ფასების შემსწავლელ კომისიაზე რაღაცის დაწერა კვლავ თუ მოგვიწევდა, ნამდვილად არ გვეგონა. კომისია, რომელშიც ხელისუფლება ქსელური მაღაზიების ხელმძღვანელებთან დამარცხდა, აღარ უნდა გვეხსენებინა, მაგრამ… მადა ჭამაში მოდისო და ქართველი მეწარმეები უკვე დაუფარავად ამბობენ, რომ კომისიის მუშაობის დასრულებისა და იმის გარკვევის შემდეგ, რომ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ქსელური მარკეტების მფლობელები თავს გავიდნენ… კომისიის მუშაობის დაწყებამდე ასე იყო – ქსელური მაღაზიები მეწარმეებისგან პროდუქტის ღირებულების 3%-ს მხოლოდ მისი შეტანისთვის იღებდნენ, ანუ მეწარმეებს სადისტრიბუციო თანხას „ახევდნენ“, 1 ივლისიდან კი მოითხოვეს, რომ ეს გადასახადი პროდუქტის მთლიანი ღირებულების 7% იყოს, რადგან თურმე… ბენზინი გაძვირდა.
„საარსებო წყაროს გვიკლავენ და ვეჭვობ, მთლიანად უცხოურ პროდუქციაზე გადასვლა სურთ. მესმის, 1% მოუმატო რამეს, მაგრამ, რომ აორმაგებ, ეს თანხა ხომ ჩვენი ჯიბიდან მიდის და იძულებული ხარ, პროდუქტი გააძვირო?! გაძვირებულს კი ნაკლები გასავალი აქვს. საწვავი რომ გაიაფდება, ამ თანხას მაინც არავინ დააკლებს; 50 თეთრიც რომ გახდეს ბენზინის ფასი, ეს თანხა იქნება და იქნება, იმიტომ, რომ არასდროს გაუიაფებიათ. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია – როცა ქსელი ახალ მაღაზიას ხსნის, გეუბნება, რომ იქ შესასვლელად 3 ათასი ლარი უნდა გადაიხადო, მაგრამ, თუ მაღაზიას დახურავს, ამ თანხას უკან არავინ აბრუნებს. მაგალითად, იმ ქსელმა, რომელშიც მე ვმუშაობ, შარშან გახსნა 12 და დახურა 5 ფილიალი. 36 ათასი ლარი გადავიხადე ახალ ფილიალებში შესასვლელად, მაგრამ დახურვის სანაცვლოდ არავის არაფერი მოუცია. ჰო, უცხოეთიდან შემოტანილ პროდუქტს ხომ ჩვენს ხარჯზე არიგებენ?! რატომ არ ეუბნებიან, მაგალითად, თურქულ კომპანიებს, დისტრიბუციის თანხაა გადასახდელიო? ვერ უბედავენ, ან რა საჭიროა უცხოელთან რაიმეს გარკვევა, როცა აგერ „ბულკივით“ ადგილობრივი მეწარმეები ვართ, რომლებიც ყველამ დაივიწყა, სახელმწიფოც ვერ დაეხმარა და პირისპირ შეატოვა ქსელურ მაღაზიებს“, – გვითხრა ერთ-ერთმა მცირე მეწარმემ.
ქსელური მარკეტების წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ და არც იმას ხსნიან, რატომ „ახევენ“ ადგილობრივ მეწარმეებს წლის ბოლოს ე.წ. ქეშ-ბექს. ანუ, წლის ბოლოს მაღაზია „ჩამოჩოთქავს“ გაყიდული პროდუქციის ოდენობას და იქიდან გარკვეულ თანხას ოფიციალურად (ან არაოფიციალურად) აჭრის მეწარმეს. ნაცნობმა მეწარმემ გვითხრა, შარშან ქსელურმა მარკეტმა მხოლოდ ქეშბექის სახით 120 ათასი ლარი დამიქვითაო და იქვე დასძინა, შვილიშვლებს გეფიცებით, მე თუ მაგდენი დამრჩენოდაო. ასეთი მდგომარეობაა, პრაქტიკულად, ყველა ქსელურ მარკეტში და მიდგომა არის მარტივი – ან ჩვენთან ხარ, ჩვენი წესებით მუშაობ და ჩვენ გვრჩება იმაზე მეტი ვიდრე შენ, ან, საერთდ, არ ხარ არც ერთ მაღაზიაში და ჩერდები. ხელისუფლებამ ეს იმ მომენტშიც იცოდა, როცა ფასების შემსწავლელ კომისიას ქმნიდა, და ახლა ხომ დეტალურად იცის, რა და როგორ ხდება, თუმცა რაღაცის გაკეთება არ ან ვერ შეუძლია. ქსელური მარკეტების მფლობელებმა აჯობეს ხელისუფლებას და ამას აღარავინ მალავს. მოდი, ფაქტებით ვთქვათ ის, რა უბედურებაც გვჭირს. ახლა იმ პროდუქტების ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომლებიც გასულ თვეში ყველაზე მეტად გაძვირდა და ყველაზე მეტად გაიაფდა. მაშ ასე, ივნისში ყველაზე მეტად გაიაფდა შემდეგი ათი პროდუქტი: ნიორი – 24%, ინტერნეტის გადასახდელი – 22%, ტელევიზორი – 21%, კივი – 18%, მაცივარი – 16,6%, მანდარინი – 16,4%, სარეცხი მანქანა – 15%, თეფში – 14,5%, ფორთოხალი – 14%, ქალის ჰიგიენური საფენები – 13%.
ყველაზე მეტად გაძვირდა : ქლიავი – 99%, დიზელის საწვავი – 49%, 958 სინჯის ოქროს საქორწინო ბეჭედი – 46%, მწვანე ლობიო – 45%, გაზეთი – 41%, ატამი – 38%, კიტრი – 35%, მსხალი – 34,5%, თვითმფრინავით მგზავრობა – 32,5%, წიწაკა – 31%.
არ გაიაფებულა ვაშლი, ატამი, საზამთრო, ნესვი, ვაშლატამა, თხილი, მარწყვი, ჟოლო და ა.შ. რას ნიშნავს ეს? – ერთადერთ რამეს – არც ერთი ეს პროდუქტი საქართველოში იმ რაოდენობით არ იწარმოება, რომ შემოტანილს კონკურენცია გაუწიოს და ამიტომ იმპორტიორები ადებენ ისეთ ფასს, როგორიც სურთ. ჰო, საზამთრო 1,50 ლარი ღირს, ნესვი – 2 ლარი და დღეს ბაზარზე გამოტანილი ამ პროდუქტების 90%-ზე მეტი თურქეთიდან არის იმპორტირებული. რატომ? იმიტომ, რომ ადგილზე საადრეოს არ ვაწარმოებთ, და კახური საზამთრო რომ წამოგვეწევა, კი გაიაფდება, მაგრამ თურქებს უკვე სამჯერ და ოთხჯერ მეტი ექნებათ ნაშოვნი, ვიდრე ქართველ ფერმერებს.
ახლა გაძვირებულ პროდუქტებზე ვთქვათ: მოიმატა ქლიავმის ფასმა, რომელიც სწორედ ახლა შემოვიდა, მაგრამ… ქართული ქლიავის ნაკლებობაა ბაზარზე და იაფად არ თმობენ ნაშრომს. მწვანე ლობიო, ატამი, მსხალი, წიწაკა… ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, ამ პროდუქტებს იმდენს ვაწარმოებდით, უცხოეთში გაგვქონდა, განსაკუთრებით – ატამი და წიწაკა, მაგრამ ახლა, ბაზარს რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ ატამიცა და წიწაკაც (ისეა მოყვანილი, ყველა ერთი ზომა-წონის არის, ანუ სათბურისაა) საადრეოა. და ამ დროს ქართველ ფერმერებს სძინავთ, უფრო ზუსტად, ხალისი და სურვილი აღარ აქვთ, ხელი მოჰკიდონ საადრეო პროდუქტს, ამიტომ, როცა კახური თუ შიდა ქართლის ატამი წამოგვეწევა, მხოლოდ მერე უნდა ველოდოთ გაიაფებას.
რატომ ხდება ასე? – პირველ რიგში, იმიტომ, რომ საადრეო პროდუქტის მოყვანა საქართველოში ძალიან სარისკოა. საკმარისია, ავდარი დაემთხვეს, რომ მთელი შრომა წყალში ჩაიყრება და, გასაყიდ კი არა, დასაგემოვნებელ პროდუქტს ვერ მოიწევს ადამიანი. სწორედ ამიტომ ამ სფეროს არავინ ავითარებს და… არც არავინ ამბობს, რომ ასეთ ხილს, სათბური კი არა, მარტივი კონსტრუქცია სჭირდება. საადრეო ნაყოფის ხეების ყინვისგან დასაცავად ჩვენი წინაპრები ხეებს შორის სველ თივასა და ნახერხს ყრიდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. ეს „ნაერთი“ მთელ ღამეს ბოლავდა, რაც კვირტებს გაყინვისგან იცავდა. ასე მარტივად იყო ადრე ყველაფერი და ველოსიპედის გამოგონება არც ახლაა საჭირო, მით უმეტეს, თუ ხეებს სეტყვისგან დამცავი ბადე ექნებათ, ის სითბოს და კვამლს უფრო მარტივად დაიჭერს, მაგრამ… უფრო მარტივი ხომ ბაზარში წასვლა და შემოტანილი პროდუქტის შესყიდვაა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახლახან დაიწყო რეალური პროექტი, რომელიც მილიონობით ლარის გრანტებად გაცემას ითვალისწინებს და ვიმედოვნებთ, რომ ამ თანხების მონიტორინგი მკაცრი იქნება. თანაც, როცა ფერმერმა იცის, რომ მილიონებით რისკავს, შეეცდება, ყველაფერი გააკეთოს კეთილსინდისიერად, მშრალზე რომ არ დარჩეს, მაგრამ ჩანს, მთავარი აქცენტი მეცხოველეობაზე კეთდება და, სანამ მებაღეობა-მებაღჩეობამდე მივალთ, ეს სფერო შეიძლება მთლიანად განადგურდეს; მით უმეტეს, როცა თურქებმა უკვე იგრძნეს აქაური ბაზრის გემო, იმასაც მიხვდნენ, რომ ჩვენთან ეს მიმართულება მოშლილია და, თუ ასე გაგრძელდება, მთლიანად მათ ჩამოვეკიდებით. აბა, დაფიქრდით და ისე გვიპასუხეთ – თურქებმა, რომლებსაც დიდი ბიზნესები აქვთ საქართველოში და მილიონებს ატრიალებენ, არ იციან, რომ აქ სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოყვანა და ბაზარზე უფრო მარტივად და მომგებიანად გატანა შეუძლიათ, ვიდრე თურქეთიდან იმპორტირებაა? იციან, მაგრამ ასე არ აკეთებენ, რადგან არ სურთ, გვასწავლონ, რათა ადგილზე წარმოებულმა პროდუქტმა (თუნდაც მათ მიერ ნაწარმოებმა), თურქეთიდან შემოტანილს რამე საფრთხე შეუქმნას.
ლევან გაბაშვილი







