Home ახალი ამბები საქართველო ნიკოლოზ მჟავანაძე: საქართველოს რომ პატრონი ყავდეს, აქ ამ ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალებოდა…

ნიკოლოზ მჟავანაძე: საქართველოს რომ პატრონი ყავდეს, აქ ამ ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალებოდა…

2153
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე: ნიკოლოზ მჟავანაძე
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის („აირაი“) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების უმეტესობა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისადმი დადებითადაა განწყობილი. კერძოდ, გამოკითხულთა 67-მა პროცენტმა მისადმი დადებითი პოზიცია დააფიქსირა. მეორე ადგილს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იკავებს 65%-ით, ხოლო მესამეს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 55%-ით. სხვა პოლირიკოსების რეიტინგი კი ასე გადანაწილდა: დავით ბაქრაძე 50%, დავით უსუფაშვილი 48%, შალვა ნათელაშვილი 39%, კახა კალაძე 37%, თეა წულუკიანი 35%.

რამდენად სანდოა და რეალურია აღნიშნული ციფრები, რაზე მიანიშნებს კონკრეტული კვლევა და რამდენად ასახავს იგი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ მჟავანაძეს დაუკავშირდა.

ნიკოლოზ მჟავანაძე: ამ ციფრებს, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს და ის არ ასახავს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. სასაცილოა საუბარი იმაზე, რომ გამოკითხულთა 50% დავით ბაქრაძისადმი დადებითადაა განწყობილი, ან იგივე უსუფაშვილი ავიღოთ, ყველამ ვიცით, რომ რესპუბლიკური პარტიის ან ცალკე აღებული მისი ნებისმიერი წევრის რეიტინგი სამ პროცენტს არ აღემატება. მათ ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ამ ციფრებს და მონაცემებს არავინ ენდობა, მაგრამ რეალურად მათი მიზანი სხვა რამეა, ამ კვლევით ისინი ხელისუფლებას უქმნიან ერთგვარ პოლიტიკურ წნეხს და ფაქტობრივად ეუბნებიან, რომ მომავალ არჩევნებზე დაახლოებით ასე უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება.

– ვის გულისხმობთ, ვისგან მოდის ეს წნეხი?

– მხედველობაში მყავს იმ გლობალისტური პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენელთა ისტებლიშმენტი, რომლის დირექტივებითაც იმართებოდა წინა და დღევანდელი ხელისუფლებაც. ამ ძალებისგან არაფერია გასაკვირი, იმიტომ რომ ისინი უკვე თავიანთ ქვეყანაში, ამერიკაშიც კი ებრძვიან ხელისუფლებას. საერთოდ, საქართველოს რომ პატრონი ყავდეს, აქ ამ ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალებოდა. ისინი ძირს უთხრიან ამ ქვეყანას და მათი აქ ყოფნა ძალიან საშიშია.

რაც შეეხება კონკრეტულად მარგველაშვილს და მის რეიტინგს, შეიძლება ითქვას, საქართველო არის უნიკალური ქვეყანა მთელს მსოფლიოში იმ თვალსაზრისით, რომ პრეზიდენტი ჰყავს ოპოზიციაში. მარგველაშვილი დღეს რეალურად ოპოზიციაშია და ასეთი პრეცენდენტი მე სხვა არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში ბევრი არ იქნება. ახლა დანარჩენი თქვენ თვითონ განსაჯეთ, შეიძლება თუ არა ქვეყნის ოპოზიციაში მყოფი პირველი პირი მოსახლეობაში ამხელა სიმპატიით სარგებლობდეს. ცხადია, ეს აბსურდია და სინამდვილეში მას ალბათ იმის ნახევარი მხარდაჭერაც არ აქვს, თუმცა გარკვეულ დასავლურ ძალებს, როგორც ჩანს, სხვა გეგმები აქვთ და მათ არ აინტერესებს, რა მხარდაჭერა აქვს პირველ პირს რეალურად საზოგადოებაში…

 

ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here