პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის უდანაშაულობის აღიარებას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს.
როგორც მან განაცხადა, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმი აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე.
„ჩემი მოთხოვნაა, რომ ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, მოშორდეს ეს ლაქა და დაღი, რომელიც დაადეს. აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. ასევე გადადგეს გომელაურის ეს კლანი თავისი სპეცრაზმით. მერე მთელი ეს ბანდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლების მისამართით პანკისელების საგანგებო მიმართვას იზიარებს და ის მთავარ პროკურორთან შეხვედრას და არსებულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.
მისივე თქმით, ოჯახს ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დაკავშირებია.
როგორც ცნობილია, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ხელმძღვანელთან, ვახტანგ გომელაურთან შეხვედრასაც ითხოვდა.