ყველა სფეროში  კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს

    შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ინტელექტი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამებს შერჩეთ, ადამიანებმა კი ამ პროგრამების მიერ შემუშავებული ინფორმაციის გაანალიზებაც ვეღარ მოახერხონ

    ვისაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან საქმე არ ჰქონია, არ ეცოდინება, რომ ახლა მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადებას პირდაპირ მერიის კანცელარიაში ვეღარ შეიტანთ. მოთხოვნა ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს პროექტთან ერთად, რომელიც ლიცენზირებულმა არქიტექტორმა უნდა გააკეთოს. ანუ, მიდიხართ არქიტექტორთან, ეუბნებით, რა გინდათ და შემდეგ ის თავისი სახელითა და  ელექტრონული ხელმოწერით მერიაში გზავნის მოთხოვნას და პასუხიც მას მოსდის. გააჩნია, მშენებლობა რომელი კლასისაა და იმის მიხედვით არის ვადაც…

    ვთქვათ, აპირებთ  ღობის შეცვლას, იყიდეთ მასალა, მოითხოვეთ ნებართვა და… ნებართვას აგვიანდება – გადის  ერთი თვე, ორი, სამი… ერთი წელიც კი. მაქსიმალური ვადა რა დონის მშენებლობაც  უნდა იყოს, ორი თვეა, მაგრამ პასუხები დროსა და სივრცეში იკარგება. მიდიხარ მერიაში, მოიკითხავ საკუთარ წერილს და გეუბნებიან, რომ პასუხს ვერ გაგცემენ, რადგან წერილი კონკრეტული არქიტექტორის სახელით არის შესული, თქვენ კი უფლება არ გაქვთ, მოიკითხოთ. მიგყავთ არქიტექტორი და ახლა ის ცდილობს, გაარკვიოს, რატომ არ არის პასუხი. კანცელარიის თანამშრომელი ეუბნება, რომ წერილი რეგისტრირებულია, შემდეგ განყოფილების გამგე გიშვებთ  სამსახურის უფროსთან, სამსახურის უფროსი – კურატორ მოადგილესთან (თუ ადგილზე დაგხვდებათ), კურატორი მოადგილე – მერთან (ისიც თუ ადგილზე დაგხვდებათ და შეგხვდებათ, იღბლიანი ყოფილხართ) და გეუბნებიან, რომ პასუხს ტექნიკური შეფერხების გამო დააგვიანდა და  იქნება 2-3 დღეში. 2-3 თვის (და არა დღის) შემდეგ იგივე მეორდება. ჰო, აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ახალი შესწორების თანახმად, თუ სახლის მშენებლობას  გადაწყვეტთ, ჯერ სახლი უნდა ააშენოთ და მხოლოდ  შემდეგ გაქვთ ღობის გაკეთების  უფლება. მერე რა, რომ შემოუღობავ მშენებლობაზე  შეიძლება საქონელი შევიდეს ან, უბრალოდ, ვინმე შევიდეს, არმატურა მოიპაროს, ცემენტი, ქვიშა… ასე გადაწყვიტა ვიღაცამო და ის „ვიღაც“,  ალბათ, ძალიან კმაყოფილია, მისი ნააზრევი კანონად რომ აქციეს.

    მოკლედ, მეგობარმა გადაწყვიტა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიწის ნაკვეთის შეძენა სამოსახლოდ, მაგრამ, როცა საკადასტრო რუკას დახედა, ნახა, რომ იმ ნაკვეთს  ცნობილი კავშირგაბმულობის კომპანიის კაბელი კვეთდა. გაჩნდა ლოგიკური კითხვა –  შეძენის შემთხვევაში, ექნებოდა თუ არა ამ ნაკვეთზე სახლის აშენების უფლება?  მან  მიმართა კასპის მერიას, რომლის თანამშრომლებმაც ორი თვის შემდეგ უთხრეს, რომ ჯერ იმ კავშირგაბმულობის კომპანიასთან უნდა გაერკვია, რა სახის კაბელი იყო ჩადებული მიწაში და ამის შემდეგ გადაწყვეტდნენ, ექნებოდა თუ არა მშენებლობის უფლება კანონის შესაბამისად. ყველაზე საინტერესოც აქედან დაიწყო – კავშირგაბმულობის კომპანიამ პასუხი დააგვიანა სამ თვეს და, როდესაც მოიკითხავდა, წერილს ვერც ნომრით პოულობდნენ, ვერც სახელითა და გვარით. მეგობარი კვირაში ერთხელ ახალ წერილს წერდა და შემდეგ სქრინებსაც უგდებდა, აგერ, ბატონო, თქვენივე ელექტრონული ფოსტიდან მოსული დასტური და წერილის ნომერი, იქნებ მიპასუხოთო. მოკლედ, პასუხი რომ არ აღირსეს, დავიწყეთ ვინმე შინაურის ძებნა, რომელიც აგვიხსნიდა, რატომ იყო რთული იმაზე პასუხის გაცემა, რა  კაბელი იყო ჩადებული ამ ნაკვეთზე. ჰოდა, შინაურმა გვითხრა:

    „იმიტომ არ გიპასუხეს, რომ რეალურად იქ არანაირი კაბელი არ დევს. ანუ, ამ კომპანიას სურდა კაბელის ჩადება, მოამზადა ყველა დოკუმენტი, მაგრამ, სანამ ჩადებდა, რისკ-დეპარტამენტმა გადაწყვეტილება დაბლოკა,  ზედმეტი ხარჯია და შემოსავალი დიდი არ იქნებაო. მანამდე კი, სანამ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ვიღაცამ ჩათვალა, რომ იქ კაბელი აუცილებლად ჩაიდებოდა და დაიტანა საკადასტრო რუკაზე. ახლა, თქვენ რომ არ გეთქვათ, არც კი გვეცოდინებოდა, რომ რუკაზე, საკადასტრო სისტემაში, ჩვენი 18-კილომეტრიანი კაბელი ჩანს…“

    დაახლოებით ხვდებით, ალბათ, რას ნიშნავს 18 კილომეტრზე მიწაში ჩადებული კაბელი? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კაბელის გამო ყველა, ვინც იმ ზოლში ცხოვრობს, იძულებულია, მერიასთან შეათანხმოს მშენებლობის ნებართვა და მას მერია ლოგიკურად გაუშვებს კავშირგაბმულობის კომპანიაში, სადაც პასუხს არ გასცემენ. როგორც გვითხრეს, აღნიშნულმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა, რომ ეს კაბელი საკადასტრო რუკებიდან გაქრეს, მაგრამ… კომუნისტების პერიოდში იყო ასეთი ანეკდოტი: ერთი კაცი ორმოს თხრის, მეორე – ავსებს და რა ხდებაო, რომ იკითხეს, მესამე არ მოსულა, რომელმაც ნერგები უნდა ჩარგოსო, ანუ ისინი თავიანთ საქმეს აკეთებდნენ…  ასე მოხდა აქაც – ვიღაცამ წაიკითხა, რომ კაბელი უნდა ჩადებულიყო, იფიქრა, ჩადებენ, აბა, რას იზამენო და საკადასტრო რუკაზე დაიტანა.

    სამწუხროდ, ასეთი ზერელე დამოკიდებულება  ბევრგან არის და, რაც მთავარია, პასუხს არავინ არაფერზე აგებს. აგერ, ერთმა ტელევიზიამ  კვირის მთავარი გადაცემის ანონსში აჩვენა, როგორ უსწორდებიან ეჭვმიტანილს თუ პატიმარს სამართალდამცველები. როგორც ირკვევა, ეს 4 წლისწინანდელი კადრებია, ის სამართალდამცველები კი დღესაც სასჯელს იხდიან. მოსთხოვს ვინმე იმ ტელევიზიას პასუხს, ხალხის დაზაფრისთვის და 4 წლისწინანდელი ამბის ისე გახსენება-წარმოჩენისთვის, თითქოს გუშინ მოხდა?! რა თქმა უნდა, არა და თუ ასეა, მაშინ გაიმეორეთ „მოდელირებული ქრონიკაც“, გაიმეორეთ ციხის ის კადრები, რომლებმაც 2012  წელს ხალხი გარეთ გამოიყვანა და ვიყოთ ასე წარსულის ბზრიალ-ტრიალში და მომავლისკენ აღარ გავიხედოთ. ქვეყნის მოსახლეობას  დაუსჯელობის სინდრომი აქვს შეყრილი და გვერწმუნეთ, ამას მაღალჩინოსნების ხმაურიანი დაკავებები ვერ განკურნავს.

    ისევ კასპსა და არარსებულ კაბელს დავუბრუნდეთ. რიგით მოქალაქეს კი არა, სახელმწიფოს რომ დასჭირვებოდა საიდუმლო ობიექტისთვის ის ადგილები, რა უნდა ექნა? უნდა გაეთვალისწინებინა, რომ იქვე ახლოს ინტერნეტის თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებების ხაზი გადის და საკუთარი გეგმები უნდა გადაეწყო, სხვა რამ უნდა მოეფიქრებინა, დამატებითი ხარჯი გაეწია და საიდუმლოს გაფრთხილებოდა, ინფორმაციას რომ არ გაეჟონა? ან რას ნიშნავს, კაბელის ჩადებას აპირებდნენ და შემდეგ გადაიფიქრეს? ან იმ საკადასტრო რუკებს ვინ უზის და ვინ აკეთებს  არარსებული კომუნიკაციების აღნიშვნებს? როგორ გგონიათ, ვინმეს ამის გამო პასუხს მოსთხოვენ? რა თქმა უნდა, არა. იმ არარსებულ კაბელს უახლოეს მომავალში საკადასტრო რუკიდან ან გააქრობენ, ან არა, ცხოვრება კი ჩვეულებრივად გაგრძელდება. ჰო, მერე ეს ჩემი მეგობარი სახლს რომ ააშენებს, საკანალიზაციო მილი თუ დასჭირდება, მოსთხოვენ ნებართვას კავშირგაბმულობის იმ კომპანიიდან, რომლის სახელზეც არის კაბელი რეგისტრირებული, რომ წყლის მილის გაყვანა ამ კომპანიას  ხელს არ შეუშლის და უნდა ამტკიცოს, რომ საკადასტრო რუკაზე შეცდომაა და სინამდვილეში იქ არაფერი გადის. დაუჯერებს ვინმე? რა თქმა უნდა, არ დაუჯერებს და იქნება  „ცისფერი მთები“.

    სამწუხაროდ, დღეს ყველა სფეროში  კვალიფიციური კადრების სერიოზული დეფიციტი გვაქვს; იმიტომ კი არა, რომ ვინმე დიდ ჯამაგირს მოითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი კადრი ფიზიკურად არ არის. აგერ, ეროვნული გამოცდები მოგვადგა კარს და პოპულარული ისევ ბიზნეს-ადმინისტრირებისა და იურიდიული ფაკულტეტებია. არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ამდენი ბიზნეს-ადმინისტრატორი და იურისტი ქვეყანას  არ სჭირდება, ვეტერინარებია საჭირო, შემდუღებლები, კვალიფიციური ფინანსისტები, ეკონომისტები, ინჟინრები სატყეო თუ სამთო, არქიტექტორები… ნახეთ, თუნდაც დიდ ქალაქებში რა ასაკის ხალხი ზის არქიტექტურის სამსახურებში ან ვეტერინარიაში და მიხვდებით, რომ ისინი უკანასკნელი მოჰიკანები არიან, უზარმაზარი გამოცდილებით, „ბრძლის ველზე“ რომ აქვთ ნასწავლი ხელობა და არა კომპიუტერთან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ახლა ხომ კონსპექტებსაც ხელოვნურ ინტელექტს აკეთებინებენ და მერე „კოპიფეისტით“ გადააქვთ „ნამუშევარში“. ლექტორებმაც იციან, რომ ასე ხდება, მაგრამ  არაფერს ცვლიან, ლექტორებადაც ხომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან, რომელთათვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები  უცხო ხილი არ არის. შედეგად, შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ  ინტელექტი მხოლოდ კომპიუტერულ პროგრამებს შერჩეთ, ადამიანებმა კი  ამ პროგრამების  მიერ შემუშავებული ინფორმაციის გაანალიზებაც ვეღარ მოახერხონ.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here