Home ახალი ამბები საქართველო პრემიერა და საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ქუთაისის ოპერის თეატრში

პრემიერა და საერთაშორისო საოპერო ფესტივალი ქუთაისის ოპერის თეატრში

1391
რევაზ ჯავახიშვილი, ირინე ლომინაძე, დავით ღვინიანიძე

14 სექტემბერს, 19 საათზე, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 50- თეატრალურ სეზონს გახსნის. სეზონის პირველი აკორდი იქნება პიეტრო მასკანის შედევრის, ერთმოქმედებიანი ოპერის _ “სოფლის ღირსებისპრემიერა.

“სოფლის ღირსება” იტალიელი მწერლის _ ჯოვანი ვერგას ნოველაა, რომელიც 1889 წელს გამოქვეყნდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც წარმატებულმა ინსცენირებამაც შეუწყო ხელი. პიესა გამოირჩევა მოქმედების, სიუჟეტის მაქსიმალური კონცენტრირებულობით. მოვლენები ვითარდება აღდგომის დილის განმავლობაში, რამაც მიიზიდა პიეტრო მასკანი. ლიბრეტოს შექმნაზე მუშაობდნენ ჯოვანი ტარჯონი-ტოცეტი და გვიდო მენაში. “სოფლის ღირსების” პრემიერას 1890 წლის 17 მაისს რომში წარმატება ხვდა წილად, რის შემდეგაც ოპერა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიდგა და ვერიზმის მხატვრული პრინციპების, შემოქმედებითი პოზიციის ფართოდ გავრცელებას შეუწყო ხელი.

ამჯერად, ქუთაისის ოპერის თეატრი წარმოადგენს 2009 წლის დადგმის აღდგენილი და განახლებული ვერსიის პრემიერას. სპექტაკლის განახლებაზე იმუშავეს დირიჟორმა რევაზ ჯავახიშვილმა, რეჟისორმა მაია გაჩეჩილაძემ, მხატვარ-შემსრულებელმა ირაკლი სვანიძემ (სპექტაკლის დამდგმელი მხატვრის _ თემურ არსენიძის სცენოგრაფიის მიხედვით). “სოფლის ღირსებაში” მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები _ ფერიდე ჯინჯიხაძე (სანტუცა), ბადრი ადამია (ტურიდუ), თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ელენე ჯანჯალია (ლუჩია), ბაკურ კვირიკაშვილი (ალფიო), ნუცა ზაქაიძე (ლოლა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი _ ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. სპექტაკლის აღდგენა განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინე ლომინაძემ განაცხადა, რომ 50-ე თეატრალურ სეზონში ქუთაისის ოპერის თეატრი აუდიტორიას ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. და მაინც, უმნიშვნელოვანესი არის ქუთაისის პირველი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი, რომელიც 16-22 სექტემბერს გაიმართება. ირინე ლომინაძის და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერლის, დავით ღვინიანიძისა, და მისი ფონდის _ “მსოფლიო ტალანტების” ეს ერთობლივი ჩანაფიქრი გაითავისა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ქუთაისში ტარდებოდა საოპერო ფესტივალი გამოჩენილი მომღერლების _ ზურაბ სოტკილავასა და მაყვალა ქასრაშვილის თაოსნობით. როგორც ჩანს, მაშინდელ შემოქმედებით იმპულსებს უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს ქალაქი კვლავ ემზადება საერთაშორისო საოპერო ფესტივალის მასპინძლობისთვის.

მრავალფეროვანია ფესტივალის პროგრამა, წარმომადგენლობითია მისი შემოქმედებითი შემადგენლობა. ცხადია, საბაზო კოლექტივი ქუთაისის ოპერის თეატრია, გვეწვევიან საერთაშორისო აღიარების უცხოელი და ქართველი მომღერლები _ თამარ ივერი, რაულ მელო, მარია პახარი, ლარისა ანდრეევა, ალექსანდრე კირეევი, კონსტანტინე სუჩკოვი, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე, ირაკლი მურჯიკნელი, გიორგი ცინცაძე, აკაკი იოსელიანი, დავით ღვინიანიძე. წარმოდგენილი იქნება რუჯერო ლეონკავალოს “ჯამბაზები” (16 სექტემბერს), ჯუზეპე ვერდის “ტრავიატა” (18 სექტემბერს), პიეტრო მასკანის “სოფლის ღირსება” (20 სექტემბერს). სამივე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე.

კამერულ-ვოკალური მუსიკის საღამო 19 სექტემბერს გაიმართება, საზეიმო გალაკონცერტი _ 22 სექტემბერს. პარალელურად ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ-ოპერის” სოლისტი რაულ მელო ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასსაც ჩაატარებს (17 სექტემბერს).

მუსიკალური ზეიმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა თეატრისა და ფესტივალის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, რომელიც სამივე სპექტაკლს წარუძღვება, გალაკონცერტზე მასთან ერთად ლევან ჯაგაევიც იდირიჟორებს.

მადლობა უნდა მოვახსენოთ მუსიკალური ფორუმის სულისჩამდგმელებს, ორგანიზატორებს, მონაწილეებს და, ცხადია, მხარდამჭერებს, უწინარესად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლის ფინანსური თანადგომითაც იმართება ფესტივალი, ააიპ ქუთაისის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას, სასტუმროებს _ “Solomon”-ს,  “ბაგრატი 1003”-ს და “Happy Holiday”-ს.

ვიმედოვნებთ, რომ პრემიერაც, ფესტივალიც და საერთოდ,  ქუთაისის ოპერის თეატრის 50-ე თეატრალური სეზონი დიდი შემოქმედებითი აღმაფრენით დაამახსოვრებს თავს მსმენელებს და მათი აპლოდისმენტები იქნება ამ საიუბილეო სეზონის მუდმივი თანმდევი.

ზურაბ ოიკაშვილი

სოფლის ღირსება

ფესტივალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here