Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცხრა განსაცვიფრებელი ფაქტი მსოფლიო ოკეანეზე

ცხრა განსაცვიფრებელი ფაქტი მსოფლიო ოკეანეზე

534

დედამიწის ზედაპირის თითქმის 71% წყლით არის დაფარული, მაგრამ ოკეანეები მაინც გამოცანაა მეცნიერთათვის _ დღეს მთვარის ზედაპირზე უფრო მეტი რამ არის ცნობილი, ვიდრე ოკეანის სიღრმეებზე. აღსანიშნავია, რომ მარიანის ღრმული, რომლის სიღრმე 11 კმ-ია, თითქმის გამოუკვლეველია.

ოკეანის ფსკერზე წყალი ცხელია

ოკეანის ღრმა ნაწილებში წყლის ტემპერატურა პლუს 2-დან 4 გრადუსამდეა, ფსკერის ჰიდროთერმულ ღრმულებში კი წყლის ტემპერატურა პლუს 400 გრადუსსაც აღწევს, მაგრამ ამ სიღრმეებზე ძლიერი წნევის გამო (ასეთი წნევა ადამიანს გასრესდა) წყალი არ დუღს.

ოკეანეშიც არის ტბები და მდინარეები

ოკეანე ცალკე სამყაროა. მასში არის ღრმულები, მთები, ვულკანები, ტბები და მდინარეები. მარილის ფენაში შეღწევის შემდეგ წყალი ფსკერზე პატარა ღრმულებს ქმნის. და, რადგან ამ ღრმულების გარშემო წყალი ბევრ მარილს შეიცავს, ის უფრო მკვრივია. ასე ჩნდება მარილიანი წყლის პატარა აუზები ოკეანეში. მათ აქვს ნაპირები და ძალიან ჰგავს დედამიწის ზედაპირზე არსებულ ტბებს.

ოკეანეში არის ჩანჩქერებიც

დედამიწაზე ტექნიკურად ყველაზე დიდი ჩანჩქერი გრენლანდიასა და ისლანდიას შორის მდებარეობს, წყლის ქვეშ. ექსპერტთა შეფასებით, დანიის სრუტის ჩანჩქერი მსოფლიოში არა მხოლოდ ყველაზე მაღალი (3505 მ), არამედ ყველაზე მძლავრიცაა. ჩანჩქერი წარმოქმნილია დანიის სრუტის ორივე ნაპირზე ტემპერატურათა სხვაობის შედეგად, როცა აღმოსავლეთის ცივი და მკვრივი წყალი ეჯახება დასავლეთიდან უფრო თბილ და რბილ წყალს. თბილი წყლის ზემოქმედებით ცივი წყალი ეშვება ქვევით. დანიის სრუტის კატრაქტის (დიდი ჩანჩქერი) სიმაღლე 3-ჯერ აღემატება დედამიწაზე ყველაზე მაღალი ანხელის ჩანჩქერის (ვენესუელა) სიმაღლეს.

ოკეანეში 3 მლნ ხომალდია ჩაძირული

იუნესკოს მონაცემებით, ოკეანეში 3 მლნ ჩაძირული ხომალდია _ ქრისტეფორე კოლუმბის “სანტა-მარია”, “ტიტანიკი” და სხვ.

ჩვენი პლანეტის დიდი ნაწილი სიბნელეშია ჩაძირული

მსოფლიოს ოკეანის საშუალო სიღრმე 3736 მ-ია, სინათლის სხივი კი მხოლოდ 100 მ-ის სიღრმეზე აღწევს. რადგან დედამიწის 71% წყალია, მისი დიდი ნაწილი სიბნელეშია ჩაძირული.

ჩაძირული საგანძური

ისრაელში, ქალაქ კესარიას სანაპიროსთან აღმოჩენილი ოქროს მონეტები ფატიმიდური სახალიფოს (909-1171 წწ.) პერიოდშია მოჭრილი. აშშ-ის ოკეანის შემსწავლელი ეროვნული სამსახურის შეფასებით, თუ მსოფლიო ოკეანიდან ყველა ოქროს ამოვიღებთ, დედამიწაზე მცხოვრებ თითოეულ ადამიანს 4 კგ ძვირფასი  ლითონი ექნება.

ცუნამი საათში 800 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს

ცუნამი სეისმური მოვლენებით არის გამოწვეული და, წყნარი ოკეანის შემსწავლელი სპეციალისტების აზრით, შეუძლია 5-11 კმ სიღრმეზე 800 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. ასეთი ტალღები, ჩვეულებისამებრ, შეუმჩნეველი რჩება, რადგან მათი სიმაღლე მხოლოდ რამდენიმე სმ-ია, მაგრამ, როცა ტალღები ხმელეთისკენ მოემართება, ხოლო სიღრმე მცირდება _ ტალღები სიმაღლეში მატულობს, ოღონდ, საბედნიეროდ, სიჩქარე მცირდება.

ყველაზე მაღალი ტალღები ოკეანის სიღრმეშია

ყველაზე მაღალი ტალღა ის კი არ არის, რომლის დანახვაც ნაპირიდან შეიძლება, არამედ ის, რომელიც სიღრმეში წარმოიქმნება. ამ ტალღებს ოკეანოგრაფები შიგა ტალღებს უწოდებენ (სრული დასახელება ასეთია: შიგა ინერციულ-გრავიტაციული ტალღები. ისინი წარმოიქმნება წყლის სიმკვრივის სტრატიფიკაციით (დაყოფა ფენების სიმკვრივის მიხედვით) და დიდი ხანია, ადამიანისთვის ცნობილია. მაგალითად, ვიკინგები ხშირად აღმოჩნდებოდნენ ხოლმე ამ მოვლენის წინაშე და მას “მკვდარ წყალს” უწოდებდნენ _ მათი გემები, უბრალოდ, ჩერდებოდნენ, ნიჩბების ძლიერად მოსმის მიუხედავად. სხვა ზღვაოსნები ასეთ მომენტში ფიქრობდნენ, რომ მათ ხომალდს გიგანტურმა რვაფეხამ შემოხვია საცეცები და გააჩერა.

ყველაზე მაღალი ბგერა ოკეანეში

1997 წელს ოკეანოგრაფებმა “დაიჭირეს” ყველაზე ხმამაღალი ბგერა, რომელსაც Tte Bloop-ი შეარქვეს. ბგერა ისეთი ძლიერი იყო, რომ ხელსაწყოებმა მისი დაჭერა 4500 კმ-ის სიხშირეზე შეძლეს. თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ ეს ბგერა ცოცხალ არსებებს ეკუთვნოდა, მაგრამ დედამიწის არც ერთ ბინადარს არ შეუძლია ასეთი სიმძლავრის ბგერის გამოცემა. 15 წლის შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ხმა ყინულის უზარმაზარი მასების დაძვრით იყო გამოწვეული.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here