საქართველოში ცოცხალი თევზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა, მთავარი იმპორტიორი კი სომხეთია

    ახლა დავსხდეთ და ვიცინოთ: სომხებს ზღვა არ აქვთ, სევანს ეძახიან ზღვას და საქართველოში ჩამოდიან ნამდვილი ზღვის სანახავადო

    საქართველოში, ალბათ, ცოტაა  ისეთი ადამიანი, რომელსაც მდინარის თევზი არ უყვარს. გარდა იმისა, რომ თევზი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტია, გემრიელიცაა. ჰოდა, სავარაუდოდ  საქართველოში თავის დროზე ამიტომ მომრავლდა ხელოვნური ტბები. მართალია, რიგ შემთხვევაში თევზებს სპეციალური საკვებით კვებავენ, რაც მათ გემოვნურ თვისებებს უკარგავს, მაგრამ უმრავლესობას ტბა ისე აქვს მოწყობილი, რომ იქ მდინარის წყალი შედის, გაედინება და შედეგად თევზის გემო ძალიან არის მიახლოებული ბუნებრივთან. ხელოვნური ტბების ოდენობა განსაკუთრებით კახეთის რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთშია სოლიდური და, თუ სამცხე-ჯავახეთში, ძირითადად, კალმახს ამრავლებენ, კახეთში  მთავარი მიმართულება ლოქო, სქელშუბლა და კობრია. კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს ადრე გაკეთებული ტბებია, ბოლო წლებში კი შეიცვალა რეგულაციები, რაღაცები გამკაცრდა, რაღაცები გაიოლდა…

    ვთქვათ, გადაწყვიტეთ ტბის (ტბორის) გაკეთება, რათა დაიწყოთ ბიზნესი, მოამრავლოთ თევზი და ა.შ. გესაჭიროებათ დასკვნა გარემოს დაცვის სამინისტროსგან, პროექტი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, სად უნდა იყოს წყლის გამშვები დამბა, რა სიღრმე უნდა ჰქონდეს ტბას დასაწყისში და ბოლოში, უნდა  დაიხაზოს ბილიკები, მოინიშნოს სალიფსიტე ადგილი და ა.შ. ჰოდა, ამ პროექტს ვერ გააკეთებთ, რადგან… საქართველოში არ არის საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც ამას შეძლებს. ჰო, ფიზიკურად არ არის და, თუ დიდი სურვილი გაქვთ, უნდა მოიწვიოთ სპეციალისტი საზღვარგარეთიდან, გადაუხადოთ სამჯერ იმაზე მეტი, ვიდრე ადგილობრივი აიღებდა, უზრუნველყოთ საცხოვრებლით, კვებით, მოკლედ, ყველაფრით. რაც მთავარია, ამას ერთი კაცი ვერ აკეთებს და იქმნება ბრიგადა, რომლის მომსახურებაც დაახლოებით 100 ათასი ლარი დაგიჯდებათ. პროექტი ჩაბარების შემდეგ უნდა მოიწონოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და, თუ ხარვეზები იპოვა (რომლი ალბათობაც დიდია), ისევ უნდა მოიწვიოთ ის ადამიანი (პროექტის განხილვას 1 თვე მაინც სჭირდება და ამდენ ხანს ბრიგადას აქ ფიზიკურად ვერ გააჩერებთ) და კიდევ დახარჯოთ ფინანსები. როგორია, ა? ჰო, არც ის დაგვავიწყდეს, რომ პროექტის გაკეთების შემდეგ აუცილებლად დაგჭირდებათ იქთიოლოგის დასკვნა. ბევრმა ამ პროფესიის შესახებ, ალბათ, პირველად გაიგო და ვიტყვით, რომ იქთიოლოგია არის ზოოლოგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის თევზების ცხოველმოქმედების ყოველ მხარეს, მათ აგებულებას, სისტემატიკას, ეკოლოგიას და ამუშავებს თევზის ჭერისა და თევზის მოშენების ბიოლოგიურ საფუძვლებს. საქართველოში დღეს  ერთი იქთიოლოგი გვყავს…

    ახლა მთავარზე გადავიდეთ. საქართველოში ცოცხალი თევზის იმპორტი რეკორდულ ნიშნულზეა და ეს  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 543,8 ათასი დოლარის ღირებულების 18 ტონა პროდუქტი შემოვიდა, ეს კი 2009 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქ ყველაზე საინტერესო  ის არის, რომ საქსტატი ასეთ მონაცემებს 2009 წლიდან აქვეყნებს, ანუ ეს მონაცემი, სავარაუდოდ, ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია. იმპორტის მოცულობა,  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 916,7%-ით (!) არის გაზრდილი. 2025 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 37,2 ათასი  დოლარის ღირებულების 2 ტონამდე ცოცხალი თევზი შემოიტანეს.                                                                                                  

    ცნობისთვის: მიმდინარე წელს 1 კგ ცოცხალი თევზის საშუალო საიმპორტო ფასმა (გადასახადების გარეშე) 43,8%-ით (!) მოიმატა. თუ 2025 წლის იანვარ-ივნისში 1 კგ ცოცხალი თევზის საშუალო საიმპორტო ფასი 20,7  დოლარს შეადგენდა, 2026 წელს ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 29,7 დოლარი იყო. რაც შეეხება მთავარ საიმპორტო ბაზრებს, აღსანიშნავია, რომ 82%-იანი წილით ცოცხალი თევზის მთავარი მომწოდებელი  სომხეთია (!). აი ის 5 ქვეყანა, რომლებიდანაც საქართველომ 2026  წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ცოცხალი თევზი იყიდა:

    სომხეთი – 210 ათასი დოლარის (15 ტონა),ბელგია – 193,5 ათასი დოლარის (1.2 ტონა), გაერთიანებული არაბული საამიროები – 94,4 ათასი  დოლარის (0.8 ტონა), გერმანია – 16,1 ათასი აშშ დოლარის (0.2 ტონა), ინდონეზია – 15,6 ათასი აშშ დოლარის (0, 5 ტონა). ახლა დავსხდეთ და  ვიცინოთ:  სომხებს ზღვა არ აქვთ, თურმე სევანს ეძახიან ზღვას და საქართველოში ჩამოდიან  ნამდვილი ზღვის სანახავადო. ჩვენ კი ვქილიკობთ ამ თემაზე, მაგრამ სომხებმა ისე მიხედეს, რომ ჩვენზე მეტ თევზს აწარმოებენ და აგერ, მთავარ მომწოდებლებადაც იქცნენ. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? დავდევთ ბრაკონიერებს (უნდა ვდიოთ), მაგრამ იმას არ ვფიქრობთ, რატომ ურჩევნია ადამიანს ბრაკონიერობა იმას, ყველაფერი საბუთებით გააკეთოს, დოკუმენტები ჰქონდეს და კანონიერად მოიპოვოს თევზი.  იმიტომ ურჩევნია, რომ ბევრი ბიუროკრატიაა და გადასახადია ისეთი, მცირე თვზსაჭერი გემის ყიდვა, მეთევზეების დაქირავება და თევზის ჭერა  არ ღირს. გვაქვს თბილისის ზღვა (თევზით სავსე), მაგრამ არც მას ვიყენებთ. გვაქვს ჯანდარის ტბა, რომლის ნახევარიც აზერბაიჯანს ეკუთვნის და აზერბაიჯანელები  შესანიშნავად იყენებენ, ლიფსიტებსაც უშვებენ, თევზსაც იჭერენ და მოგებაც აქვთ. ჩვენ რას ვაკეთებთ? არაფერს, 20-22 წლის წინათ ჩვენი კუთვნილი ტბის ნახევარი იჯარით მისცეს კერძო პირებს, რომლებიც იქ ნავითა და ბადით თევზაობისთვის ერთი პირისგან თვეში 600-700 ლარს ითხოვენ და შედი, ითევზავე რამდენიც გინდა, როგორი ბადითაც გინდა და, საერთოდ, რაც გინდა, ის გააკეთე. ქართული მხარის ასეთი დამოკიდებულებაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ თავის ნახევარზე ელექტრობადე გააბა და თავის გაშვებულ ლიფსიტებს აქეთ არ უშვებს (სწორადაც იქცევა). არადა, იყო პერიოდი, აზერაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით ლიფსიტებს ორივე ქვეყანა უშვებდა, შემდეგ ორივე იჭერდა და ორივე ხეირობდა. ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გაგრძელდა, 1990-იანების დასაწყისშიც კი შეინარჩუნეს ურთიერთობა, მერე კი… მერე ქართული მხრიდან მიადგებოდნენ ხოლმე ტანკით ან ჯავშანტრანსპორტიორით „ჯიგრები“, ისროდნენ ყუმბარმტყორცნს, ამოყრიდნენ ასეულობით თევზს, მოკრეფდნენ 15-20 ცალს და მიდიოდნენ საქეიფოდ. შედეგად, აზერბაიჯანულმა მხარემ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, და ახლა შურით  ვუცქერით, როგორ ამრავლებენ, ზრდიან და იჭერენ ჯანდარის ტბის უგემრიელეს თევზს.

    ისევ ტბის პროექტის მცოდნე ადამიანის არარსებობას დავუბრუნდეთ. ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად ჩვენ გვემატება საჭიროზე 50-ჯერ მეტი იურისტი, ბიზნესადმინისტრატორი, ეკონომისტი, რომლებიც შემდეგ მიდიან და მაღაზიებში მოლარეებად ან კონსულტანტებად მათხოვრულ ხელფასზე მუშაობენ (სხვა გზა არ აქვთ). არადა, შეგიძლიათ მარტივად ისწავლოთ თუნდაც ტბის მოწყობის პროექტი და… ერთ ასეთ პროექტში იმაზე ორჯერ და სამჯერ მეტ თანხას აიღებთ, ვიდრე ქსელური მარკეტები თუ სხვა მაღაზიები წელიწადში იხდიან, თუმცა… ხელის გასვრა არ უნდა არავის. ახალგაზრდა ვეტექიმი ყვებოდა, ძროხას მშობიარობა უჭირდა, იძულებული ვიყავი, ხბო ფეხებით რომ მოდიოდა, უკან შემებრუნებინა, საშვილოსნოში დამეტრიალებინა და თავით გამომექაჩაო, ყველამ დასცინა, შენ ხელს არ ჩამოგართმევთ, თურმე სად ყოფ და რას აკეთებო… ამ ხელის შეყოფა-ტრიალში 200 ლარი რომ მისცეს, ეს არავის მოუკითხავს და, დღეში კარგი ვეტექიმი 400-500 ლარს რომ აკეთებს, არც ამით დაინტერესებულა ვინმე. ახალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ხორცს ხე არ ისხამს, რომ მამალ საქონელს ბუღა ჰქვია (პრინციპში, ეს არც მიშას მინისტრმა იცოდა, რომელმაც განაცხადა, მამალი ძროხები ჩამოვიყვანეთო),  რომ ღვინო ყურძნისგან კეთდება,  ყურძენს მოვლა სჭირდება და ა.შ. სამწუხაროდ, მშობელთა უმრავლესობა ბავშვებს არც მიწასთან ურთიერთობას აჩვევს, არც ცხოველებთან და გვერწმუნეთ, ძალიან სასაცილოა  მათი შეკივლება „ზოოტოპიაში “(არის ასეთი დაწესებულება თბილისში), როცა ბავშვი ცდილობს, თხას ან წიწილას შეეხოს და მშობელი განწირული კივის, არ გიკბინოსო… ჰო, წიწილამ შეიძლება უკბინოს კი არა, მთლიანად გადაყლაპოს („ნახევარქათამაში“ ასეა ). სოფელი თუ არ გაქვთ, ქალაქგარეთ, ტყეში წაიყვანეთ შვილები, ბუნება შეაყვარეთ, მიწაში ჩიჩქნის და ხელის დასვრის უფლება მიეცით, თორემ  ნოდარ დუმბაძის  „თეთრი ბაირაღების“ პერსონაჟის, ლიმონა დავდარიანის, თქმის არ იყოს – „დიდ ქართველებად ზრდით შვილებს არა?! ინტელიგენტებად. აი, იმ დებილს მუსიკას ასწავლის, ინგლისურს, ცეკვას… ერთი აგარაკი მთაში, ერთი – ბარში, ერთი – ზღვაზე. მანქანა, დიპლომი, სამსახური, თბილისში სახლი, თვითონ არაფერი გააკეთოს არა?! ხელის გასანძრევს არ უტოვებთ და ვის რაში სჭირდება ეგეთი იმპოტენტი შვილი?! ეგეთი იმპოტენტი შენ გყავდეს და შენ მოიხმარე!“

    ლევან გაბაშვილი

                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here