ირაკლი დოჭვირი: გახსნან ქუთაისში ,,საბჭოთა ოკუპაციის” მუზეუმი და შეიტანონ იქ ავტოქარხანა, სატრაქტორო ქარხანა, ,,ავანგარდი”, ლითოფონის ქარხანა და დავათვალიერებთ, როგორი იყო კიკვიძის აშენებული საქართველო და რა დატოვეთ თქვენ

    რამდენიმე დღის წინათ ქუთაისში  აიღეს წითელი არმიის გამორჩეული წევრის, რევოლუციონერ ვასილ კიკვიძის ძეგლი, რომელიც 1959 წელს დაიდგა. ამ ძეგლის ავტორები არიან მოქანდაკეები: ვალერიან მიზანდარი და გოგი ნიკოლაძე, ხოლო არქიტექტორი _ გივი თოდაძე. ვასილ კიკვიძის სახელობის სკვერებიც იყო ქუთაისსა და თბილისში. მართალია, თბილისში კიკვიძის ძეგლი მისივე სახელობის სკვერიდან 1990-იან წლებში აიღეს და ადგილს სახელიც გადაარქვეს, მაგრამ ნახალოვკელებისთვის დღემდე ,,კიკვიძის ბაღად”  დარჩა.

    საქართველოს დამოკიდებლობის 35-წლიანი ისტორია გვიჩვენებს, რომ ,,დამოუკიდებელი” ქვეყნის ყველა ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ისტორიის შემქმნელი დიდებული ადამიანების ძეგლებს ებრძვის.

    სოციალისტური რევოლუციის ბელადის, ლენინის, ძეგლის ჩამოგდებით დაიწყო საბჭოთა საქართველოს ნგრევა, ხოლო სტალინის ძეგლის ჩამოგდების შემდეგ ჩვენი ქვეყნის ბედის ჩარხი როგორ დატრიალდა,  საქართველოში ამჟამად შექმნილი ვითარება მეტყველებს…

    მიუხედავად იმისა, რომ ძეგლების წინააღმდეგ სულ რამდენიმე გონებაარეული გამოდის, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არ სწყალობს ამ გონებაარეულებს, მათ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს. სწორედ ასე მოხდა კიკვიძის ძეგლის აღებისას. ქუთაისელების დიდი ნაწილი კი გაბრაზებულია ძეგლის აღების გამო.

    ქუთაისში ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ისტორიის კარგი მცოდნე, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი, აი რას წერს ის:

     ,,ვასილ კიკვიძე_ ყველაზე  დიდი ქუთაისელი!

    რუხაძე ხონში ცნობილი გვარია. რუხაძეები კომპაქტურად არიან დასახლებულნი ორ სოფელში _ კონტუათსა და ქუტირში.  მათე რუხაძე ხონის ცენტრში  ცხოვრობდა, დღეს იმ ადგილზე რესტორანია გახსნილი.  მათე სიმფეროპოლში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ზოია შეეძინა. დღეს ხონში დგას ზოია რუხაძის ძეგლი, რომელსაც ერთხელ კი მოუცვალეს ადგილი და, ალბათ, მალე მასაც მიადგებიან ასაღებად… დააწერინებენ ერთ-ორ რეგვენს მოთხოვნას, ზოია რუხაძე კომკავშირელი იყო და მისი ძეგლი არღვევს ,,თავისუფლების ქარტიასო&ქუოტ;, ისე, როგორც ქუთაისში მოხდა კიკვიძის ძეგლის მიმართ. საქართველოში ჩვეულებრივი ფაშიზმი მძინვარებს…

    ანტიოფა რუხაძეც ხონში დაიბადა, მჭედლის ოჯახში. ის ქუთაისში გათხოვდა ისიდორე კიკვიძეზე. მათ ეყოლათ ერთადერთი შვილი, მას ვასილი დაარქვეს.  ვასილი 6 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. ანტიოფა, როგორც უმწეო ქვრივი, იძულებული შეიქნა, მამამისთან დაბრუნებულიყო ხონში და იქ განეგრძო შვილის აღზრდა. 

    ვასილ კიკვიძეს ბაბუა, ბესარიონ რუხაძე, ზრდიდა და ანებივრებდა.   პატარა ბიჭს აქ გაუჩნდა მშრომელი ხალხის უკიდეგანო სიყვარული. ბაბუის ძალისხმევით ვასილ კიკვიძე შეიყვანეს დღეს უკვე მსოფლიოში ცნობილ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.  

    ვასილ კიკვიძის პერიოდში ამ გიმნაზიაში სწავლობდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვლადიმერ მაიაკოვსკი. აქ იყო შექმნილი ის გარემო, რომელიც ახალგაზრდა ყმაწვილს ძალმომრეობის წინააღმდეგ უბიძგებდა. 

    ვასილ კიკვიძე გიმნაზიიდან ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც სასწავლებლიდან გარიცხეს. აქედან იწყება ანტიოფა რუხაძის თეთრი ღამეები. მალე ვასილ კიკვიძეს აკავებენ რევოლუციონერობის ბრალდებით, ისევე, როგორც ვლადიმერ მაიაკოვსკის, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ ვასილ კიკვიძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ბედზე მოუსწრო მას თებერვლის რევოლუციამ. ციხიდან რო გამოვიდა, გაემგზავრა რუსეთში რევოლუციის იდეალების დასაცავად, კონტრრევოლუციონერების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებსაც როგორც დღეს ისე მაშინაც ნიღბად ჰქონდათ აფარებული სამშობლო, სინამდვილეში კი საკუთარი პრივილეგიების დათმობას არ აპირებდნენ.… 

    ზუსტად ამგვარი ბრძოლა გრძელდება დღესაც. ყალბი ლოზუნგებით ანადგურებენ გლეხისა და მუშის ელემენტარულ უფლებებს,  რომლებსაც საავადმყოფოს კარიც კი დაუხურა მთავრობამ.

     ვასილ კიკვიძე მუშურ-გლეხური წითელი არმიის შექმნის დღიდანვე მის რიგებში ჩაირიცხა რიგით ჯარისკაცად, მაგრამ წითელი არმიის ხელმძღვანელობამ  ყურადღება მიაქცია ბრძოლის ველზე გამოჩენილ მის სიმამაცეს, გამბედაობას, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის გაწეულ დახმარებას…   ვასილ კიკვიძე, როგორც შეუპოვარი ჯარისკაცი, ხშირად თავზეხელაღებით, მარტოდმარტო ერთვებოდა ბრძოლაში მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან.  ბრძოლის დროს მას აღმოაჩნდა ჯარისკაცების მართვისა და  გამარჯვების მიღწევის შესანიშნავი ალღო; შეეძლო ფიცხელ ბრძოლაში სწრაფი და ერთადერთი მართებული გადაწყვეტილების მიღება, ამიტომაც ანდეს 22 წლის ჯარისკაცს დივიზიის მეთაურობა.

     ვასილ კიკვიძის დივიზია დაუმარცხებლად მოქმედებდა ყველა მიმართულებით. ის ჩნდებოდა იქ, სადაც წითელი არმიის ნაწილებს ყველაზე მეტად უჭირდა, და გამარჯვების სასწორს მათ მხარეს ხრიდა.  

    24 წლის მამაცი მეთაური ხუტორ ზუბრილოვკასთან დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

    ანტიოფა კარგა ხანს  ელოდა ვაჟს…  შვილის გარდაცვალებას დედას ვერავინ უმხელდა. იმერეთში  ჩამოსულმა ქართველმა მწერალმა სანდრო შანშიაშვილმა რომ ნახა შვილის მოლოდინით გატანჯული დედა, დაწერა შედევრი:

    ,,გარეთ ცივა, ქრის ქარი,

    მთვარე ვახშმობს მუხებში;

    დახშულია ჭიშკარი,

    ადევს კლიტე უხეში.

    დედაბერი მიმჯდარა

    ბუხრის ახლოს კუთხეში.

    თვალში ცრემლი დამშრალა,

    მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?

    ჩასთვლემს, ისევ იღვიძებს,

    ღამეს თეთრად ათენებს,

    გულისყური ერთზე აქვს,

    მის გულს ერთი ამრთელებს…

    მუხლი მაინც უჭრიდეს,

    ხალხს შეძრავდა ომით ის,

    აღარ ძალუძს საბრალოს,

    შავ ძაძებში დრო მიდის.

    ლოდინი და იმედი,

    ხვალაც ღამე ლოდინის!

    მას ბურანში მოესმის:

    – დედი, გახსენ ჭიშკარი!

    შენი შვილი დაბრუნდა,

    დედისერთა ვაჟიკა..

    უვნებელი, მაგარი,

    როგორც სალი კაჟის ქვა.

    გახსენ კარი, დედა, უ!..

    შენს შვილს გარეთ რა უნდა,

    ეს ხომ მე ვარ, არ გესმის?!

    შენი შვილი დაბრუნდა!

    დედა ენას ვერ აგებს,

    სწრაფად დგება მძინარი,

    სიხარულით ცახცახებს:

    – შვილო, დედა შინ არი!

    ღელვით კარებს გააღებს,

    იქ არვინ ჩანს მღიმარი,

    ცრემლით წყვდიადს შესცქერის:

    – ტკბილი იყო სიზმარი…

    როს მოხუცი ბუხრის წინ

    შვილს სიზმარში ხედავდა,

    ამ დროს მისი ვაჟიკა

    მტერს ბრძოლაში კვეთავდა.

    ის იბრძოდა წითლებთან,

    წითელ დროშას იცავდა!

    ჯარისკაცი რუსეთში

    ლენინს გაჰყვა მტკიცედა.

    პირველ რიგში დაეცა,

    ტყვიამ აღარ იცადა,

    მისი კვნესა – ოჰ, დედა!…

    ზარბაზანმა დაფარა.

    თავი დასდო ხალხისთვის,

    სისხლი ნორჩმა დაღვარა…

    ნახა საძმო საფლავი,

    ვეღარ – დედის ჭაღარა…

    და იმ დღიდან მოელის…

    გარეთ ცივა, ქრის ქარი,

    ზის და უცდის გულმკვდარი

    დედისერთას მთის ქალი.

    მუდამ ფხიზლობს, მზად არის,

    შვილს გაუღოს ჭიშკარი,

    თავზე დასთენებია,

    ამოსულა ცისკარი…

    აღარ ძალუძს საბრალოს,

    შავ ძაძებში დრო მიდის,

    დედა მას ენაცვალოს

    ხვალეც ღამე ლოდინის!”

    თქვენ ხალხი რომ იყოთ,  ამ დედაბრისთვისაც უნდა დაგედგათ ძეგლი,  მაგრამ ხალხი არ ხართ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ვანდალები. თქვენ ფრიდა კალოს ძეგლსაც დაამხობდით, აქ რომ ყოფილიყო აღმართული; მის ნახატებს დაწვავდით,  მაგრამ არის ხალხის ნაწილი, რომელსაც გული შესტკივა არა ვასილ კიკვიძეზე, არამედ ვალერიან მიზანდარის ხელოვნებაზე.

    ისინი მოითხოვენ, თავი მოუყარონ ამ ძეგლებს და შეყარონ საბჭოთა ოკუპაციის შენობაში, სადაც მივა დამთვალიერებელი. მეც ვეთანხმები ამ აზრს. გახსნან ქუთაისში ,,საბჭოთა ოკუპაციის” მუზეუმი და შეიტანონ იქ ავტოქარხანა, სატრაქტორო ქარხანა, ,,ავანგარდი”, აბრეშუმის კომბინატი, ლითოფონის ქარხანა, ელექტრომექანიკური ქარხანა და მივალთ, დავათვალიერებთ, როგორი იყო კიკვიძის აშენებული საქართველო და რა დატოვეთ თქვენ.

    ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩამოგდებას ისტორია არ გაპატიებთ! ამით  საკუთარ თავს გამოუტანეთ განაჩენი.  თუ საქართველოს მომავალი აქვს, ისევ აღიმართება იქ ვასილ კიკვიძის ძეგლი და, თუ გადავშენდებით, რაც მოსალოდნელია ამათ ხელში, მერე რა აზრი აქვს ძეგლს, ქვას ან ბრინჯაოს…”

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here