კატასტროფაა, სამართალდამცველები თვეში 50-ზე მეტ ისეთ პირს რომ  აკავებენ, რომლებიც  ე.წ. კანონიერ ქურდებს ან რჩევას ეკითხებიან, ან მათ დავალებებს ასრულებენ

    ერთი ( მხოლოდ ერთი არა) დიდი უბედურება გვჭირს ქართველებს –  თავი ვერ დავაღწიეთ ე.წ. ქურდულ რომანტიზმს და გვგონია, რომ ე.წ. კანონიერი ქურდობა კარგი რამ არის. ასე  ბევრი ფიქრობს და ვაი, რომ დღეს მოზარდთა არცთუ მცირე ნაწილი სწავლის გაგრძელების ნაცვლად „ქუჩური ცხოვრების წესზე“ ოცნებობს.  არადა, ალბათ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო.

    ადრე ე.წ. კანონიერი ქურდები ვაჟკაცობასთან, სიმართლესთან ასოცირდებოდნენ; თუ სიტყვას იტყოდნენ, აუცილებლად შეასრულებდნენ;  ცხოვრობდნენ ძველი წესებით, უმრავლესობას  არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მათი მისამართი საბჭოთა კავშირი იყო, არ ეძებდნენ ფუფუნებას და რიგით ადამიანებს არ ერჩოდნენ. ახლა კი  ე.წ. კანონიერი ქურდები სულ უფრო ემსგავსებიან მაფიოზებს, რომლებიც არაფერს თაკილობდნენ – არც ნარკოტიკების გაყიდვას და არც საროსკიპოების  გახსნას. მაფიოზები დაცვით გადაადგილდებიან, რაც ადრე ე.წ. კანონიერი ქურდისთვის წარმოუდგენელი იყო, ახლა კი ამ კასტას იმაზე მეტი დაცვა ჰყავს, ვიდრე ზოგიერთი  ქვეყნის პრეზიდენტს. სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, 21-ე საუკუნეში, ცოტა არ იყოს, სირცხვილიც კი არის ე.წ. კანონიერ ქურდობაზე ფიქრი, როცა ირგვლივ ამდენი შესაძლებლობაა, როცა შეგიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რაღაც ახალი, საოცარი რამ შექმნა, ქვეყანას გამოადგე, პოპულარობა მოიხვეჭო,  ამ დროს კი  ირჩევ გზას, რომლის ბოლოც ან ციხეა, ან ტყვია. აბა, გაიხსენეთ, რამდენი ე.წ. კანონიერი ქურდი გარდაიცვალა თავისი სიკვდილით. უმრავლესობა ან ნარკოტიკმა იმსხვერპლა, ან  ქილერის ტყვიამ. რაც მთავარია,  „კანონიერი ქურდობა“ უკვე კანონით იჯება ( არა მხოლოდ ჩვენთან) და ამ კასტის წარმომადგენლები ვერ ჩამოდიან საქართველოში, ვერ ხვდებიან ოჯახის წევრებს, ვერ იზიარებენ ახლობლებისა თუ ნათესავების ჭირსა და ლხინს და თვითონ განსაჯეთ, ღირს ასე ცხოვრება?

    ბოლო ერთი თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რამდენიმე მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში  არასრულწლოვნებიც იყვნენ გარეული მსხვერპლის ან თავდამსხმელის როლში. იყო ოჯახის წევრის მიერ მამის მკვლელობა, იყო ძალადობა და, რაც მთავარია, ყველაზე მეტი იყო  ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებული ადამიანი. უფრო მარტივად ვთქვათ – ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთაში ეჭვმიტანილი პირი პენიტენციური დაწესებულების მე-6 დაწესებულებაში მიიყვანეს და იქ მყოფმა პატიმრებმა მოაწყვეს ე.წ. შუმოკი, რის გამოც ამ „შუმოკის“ ორგანიზატორებს დამატებითი სასჯელები ჩამოურიგეს. რა თქმა უნდა, სახელები და გვარები საზოგადოებამ იცის, არც დაუმალავს საგამოძიებო ორგანოებს რამე, მაგრამ… იცით, რა არის საინტერესო? მე-6 დაწესებულება დახურული ტიპისაა, ანუ ე.წ. კრიტი, სადაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულები იხდიან სასჯელს. შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გაცილებით  მკაცრია, ვიდრე სხვაგან. ჰოდა, საგამოძიებო უწყება რომ წერს, მე-6 დაწესებულებაში მყოფ პირებს საზღვარგარეთიდან  „კანონიერი ქურდები“ ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით (იგულისხმება მობილური) დაუკავშირდნენ და  „შუმოკის“ მოწყობა მოსთხოვესო, რას ნიშნავს? ანუ, ე.წ. კრიტში ვიღაცამ დარეკა და… მსჯავრდადებულებს ტელეფონი აქვთ?  მეორე ვარიანტი ვთქვათ – მკაცრი რეჟიმის გამო, იქ მოთავსებულ პატიმრებს თვეში (ბევრს ორ და სამ თვეში) ერთხელ აქვთ დარეკვის უფლება და ადმინისტრაცია უმკაცრესად აკონტროლებს, სად რეკავენ, ვისთან და რა არის საუბრის შინაარსი. ჰოდა, იქნებ ვინმემ აგვიხსნას, როგორ  დაუკავშირდნენ პატიმრებს  საზღვარგარეთ  მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები!

    კატასტროფაა, რომ სამართალდამცველები თვეში 50-ზე მეტ ისეთ პირს აკავებენ, რომლებსაც  კრიმინალთან აქვთ კავშირი –  ან ე.წ. კანონიერ ქურდებს ეკითხებიან რჩევას, ან მათ დავალებებს ასრულებენ. პარადოქსია ისიც, რომ საზღვრებს გარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდთა უმრავლესობას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი სასჯელი, მაგრამ მათ ჩამოყვანას ვერ ახერხებენ.  კიდევ ერთი „მარტივი“ კითხვა აქაც გვაქვს – საქართველოს შსს-ს  ურთიერთობა აქვს ევროპის ლამის ყველა ქვეყანასთან, თურქეთთან და იქ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების ექსტრადიციას რატომ ვერ  ახერხებს?  ვიღაც იტყვის,  კანონი, რომლითაც ე.წ. კანონიერი ქურდობა  ისჯება, ევროკავშრის ქვეყნებში არ მოქმედებსო, მაგრამ ბევრს გამოძალვაზე, მათი მითითებით ადამიანების დასახიჩრება-მკვლელობაზე აქვს მისჯილი და ეს ხომ საკმარისია ექსტრადიციისთვის?! იქნებ ეს დაუსჯელობის სინდრომიც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში მოზარდების არცთუ მცირე ნაწილს ამ გზაზე უნდა შედგომა, რათა მერე საზღვარგარეთ წავიდეს და ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსით უზრუნველად იცხოვროს?!

    რა გამოდის? საქართველოში იჭერენ 18-19 (უფრო მცირეწლოვანსაც) წლის  ბიჭებს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო,  6-დან 9 წლამდე (გააჩნია, მოსამართლე რას გადაწყვეტს) აღუკვეთავენ თავისუფლებას და, ამის მიუხედავად, ისინი მზად არიან, ცხოვრების საუკეთესო წლები გისოსებს მიღმა გაატარონ. ისიც ფაქტია, რომ ბევრისთვის ქურდული რომანტიზმი სწორედ გისოსებს მიღმა მთავრდება და ხვდება, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა – მას ლაქად მიჰყვება ციხეში ყოფნა, აღარ აქვს სუფთა ისტორია, სამსახურში სთხოვენ ცნობას ნასამართლეობის შესახებ, რომელსაც ვერასდროს მიიტანს და… ასე იღუპება ჩვენი მომავალი თაობა. სამწუხაროდ, ამას ვერაფერს უხერხებენ მშობლები და  ეს გასაგებიცაა. მშობელთა უმრავლესობა ლუკმაპურის საშოვნელად არის გასული დილიდან საღამომდე ან სულაც საზღვარგარეთაა წასული და ბავშვები მხოლოდ ბებია-ბაბუების იმედად არიან, ისინი კი, ასაკის გამო, უბრალოდ, ვერ ახერხებენ  ბავშვების სათანადოდ გაკონტროლებას.

    სად არის გამოსავალი? შესაძლოა, ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ  საბჭოთა პერიოდში  იყო უბნის რწმუნებულის ინსტიტუტი, მას სწორედ უბანში ჰქონდა „კაბინეტი“ და ყველა მოზარდზე ყველაფერი იცოდა. ამის ნათელი მაგალითია ნოდარ დუმბაძის  „კუკარაჩას“ პერსონაჟი უბნის რწმუნებული, რომელიც ჩართულია უბნის ბავშვების ცხოვრებაში და ისეთი დეტალები იცის, რომლებზე წარმოდგენა მშობლებსაც არ აქვთ. უბნის რწმუნებულის გარდა, იყო პრობლემური ბავშვების აღრიცხვის ოთახიც და, როგორც კი რომელიმე მოზარდს კრიმინალური სამყაროსკენ გადახრას შეამჩნევდნენ, საქმეში მაშინვე ერთვებოდნენ არა მხოლოდ ძალოვანები, არამედ მშობლები, პედაგოგები, სკოლის დირექცია, მეზობლები და ნათესავებიც კი და ცდილობდნენ, მოზარდი ერთობლივი ძალისხმევით გადაერჩინათ.  ეს სისტემა მუშაობდა, რა თქმა უნდა, არა 100%-ით, მაგრამ მუშაობდა და არაერთი ასეთი მოზარდი გადაურჩენია. ახლა კი, მშობლების, ნათესავ-მეზობლებისა და პედაგოგების ჩართულობა კი არა, საკმარისია, მოზარდს ხმამაღალი სიტყვა უთხრა, საქმეში მაშინვე არასამთავრობოები ერთვებიან და მშობლებსაც კი იჭერენ, არათუ ნათესავებსა და მეზობლებს. ჰო, თანამედროვე მიდგომამ თუ  აღზრდის ახალმა სისტემამ მოზარდებს იმაზე მეტი უფლება და თავისუფლება მიანიჭა, ვიდრე აზიდვა შეუძლიათ. დიახ, ვერ ზიდავს 10 წლის ბავშვი იმას, რომ ზრდასრულივით მოიქცეს, და ვერც იმას, მშობლებზე ჭკვიანი იყოს…

    ეს არის შესაცვლელი, სწორედ ეს. არ შეიძლება, ბავშვებს ამდენი თავისუფლება ჰქონდეთ, დაუშვებელია,  ქურდული გარჩევები და გინება  თავისუფლად ვრცელდებოდეს  სოციალურ ქსელში. არ შეიძლება იმ მოზარდების უბანში გმირად გამოცხადება, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების დავალებებს ასრულებენ. პირიქით, ისინი უნდა გაიკიცხონ საჯაროდ და მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ასე არ შეიძლება. ძალოვანმა სტრუქტურებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არ არის აუცილებელი, მამის ან დედის ხმის ყოველ აწევაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრან და აუცილებლად მოზარდის მხარე დაიჭირონ.  ამ ყველაფერში სახელმწიფოს როლი უმნიშვნელოვანესია –  თუ „შავ სამყაროსთან“ კავშირი მართლაც გაკიცხვის საგანი იქნება როგორც სკოლაში, ისე უბანში, მერე  ეგებ რამე გვეშველოს, თორემ ყოველთვიურად ამ ბრალდებით ციხეში 50 ადამიანი მიდის და საქართველოსთვის ეს  ძალიან ბევრია.

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                              

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here