. ეს ყველაფერი ზუსტად იცის ოპოზიციამ, ნიკა მელიამაც ზუსტად იცოდა, რომ, რაც  უნდა გაეკეთებინა, დასავლელი „პარტნიორები“ ყველაფერზე ტაშს დაუკრავდნენ და გაამართლებდნენ. ასეც მოხდა, ახლა დასავლეთისთვის მელია ტანჯულ-წამებულია და ნაცების ლიდერ ლევან ხაბეიშვილს გული სწყდება: ნეტავ, მე რატომ არ დამიჭირეს, მორიგ ქულებს ჩავიწერდიო.

„ნაცმოძრაობის“ წევრი ირაკლი ეძგვერაძე

სამწუხაროდ, ტენდენცია, რომ საქართველოში ოპოზიციის წევრებს ყველაფრის უფლება აქვთ, გრძელდება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს დასავლეთი ოფიციალურად „აპრავებს“ და მეტიც, აგერ, სამართალდამცველების მკვლელობაში ეჭვმიტანილი და საპატრულო პოლიციის მანქანის დამწველი ლაზარე გრიგორიადისი ისევ გმირად ჰყავთ გამოცხადებული, ისევ პოლიტპატიმარი ჰგონიათ და მის სასამართლოებსაც ხშირად ესწრებიან, აქაოდა, გაუშვით თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭიო. ყველაზე მეტს მამამისი, ბექა გრიგორიადისი,  აქტიურობს. მერე რა,  „გმირმა და თავისუფლებისთვის მებრძოლმა“ თავის დროზე  მამას უკანალში დანა რომ გაუყარა, სამაგიეროდ ახლა გმირია. „ოპოზიცია ყოველთვის მართალია“ – ეს  2012  წლის შემდეგ დამკვიდრდა, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, თორემ ნაციონალების ბატონობის პერიოდში დასავლეთმა 7 ნოემბერიც გაამწვანა, 26 მაისიც და ქუჩაში ხალხის დახვრეტაც. იმხანად ასე იყო საჭირო, რადგან მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის ყველა მითითებას უსიტყვოდ ასრულებდა და რამდენიმე ათეული თუ ასეული ქართველი თუ შეეწირებოდა ევროპა-ამერიკის დიად იდეებს, სათვალავში ჩასაგდები არ იყო. აკი არც აგდებდნენ და არც გვთვლიდნენ, არც ნერვიულობდნენ და, საზოგადოდ, მაშინ რა ხდებოდა ოპოზიციის თავს, არც აინტერესებდათ, ახლა კი… რამდენიმე ელჩმა უკვე გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლარიზაციის დასრულებისთვის მელიასა და მისი  ძმაბიჭების გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. არადა, ეძგვერაძისა და ალადაშვილის ცემაში ეჭვმიტანილი პირებიდან  შსს-მ  6  უკვე დააკავა და მოდი, ისინიც გავათავისუფლოთ, მელიაზე მეტი არც ერთ მათგანს არ დაუშავებია. მაგრამ არა, ისინი უნდა დაისაჯონ, რადგან ოპოზიციონერს შეეხნენ და მელია,რომელმაც პოლიციელებს  აგინა და ხელი დაარტყა, უნდა გათავისუფლდეს.

ასეთი მიდგომა არჩევნების წინ ძალიან სახიფათოა. პოლიტიკურად ერთი წელი მცირე დროა იმისთვის, რომ რაიმე რადიკალურად შეიცვალოს და, თუ ოპოზიციის აქტივი იგრძობს,რომ  ყველაფრის უფლება აქვს, არჩევნები პოლიტიკური პროცესის ნაცვლად ჩვეულებრივ სასაკლაოდ გადაიქცევა. მით უმეტეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გვამებზე საქმის აწყობა კარგად ეხერხება, აკი მათი სულიერი მამა გვამებს საჯაროდ  ითხოვდა და ახლაც ერთი გვამი ოპოზიციის წისქვილზე დაასხამდა  წყალს. არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ნაციონალებს  ნაცემი ეძგვერაძის ნაცვლად ცემაში მოკლული ეძგვერაძე უფრო აძლევდათ ხელს, მაგრამ ცემაც საყველპურო იყო, სასტიკად ნაცემი კაცი ტელევიზიების წინ არ პოზირებს და ინტერვიუებს არ არიგებს, არც მითითებების მიღების შემდეგ ახსენდება, რომ თურმე სცემეს და არ იმიზეზებს: ისე ცუდად ვარ, საუბარიც კი არ შემიძლიაო.

ოპოზიციამ ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო და, რაც ძალიან  ცუდია, ამ თამაშში  ის  დასავლეთის სცენარის მიხედვით მოქმედებს და გაჩერებას აშკარად არ აპირებს. რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი, ერთად ვნახავთ.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                             

1 COMMENT

  1. ткуйлад есидавебит ертманетс арц ерти ар мийгебт хмебс бойкоти арчеанебс дадгит саарчевно урнеби уцхоелебтан картвели халхи тквен хмас ар могцемт ес могигот цотнес дачрам дедамисиствис дедобим чамортмевам да пирвели президентис мквлелобис гамоудзиеблобам мерабис мквлелебис гамоудзиеблобам

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here