Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციამ თხარა, თხარაო და… კეზერაშვილი გამოთხარაო

ოპოზიციამ თხარა, თხარაო და… კეზერაშვილი გამოთხარაო

ვისთვის არის კარგი ის, რასაც ამერიკის ელჩი საქართველოში აკეთებს?

354

კეზერაშვილს იმის კეთება რომ აეკრძალოს, რაც კანონით იქნება გათვალისწინებული, ოპოზიცია  დასავლეთის სათრევი და დასაფინანსებელი იქნება. ეს აშკარად არ აძლევთ ხელს, სწორედ ამიტომ აიმაღლა ხმა კელი დეგნანმა. ელჩი გვირჩევს, ამ კანონით კეზერაშვილია ოლიგარქი, ჩვენ კი სხვა რამ გვინდა და ისეთი კანონი მოიფიქრეთ, ივანიშვილს რომ მიესადაგებაო

რამდენიმე თვეა, ოპოზიცია  ჯიუტად ითხოვს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემუშავებას. მას შემდეგ, რაც ანალოგიური კანონი უკრაინამ მიიღო და რამდენიმე ოლიგარქს სანქციები დაუწესა, ოპოზიციონერები გადაირივნენ  არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის გარეთაც; მაგიდაზე მუშტები აბრახუნეს, –  უკრაინის კანონი კარგია, ჩვენც მივიღოთო. მეტიც, ევროპარლამენტში ქართული ოპოზიციის კუდებმა (სხვა სახელს ვერ დავარქმევთ კუბილიუსს, იუკნევიჩენე და სხვებს) პირდაპირ თქვეს,  „დეივანიშვილიზაცია“-ო, ანუ დაუფარავად განაცხადეს, რომ კანონი ერთადერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის, წინაღმდეგ უნდა ყოფილიყო.

ხელისუფლებამ უკრაინული კანონი სიტყვასიტყვით გადმოწერა, გააანალიზა და გაირკვა, რომ ამ კანონის მიხედვით  ოლიგარქის სტატუსი ეკეუთვნის არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ  დავით კეზერაშვილს. პირველმა შოკმა რომ გაუარა, ოპოზიციამ  ხმა ამოიღო და მოითხოვა ისეთი კანონის მიღება, რომელიც ივანიშვილს შეეხება. ჰო, სწორედ ასე მოითხოვეს, ანუ კანონი ერთი კაცისთვის. ამასობაში პარლამენტის ბიუროს წარედგინა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ და გვერწმუნეთ, ეს პროექტი კანონად მალე იქცევა.

 მაშ ასე, რა წერია იქ:  პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად, ანუ ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან, სულ მცირე, სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს:

ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს;

გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს;

დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1 000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

კანონპროექტით, ოლიგარქებს სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ. რეესტრთან დაკავშირებულ წესებს, მათ შორის მისი შექმნისა და წარმოების წესებს, პარლამენტი დაამტკიცებს. რეესტრის შექმნასა და წარმოებას პარლამენტის აპარატი უზრუნველყოფს. კანონპროექტის თანახმად, ოლიგარქად ცნობილ პირს, რომლის შესახებ მონაცემებიც შესაბამის რეესტრში შევა, გარკვეული ფინანსსური აქტივობები ეზღუდება.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ოლიგარქად აღიარებულ პირს აეკრძალება:

1. პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულებების გაღება, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება, დაკავშირებული პირების მეშვეობით ან/და ისეთი იურიდიული პირების მეშვეობით, რომლებშიც ის საბოლოო ბენეფიციარია, სამუშაოს შესრულება, საქონლის ან მომსახურების მიწოდება; აგრეთვე “საარჩევნო კოდექსის” შესაბამისად კანდიდატების საარჩევნო ფონდში (გარდა თავისი საარჩევნო ფონდისა) შემოწირულებების გაღება და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას პოლიტიკური პარტიების დაფინანსება;

2. ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი);

3. ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრებების ან დემონსტრაციების გამართვა.

პროექტის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი ამოქმედებიდან 10 წლის გასვლის შემდეგ  ძალას კარგავს.

ჰოდა, სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს კეზერაშვილი, ოპოზიციისა და ოპოზიციური არხების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი; თუ მას ეს უფლება შეეზღუდება, ოპოზიცია ფინანსების გარეშე დარჩება, ტელევიზიები კი მუშაობას ვეღარ შეძლებენ. აქ „თაგვმა თხარა, თხარაო“-ს პრინციპმა იმუშავა და საფრთხე დასავლეთმაც იგრძნო. კეზერაშვილს ამ ყველაფრის კეთება რომ აეკრძალოს, ოპოზიცია მთლიანად დასავლეთის სათრევი და დასაფინანსებელი იქნება, რაც აშკარად არ აძლევთ ხელს, სწორედ ამიტომ აიმაღლა ხმა კელი დეგნანმა.

„ეს არის საკითხი, რომელსაც ბევრი ქვეყანა ებრძვის, მათ შორის ჩემიც. თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა, უბრალოდ, სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სპეციფიკაზე მორგების გარეშე. არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნას და ჩამოყალიბდეს ისეთ რამეში, რომელიც საქართველოსთვის შესაფერისია. საჭიროა, არასათანადო გავლენის პრობლემის ხაზგასასმელად მეტი დროის დახარჯვა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ არჩევნები, რომელიც ასახავს იმას, რასაც ამომრჩევლებმა მისცეს ხმა, თქვენ გაქვთ დამახინჯებული წარმოდგენა, რადგან იყო არასათანადო გავლენა პროცესზე“, -განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

რა გამოდის? ელჩი გვირჩევს, ამ კანონით კეზერაშვილია ოლიგარქი, ჩვენ კი სხვა რამ გვინდა და ისეთი კანონი მოიფიქრეთ, ივანიშვილს რომ მიესადაგებაო? დეგნანი გვარს არ ასახელებს, მაგრამ არც არის საჭირო, ისედაც ყველაფერი გასაგებია. ამის შემდეგ უკვირთ ხოლმე, როცა არამარტო პოლიტიკოსები, არამედ, საზოგადოდ, მოსახლეობა ამერიკის ელჩის განცხადებებით უკმაყოფილოა. ჯერ ხომ შტატების ადმინისტრაცია იცავდა დეგნანს, ახლა ვიზიტით ჩამოსულმა ბონი ჯენკინსმა გაიშალა დალალები.

„მოუთმენლად ველი შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა განვაცხადო ძლიერი მხარდაჭერის გზავნილი ვაშინგტონიდან იმ უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი სამუშაოს მიმართ, რომელსაც ელჩი დეგნანი და მისი გუნდი ახორციელებს საქართველოში იმისათვის, რომ წინ წაწიოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები. ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელია ის პირადი თავდასხმები დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ. მოდი, ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ეს არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა“, – განაცხადა ჯენკინსმა.

ბონი ჯენკინსს ის თანამდებობა უკავია, რომელიც თავის დროზე მეთიუ ბრაიზას ეკავა. ბრაიზა ხომ გახსოვთ, საქართველო საკუთარ სახლად რომ მიაჩნდა და აქაურობის სრული ბატონ-პატრონი იყო? ის ბრაიზა, მერე ქორწილი რომ გადავუხადეთ თურქეთში და „სვადებნიც“ დავუფინანსეთ საქართველოს ბიუჯეტიდან?! ახლა ასე აღარ არის, ახლა საქართველოს ცაზე გადაფრენის დროს ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეები ვეღარ სვამენ თვითმფრინავს მხოლოდ იმისთვის, რომ იქეიფონ და იგრიალონ და ყველაზე მეტად ეს უნდა აწუხებდეთ. რას ჰქვია თავდასხმები და ელჩის ძალისხმევა? საშინაო  საქმეებში ჩარევა კი არა, იტალიის არჩევნების დროს, სულ რაღაც, ორი კვირის წინათ რომში ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომ ჩავიდა, იტალიელმა ამომრჩეველებმა ეს ვიზიტი (უბრალოდ ვიზიტი, განცხადებაც არ ჰქონდა გაკეთებული ურსულას) იტალიის საშინაო საქმეებში ჩარევად მონათლეს, რომში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს  და იტალიის დროშა დაკიდეს. მხოლოდ ვიზიტის გამო! დეგნანი კი კანონებს გვირჩევს, იმას გვეუბნება, რა და როგორ უნდა ჩაიწეროს კანონში, ვის უნდა შეეხოს და ვის არა. ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გვეუბნება, _ ეს ყველაფერი სწორია, კარგია და ტაში უნდა დაუკრათო. კრიტიკის უფლებასაც კი არ გვიტოვებენ, ანუ რასაც ელჩი აკეთებს, აუცილებლად უნდა მოვიწონოთ, ეს კარგია და ტაში უნდა დავუკრათ. და ერთი კითხვა რომ დავსვათ – ვისთვის არის კარგი ის, რასაც ამერიკის ელჩი  აკეთებს? საქართველომ ამერიკის ელჩების ნაკეთებ-ნამოქმედარით 30 წლის განმავლობაში ვერაფერი იხეირა. ერთი მიდის, მეორე მოდის, არ იცვლება რიტორიკა და სურვილები, არ იცვლება არაფერი, მუდმივად  ნატოს ღია კარში არ გვიშვებენ, ევროპაში ამერიკის მხარდაჭერას ვერ ვგრძნობთ.

ძალიან გვინდა, რომ პარლამენტმა, თუნდაც ხელების გადაგრეხვით, ეს კანონი მიიღოს; მიიღოს ის, რასაც ოპოზიცია და დასავლეთი აძალებდა  და მერე გაარკვიეს, რომ სულ ტყუილად. ისე, საქართველოს რომ ეცნენ, ზელენსკის რატომ არ ეუბნებიან, – ეს რა კანონი მიიღე, არასწორია, მუხლები და მიდგომები გაქვს შესაცვლელიო? იმიტომ ხომ არა, რომ ზელენსკის კანონი იმ პირებზე მოარგებინეს შტატების წარმომადგენლებმა, რომლებიც მათთვის მიუღებლები იყვნენ  და ახლა იმავეს  გაკეთება საქართველოში სურთ, ოღონდ საქართველოში ოპოზიციის დამფინანსებელი ოლიგარქები სჭირდებათ, ივანიშვილი კი არა. ის ივანიშვილი არ სჭირდებათ, რომელმაც მათი მონები გაუშვა პოლიტიკურ სანაგვეზე და რომელიც ჯიუტად იმეორებს, რომ პოლიტიკაში მობრუნებას აღარ აპირებს და არ ერევა. ამერიკის ადმინისტრაციამ  ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ ივანიშვილის წინააღმდეგ მიღებული კანონით მოსახლეობის ფსიქოლოგიური გატეხვა სურთ, იმის დამტკიცება, რომ დასავლეთი უძლეველია და… ჯენკინსმა საინტერესოდ ახსენა, –  ეს ყველაფერი ერთი კაცის მიერ შექმნილი კრიზისიაო და, ერთი შეხედვით, ვლადიმერ პუტინს გულისხმობდა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. ხვალ რომ გამოვიდეს ჯენკინსი და თქვას, – იმ ერთ კაცში პუტინს კი არა, ივანიშვილს ვგულისხმობდიო, ვინმე პასუხს მოსთხოვს თუ ამერიკის ადმინისტრაცია არ „გააპრავებს“?!

სწორედ ამიტომ, უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და არამხოლოდ ამერიკის ელჩს, სხვებსაც ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here