სუნელების 93 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობა წელს სამ ნიმუშში გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტო იმ სუნელების სახელწოდებებსაც აკონკრეტებს, რომლებშიც ტყვია დასაშვებ ნორმაზე მაღალია. ინფორმაციას 1ტვ.გე ავრცელებს.
ტყვიის დასაშვებზე მაღალი შემცველობა აღმოჩნდა:
* “ჯეო”-ს წარმოებულ წითელ წიწაკაში (ახალციხე, დამფასოებელი და რეალიზატორი შპს გურამ მათოშვილი, ტყვია ნორმას 10-ჯერ აჭარბებდა);
* ინდმეწარმე “ჩოფლიანის” მიერ წარმოებულ სვანურ მარილში (ბათუმი, რეალიზატორი შპს “ტარიელი”, ნორმას თითქმის 2-ჯერ გადაჭარბებდა);
* “აი პროდაქტ”-ის მიერ დამზადებულ ხმელ სუნელში (გადაჭარბება 4-ჯერ).
სამივე შემთხვევაში სუნელების პარტიები, რომლებშიც ტყვია აღმოჩნდა, განადგურდა, საწარმოებზე კი, დარღვევების პრევენციის მიზნით, ზედამხედველობა მიმდინარეობს. მოქმედი კანონმდებლობით, ტყვიის შემცველობა სანელებლებში 5 მილიგრამს არ უნდა აღემატებოდეს კილოგრამში.
2018 წლის 7 თებერვალს ცნობილი შეიქნა, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავებასა და ბაზარზე განთავსების თაობაზე რისკის მართვის დროებითი ზომები გატარდება.