Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიციას სურს, ქართველთა გვამებზე გადავლით დაიბრუნოს ის, რაც ასე აკლია _ ძალაუფლება

ოპოზიციას სურს, ქართველთა გვამებზე გადავლით დაიბრუნოს ის, რაც ასე აკლია _ ძალაუფლება

253

დასამალი უკვე არავისთვისაა, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს საქართველოს ჩასაბმელად რუსეთთან ომში; არა პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არა დებატებში, არამედ ომში _ ტანკებით, ვერტმფრენებით, ჯარისკაცებით და, შესაბამისად, მსხვერპლით. ჰო, სწორედ გვამებზე გავლითა თუ გადავლით სურს ოპოზიციას, დაიბრუნოს ის, რაც ასე აკლია _ ძალაუფლება. ახლა მათთვის საუკეთესო დროა. ისინი მიხვდნენ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება ხსნა იქნება იმ შემთხვევაში, თუ მეორე ფრონტი კავკასიაში, კონკრეტულად კი, საქართველოში გაიხსნება.

2017 წელს, ოპოზიციაში გადასულმა დავით უსუფაშვილმა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ასეთი რამ თქვა: ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩვენო შვილებო, დაიბადე და გაგაჩინე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ, შვილო, თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი”.

აგვისტოს ომის დროს ბატონი დავით უსუფაშვილის ბიჭებიდან ერთი 8 წლის იყო, მეორე _ ორის და, შესაბამისად, ომში ვერ წავიდოდნენ, მაგრამ დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, საქართველოში ტყვია რომ გავარდეს, სწორედ უსუფაშვილი იქნება ერთ-ერთი, ვინც თვითონ თუ არ მოძუძგავს ქვეყნიდან, შვილებს განარიდებს, რადგან ისინი თავისუფლები და ბედნიერები უნდა იყვნენ. მერე რა, თუ ეს თავისუფლება და ბედნიერება ჩემი, თქვენი შვილების გვამებით იქნება მოპოვებული. ჩვენ შვილები ხომ იმიტომ ვაჩუქეთ ქვეყანას, რომ მათ კოლექტიური უსუფაშვილების შვილებს თავისუფლება და ბედნიერება მოუტანონ. მერე რა, რომ ბატონი დავითის მეუღლე, ქალბატონი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი იყო და წესითა და რიგით, ჯარისკაცებთან ურთიერთობით ის მაინც უნდა ესწავლა, რომ ყოველი მამაკაცი, რომელსაც მამაკაცი ჰქვია, თავისი ქვეყნის პოტენციური დამცველია. ჰო, ეს 2017 წელს იყო, ახლა კი…

“სანამ შეუბერავენ, მანამდე უკვე წაქცეულები რომ არიან, აი, “ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი აღარ დარჩებაო”. იცით რა, თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. რომელი მტერი იყო, თავზე ხელს რომ უსვამდა საქართველოს? დავით აღმაშენებელი თუ მაგარი იყო, ერეკლე, სამასი არაგველი და ანწუხელიძე, თუ ესენი არიან ჩვენი გმირები, ვინც სამშობლოს იცავდა, მაშინ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? გასაგებია, რომ რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, უკრაინაც უფრო პატარაა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ომს იგებს მორალური სიმტკიცე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამისი. ამ ხალხს ეშინია ამის და ამ შიშს, სახელმწიფოს მხრიდან გამჟღავნებულ შიშს ყველაზე კარგად გრძნობს ის მეორე სახელმწიფო. ერთი შებერვით შეუძლია სიტუაციის სათავისოდ გადაყვანა. მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მთავრობა მყავდეს, რომელიც იტყვის: “ჩვენ ვიბრძოლებთ”, _ ეს უსუფაშვილმა განაცხადა რამდენიმე დღის წინათ.

ამ განცხადებით უსუფაშვილმა დაადასტურა, რა სურს ოპოზიციას. დიახ, ოპოზიციას სურს ისეთი ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ იბრძოლებს, პირტიტველა ბიჭებს საზარბაზნე ხორცად გაუშვებს, თვითონ კი თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ისე მოკურცხლავს, დაცვა ძლივს დაეწევა, მიწაზე მფორთხავ მთავარსარდალს მსოფლიო ნახავს და კიდევ ერთხელ იცინებს. ჰო, იმ მთავარსარდალს, რომელიც აღმაშენებლის, ერეკლე მეფის, სამასი არაგველისა და გიორგი ანწუხელიძის ქვეყანაში დაიბადა და, რომელიც ახლარამკებს ამტვრევს”, უკრაინაში წინა ხაზზე გამიშვითო. უსუფაშვილმა თვითონაც ჩამოიხსნა ნიღაბი და ოპოზიციასაც ჩამოხსნა _ მათ საქართველოში ომი სურთ.

უფრო შორს წავიდა ხატია დეკანოიძე. ქალი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს საქმე არ გამოვიდა, ნიკა მელიას ვერ თუ არ მოერია.

“სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას”, _ ეს სიტყვები ხატია დეკანოიძეს ეკუთვნის.

ეს არა მხოლოდ ამაზრზენი განცხადებაა, არამედ პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, სამშობლოს ღალატის ტოლფასია. დიახ, იმ სამშობლოსი, რომელიც თურმე დეკანოიძეს ძალიან უყვარს და თურმე ჩვენ არ გვიყვარს, რადგან არ გვსურს ომი. აღმაშენებელს რომ ახსენებს ოპოზიცია ხშირად, შთაბეჭდილება გვრჩება, რომ მათ ეს სახელი, უბრალოდ, გაგონილი აქვთ და ისტორია არ წაუკითხავთ.

დავით IV ტახტზე 1089 წელს ავიდა, როცა 16 წლის იყო, თურქებს ხარკის გადახდა ათი წლის შემდეგ, 1099 წელს შეუწყვიტა, ხოლო საქართველოს დედაქალაქი თბილისი მხოლოდ 1121 წელს, ანუ გამეფებიდან 32- წელს შემოიერთა. ჰო, 32 წლის შემდეგ შემოიერთა დედაქალაქი, დიდგორის მოგების შემდეგროგორ გგონიათ, მანამდე არ შეეძლო, დედაქალაქს მისდგომოდა და ეომა? შეეძლო, მაგრამ იცოდა, რომ დამარცხდებოდა და რატომ არ ვეძახით წმინდა მეფეს ამის გამო უგუნურს? რატომ არ ვუწოდებთ ლაჩარს კაცს, რომელიც საქართველოს გულს გამეფებიდან მხოლოდ 32 წლის შემდეგ მიადგა?

სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ საქართველოში ოპოზიციონერობა ხელშეუხებლობის გარანტიაა. მე და თქვენ იგივე რომ გვეთქვა, რაც დეკანოიძემ თქვა, ახლა, საუკეთესო შემთხვევაში, შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიქნებოდით სამშობლოს ღალატის მუხლით, უარეს შემთხვევაში _ უშიშროების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში. დეკანოიძეს კი ყველაფრის უფლება აქვს, ზუსტად ისე, როგორც მის ბელად მიხეილ სააკაშვილს. როგორი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებაც უნდა გააკეთოს მიშამ, მას ყველაფერი მიეტევება. ოპოზიცია მას იმასაც მიუტევებს, დილით შიმშლობას რომ გამოაცხადებს სიკვდილამდე და საღამოს უარს რომ იტყვის, უკრაინას ვჭირდები და წინა ხაზზე გამიშვითო. არადა, გვგონია, რომ სწორედ უკრაინაში არ სჭირდებოდა ამერიკას სააკაშვილი და ამიტომ მისცა გარანტია, საქართველოში ჩადი, ხელს ვერავინ გახლებსო. ამ ნაბიჯით ამერიკა ორ კურდღელს იჭერდა _ ხელისუფლება, თუ სააკაშვილს არ დააკავებდა, აუცილებლად ჩამოიშლებოდა და სათავეში სწორედ მიშა მოვიდოდა, რაც ავტომატურად გარანტია იქნებოდა იმისა, რომ საჭირო მომენტში სააკაშვილი რუსეთთან ომში უკანმოუხედავად ჩართავდა ქვეყანას. აი, დაკავების შემთხვევაში კი მიშა უკრაინაში ხელს არ შეუშლიდა ამერიკელებს თავიანთი განზრახვები ბოლომდე აესრულებინათ. თავისუფლებაზე და თანაც უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ბევრს იყვირებდა ნატოსა და ევროკავშირზე, მეტ ადამიანს შეაწუხებდა, ანუ დისკომფორტს შეუქმნიდა მათ, ვისი მთავარი მოვალეობაც ახლა აღშფოთება და შეშფოთებაა. ამიტომ სააკაშვილის გამოშვებაზე მინიშნებასაც კი არ აკეთებს არც ერთი დასავლელი ლიდერი და მხოლოდ ქართული ოპოზიცია ყვირის, ახლა მიშა ფრონტის წინა ხაზზე უნდა იყოსო. თუ ასე გინდათ სააკაშვილის ფორთხვის ნახვა, რაღა უკრაინაში უშვებთ, რუსთავის ციხის ეზოში, ცემენტის მტვრით გაჯერებულ ასფალტზე ისეთ ბუღს დააყენებს, თქვენი მოწონებული. ისე, მიშამ მადლობა უნდა თქვას, რომ დასავლეთს ჯერ თავისუფლებაზე სჭირდებოდა, შემდეგ _ ციხეში. აი, ისე რომ მოხდეს, სააკაშვილი არც გარეთ დასჭირდეს ამერიკას და არც შიგნით, მერე რა მოხდება, მერე?!

ისევ აქაურ ოპოზიციას დავუბრუნდეთ. გახსოვთ, ალბათ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნაციონალებმა კუდიანებზე ნადირობა რომ დაიწყეს და ყველაში, ვინც ცოცხალი გადარჩა, სამშობლოს მოღალატე ელანდებოდათ. იმხანად ათეულობით სამხედრო დააკავეს, აწამეს, მოკლეს… ომს გადარჩენილებს აქ, ციხეებში, კლავდნენ, ოღონდაც მათგან ღალატის აღიარება მიეღოთ. ახლა კი ომის გარეშეც ოპოზიციის ლიდერები ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ, აღიარებით ჩვენებებს პირდაპირ ეთერში იძლევიან. აგერ, ლევან ხაბეიშვილმა ხმამაღლა და გამოთქმთ თქვა: საქართველომ 2008 წელს კასეტური ბომბები გამოიყენაო და პასუხს არავინ არავის სთხოვს, კასეტური ბომბების გამოყენება აკრძალულია, სახელმწიფო ისჯება ამის გამო და ხაბეიშვილი ხმის ჩახლეჩამდე ყვირის, 2008-ში კასეტური ბომბებით ვიბრძოდითო. კარგად იცის ხაბეიშვილმა, ამის გამო თუ დაგვსჯიან, ამჟამინდელ ხელისუფლებას აგებინებენ პასუხს, მათ დააჯარიმებენ, სანქციებსაც სწორედ ამჟამინდელ მთავრობას დააკისრებენ და ყვირის. არც მას სჯიან, არც დეკანოიძეს, არც…

3 დღის წინათ ძალიან მეჩქარებოდა და პეკინზე გზა არასწორად გადავჭერი. ამოიღეთ ჩანაწერი და დამაჯარიმეთ, კანონი ხომ უზენაესი და ყველასთვის ერთია?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here