შოთა აფხაიძე: აშშ ყოველთვის შეეცდება საქართველოს გამოყენებას, არ იდარდებს, თუ თავისი მიზნების მიღწევას 3 მილიონი ქართველი შეეწირება

    ,,ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ არ დავტოვებთ გულბაათ რცხილაძეს საპატიმროში. ოჯახს იმის ფინასური შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ ციხეში მყოფ კაცს დაეხმაროს, მოხუცი დედა მარტოა სახლში უსახსროდ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინანსურადაც დავუდგეთ გვერდით და ციხეშიც არ დავტოვით პატრიოტი კაცი”

    ქართველი საზოგადოება გაურკვეველ ვითარებაშია _ ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყანა არის ჩინეთი, რომ ურთიერთობების გადატვირთვას ცდილობს აშშ-თან, მეგობრული ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რუსეთი კი მტერია…

     მაგრამ ამ ქვეყნებიდან გაჭირვების ჟამს რომელი დადგება საქართველოს გვერდით? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ანალიტიკოსი, კავკასიის ისლამური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი შოთა აფხაიძე გვესაუბრება:

    _ რომელი სახელმწიფო დაგვიდგება გვერდით? ყველა სახელმწიფო თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მაგალითად, ისრაელი გიგანტ სახელმწიფოებს აკეთებინებს იმას, რაც თვითონ სჭირდება. საქართველომ უნდა იმოქმედოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე _ გააკეთოს ის, რაც მის მოსახლეობას სჭირდება, დაიცვას თავისი ტერიტორიები… დღეს ეს მიზანი არ აქვს საქართველოს, ქვეყნის ხელისუფლებამ დასავლეთის დიქტატი არ უნდა მიიღოს, მაგრამ ამას ვერ ვხედავ, პირიქით…

    საქართველოს ხელისუფლებამ რიტორიკა შეცვალა, დასავლეთს აღარ აგინებს, პროსახელისუფლო ტელევიზიები კი იმაზე საუბრობენ, რომ რუსეთი უკრაინაში ომს აგებს. რუსეთი დამარცხდება მაშინ, როდესაც რუსეთში უკრაინის ჯარი შეიჭრება, ახლა კი რუსეთის ჯარია უკრაინაში.

    უკრაინასთან ურთიერთობა უნდა მოგვარდეს, მაგრამ ისე, რომ საქართველო არ დაზიანდეს. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის რეჟიმის ნარჩენები უკრაინას ჰყავს შეფარებული. ზელენსკიმ ბევრჯერ ჩააფურთხა ქართველებს სულში, ამიტომ სწორედ ის უნდა ცდილობდეს ჩვენთან ურთიერთობის მოგვარებას. ასეთივე ვითარებაა ევროპასთანაც: ბრიუსელი ტონს არ ცვლის საქართველოს მიმართ, ანალოგიური რიტორიკა აქვს ამერიკასაც. რაც შეეხება ჩინეთს, მას მხოლოდ ეკონომიკა და ვაჭრობა აინტერესებს,  არ ადარდებს ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის, საქართველოს თავს არავინ შეაკლავს.

    _ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც მფარველი სჭირდება. ვითარება დაძაბულია, მესამე მსოფლიო ომი, ფაქტობრივად, უკვე მიმდინარეობს. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ გადავრჩეთ?..

    _ არ უნდა შევუერთდეთ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, თვითონ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ცუდს არაფერს აპირებს. არ უნდა ავყვეთ ნარატივს, რომ რუსეთი ინგრევა და უკრაინა იმარჯვებს.

    ახლა ალაპარაკდნენ იმაზე, რომ საქართველო ირანის ინტერესებს ატარებს. ამას ნაცი გიორგი კანდელაკი აკეთებს. ირანს საქართველო არ სჭირდება ამერიკასთან კონფრონტაციაში… მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ. აშშ ყოველთვის შეეცდება საქართველოს გამოყენებას თავისი ინტერესებისთვის, არ იდარდებს, თუ საკუთარი მიზნების მიღწევას 3 მილიონი ქართველი შეეწირება. ეს არ უნდა დავუშვათ!

    რა გახდა დიპლომატური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან? იქნებ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემდეგ დაიძრას ადგილიდან ტერიტორიების დაბრუნების თემა?

    _ იმედოვნებთ, რომ თქვენ მიერ ჩამოთვლილი საკითხებიდან საქართველოს ხელისუფლება რომელიმეს გააკეთებს?

    _ ამ ხელისუფლებას კარგად აქვს თავისი საქმე აწყობილი (ვგულისხმობ ბიზნესინტერესებს). რაც შეეხება ხალხსა და საქართველოს, არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაც ჩამოვთვალე, რადგან ეს მეათეხარისხოვანიც კი არ არის მისთვის. არ ვიცი, იქნებ ვცდები და რამე ქვეყნისთვისაც გააკეთონ, მაგრამ მეეჭვება…

    _ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია გულბაათ რცხილაძის დაკავება ჯაშუშობის ბრალდებით…

    _ გულბაათ რცხილაძის დაპატიმრება პოლიტიკური დაკვეთა იყო. კულმინაცია აღმოჩნდა მის მიერ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნა. დასავლელი დიპლომატები გამუდმებით ეუბნებოდნენ ხელისუფლებას, რომ რუსული გავლენები იზრდება,  ამას მოჰყვა შედეგი _ გულბაათ რცხილაძის დაპატიმრება.

    გულბაათი საჯაროდ და დაუფარავად ლაპარაკობდა პალესტინაში მიმდინარე პროცესებზე, ირანში გოგონების დახოცვაზე და ამან გააღიზიანა დასავლეთი. მართალია, ამ ამბებს მთელი მსოფლიო აშუქებდა, რადგან ზოგადსაკაცობრიო პრობლემები იყო, მაგრამ გულბაათი განტევების ვაცი აღმოჩნდა…

    გულბაათმა ჩაატარა რამდენიმე კონფერენცია ზემოაღნიშნულ თემებზე. ხელისუფლებამ იფიქრა, ეს კაცი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ლაპარაკობს, ახლა ამას ირანიც დაემატა და მოდი, განტევების ვაცს ვიპოვით, რომელიც აკრიტიკებს ამერიკას, ისრაელსა და  ევროპასო. მას არ ჰყავს პატრონი, მფარველი და დავაპატიმრებთო… მათ ჰგონიათ, ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს.

    არ შეიძლება გულბაათის დადანაშაულება ჯაშუშობაში, რადგან მას არც ერთ დონეზე არ მიუწვდებოდა ხელი ინფორმაციაზე, გარდა ამისა, ჯაშუშმა ინფორმაცია უნდა გადასცეს მოწინააღმდეგე მხარეს და დააზარალოს სახელმწიფოს ინტერესები. რადგან რცხილაძეს არ ჰქონდა წვდომა ინფორმაციაზე, მას ხელისუფლებიდან ვიღაც უნდა ჰყოლოდა გადაბირებული, ვინც ინფორმაციას მიაწვდიდა, არც ეს არ არის ცნობილი.

    როცა გულბაათ რცხილაძე დააპატიმრეს, საჯაროდ დავწერე, რომ ყველამ იცოდა, საიდან ფინანსდებოდა რცხილაძის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, რომლებიც უამრავ ღინისძიებას ატარებდნენ და დიდი წვლილი შეიტანეს ,,ქართული ოცნების” გამარჯვებაში 2012 წელს. რცხილაძემ თავისი ორგანიზაციის ეგიდით ჩაატარა კვლევა ნატოს  შესახებ, რომლის დაფინანსების წყაროც ყველამ იცის…  გულბაათ რცხილაძეს ,,რუსკი მირი” აფინასებდა თუ სხვა ორგანიზაცია, ამაზე საჯაროდ საუბრობდა, მას უფინანსებდნენ შემეცნებითი შინაარსის წიგნების გამოცემას, უკანონო არაფერი გაუკეთებია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ის დაკვეთით დააპატიმრეს.

    ამა თუ იმ საელჩოში დიპლომატთან ადამიანის მისვლა დიპლომატიური ურთიერთობაა. და, თუკი სახელმწიფოს რომელიმე დიპლომატში ეჭვი ეპარება და აგენტად მიიჩნევს, უნდა აღკვეთოს მისი მუშაობა ქვეყანაში, მაგრამ ამას თუ ვერ ახერხებ, მოქალაქე უნდა გააფრთხილოს, რომ მას აღარ შეხვდეს, რადგან სახელმწიფოს საეჭო პიროვნებად მიაჩნია. გულბაათს ვერ  დაესიზმრებოდა, რომ საელჩოების წარმომადგენლები, უფრო ზუსტად, ელჩები, ,,აგენტები” იყვნენ. ეს ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს, მათ მანდატი არ უნდა მისცეს. გულბაათ რცხილაძის საქმეში დანაშაულის დამამტკიცებელი დოკუმენტი არ არსებობს და ეს ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დახურული?!

    როცა გულბაათს მამა გარდაეცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა უწყებამ თანხმობა განაცხადა მის მიყვანაზე მამასთან გამოსამშვიდობებლად, ბოლოს მაინც უარი უთხრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამკვეთებმა ამის ნება არ დართეს საქართველოს ძალოვან უწყებებს.

    ადამიანი ციხეში გამოკეტეს იმის გამო, რომ კონფერენცია ჩაატარა, თანაც ყველა სახელისუფლო არხს იწვევდა ღონისძიებებზე, მაგრამ არავინ მიდიოდა.

    საქართველოში გახშირდა უცხოელთა მუქარები ადგილობრივი პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების მიმართ, რაც დაუშვებელია. კონფერენციაზე შეიძლება მივიდეს ამერიკის ელჩი და არ შეიძლება მივიდეს ირანის ელჩი?

    სუვერენული ქვეყნის მოქალაქეს ვიღაცის დაკვეთით არ უნდა აპატიმრებდნენ…

    ბრძოლა არ დასრულებულა, ჩვენ არ დავტოვებთ გულბაათ რცხილაძეს საპატიმროში. ოჯახს იმის ფინასური შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ ციხეში მყოფ კაცს დაეხმაროს, მოხუცი დედა მარტოა სახლში უსახსროდ, მაგრამ ყველაერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფინანსურადაც დავუდგეთ გვერდით და ციხეშიც არ დავტოვით პატრიოტი კაცი. დონალდ ტრამპიც რომ ჩაერიოს ამ საქმეში, ჩვენ მაინც არ დავნებდებით. ეს ბრძოლა ჩვენ არ დაგვიწყია, თვითონ დაიწყეს…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here