Home ახალი ამბები საქართველო თემურ მაისურაძე: ამერიკელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველოს მოქალაქე სამშობლოში არ გაცვლის ამერიკის...

თემურ მაისურაძე: ამერიკელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველოს მოქალაქე სამშობლოში არ გაცვლის ამერიკის ვიზას

“საქართველო არ არის დერეფანი, ის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური და ფინანსური კვანძია. საქართველო, როგორც საფონდო და ნედლეულის ბირჟა ბრიჩსის ქვეყნებისთვის მოხერხებულია...

276

ამერიკული სანქციები საქართველოს გამარჯვებაა. ამერიკის თითის ქნევა, ამ წლის ბოლოს დასრულდება

მიმდინარე წლის 29 მაისს ცნობილი შეიქნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩინური კომპანია ააშენებს. ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონი დოლარია. ანაკლიის პორტის წილების 51% საქართველოსი იქნება, ხოლო 49% _ ჩინურსინგაპურული ჰოლდინგის.

კორუფციული სკანდალებით ცნობილი და აშშის მთავრობის შეზღუდვების ქვეშ მყოფი”, _ ასე მოიხსენიებენ აღნიშნულ ჩინურ კომპანიას არასამთავრობოები.

რუსული კანონისმიღების პარალელურად, ანაკლიის პორტის პროექტში აშშისგან სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიის შემოყვანა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების გაგრძელებაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩინური კომპანია გამორჩეულია კორუფციული სკანდალებით, რაც ზრდის საქართველოში კორუფციის იმპორტის რისკებს. მით უმეტეს იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებზე რეპრესიებს ახორციელებს. არასამთავრობო სექტორი ქვეყანაში კორუფციული რისკების კონტროლისა და პრევენციის აუცილებელი ინსტიტუტია”, _ წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ჩინური კომპანიის შემოსვლის გამო ბევრი მითქმამოთქმაა: ზოგი ამბობს, რომ ავშენდით, ზოგი კი პირიქით _ დავიღუპეთო

რა სარგებლის თუ ზიანის მოტანა შეუძლია ჩინურ ეკონომიკასა და ლოჯისტიკას საქართველოსთვის? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ეკონომისტი, პროფესორი თემურ მაისურაძე გვესაუბრება:

_ საქართველოში ჩინური ბიზნესის შემოსვლა არც დაღუპვაა და არც აშენება, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიციას დაიკავებს საქართველო. მაგალითად, ჩინეთი ააშენებს საწარმოს, ჩვენ ვიღებთ ამ შემოთავაზებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ჩინელმა სპეციალისტებმა ასწავლონ ჩვენს მუშახელს საქმე და შემდეგ გადასცენ წარმოება, ანუ ჩვენ ვსწავლობთ და შემდეგ ჩვენვე განვაგრძობთ მუშაობას, ეს კარგია, მაგრამ, თუ ისინი შემოვლენ სპეციალისტებით, შემდეგ აქ დასახლდებიან და დაიწყებენ ჩვენი ეკონომიკის ექსპანსიას, დავიღუპებით. ეს სხვას არ უნდა დავაბრალოთ, ეს ჩვენი შეცდომა იქნება.

_ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მუშახელი ვისი იქნება?

_ მუშახელზე ჯერ საუბარი არ არის, ხელშეკრულებას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ წილების 51 პროცენტის მფლობელი ჩვენი სახელმწიფოა. ჩვენ გვაქვს პორტის მშენებლობის გამოცდილება, ამიტომ შეგვიძლია, ჩინეთიდან ჩამოყვანილი სპეციალისტების გარეშეც გავუწიოთ ზედამხედველობა მშენებლობის პროცესს. შეიძლება ლოჯისტიკურ ნაწილში იყვნენ მათი სპეციალისტები ექვსი თვით ან ერთი წლით, შემდეგ კი ისევ ჩვენ უნდა გადმოგვცენ.

საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ ჩინეთის უპირობო შემოსვლა ხელს არ გვაძლევს, რადგან ვიცით, ქვეყანაში ჩინეთის ღრმად შეშვება რასაც ნიშნავს.

ჩინეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, მისთვის რაიმეს დათმობა არ შეიძლება, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინეთი არ ეხება ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებს, ის მხოლოდ პარტნიორობას გვთავაზობს. ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის კარგია.

ასე რომ, არ შეიძლება საკითხის ასე დასმა _ ჩინეთის შემოსვლა  აგვაშენებს თუ დაგვაქცევს. არჩევანი ჩვენზეა და სწორად უნდა ვიმოქმედოთ.

ხელისუფლებას უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს მშენებლობაში. მან ბევრი რამ აიღო თავის თავზე და დახმარება აუცილებლად სჭირდება. ახლა აღარ არის კრიტიკის დრო, ახლა, ვისაც როგორ შეუძლია, ისე უნდა შეიტანოს წვლილი სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობაში.

_ ჩინეთს პორტის გარდა კიდევ ხომ არ აქვს სხვა პროექტები საქართველოში?

_ ჩინეთი აპირებს ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, წარმოების განვითარების კუთხით. ჩვენ შეიძლება კონკურენცია ვერ გავწიოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაში, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ნატურალური პროდუქტებია, მათთვის ღირებულია და ერთობლივი წარმოება სასიკეთო იქნება. ჩვენ შეიძლება ჩინელებზე უკეთესი ლითონი ვერ ჩამოვასხათ, მაგრამ ერთობლივი წარმოება ამ შემთხვევაშიც ჩვენთვისაც კარგია და მათთვისაც ხელსაყრელია, თუკი სანქციებში მოყვებიან…

საქართველო არ არის დერეფანი, საკვანძო ქვეყანაა. ის არის უდიდესი ეკონომიკური, პოლიტიკური  და ფინანსური კვანძი. საქართველო, როგორც საფონდო და ნედლეულის ბირჟა, ბრიჩსის ქვეყნებისთვის მოხერხებულია. ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს ბირჟებზე გაყიდის ნედლეულს და აქედან იყიდის ყველა. ღმერთის ბოძებულია საქართველო, მართლაც ღვთისმშობლის მიწა ვართ და ეს ახლა ნათლად გამოჩნდა.

საქართველოს მოსახლეობას აქვს ძლიერი პოტენციალი, ამიტომ შეიძლება უამრავი თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარება, ამიტომ ჩინური კომპანიების აქ შემოსვლა ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ და ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობებით.

_ აშშმა სანქციები დაუწესა ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს და არა ყველას. რა ზარალი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ამერიკის სანქციებმა?

_ რატომ არ დაუწესეს “ქართული ოცნების” ყველა წარმომადგენელს სანქციები ამერიკელებმა? ყველა პოლიტიკოსისთვის რომ დაეწესებინათ სანქციები, იმის გამო, რომ საქართველოში რაღაც კანონი მიიღეს, რაც ქვეყნის საშინაო საქმეა, დანარჩენი მსოფლიო ამას ვერ მიიღებდა, ეს არადემოკრატიულია და ყველანაირი კანონის ფარგლებიდან გადის.

საქართველოს ვერ  დააზარელებს ამერიკული სანქციები, პირიქით _ ყველა ქვეყანას ხელ-ფეხი გაეხსნა საქართველოსთან ურთიერთობისთვის. ამერიკა ხელს უშლიდა აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობებს ჩვენს ქვეყანასთან. ამერიკის გავლენა საქართველოზე შემაფერხებელი ფაქტორი იყო, რადგან ყველამ იცოდა, საქართველოში რაც უნდა გაკეთებულიყო, ამერიკა ყველაფერს გადააჯდებოდა.

საქართველომ ფხა გამოიჩინა.ამერიკელებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ საქართველოს მოქალაქე სამშობლოში არ გაცვლის ამერიკის ვიზას ამერიკის რესურსი საქართველოში ამოიწურა. საქართველოს აღმშენებლობა ელოდება. ამერიკული სანქციები საქართველოს გამარჯვებაა. ამერიკის თითის ქნევა, ამ წლის ბოლოს დასრულდება.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here