ზუსტად ერთი თვის წინათ, 29 მაისს, შუაღამით, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე მომაკვდავი მამის თვალწინ დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით.
ამ ამბიდან ერთი თვე გავიდა, მაგრამ გულბაათ რცხილაძის გულშემატკივრებმა და თანამოაზრეებმა არაფერი იციან საქმის მიმდინარეობის შესახებ… მის ადვოკატს ხელი მოაწერინეს ინფორმაციის გაუთქმელობაზე და საშუალება არ აქვს, საზოგადოებას დეტალურად გააცნოს რცხილაძისადმი წაყენებული ბრალდების დეტალები.
რა ვითარებაა გულბაათ რცხილაძის საქმის გარშემო? როდის არის ჩანიშნული სასამართლო სხდომა, რომელიც გულშემატკივრებისა და ოჯახის წევრებისთვისაც კი დახურული იქნება? _ გვესაუბრება გულბაათ რცხილაძის ადვოკატი ლაშა გოლუბიანი:
_ გულბაათ რცხილაძის საქმეში არაფერი შეცვლილა, მისი საქმის პროკურორი არის ელიზბარ გორგალიშვილი, გამომძიებლის გვარიც ვიცით, მაგრამ გვარ-სახელებს მნიშვნელობა არ აქვს.
20 ივლისიდან საქმე სასამართლოში გადავა და დაიწყება განხილვა. ამ დღეს არის ჩანიშნული პირველი სხდომა და გაირკვევა ყველაფერი.
_ გულბაათ რცხილაძეს უამრავი თანამოაზრე და გულშემატკივარი ჰყავს. ამ ადამიანებმა არაფერი იციან, რა მდგომარეობაშია ის, თავს როგორ გრძნობს და ა.შ. რა პერიოდულობით ხვდებით მას?
_ გულბაათ რცხილაძეს კვირაში ერთხელ მაინც ვნახულობ. თავს კარგად გრძნობს… როგორც შეიძლება, პატიმარი თავს კარგად გრძნობდეს, მაგრამ გულბაათი უმკლავდება ამ მდგომარეობას. გულბაათ რცხილაძე უდანაშაულოდ გამოკეტეს ციხეში. ის გლდანის მე-8 დაწესებულებაშია და, რამე თუ გაუჭირდება ჯანმრთელობის მხრივ, ყურადღებას მიაქცევენ, მაგრამ, საბედნიეროდ, გულბაათი ჯანმრთელადაა.
_ გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეთა და გულშემატკივართა არმია ჯერჯერობით დუმს, მაგრამ ერთი დაძახებაც საკმარისი იქნება ამ დუმილის დასარღვევად. როგორ ფიქრობთ, საქმისთვის დუმილი სჯობს თუ ხმაური?
_ დღეს არ არის ხმაურის ატეხვის საჭიროება. თუკი ვინმეს სურს აქტიურობა, იქნება ეს სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნებით ან სხვა სახით, ყველას შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ, თუ საჭირო იქნება უფრო დიდი აქტიურობა და ხმაურის ატეხვა, ვიტყვით. თვითონ გულბაათი გვეტყვის, რა გავაკეთოთ. ის ჯერ გამოკითხული არ არის, როდესაც გამოიკითხება, მაშინ გავიგებთ დეტალურად ყველაფერს და შესაბამისად ვიმოქმედებთ.
_ გულბაათ რცხილაძე, ერთი თვეა, ციხეში ზის, მაგრამ მასთან ჯერ არავინ მისულა დასაკითხავად?
სასამართლოზე, რომელიც 20 ივლისს გაიმართება, მაინც მოხდება მისი გამოკითხვა, პატიმარს სიტყვის თქმის უფლებას აუცილებლად მისცემენ.
გულბაათ რცხილაძე კანონდარღვით დააკავეს. ბრალდების მხარე, სუსი იქნება ეს თუ სხვა, ვალდებულია, დაკავებამდე გამოჰკითხოს ადამიანი. მათ კი ჯერ დააკავეს და ახლა სასამართლოს ელოდებიან, რომ გამოჰკითხონ… ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. მათ შეუძლიათ თქვნ, რომ გადაცდომა არ აქვთ, მაგრამ ასე არ არის. არც მოსამართლისგან იყო მართებული
გულბაათის დაკავება გამოკითხის გარეშე…
_ ამ დარღვევებზე, ალბათ, ისაუბრებთ სასამართლოს სხდომაზე. გაქვთ იმედი, რომ თქვენს არგუმენტებს გაითვალისწინებენ?
_ დარღვევებზე ყველგან და ყველასთან ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ვილაპარაკებ სასამართლოზეც. თუკი ყველაფერი სამართლიანად წარიმართება, ჩვენსას დავამტკიცებთ. ვიმედოვნებთ, რომ გულბაათ რცხილაძე გამართლდება, მაგრამ გვაქვს საპირისპირო მოლოდინიც, ვფიქრობთ, რომ შეიძლება ჩაერიონ…
_ ასე ხდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში _ ჩაერეოდნენ და სიმართლეს ვეღარ ამტკიცებდა ადამიანი…
_ დღესაც იმავეს აკეთებენ. გულბაათ რცხილაძის საქმეში აქამდე რაც მოხდა, სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ქმედებებს ჰგავს, ამიტომ ვამბობ, რომ გულბაათი მართალია და ამას დავამტკიცებთ, თუ საშუალებას მოგვცემენ.
_ ძალიან ცუდია, რომ სასამართლო სხდომა დახურული იქნება და თქვენც, როგორც ადვოკატს, დეტალებზე საჯაროდ საუბრის საშუალება არ გაქვთ…
_ დიახ, ეს ძალიან ცუდი რამ მოიფიქრეს. ჯაშუშობაში ბრალდება საშინელებაა. ეს საქმე არ უნდა იყოს დახურული და გასაიდუმლოებული, საზოგადოებას უნდა გააგებინო სიმართლე, თუკი ადამიანი მართლაც ჯაშუშია, მაგრამ გულბაათის საქმე დახურეს. ხელისუფლების ინტერესი უნდა იყოს ჯაშუშის გამოვლენა და ფაქტების გასაჯაროება.
გავაპროტესტე, როდესაც თქვეს, რომ საქმეზე არ უნდა მელაპარაკა და სხდომებსაც დახურავდნენ, მაგრამ ბოლომდე წინააღმდეგი რომ წავსულიყავი, საქმის მასალებს არ გამაცნობდნენ და გულბაათი ადვოკატის გარეშე დარჩებოდა. ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, დიქტატურისკენ მივდივართ, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით აპატიმრებენ, რაც ძალიან ცუდია.
ნორმალურ ქვეყანაში ადამიანს შუაღამით არ დააკავებდნენ მომაკვდავი მამის თვალწინ, სულ ცოტა, გამოკითხვაზე მაინც დაიბარებდნენ, იქნებ თავად ამბობდა ყველაფერს და მერე, თუკი ჩათვლიდნენ საჭიროდ, ან დააკავებდნენ, ან გამოუშვებდნენ, ამით საქმესაც გაიმარტივებდნენ და არ მოუწევდათ დარღვევებით მოქმედება….
_ რას ეტყვით გულბაათ რცხილაძის გულშემატკივრებსა და თანამოაზრეებს?
_ გულბაათი თავის ყველა მხარდამჭერს მადლობას უხდის, ამაზე გამუდმებით ლაპარაკობს, მეც მადლობას ვუხდი ყველას, რადგან თავშეკავებულად მოქმედებენ, აქტიურობენ ზომიერად, მაგრამ ხელისუფლებას გულბაათ რცხილაძის სახელის დავიწყების საშუალებას არ აძლევენ. გულბაათს აქვს საშუალება, უყუროს ტელევიზორს, თვალი ადევნოს ინფორმაციებს, დანარჩენს ჩემგან იგებს. მას აქვს უსამართლობის განცდა და მზად არის, ბოლომდე იბრძოლოს. ამ საქმეში კი ყველანი გვერდით დავუდგებით. კიდევ ვიმეორებ: თუკი საჭირო იქნება შეკრება და ხმაურის ატეხვა, ყველას გავაგებინებთ. რასაც ახლა თქვენ აკეთებთ ამ ინტერვიუს ჩაწერით, დიდი მხარდაჭერაა მისთვის.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







