2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ,,ქართული ოცნების” დაპირება, რომ ნაცები და მათთან დაკავშირებული პოლიტიკოსები პოლიტიკურ ველზე ვეღარ გამოჩნდებოდნენ, ფაქტია, არ შესრულდა. წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების 420-გვერდიანი საქმე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი, ჯერ კიდევ თაროზე დევს…
ხელსუფლება კვლავ ცდილობს ევროკავშირის გულის მოგებას, ამასობაში კი დესტრუქციული ძალები ნელ-ნელა ძლიერდებიან და კოალიციებსაც ქმნიან.
ხომ არ იწყება ახალი კოაბიტაცია? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
_ ევროპისკენ საქართველოს ლტოლვა სპეკულაციაა, რომელიც, დიდი ხანია, მიმდინარეობს _ მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყანა ევროსაბჭოში შევიდა. საქართველომ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის” ყველა ქვეყანას აჯობა იმ საკითხებში, რომლებსაც ევროინტეგრაცია გულისხმობდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, როგორ შეეხნენ ჩვენს ეროვნულ-კულტურულ ინტერესებს, ამიტომ ქვეყანას აქვს უფლება, შეიცვალოს თვალსაზრისი. როდესაც საქართველომ სცადა თავის დაცვა, დაიწყო სპეკულაციები დასავლეთის მხრიდან; ვნახეთ, როგორ გააქტიურდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და სხვა ევროჩინოსნები. მათ დაიწყეს ქართული სახელმწიფოს დამუნათება, მუქარა, რომ უვიზო რეჟიმს გააუქმებდნენ, ეკონომიკური პრეფერენციები აქციეს სპეკულაციის საგნად. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ლაკონური _ საქართველო უფრო მეტად სჭირდება ევროპას, ვიდრე საქართველოს ევროკავშირის ნებისმიერი სტატუსი. აქ გამიჯნულია ევროპა ევროკავშირისგან. ევროკავშირი სულს ღაფავს, უკანასკნელ წლებს ითვლის. იქ კრიზისი მძვინვარებს, არის კორუფცია და მოწმენი ვართ ევროპარლამენტარების დაკავების…
დენაციფიკაცია არ არის იდეა-ფიქსი, ჩვენ ჩაციკლულები არ ვართ ვიღაცის აკრძალვაზე.
_ ცოტნე ივანიშვილის გააქტიურება, რომელმაც განაცხადა, რომ სიძულვილის ენა და საზოგადოების პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ახალი კოაბიტაციის დაწყებას ხომ არ მოასწავებს?
_ დროებითი საპარლამენტო კომისია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით იმისთვის შეიქმნა, რომ ხელი შეეწყო სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და ეროვნული ძალების შემოსვლისთვის ქართულ პოლიტიკაში.
პირდაპირ რომ ვთქვათ, ხელისუფლების ,,სპარინგპარტნიორი”, რომელიც კოაბიტაციის შედეგად დასვა დასავლეთმა, უნდა აკრძალულიყო. ეს იყო საქართველოს მოსახლეობის დაკვეთა. უნდა მომხდარიყო ე.წ. შუაგაკრეფილების აღდგენა და მათი შესვლა ქართულ პოლიტიკაში, რაც მანამდე ვერ ხერხდებოდა.
წულუკიანის კომისიამ 420-გვერდიანი ,,სისხლიანი ქრონიკები” დადო დასკვნის სახით და შეიმუშავა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც 2025 წლის 31 ოქტომბერს წარედგინა საქართველოს პარლამენტს. გასაგებია, რომ ხალხმა არ იცის რეგლამენტი, არ კითხულობს კონსტიტუციას, ვერ ერკვევა ინსტიტუციურ უფლებამოსილებაში, მაგრამ ჩვენ, პოლიტიკოსები, ვალდებულნი ვართ, ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ საქმის განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს 9-თვიანი ვადა.
თეა წულუკიანის კომისიის მიერ მიღებული დასკვნის საფუძველზე შემუშავებული კონსტიტუციური სარჩელის იმპერატიული ვადა არის ცხრა თვე, რომელიც გადის ამა წლის 31 ივლისს. საქმე მიღებულია, მაგრამ დაწყებულიც არ არის, შედეგად ირღვევა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შიდა განაწესი.
საკონსტიტუციო სასამართლოს არ ჰყავს მაკონტროლებელი. ის სრულიად დამოუკიდებელია. წევრებს ირჩევს პარლამენტი, მაგრამ კონტროლს ვერ ახორციელებს. ამით სარგებლობს პოლიტიკური კლასი.
ხელისუფლება გზავნის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც დამოუკიდებელია, ანგარიშვალდებული არ არის არავის წინაშე, მაგრამ ხმას არ იღებს. საქმეზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, განმარტებასაც ვერ ვიღებთ, დუმს პარლამენტიც.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის აკრძალვა არ არის მათი საქმე, ამკრძალავი საკონსტიტუციო სასამართლოაო. მისი ნათქვამი ყველამ სხვადასხვანაირად გაიგო. პაპუაშვილი მართალია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეასრულოს პოლიტიკური ნება, ჩვენ კი ამას ვერ ვხედავთ. საკონსტიტუციო სასამართლო ფეხქვეშ თელავს ხალხისა და ხელისუფლების ნებას.
საკონსტიტუციო სასამართლო მარტივად უნდა აღასრულებდეს ნებისმიერ განაჩენს. 420-გვერდიანი ,,სისხლიანი ქრონიკები” საფუძვლად დაედო პარტიის აკრძალვას, მაგრამ ასე არ მოხდა. დამნაშავე პარტიების აკრძალვით ,,ქართულ ოცნება” იქნებოდა ძირითადი ძალა; ე.წ. სპარინგპარტნიორები გაქრებოდნენ, ეროვნული ძალები წამოიწეოდნენ და დაიწყებოდა რეალური კონკურენცია.
31 ივლისამდე დარჩენილია დაახლოებით ერთი თვე. ამ ერთ თვეში უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, აიღოს პასუხისმგებლობა და განმარტოს, რასთან გვაქვს საქმე. ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ჩიხში შესულ საქმეზე.
_ რა ფორმით უნდა ვაიძულოთ?
_ უაზრო თემებზე არ უნდა ისაუბრონ ტელევიზიებში, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნაცების მეორე წრეზე წასვლის თემა. თუ ხელახლა იწყება კოაბიტაცია და ქართველი საზოგადოების ზურგს უკან მიდის პროცესი, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ ხელისუფლება ამ მოლაპარაკებაზე წავა დასავლეთთან, ,,17 მაისის საზოგადოების” წიაღიდან ,,ქართულ ოცნებას” მოკავშირე აღარ უნდა ჰყავდეს… ეს ის შემთხვევაა, რომლის წინააღმდეგაც სრულიად ქართველი საზოგადოება უნდა დაირაზმოს…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







