შოთა აფხაიძე:  ,,ტრამპის გზის” უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით აშშ, სავარაუდოდ, გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რომელიც გეოპოლიტიკურ დაძაბულობას გამოიწვევს

    ,,3+3“ ფორმატი ერთადერთი გამოსავალია, რომელიც, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, შეაჩერებს ამერიკა-ისრაელის აგრესიას დასავლეთ აზიაში და ხელს შეუშლის პროცესებს, რომლებმაც შეიძლება მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს”

    მიმდინარე წლის 22 აპრილს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა თურქეთის ნაციონალური სტრატეგიის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო-ანალიტიკური კონფერენცია სახელწოდებით ,,სამხრეთ კავკასიის  უსაფრთხოების საკითხები”, რომელშიც მონაწილეობდნენ

    30 ქვეყნის წარმომადგენლები _ დიპლომატები, პოლიტიკური პარტიების წევრები, თურქეთის მთავრობის წევრები, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები და ექსპერტები.

    კონფერენციის მოდერატორი იყო პროფესორი ოზჯან იენიჩერი  –  თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მისი განცხადებით, „პრობლემის გაცნობიერება ნახევარი საქმეა. ჩართული მხარეების პერსპექტივების გაგება და გააზრება _ პრობლემის მოგვარების პირდაპირი გზა. კავკასია ისტორიულად იმპერიებისა და კულტურების გზაჯვარედინი იყო. დღევანდელი კონფლიქტებიც კავკასიაშია კონცენტრირებული. სამხრეთ კავკასია არის ის ადგილი, სადაც ცივი ომის შემდეგ მსოფლიო ძალები მეტოქეები გახდნენ. ამ რეგიონში ნებისმიერ არასტაბილურობას დომინოს ეფექტი აქვს უზარმაზარ ტერიტორიაზე”.

    ამ მეტად მნიშვნელოვან კონფერენციაზე, რომელიც არც ერთმა ქართულმა ტელევიზიამ და საინფორმაციო საშუალებამ არ გააშუქა, გვესაუბრება კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის დირექტორი შოთა აფხაიძე, რომელიც ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე ერთადერთი წარმომადგენელი იყო საქართველოდან.

    _ როდესაც სამხრეთ კავკასიაზეა საუბარი, საინტერესოა, კვლავ პერსპექტიულია თუ არა ,,3+3” ფორმატი, რომელზეც ქართველი ე.წ. პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩაიშალა…

    _ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა, დოქტორმა მოჰამად ჰასან ჰაბიბოლა-ზადემ განაცხადა, რომ „3+3″ პლატფორმა უმნიშვნელოვანესი რეგიონული ინიციატივაა, რომელსაც შეუძლია, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებას შეუწყოს ხელი.

    თურქეთში რფ-ის ელჩ ვლადიმირ ვერშინინის განცხადებით, რუსეთი „3+3″ რეგიონულ საკონსულტაციო პლატფორმას პერსპექტიულად მიიჩნევს.

    ცნობილმა თურქმა პოლიტიკოსმა, პარტია ,,ვათანის” ლიდერმა დოგუ პერინჩეკმა სიტყვით გამოსვლილას აღნიშნა: ,,სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა უნდა შეიმუშავონ რეგიონის, დასავლეთ აზიისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის ფორმულა. ,,3+3”-ის პირველი ტრიო, რომლის გავლენაც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ვრცელდება, შედგება რუსეთის, თურქეთისა და ირანისგან _ რეგიონის ყველაზე ძლიერი და წამყვანი ქვეყნებისგან. მეორე ტრიო შედგება საქართველოსგან, აზერბაიჯანისა და სომხეთისგან – ქვეყნებისგან, რომლებიც გავლენას ახდენენ რეგიონის მომავალზე.

    ,,3+3” ფორმატი ერთადერთი გამოსავალია, რომელიც, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარდა, შეაჩერებს ამერიკა-ისრაელის აგრესიას დასავლეთ აზიაში და ხელს შეუშლის პროცესებს, რომლებმაც შეიძლება მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. პირველი წარმატება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებაა. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური ამოცანა საფრთხეების იდენტიფიცირებაა. სამხრეთ კავკასიის წინაშე არსებული საფრთხეები, დასავლეთ აზიის წინაშე არსებული საფრთხეები და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები ერთი მასშტაბისაა. დღეს კაცობრიობა მეორე მსოფლიო ომის მსგავსი გლობალური საფრთხის წინაშე დგას. ტრამპმა ჰიტლერის ჩექმები ჩაიცვა”.

    _ რა იყო თქვენი, როგორც საქართველოს ერთადერთი წარმომადგენლის, სათქმელი?

    _ ვისაუბრე ტრამპის გზის, იმავე ზანგეზურის დერეფანსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

    აშშ ამ მარშრუტს სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენებს. TRIP-ის Trump Road for International Peace and Prosperity – ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ეს არის სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი სატრანსპორტო- საკომუნიკაციო დერეფნის პროექტი – რედ.) უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით, აშშ, სავარაუდოდ, გააძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას რეგიონში, ეს გეოპოლიტიკურ დაძაბულობასა და სამხედრო კონფლიქტებს გამოიწვევს და  საბოლოოდ დესტრუქციულ პროცესებსა და აშშ-ის კონტროლს დაქვემდებარებულ ქაოსამდე მიგვიყვანს.

    ნათელია, რომ დერეფნის სომხურ მხარეს სხვადასხვა ძალაუფლების ცენტრის, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირის, თურქეთის, რუსეთის, ირანის, ინდოეთისა და ჩინეთის ინტერესები ეჯახება ერთმანეთს. ერევნის მიერ TRIP-ის კონცეფციის უარყოფა და რუსეთის, თურქეთისა და ირანის ინტეგრაცია, ზანგეზურის დერეფნის კონცეფციაში დააბალანსებდა ვითარებას და შეზღუდავდა აშშ-ისა და ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ამბიციებს.

    მოსკოვმა, ანკარამ და თეირანმა, როგორც რეგიონულმა ძალებმა, უნდა შექმნან საკუთარი ღერძები რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად. ასევე გადამწყვეტია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ინტეგრაცია. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეფექტიანად გამოყენებას ისეთი მექანიზმებისა, როგორიცაა ,,3+3” პლატფორმა, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, საბაჟო კავშირი, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია და ბრიჩს-ი. რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტია აშშ-ისა და ევროკავშირის ექსპანსიის თავიდან აცილება და მათთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებზე კონტროლის მოპოვების პრევენცია.

    _ ასეთივე თვალსაზრისი აქვთ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს _ ,,3+3” ფორმატის წევრებს?

    _ აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა, სახელმწიფო ადმინისტრირების აკადემიის წევრმა, პროფესორმა ელშად მირბეშიროღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემები რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაჭრან. მან განაცხადა: „სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს _ აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოსა და სხვა რეგიონულ ძალებს, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ირანი, შეუძლიათ სერიოზული თანამშრომლობა რეგიონში არსებული და პოტენციური სამომავლო პრობლემების მშვიდობიანად მოსაგვარებლად “.

    მირბეშიროღლუმ აღნიშნა, რომ ,,3+3” პლატფორმა საკმარისია რეგიონული პრობლემების გადასაჭრელად, ზანგეზურის დერეფანი კი ადვილად შეიძლება გადაიქცეს „თანამშრომლობის დერეფნად” ამ პლატფორმის ფარგლებში.

    კონფერენციის დასკვნით დეკლარაციაში აღნიშნული იყო, რომ სამხრეთ კავკასიას რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში მთავარი როლი აქვს.

    ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გამოცემის მეშვეობით მადლობას გადავუხდი თურქ კოლეგებს ჩვენი ათწლიანი პროდუქტიული თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და გაწეული შრომისთვის…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here