Home ახალი ამბები საქართველო 10 თეთრით გაიაფებული პური  20 თეთრით გაძვირდება

10 თეთრით გაიაფებული პური  20 თეთრით გაძვირდება

გამოსავალი ერთადერთია - ხელისუფლებაში ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა და ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებების დაწყების დროა

314

ზუსტად 2 თვის წინათ თურქეთის პრეზიდენტმა იმდენი მოახერხა, რომ ცალკე რუსეთი, ცალკე უკრაინა და ცალკე გაერო ხორბლის ექსპორტზე დაითანხმა, ანუ რუსეთსა და უკრაინას თურქეთისთვის  ხელი არ უნდა შეეშალათ ხორბლის  გატანაში თუნდაც იმ პორტებიდან, რომლებშიც  საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და ამის გარანტორი გაერო იყო. ხელშეკრულებაში ერთი მუხლი დევს – ოთხეულიდან ერთ-ერთი თუ უარს იტყვის შეთანხმების გაგრძელებაზე,  ის ავტომატურად ანულირდება. ჰოდა, სწორედ ამ ხელშეკრულების შემდეგ დაიძრა მილიონობით ტონა ხორბალი დ ქართულმა წარმოებამაც ამოისუნთქა.

რუსეთის მიერ ხორბლის გატანაზე დაწესებული აკრძალვის გამო საქართველოში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, მომსახურე პერსონალი დაითხოვეს და სწორედ თურქეთის აქტიურობის შემდეგ ამუშავდა ეს მიმართულება.   რაც მთავარია, პური გაიაფდა. ახლა კი რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ხელშეკრულებიდან გადის. მხოლოდ ამ განცხადებამ (ქმედება, ალბათ, მიმდინარე კვირაში მოხდება) ჩიკაგოსა და პარიზის (ანუ, პრაქტიკულად, ყველაზე დიდ) ბირჟებზე ხორბლის გაძვირება უკვე გამოიწვია.

რუსეთის გადაწყვეტილება, ერთი შეხედვით,  ალოგიკური ჩანს, რადგან ამით ხეირობდა ყველა, შემოსავალს იღებდა ყველა, მაგრამ გაეროს მხრიდან დუმილმა ბევრი ეჭვი გააჩინა. ხელშეკრულებაში სხვა პუნქტებთან ერთად იყო ერთ, არცთუ უმნიშვნელო ჩანაწერი – ხორბლის 70% განვითარებად ქვეყნებს უნდა მიეღოთ, დანარჩენი 30% კი  ძლიერ სახელმწიფოებს გაენაწილებინათ. მოხდა ისე, რომ განვითარებადმა ქვეყნებმა 20%-იც (საუბარია 17%-ზე) ვერ მიიღეს და, პრაქტიკულად, მთელი ხორბალი დიდმა ქვეყნებმა დაიტაცეს, დაინაწილეს და მარაგები შეავსეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთიდან გატანილი ხორბალი ისეთმა სახელმწიფომაც კი შეიძინა, როგორიც არის საფრანგეთი, ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთ უდიდესი მწარმოებელია. რეალურად მოხდა ის, რომ სასურსათო  ბაზარზე არსებული კრიზისისა და სიძვირის ფონზე, დიდმა ქვეყნებმა სულ ცალ ფეხზე დაიკიდეს განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობა; ის, რომ ასეთ ქვეყნებს ეკონომიკაც არ აქვთ ძლიერი და შესაბამისად, ნებისმიერი შეღავათი სურსათსა თუ სხვა პროდუქტებზე მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სწორედ ეს შეიქნა მთავარი მიზეზი იმისა, რომ რუსეთი ხელშეკრულებიდან გადის და ხორბლის გატანას ისევ კრძალავს. გაერო, რომელიც თითქოს უსაფრთხოების დერეფნის გარანტორი იყო, სინამდვილეში აღმოჩნდა ორგანიზაცია, რომელმაც ისედაც გაჭირვებულ ერებს ფეხი ბოლომდე დააჭირა და  დიდ სახელმწიფოებს ხელი გაუმართა. ძალიან დიდი ალბათობით, გაეროს ოფიციალური წარმომადგენლები ამიტომ ვერ ამბობენ ვერაფერს ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლაზე, რადგან ცარიელი სიტყვების გარდა, რუსეთს აქვს დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ დანიშნულების ადგილამდე განვითარებად ქვეყნებში, წინასწარ შეთანხმებული 70%-ის ნაცვლად, 17% ხორბალი გავიდა, რაც გაეროს კეთილსინდისიერებაზე ნამდვილად არ მეტყველებს.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი საქართველოსთვის? პირველ რიგში იმას, რომ ხორბლის მარაგის ამოწურვის შემდეგ ჩვენს წისქვილკომბინატებს  ისევ გაჩერება მოუწევთ, ისევ სახლში უნდა წავიდეს მუშ-ხელი; საწარმოების ხელმძღვანელები არ მალავენ, რომ, როცა ადამიანებს სტაბილურობის განცდა  არ აქვთ, ისინი მიდიან, ახალ სამსახურს პოულობენ და უკან აღარ ბრუნდებიან. ეს კი ბაზარზე  ისედაც ცოტა რაოდენობის  პროფესიონალ კადრებს უფრო ამცირებს. წისქვილკომბინატების გაჩერებასთან ერთად, საცხობებს კვლავ პირდაპირ ფქვილზე გადასვლა მოუწევთ, რაც 10 თეთრით გაიაფებული პურის 20 თეთრით გაძვირებას ნიშნავს. რატომ? იმიტომ, რომ შემოდგომა-ზამთარში ხარჯი იმატებს, როგორც ცხობის, ისე ტრანსპორტირებისას და ამიტომ პური აუცილებლად გაძვირდება. შარშან ამ დროს დავწერეთ, რომ ერთი წლის შემდეგ კილოგრამი პურის ფასი შეიძლებოდა  სამ ლარამდე ასულიყო  და დაგვცინეს. ჰოდა, ახლა ცნობილი ქართული კომპანიის მიერ გამომცხვარ პურს 510 გრამი რომ აწერია და 1.60 ლარი ღირს, ერთი კილოგრამის ფასი რა გამოდის? მივედით იქამდე, რომ პურიც კი, ნელ-ნელა მთავარი საკვები პროდუქტი კი არა, ფუფუნების პროდუქტი ხდება. ყოველ შემთხვევაში, დღეს ერთი კგ  პური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ერთი კგ კარტოფილი (ჯერჯერობით, რადგან კარტოფილის ფასი კატასტროფულად უახლოეს მომავალში გაიზრდება, განსაკუთრებით საქართველოში მოყვანილის) და, როგორც წესი, მთავარი საკვები პროდუქტი ყველაზე იაფია ხოლმე.

სად არის გამოსავალი? ხელისუფლებამ, ერთი შეხედვით, მარტივად გადაწყვიტა ყველაფერი და საჯარო სამსახურებში ხელფასების მომატება დააანონსა, თუმცა პირდაპირ ვთქვათ, რომ პროდუქტებზე მომატებულ ფასებს ვერც ხელფასი დაეწევა  და ვერც პენსია. ადამიანებს ჯამაგირი თვიდან თვემდე არ ჰყოფნით და ბედის ირონიით, ის 10%-იანი მატება იანვრიდან პროდუქტებზეც იქნება, ქართული ბიზნესი ხომ ასეა მოწყობილი, მოსახლეობა არ უნდა ამოასუნთქოს, შეღავათი არ უნდა მისცეს, კარგად შემოჭერილი ქამარი უფრო მოუჭიროს…

გამოსავალი ერთადერთია – ხელისუფლებაში ვინმეს უნდა ეყოს გამბედაობა და ხმამაღლა თქვას, რომ რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებების დაწყების დროა. დასავლელი „პარტნიორები“ და ქართული ოპოზიცია ქადაგად რომ არ დაეცეს, აუცილებელია, დავაკონკრეტოთ, რომ საუბარი მხოლოდ ეკონომიკურ მიმართულებებსა და სავაჭრო ურთიერთობაზე იქნება. სწორედ ეს გააკეთა ერდოღანმა და ამას აკეთებს არაერთი ქვეყანა. არსებული რეალობის ფონზე, ნებისმიერი შეღავათი, რომელიც, შესაძლოა, მოსახლეობამ მიიღოს, დიდი სახელმწიფოებისთვისაც კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ჩვენ ვის ვეტოლებით, ვის ვექედმაღლებით?!მით უმეტეს იმის ფონზე, რომ  ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შექმნილი  ვითარებიდან სარგებელი ნახოს და იოლად გადარჩეს… ყველა, გარდა საქართველოსი. ჩვენ გვერიდება უკრაინის, რომელმაც ფეხი როგორც შიგით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე არაერთხელ დაგვიდო და ამის გამო პასუხი არ მოვთხოვეთ (თუ ერთეული პოლიტიკოსების კინკლაობას არ ჩავთვლით); გვერიდება ევროპელების, რომელთა წარმომადგენლები ევროპარლამენტში ბოლო სიტყვებით ლანძღავენ ჩვენი ქვეყნის ლიდერებს; გვერიდება ამერიკის, რომელმაც აქაოდა, ქართველი მაღალჩინოსნები აღარ მიჯერებენო და საქართველოში დამსჯელი რაზმი გამოუშვა ბონი ჯენკინსის მეთაურობით, რომელიც როგორც  მატროსოვი გადაეფარა ამბრაზურას, ისე გადაეფარა დეგნანს და მის დაცვას ცდილობს; იმის მიუხედავად, რომ უკვე არაერთგზის დამტკიცდა, კონკრეტულად ამერიკის ელჩი, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გარდა, ერევა მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში, მითითებებს იძლევა ამა თუ იმ კანონის მიღების დროს და პირდაპირ, მინიშნებების გარეშე ამბობს, რომელი კანონი ვის და რატომ უნდა მოერგოს. ჰო, გვერიდება ამ ხალხის და ეს ყველაფერი თავზე ნაცრის დაყრა გამოდის.

მსოფლიოში არც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობილი ექსპერტი არ მალავს, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ენერგოპროდუქტების გარდა, მსოფლიო ბაზარზე სურსათის უდიდესი დეფიციტი იქნება და ეს იქნება არათუ ამ საუკუნეში, არამედ ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად არასაკმარისი ოდენობა საკვებისა, რომელმაც მომავალში, შესაძლოა, შიმშილი გამოიწვიოს არამხოლოდ განვითარებად ქვეყნებში. ასეთ პირობებში, ყველა ქვეყანა ეძებს გზასა და საშუალებას, რათა მოახერხოს და, მარაგს თუ არ შეიქმნის, ორი ან სამი თვით (რა მცირე პერიოდია სახელმწიფო გათვლისთვის, მაგრამ სხვა გზა არაა) მოაგვაროს საკვების პრობლემა, ისეთის, როგორიც ხორბალია.  სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დიდმა სახელმწიფოებმა დაარღვიეს მიცემული პირობა და ხორბალი თავად გაინაწილეს. ამაზე გაერომაც თვალი დახუჭა, რადგან გაეროს მარჩენალი სწორედ დიდი ქვეყნები არიან და არა განვითარებადი სახელმწიფოები. ასეთ პირობებში ვერავინ დაგვძრახავს და გვეტყვის, რომ ჩვენ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. ეს მაშინ, როცა ყველა ქვეყანა სწორედ თავისი პრობლემების მოგვარებაზეა გადართული და, თუნდაც დიდი ქვეყნების ერთობა რომ  ქაღალდზე დაწერილი სისულელეა, პანდემიის პირობებში ნათლად გამოჩნდა – ყველამ მიატოვა იტალია, რომელსაც პანდემიის ისეთმა ტალღამ გადაუარა, რომ კრემატორიუმები პირდაპირ ქუჩებში იყო დადგმული და ყოველდღიურად ათასობით მოქალაქეს წვავდნენ. ჰო, ეს ამბავი მიივიწყეს თითქოს, მარტივი ბოდიშით გამოვიდნენ, –  ეს რა დაგვემართაო, მაგრამ ეს იყო მიზანმიმართული და გააზრებული ქმედება და ასე იქნება ახლაც, როცა ყველა საკუთარ ქვეყანას დააყენებს წინ. აი, რატომ არ შევდივართ ამ „ყველაში“ და ერთხელ და სამუდამოდ რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ვერ გეტყვით. ჰო, არ ვიქცევით ისე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, შიში გვაქვს იმის, რომ ვიღაც დაგვსჯის, ვიღაც ქმედებას არ მოგვიწონებს.  იქნებ დრო მოვიდა, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის თავზე იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რა მოგვწონს და ჩვენთვის რა არის კარგი და არა იმაზე, ვინ რას და როგორ მოგვიწონებს…

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here