Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: რომ იცოდნენ, რა მინუსები აქვს ევროკავშირის წევრობას, ადამიანები ასეთი აღფრთოვანებული...

ნანა კაკაბაძე: რომ იცოდნენ, რა მინუსები აქვს ევროკავშირის წევრობას, ადამიანები ასეთი აღფრთოვანებული არ იქნებოდნენ

“კანდიდატის სტატუსი პიარისთვისაა, ვითომ ევროპელები ვართ”

889
ნანა კაკაბაძე: რომ იცოდნენ, რა მინუსები აქვს ევროკავშირის წევრობას, ადამიანები ასეთი აღფრთოვანებული არ იქნებოდნენ

საქართველოს მთავრობას ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები რუსეთუმეობას სწამებენ, ხელისუფლება კი ცდილობს, ქართველი საზოგადოების თვალში კონსერვატორად წარმოჩნდეს… დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ამდენი კონსერვატორული პარტია თუ მოძრაობა საქართველოში არ ყოფილა, ასეთია, მაგალითად, “ხალხის ძალა”, აგრეთვე, ახალდაარსებული მოძრაობა “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, ამ ორგანიზაციების დამფუძნებლები არიან სახელისუფლო გუნდიდან გამოსული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ხალხს დაანახვონ, რა პლუსები და მინუსები აქვს ევროპას. საქართველოს ხელისუფლება და მისი მეთაური, მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორებს საუბარში ხელს არ უშლიან, ევროპისკენ მიილტვიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. საქართველოს პრემიერი თითქმის უწყვეტ რეჟიმში ხვდება ევროპული ქვეყნების ლიდერებს, ევროპარლამენტარებს, პირობას დებს, რომ 12-პუნქტიან გეგმას შეასრულებს და დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.

რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება, რა სიკეთეს მოგვიტანს კანდიდატის სტატუსი, მოეწონება კი ქართველ საზოგადოებას 12-პუნქტიანი გეგმის სრულად შესრულება, რადგან იქ ერთ-ერთი პუნქტი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვასა და ხელშეწყობას ეხება? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებულია საზოგადოების არჩევანზე, დაკვეთაზე, განსაკუთრებით ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალების პირობებში. აქედან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნას დაეთანხოს, ეს მოთხოვნა კი, ყველამ ვიცით, არის ევროპასთან ინტეგრაცია.

საზოგადოების დაკვეთა _ ევროპულ ოჯახში გაწევრება, გაიგივებულია უვიზო მიმოსვლასთან, რომელიც მოქმედებს და რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ევროპაში წასვლა შეუძლია, რაც უდავოდ მიმზიდველია და ეს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვისაუბროთ იმაზე, რა პლუსები და მინუსები აქვს ევროკავშირში გაწევრებას. ვფიქრობ, ადამიანები ასეთი აღფრთოვანებული არ იქნებოდნენ, რომ იცოდნენ და ინფორმირებული იყვნენ იმაზე, რა მინუსები აქვს ევროკავშირის წევრობას. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ საქართველო ევროკავშირში შესვლისთანავე გამდიდრდება, მილიარდერები თუ არა, მილიონერები მაინც ვიქნებით. სიმართლე გითხრათ, ილუზია მგონია ევროკავშირში საქართველოს გაწევრება; შესაძლოა, ეს დიდი ხნის შემდეგ მოხდეს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, ევროკავშირის წევრები თუ ვიქნებით, გაუძლებს თუ არა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მათ მოთხოვნებს.

ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის შორეული პერსპექტივაა, ახლა ველოდებით წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელიც არაფრის მომცემია, ევროპის მხრიდან არანაირ ვალდებულებას არ მოიცავს. კანდიდატის სტატუსი პიარისთვისაა, ვითომ ევროპელები ვართ.

ოპოზიციური მედიასაშუალებები ხალხს ეუბნებიან, თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, უვიზო მიმოსვლის საშუალებას დავკარგავთო. სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს მთავრობამ, ხალხს უნდა გააგებინოს, მართლაც მიბმულია თუ არა კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უვიზო მიმოსვლა. უნდა ისაუბრონ იმაზეც, კანდიდატის სტატუსის მონიჭების შემდეგ აუცილებლად მოვიპოვებთ თუ არა ევროკავშირის წევრობას და რას მოგვიტანს ეს ყველაფერი.

საქართველოს, ევროკავშირის წევრი თუ იქნება, მოუწევს ამ გაერთიანების რეგულაციების, რეკომენდაციების დაცვა-გათვალისწინება. ევროკავშირი გვიკარნახებს, რა უნდა მოვიყვანოთ ჩვენს მიწაზე, რა გავჩეხოთ, რა დავთესოთ. არის კი ამ ყველაფრისთვის ქართველი გლეხი მზად? გაიზრდება თუ არა ფასები პროდუქტებზე, გავმდიდრდებით თუ არა და ა.შ. ძალიან ბევრი საკითხია გაურკვეველი, ამაზე ზუსტი პასუხებია საჭირო და, როცა ამ პასუხებს მივიღებთ, მერე გადავწყვეტთ, გვინდა თუ არა ევროკავშირის წევრობა.

სახელისუფლო მედია და ხელისუფლებაც კითხვა-პასუხის რეჟიმში არიან, დასვამს შეკითხვას ოპოზიცია და ესენიც იმწამსვე პასუხს სცემენ, არადა, სჯობს, ხელისუფლება და მისი მედიასაშუალებები ინფორმაციის მიწოდებით დაკავდნენ, ხალხს გააცნონ ყველა დეტალი, რომლებიც ევროკავშირს ეხება. საქართველოს მთავრობა წამგებიან ვითარებაშია, თუ რამეს არ შეცვლიან, არ ვიცი, რა მოხდება. აუცილებელია, დაიბეჭდოს და დარიგდეს სოფლებსა და ქალაქებში ბროშურები, რომლებშიც დეტალურად იქნება ახსნილი ევროკავშირში ინტეგრაციის ყველა პლუსი.

_ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი გეგმა აქვს შესასრულებელი _ ეს კატეგორიული მოთხოვნაა. ამ გეგმაში ერთ-ერთი პუნქტი სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას ეხება, რასაც ქართველი არასოდეს მიიღებს… 1-8 ივლისს ლგბტ თემი ღონისძიების გამართვას აპირებს, ამის შესახებ უკვე განაცხადეს. გასული წლების გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს მშვიდად ვერ ჩაივლის…

_ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩემთვის ცნობილია, გაცხადებული აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში არანაირი პრაიდის მსვლელობა არ გაიმართება, ამიტომ, მგონია, რომ ლგბტ თემის აქტივობები დახურულ სივრცეებში ჩატარდება, ისინი ქუჩაში არ გამოვლენ. დახურულ სივრცეში გამართულ ღონისძიებებს კი ხელს არავინ შეუშლის, არც ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, ჩაითვლება, რომ საქართველოს ხელისუფლება 12-პუნქტიან გეგმას წარმატებით შეასრულებს.

ვფიქრობ, დეკემბრამდე მშვიდობიანად მივალთ, მიუხედავად იმისა, რომ არეულობა ძალიან უნდათ ე.წ. ოპოზიციონერებს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპას უფრო უნდა და სჭირდება, ვიდრე ჩვენ, ასე რომ, უსტატუსოდ არ დაგვტოვებენ. თუ სტატუსი არ მოგვცეს, გამოდის, რევოლუციური სცენარის იმედი ისევ აქვთ, მაგრამ აქვე დავძენ: მათ არ აქვთ ინფორმაცია და იმედი იმისა, რომ ოპოზიცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში, რევოლუციის მოწყობას შეძლებს… საქართველოში ოპოზიცია გაკოტრებულია, ოპოზიციონერებმა რევოლუციის მოწყობა ბევრჯერ სცადეს, მაგრამ ამაოდ… ეს იციან ევროპაშიც.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here