დიმიტრი ლორთქიფანიძე: საქართველოს ხელისუფლებას არავინ სთხოვს პრორუსულობას, ის პრაგმატული უნდა იყოს!

    ,,საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია. ჩვენი ქვეყანა ასევე უნდა შეეცადოს, დამაკავშირებელ ხიდად იქცეს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის”

    საინფორმაციო საშუალებებიდან ხშირად ვისმენთ მოსაზრებას, რომ  ,,საქართველოს ხელისუფლება ერთდროულად რამდენიმე სკამზე ჯდომას ცდილობს”… 

    ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კვლავ გაიძახის, რომ ევროპისკენ ისწრაფვის, თან დასავლეთს ლანძღავს. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: ,,ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლისთავზე, როდესაც სისხლითა და ბრძოლით დავაღწიეთ თავი საბჭოთა კავშირს, აღმოჩნდა, რომ ის, ვისთანაც ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, გახდა ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი”.

    რისკენ ისწრაფვის საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი ,,ქართული ოცნება”? ამ თემაზე გვესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე:

     _ როდესაც პოლიტიკურ ანალიზს ვაკეთებთ, ზედაპირზე არსებული ვითარებით ხელმძღვანელობა და აზრის გამოთქმა არ შეიძლება. აუცილებელია, გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ არ ვთვლი, რომ ხელისუფლება ერთდროულად რამდენიმე სკამზე დაჯდომას ცდილობს. ხელისუფლება ცდილობს, თავი დააღწიოს მონოპოლარულ მმართველობას.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველო იბრძვის საკუთარი სუვერენიტეტისთვის… ეს ასევე გულისხმობს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მაღალ დიპლომატიურ რანგში აყვანას, რის უფლებაც ჩვენ ამჟამად არ გვაქვს, არა იმიტომ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ან რუსეთშია ვინმე წინააღმდეგი, არამედ იმიტომ, რომ ეს არ სურს დასავლეთს, რომელიც რუსოფობიით გვმოსავს და ცდილობს, ააჯანყოს მოსახლეობა ხელისუფლების წინააღმდეგ, თუკი ადამიანები საჯაროდ იტყვიან, რომ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვართ ევრაზიის ნაწილი და უნდა ვიყოთ იქ, ევროკავშირთან ვითარება იძაბება, ეუთომ ერთხელ აღიარებულ არჩევნებზე დღეს თქვა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.

    საქართველო გლობალური დასავლეთის მიმართ დაუმორჩილებლობის ფონზე აცხადებს _ მე ვარ მყარი ხიდი გეოპოლიტიკურ ცენტრებს შორის და მანიპულაცია და წნეხში მოქცევის მცდელობა არავის გაუვა. ეს სწორია.

     საქართველო არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი. ჩვენი ქვეყანა ასევე უნდა შეეცადოს, დამაკავშირებელ ხიდად იქცეს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამ შემთხვევაში შეიძენს ჯვარსახოვან გეოეკონომიკურ-გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას და იქნება ქვეყანა, რომელსაც ვერავინ ეტყვის, რატომ არ ხარ ევროკავშირის წევრი, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის წევრი, ბრიჩსის წევრი; რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი როლი გვექნება, ყველა იტყვის, რომ ეს მშვიდობის ოაზისი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ურთიერთობისთვის არის გამოსაყენებელი.

    _ როდის ელოდებით იმ შედეგს, რომელზეც ახლა საუბრობთ?

    _ საქართველომ 2028 წლამდე  უნდა შეძლოს ინტეგრაცია დიდ ევრაზიულ სივრცეში. ეს არ არის რომელიმე კავშირის წევრობა, ეს კონტინენტური სისტემაა, რომელიც აერთიანებს ევროპასა და აზიას. საქართველო უნდა იყოს გზაგასაყარი, ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა უნიკალურ მნიშვნელობას შეიძენს.

    იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, აღარ გაჩნდება შეკითხვა _ უნდა გაერთიანდეს თუ არა საქართველო? იქნება ერთადერთი შეკითხვა _ რა კონფიგურაციით გაერთიანდება საქართველო? ვფიქრობ, ეს იქნება ფედერაციული მოწყობის პრინციპი, შესაძლოა ასიმეტრიული და გარკვეული პირობებით.საქართველო რომ უნდა გაერთიანდეს და დევნილები დააბრუნოს თავიანთ კერაზე, ამ საკითხზე ორი აზრი არ არსებობს.

    ვლადიკავკაზში ვესაუბრე ძალიან გავლენიან რუს პოლიტოლოგ ნიკოლაი სილაევს, რომელსაც პირდაპირ ვკითხე: _ აფხაზეთის მოსახლეობის 48,7 პროცენტი დევნილია ეთნიკური ნიშნით. ვინმეს შეიძლება ჰქონდეს საერთაშორისო სამართლის ნორმის საწინააღმდეგო მოსაზრება, რომ ამ ადამიანების უკან დაბრუნება შეუძლებელია ან დაუშვებელი? მისი პასუხი იყო: ,,არა, რა თქმა უნდა, არა. ამ ადამიანებს დაბრუნების სრული უფლება აქვთ!”

    _ დაელაპარაკება თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ თემაზე რუსეთს?

    _ საქართველოს ხელისუფლებას არავინ სთხოვს პრორუსულობას, ის პრაგმატული უნდა იყოს. ჩვენი ხელისუფლების წინაშე დგას ამოცანა, გაშალოს მუშაობა მრავალვექტორული მიმართულებით.

    _ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება ამ მიმართულებით?

    _ მინდა მჯეროდეს, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ვთქვი, ევროპასთან დაძაბული ურთიერთობა ნიშნავს, რომ საქართველო ეწინააღმდეგება ევროპის ინტერესებს.

    _ ევროპისკენ ასკინკილით სიარულის სურვილის გამო სხვას დასცინოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და დღეს ლამის თვითონ დადგნენ ცალ ფეხზე…

     _ რას ამბობთ, რა ასკინკილა?! მაგალითად, საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ახლახან განაცხადა, თუ ევროპაში საქართველოს ინტეგრაცია უნდა გადიოდეს ლგბტ დღის წესრიგის აღიარებაზე, ეს ჩვენთვის წითელი ხაზია და უნდა დასრულდეს სპეკულაციებიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო.

    ბრძოლის პროცესში ვართ, პერსპექტივას ვხედავ…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here