არავინ დავობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვგულისხმობთ. სააკაშვილი „პიარის მამა“ იყო, ერთ ობიექტს რამდენიმეჯერ ხსნიდა და, როგორც ქართველ ხალხს, ისე მსოფლიოს ატყუებდა, რომ საქართველოში ცხოვრება დუღდა. რეალურად ყველაფერი მონოპოლიზებული იყო და, ვინც ნაცების სქემაში ჩარევას გაბედავდა, იჭერდნენ, ქონებას ართმევდნენ და გლდანის ციხის ჯოჯოხეთში გზავნიდნენ. ისიც ვთქვათ, რომ როგორც ნაცების პერიოდში, ახლაც არის პროექტები, რომლებიც ან ძალიან გაჭიანურდა, ან ისე გაკეთდა, რომ ხელახლა გასაკეთებელია. არ გეგონოთ, რომ ასე მხოლოდ საქართველოშია, ეს ჩვეულებრივი ამბავია თითქმის ყველა ქვეყანაში, მაგრამ ის, რაზეც ახლა გვსურს საუბარი, ცოტა არ იყოს, „ცისფერი მთების“ სიუჟეტს გვაგონებს და, სანამ სხვები საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ადამიანებს აგინებენ, ჩვენ ვაღიაროთ ელდარ შენგელაიას გენიალურობა და ვთქვათ, რომ მას დიდებისთვის მხოლოდ ეს ფილმიც ეყოფოდა…
ახლა რაც შეეხება პრობლემას: თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა (სადაც არ გამართულა, გაიმართება) განვითარების 10-12 წლიანი გეგმის პრეზენტაცია. მოსახლეობას გააცნეს, რისთვის დახარჯავს მომავალი 10-12 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტი ფულს, რა იქნება პრიორიტეტი და როგორ განვითარდება. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. დავიწყოთ იმით, რომ გრძელვადიანი გეგმები საქართველოში არ ამართლებს და ამის მაგალითად განათლების სამინისტროც კმარა. ამ სფეროში ყველა ახალმა მინისტრმა განათლებაზე საკუთარი თვალსაზრისი წარმოადგინა და 5-წლიანი გეგმა დაწერა. რა თქმა უნდა, 5 წელი მინისტრად არავინ დარჩენილა და, შესაბამისად, შემდეგი მინისტრი ხელახლა წერდა სტრატეგიას. საბოლოოდ, ისეთ ცუდ დღეში, როგორშიც ახლა განათლებაა, არც ერთი სფერო არ არის და ვნახოთ, ახალი პროგრამა და მიდგომები (ტრადიციული ფაკულტეტების გაუქმებასა და კონკრეტულ რეგულაციებს ვგულისხმობთ) როგორ იმუშავებს.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, 10 და 12-წლიანი განვითარების გეგმა კი არა, თითქმის ყველა რაიონში დაწყებული და მიტოვებული პროექტები დიდ პრობლემად იქცა. არ გეგონოთ, ეს ადგილობრივი თვითმმართველობის ბრალი იყოს. არა, უბრალოდ ვიღაცას თავში მოუვიდა აზრად, რომ ასე უნდა იყოს, და ვერ გეტყვით, ვინ არის ის ვიღაც (ან ვიღაცები), მაგრამ მათ ნააზრევს რომ იზიარებენ, ფაქტია. ვთქვათ, რომელიმე კომპანიამ მოიგო გზის რეაბილიტაციის ტენდერი, ანუ დასაგები აქვს ასფალტი 4-5 კილომეტრზე. კომპანია იწყებს მუშაობას, იღებს ძველი ასფალტის ფენას, ყრის ხრეშს, ბალასტს და ამ მომენტში მიდის შემოწმება, ზედამხედველობის სამსახური ასკვნის, რომ რაღაც ისე არ კეთდება, როგორც პროექტშია გაწერილი. სამუშაოები ჩერდება და საქმეში ერთვებიან სამართალდამცველები (ესეც ლოგიკურია), მაგრამ უბედურება აქ იწყება – სანამ ძიება არ დასრულდება და არ გაირკვევა მტყუან-მართალი, სამუშაოები შეჩერებულია და ადგილობრივ თვითმმართველობას არ აქვს უფლება, რამე გააკეთოს – ან ახალი ტენდერი გამოაცხადოს, ან სხვა კომპანია შემოიყვანოს. ძიება შეიძლება 9 თვეს გაგრძელდეს და ამ ხნის განმავლობაში გზა, რომელზეც ხრეში ყრია, გამოდის მწყობრიდან, ჩნდება უამრავი ორმო, ავტომობილით კი არა, ფეხით გადაადგილებაც ჭირს და მოსახლეობისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთია. როგორც წესი, გზები ამინდის გამო გაზაფხულზე და ზაფხულში კეთდება, მაგრამ ძიება შეიძლება შემოდგომის მიწურულს დასრულდეს და კომპანია უკვე იძულებული იქნება, სამუშაოები შეაჩეროს, რადგან ამინდი არ უწყობს ხელს და ელოდება მეორე გაზაფხულს. წვიმასა და თოვლში გზას უფრო მეტი პრობლემა ექმნება და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იმასაც ვერ ახერხებს, რომ გზაზე ხრეში (მუნიციპალური სახსრებით) დაამატოს, რადგან ოფიციალურად ტენდერია გამოცხადებული და ნებისმიერი ჩარევა მუნიციპალიტეტის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება.
უგზოობა შეიძლება აიტანონ ადამიანებმა, იწუწუნონ, იყვირონ, მაგრამ მაინც აიტანონ, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ანალოგიური რამ ხდება წყლის პროექტებზეც. ანუ, რომელიმე სოფელში ან მუნიციპალიტეტში რეაბილიტაციას ექვემდებარება სასმელი წყლის სისტემა, წყალარინება, ანუ საკანალიზაციო მილები. იწყება მუშაობა და შუა პროცესში ადგილზე მიდის ზედამხედველობის სამსახური, რაღაც არ მოსწონს და აჩერებს სამუშაოებს… არა წყალი, არა საკანალიზაციო სისტემა და იწყება აპოკალიფსი, სოფელი უწყლობით ფეკალიებში ცურავს და გამკითხავი არავინაა. არ გეგონოთ, ჰაერზე ვსაუბრობდეთ და ეს ამბავი არ მოგვიკითხავს. მოვიკითხეთ უმაღლეს დონეზე და დავინტერესდით, ძიების პროცესში რატომ არ შეიძლება სხვა კომპანიამ განაგრძოს მუშაობა. თურმე ზედამხედველობის სამსახურის ეჭვები არ ნიშნავს, რომ კონკრეტული კომპანია დამნაშავეა და ეს ძიებამ უნდა დაადგინოს. ხომ შეიძლება, კომპანია გამართლდეს და მას მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცეს? ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული სამუშაო სხვას რომ ჰქონდეს შესრულებული, ეს კომპანია დაზარალებული გამოდის და სახელმწიფოს თანხის ანაზღაურებას მოსთხოვს, ანუ იმ მოგების ანაზღაურებას, რომელიც კონკრეტული საქმიდან უნდა დარჩენოდა, ამიტომ, უდანაშაულობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, სანამ სიმართლე არ დადგინდება, პროექტი უნდა შეჩერდეს.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მარტივი კითხვა გვაქვს – სად არის მოქალაქეების ინტერესი? რა დააშავა სოფლის ან მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებმა ისეთი, რომ თვეების განმავლობაში უნდა ითმინონ და აიტანონ უგზოობა, უწყლობა, უგაზობაც კი მხოლოდ იმიტომ, რომ ან შემსრულებელი კომპანიაა უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი, ან უბრალოდ ზედამხედველობის სამსახურის რომელიმე თანამშრომელს უსაფუძვლო ეჭვი გაუჩნდა და სამუშაოები შეაჩერა?! არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას, ანუ რიგით ადამიანებს ბრალი არაფერში მიუძღვით, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ისინი ზარალდებიან. წესითა და რიგით, უნდა არსებობდეს რაღაც ბერკეტი, რომ თუნდაც მუნიციპალიტეტს ჰქონდეს სამუშაოებში რაღაც ფორმით ჩარევის უფლება, მაგრამ ისიც სწორია, რომ ტენდერისთვის გამოყოფილი თანხა თუ არ იხარჯება და ადგილობრივი თვითმმართველობა თავის ბიუჯეტს ხარჯავს, გაუმართლებელი და არამიზნობრივი ხარჯი გამოდის. კიდევ გავიმეორებთ, რომ მეტ-ნაკლებად დიდი თუ მცირე პროექტი თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია გაჩერებული და მოსახლეობაც გულისწყრომას არ მალავს. თითქოს ის შემთხვევაა, როცა ყველა მხარე მართალია, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს მხოლოდ რიგითი ადამიანები ზარალდებიან.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად გვეუბნებიან, – როცა პრობლემაზე წერთ, მისი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეთ, წერა ადვილია, საქმის კეთება კი ძნელიო. ჰოდა, ხომ შეიძლება, ტენდერისთვის გამოყოფილი თანხიდან გარკვეული პროცენტი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გააკონტროლოს და, თუ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერია და მის წინააღმდეგ საქმე აღიძვრება, სანამ ყველაფერი დასრულდება, მუნიციპალიტეტს ჰქონდეს უფლება, სატენდერო თანხის გარკვეული პროცენტი იმისთვის დახარჯოს, რომ ადამიანურთან მიახლოებული პირობები მაინც შეუქმნას მოსახლეობას?! გზის შემთხვევაში ეს მოხრეშვა იქნება, წყლის შემთხვევაში – თუნდაც ავზებით მოსახლეობამდე წყლის მიტანა (გვერწმუნეთ, არ ჯდება ძვირი და ამას არაერთი მუნიციპალიტეტი საკუთარი ხარჯებით ახერხებს, როცა ფორსმაჟორია). ასეთ შემთხვევაში ყველა კმაყოფილი იქნება, თორემ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ტენდერი გამოცხადებულია, სამუშაოები – დაწყებული და… მიტოვებული. მოსახლეობა უკმაყოფილოა, ადგილობრივი თვითმმართველობა თავს ვერაფრით იმართლებს, ხელისუფლება მართალია იმიტომ, რომ არაკეთილსინდისიერი შემსრულებელი გამოავლინა, მაგრამ ამით შვებას ვერავინ გრძნობს. სწორედ ამიტომ არის შესაცვლელი რაღაც ან ვიღაც, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში ერთი და იგივე პრობლემაა და მერები ხელებს უიმედოდ შლიან – არ აქვთ შესაძლებლობა, რამე შეცვალონ.
ისე, შესადარებლად: ვთქვათ, ავტოავარიის შედეგად წაიქცა ენერგოკომპანიის ბოძი. მისი აღდგენა დაახლოებით 2 ათასი ლარი ჯდება და ამას კომპანია უმოკლეს დროში აკეთებს, დამნაშავე მძღოლთან მოლაპარაკებას კი მერე იწყებს. თუ მძღოლი უარზეა, საქმე სასამართლოში მიდის, მაგრამ ეს კომპანიისა და იმ მძღოლის საქმეა, მოსახლეობამ ეს არ იცის და არც უნდა იცოდეს. სწორედ ამგვარ მიგომას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ რაღაც ან ვიღაც შესაცვლელია. ანალოგიური რამ ხდება ბუნებრივი აირის მილის დაზიანების შემთხვევაში და, ბუნებრივი აირიც და დენიც რომ გათიშონ, სანამ დამნაშავესთან ურთერთობას არ მოაგვარებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!
ლევან გაბაშვილი







