ქართველი საზოგადოება აღშფოთებას ვერ მალავას იმის გამო, რომ 4 ოქტომბერს გასამართ თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების ნება–სურვილით “ნაციონალური მოძრაობა” თავისი განშტოებებით კვლავ მიიღებს მონაწილეობას. Aამას ისიც დაემატა, რომ ქუჩაში მოხეტიალე 100-კაციანი ჯგუფის გამო 26 მაისის ღონისძიებები სხვა ადგილას უნდა ჩატარდეს.
რატომ უკმევს გუნდრუკს საქართველოს ხელისუფლება დესტრუქციულ ძალებს? _ ამ საკითხზე ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი გვესაუბრება:
_ “ნაცმოძრაობა” თვითმმართველობის არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას. მართალია, პრემიერმა ახსნა, რატომაც, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ნუთუ სხვაგვარად არ შეიძლებოდა, თუ ხელისუფლება კვლავ “მგელი მოდის” პრინციპით მოქმედებს? ხომ შეიძლება ამ არჩევნებში უფრო მეტი წალენჯიხა მივიღოთ?
_ “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში მონაწილეობაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. მათი დანაშაულების ზღვა მასალაა შესასწავლი, გამოსაძიებელი და მხოლოდ ამიტომ გადაიწია საპარლამენტო კომისიის მუშაობის ვადამ.
მოახლოებულ არჩევნებს სუფთა სპორტული ინტერესით თუ შევხედავთ, ეს იქნება საიუბილეო მეათე გამარჯვება კოლექტიურ ნაცებზე. გარწმუნებთ, “ქართული ოცნება” ყველგან დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მათ შორის წალენჯიხაშიც და არანაირი ახალი “წალენჯიხები” არ იქნება.
_ დესტრუქციული ძალები კვლავ ქუჩაში დგანან. პრემიერი მათ საზოგადოების ნაწილს არ უწოდებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ ყველაფერი გასდით. პარალიზებულია დედაქალაქის მთავარი ქუჩა, როდის გაიწმინდება, არავინ ამბობს; არც პრემიერს უთქვამს, რით და როგორ შეიძლება დასრულდეს ეს მარაზმი…
_ დესტრუქციული ძალები ქუჩაში უნდა იდგნენ, სწორედ იქ არის მათი ადგილი. ცენტრალური ქუჩები იკეტება რამდენიმე წუთით და დღეს იქ მხოლოდ დაფინანსებული ადამიანები დგანან. აქციები სულს ღაფავს და ამას აღიარებენ ორგანიზატორებიც. ფინანსური რესურსი რადიკალებს თითქმის ამოეწურათ. გაჩერდა მათი ერთ-ერთი პროპაგანდისტული ფეიკმედია _ “მთავარი არხი”. ოპოზიციური პოლიტიკური კლასი და არასამთავრობო სექტორი განადგურებულია. ბოლო მცდელობა იყო რეჟისორ დოიაშვილისა და მსახიობების ე.წ რევოლუცია, რომელიც, აგრეთვე, ჩაფლავდა; ამასთანავე, ხელისუფლებამ მიიღო პრევენციული კანონები.
მოკლედ, ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია მუშაობს და შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ევროკავშირში 2024 წელს ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდა ესპანეთს ჰქონდა _ 3,2%, საქართველოს ეკონომიკა კი 2024 წელს რეკორდულად გაიზარდა _ 9,5%-ით.
_ “რუსთაველის გამზირი ნაცებს ეკუთვნით?” _კითხვას სვამს ხალხი, რადგან ცნობილია, რომ 26 მაისის ღონისძიებები სხვადასხვა ადგილას გაიმართება. ხელისუფლება 9 აპრილის შემდეგ რუსთაველზე გასვლას ერიდება. ეს შიშია?
_ სრულიად ვეთანხმები თბილისის მერ კახა კალაძეს _ ორბელიანის მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია, რეაბილიტირებული, გალამაზებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, შესანიშნავი ადგილია, რა არის ამაში ცუდი? ხომ შეიძლება ღონისძიების ადგილი შეიცვალოს?! რადიკალური ძალები ახლა ხავსს ეჭიდებიან; სურთ, დაპირისპირება მოხდეს და ამ ფონზე აწიონ დაძაბულობის მუხტი. ცხადია, მათ ასეთ საჩუქარს არავინ გაუკეთებს. ხელისუფლების ტაქტიკა აბსოლუტურად გამართლებულია.
_ ბევრი ადამიანი სკეპტიკურად არის განწყობილი საპარლამენტო კომისიის მუშაობის მიმართ; არ სჯერა, რომ ნაცები მართლა გაქრებიან პოლიტიკიდან…
_ არ გეთანხმებით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ სჯერა “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვის.
შეგახსენებთ, თვით ოპოზიციაში აქტიურად საუბრობენ “ნაცმოძრაობის” შესაძლო აკრძალვაზე და ამბობენ, რომ ეს მათთვის რეალური საფრთხეა. თქვენს მკითხველს ხაზგასმით მინდა ვუთხრა: მმართველი პარტია სრულად აკონტროლებს ქვეყნაში ვითარებას. რადიკალური ძალების რევანში არ შედგება! ჩვენ, ალბათ, კიდევ შევხვდებით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, რომელშიც “ქართული ოცნება” კვლავ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. შეგიძლიათ, ჩემი ეს პროგნოზი დაიმახსოვროთ…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი