შავი მანიფესტი

    საქართველოსა და ირანის პრეზიდენტების - მიხეილ ყაველაშვილისა და მასუდ ფეზეშქიანის - შეხვედრა

    ოპოზიციის (დასავლეთის აგენტურის) რუპორი საინფორმაციო საშუალებები განგაშს ტეხენ :„დასავლეთის მიერ სანქცირებული და იზოლირებული ლიდერების გვერდით მიხეილ ყაველაშვილი ირანის სულიერი ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე გამოჩნდა“. თეირანში გამართული ღონისძიება  მხოლოდ სამგლოვიარო პროცესად აღარ აღიქმება და მას სხვადასხვა რეჟიმის პოლიტიკური დემონსტრაციის მნიშვნელობასაც ანიჭებენ.

    აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე, ყაველაშვილის გარდა, იმყოფებოდნენ რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ჩინეთის დელეგაცია და ირანის რეჟიმის წარმომადგენლები. ყაველაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა ირანის ხელისუფლების მოქმედ წარმომადგენლებს: პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის და ირანის უზენაეს მოსამართლეს. ეს უკანასკნელი მანამდე რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თეირანში გადაღებული კადრები საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე კითხვებს აჩენს. მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენი ჯო უილსონიც. მისი შეფასებით, ირანში „ამერიკის მოძულე რეჟიმები“ შეიკრიბნენ, ხოლო ამ შეკრებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მონაწილეობა საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება”.

    დააკვირდით, რა მასშტაბის ბოღმა, სიძულვილი და შეურიგებლობა ინთხევა მცირე მოცულობის ამ ინფორმაციაში. ინფორმაციას ვერც დაარქმევ. ეს დასავლეთთან მონური დამოკიდებულების სიგელია; მეზობელ სახელმწიფოსთან სხვისი ბრძანებით აპრიორულად უარყოფითი დამოკიდებულების აპოლოგიაა და, საერთოდ, არაადამიანურობის შავი მანიფესტია. საქართველოში მოქმედი დასავლური აგენტურისთვის ალი ხამენეი, ირანის სულიერი ლიდერი და სახელმწიფოს პირველი პირი კი არა, დიქტატორი და ტერორისტი იყო. იმ სახელმწიფოს (აშშ) ქმედებაში, რომელმაც მეორე სახელმწიფოს (ირანი) ლიდერი მიზანმიმართულად გაანადგურა, დასავლეთის „მეხუთე კოლონა” დემოკრატიას ხედავს, ხოლო განადგურებულ ლიდერში – დიქტატორს, მოძალადესა და ტერორისტს. ეს დასავლური მიდგომებისა და შეფასებების ფორმულაა, რომლიდანაც ის ორმაგი სტანდარტი გამოითვლება, ნებისმიერ სიტუაციაში რომ მუშაობს. ამერიკულ ინტერესებში რაკი არ ჯდებოდა, ალი ხამენეი დონალდ ტრამპისთვის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი“ იყო, მისი მოკვდინება კი – „სამართლიანობის აღსრულება“. ეს იმ დროს, როდესაც სირიის ტერორისტი ლიდერი აჰმედ ალ-შარაა მისთვის „ახალგაზრდა, მიმზიდველი მებრძოლია, რომელსაც ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული საქმის გაკეთების შესაძლებლობა აქვს”. ამ მიდგომების შეფასება, როგორც „ორმაგი სტანდარტის” კონკრეტული ნიმუშისა, შერბილებული და შეფერადებული გამოდის. ეს ზუსტად ის არის, რასაც „შავი მანიფესტი” ვუწოდე…

     შავი მანიფესტი ჩემი მიგნება არ არის. ისტორიას ახსოვს ასეთი ცნება:

    „შავი მანიფესტი“ (Black Manifesto) ისტორიული, სამოქალაქო უფლებების დამცველი დოკუმენტია, რომელიც 1969 წელს ამერიკელმა აქტივისტმა ჯეიმს ფორმანმა (James Forman) შეიმუშავა. ის მოითხოვდა $500 მილიონის რეპარაციას თეთრკანიანი ეკლესიებისა და სინაგოგებისგან აფროამერიკელების მონობისა და ჩაგვრის გამო. 1969 წლის 4 მაისს ფორმანმა მოულოდნელად შეაწყვეტინა საკვირაო წირვა ნიუ-იორკის რივერსაიდის ეკლესიის (The Riverside Church) მრევლს და კათედრიდან თავად წაიკითხა მანიფესტი. ამან დოკუმენტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოუტანა”.

          ეს ამბავი მხოლოდ სახელის გამო გავიხსენე. სხვა მხრივ მას არაფერი აკავშირებს იმასთან, რასაც მე „შავი მანიფესტი” ვუწოდე:

    * „შავი მანიფესტი” ძალმომრეობასა და ტერორზე დაფუძნებული პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი” მსოფლიოს დაპყრობის პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი” უსამართლობის პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი” ორმაგი სტანდარტის (ხან ასე, ხან ისე) პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი” დეზინფორმაციის პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი” ყალბი ფასადისა და მისი საწინააღმდეგო შინაარსის პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი”ვერაგობის პოლიტიკაა;

          * „შავი მანიფესტი” სატანიზმის პოლიტიკაა, რაკი, საბოლოო ჯამში, ყოველივე ეს სატანური ჩანაფიქრია.

    ეს ყველაფერი პრეზიდენტ ყაველაშვილის ირანში ჩასვლას, უფრო სწორად, ამის გამო ატეხილ იმ აჟიოტაჟს მოვაყოლე, რომელსაც სადირიჟორო ჯოხი ვაშინგტონიდან აუქნიეს.

     ირანი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა უდიდესი და უმდიდრესი კულტურით. იგი ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა. რა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ირანთან კეთილმეზობლური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული ურთიერთობები არ გვინდოდეს? ერთნი გაჰყვირიან, რომ ირანი (სპარსეთის იმპერია) ისტორიულად ჩვენი მტერი იყო და ეს არ გვაძლევს მასთან მეგობრული ურთიერთობის საშუალებას. მეორენი გაიძახიან, რომ, ამერიკული კლასიფიკაციით (ჯორჯ ბუში უმცროსი), ირანი ე.წ. ბოროტების ღერძის (ჩრდილოეთი კორეა, ირანი, ერაყი) წევრი სახელმწიფოა (დღეს ამ ღერძში რუსეთსაც და ჩინეთსაც გულისხმობენ), ამიტომ მასთან ყოველგვარი ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ. ამავე აზრის გაგრძელებაა ისიც, რომ აშშ ირანთან ომის მდგომარეობაშია,ეს კი ამ სახლმწიფოსთან პარტნიორულ და პრაგმატულ ურთიერთობებს საფუძველშივე გამორიცხავს. რეალურად არც ერთი, არც მეორე და არც მესამე არ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობებზე უარი ვთქვათ. წარსულში მტრობა აწმყოსა და მომავალში მტრობას რომ არ ნიშნავს, ამის მრავალი მაგალითი არსებობს ისტორიაშიც და თანამედროვეობაშიც. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ,ირანთან რაკი ამერიკაა დაპირისპირებული, ჩვენც მტრობა გვმართებს, სრული აბსურდია. გარე სამყაროსთან  ჩვენი ურთიერთობები უნდა გვქონდეს, რომელშიც კორექტივის შეტანის პრიორიტეტი მთლიანად ჩვენს ხელთ იქნება. საკითხში უფრო მეტ კონკრეტიკას თუ შევიტანთ, საერთოდ, რაზეა ლაპარაკი?! აშშ, რომელიც მხოლოდ თითის ქნევით გველაპარაკება, როგორი სტრატეგიული პარტნიორია?!სტრატეგიული პარტნიორობა როდის აქეთ იქცა კოლონიის სინონიმად?! აშშ-სთვისსაქართველო პირველხარისხოვანი კოლონიაც არ არის. ამაშიც გრადაციაა. პირველხარისხოვან კოლონიად შეიძლება გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და იმ ქვეყნების განხილვა, რომლებიც ეკონომიკური, სამრეწველო და ტექნოლოგიური პოტენციალით მაღალ დონეზე იმყოფებიან და რომლებშიც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. საქართველოშიგანვითარების რა დონეზეა საუბარი და, საერთოდ, სად ვიმყოფებით, რომ ამერიკელებმა პირველხარისხოვან კოლონიად გვაღიარონ?! საქართველომხოლოდ იმ დონის ქვეყნებში იგულისხმება, რომლებშიცამერიკელები,ან პირდაპირი დირექტივების, ან ფერადი რევოლუციებისა და სახელმწიფო გადატრიალების ენაზე ლაპარაკობენ. მსოფლიო წესრიგის ნგრევის, უპასუხისმგებლობის, ძალმომრეობისა და ტერორიზმის ეპოქაში ამოცანა ყველაზე ტერორისტული სახელმწიფოს მეორეხარისხოვან კოლონიად დარჩენა კი არ არის, ურთულეს გეოპოლიტიკურ სისტემაში იმ ოპტიმალური ადგილის პოვნაა, რომელიც ილიასეული თვითმყოფადობის („მამული, ენა, სარწმუნოება”) შენარჩუნებისა და, ეკონომიკურთან ერთად, სულიერი განვითარების საშუალებასაც მოგვცემს. ასეთი გზა არსებობს, მაგრამ იგი არც აშშ-ზე  გადის და არც ევროპაზე. ეს გზა, პირველ რიგში, რუსეთზე გადის, ეს გზა იმავე ჩინეთსა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებზე გადის, საითაც ცივილიზაციური ღერძის სიმძიმე გადმოდის. ეს გზა ვერ გავა ისტორიულად ყალბ ფორმულაზე, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ. ვერც ის მეორე ყალბი ფორმულა  გამოგვადგება გზის მაჩვენებლად, რომლის მიხედვით ქრისტიანობა დასავლური მოვლენაა. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანობა ჩვენთვის მართლმადიდებლობაა, ხოლო მართლმადიდებლობის ცენტრად და უკანასკნელ ბასტიონად,კარგა ხანია,რუსეთი ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ირანს, იგი არც მართლმადიდებლობის ცენტრია და არც ჩვენი ისტორიული მეგობარი, მაგრამ იმ სატანიზმთან ბრძოლაში, „შავი მანიფესტით” რომ არის ჩამოყალიბებული, გააქტიურებული და გამყარებული, სერიოზულ ძალას წარმოადგენს. სატანა (ანტიქრისტე) მხოლოდ მართლმადიდებლობას არ ებრძვის, იგი ყველა კლასიკური რელიგიის მტერია, რადგან წესრიგის, ზნეობის, სიყვარულის, სიკეთისა და ჭეშმარიტების მტერია.

    პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მონაწილეობა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალზე ამ კონტექსტშია განსახილველი და არა იმ გნიასის საფუძველზე, რომლითაც დასავლეთის „მეხუთე კოლონა” საზოგადოებრივ ცნობიერებას წამლავს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here