მეთორმეტე წელიწადია, რაც გერმანიაში საზოგადოებრივი ორგანიზაცია Eurocon.e.V–ის ეგიდით არსებობს მოზარდთა და ახალგაზრდათა მუსიკალური განათლების განვითარების, კულტურის სფეროში თანამშრომლობისა და ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი საერთაშორისო პროექტი „კამერტონი“ (www.kammerton.eu). urocon.e.V –ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ცნობილი გერმანელი მოღვაწე, ქალბატონი ლიუდმილა ფონ ბერგი.
პროექტ „კამერტონის“ მიზანია განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოზარდებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, ახალგაზრდა კლასიკური მუსიკოსების საერთაშორისო კარიერის ჩამოყალიბება, მასტერკლასებისა და საკონცერტო გამოსვლების ორგანიზება, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და განვითარება. პროექტის მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბერლინის სენატი და ა.შ.
„კამერტონის“ პარტნიორი ქვეყნების რიგს 2011 წელს საქართველოც შეემატა. „კამერტონი-საქართველოს“ მუსიკალური ხელმძღვანელია პიანისტი კირა ლელაშვილი. სწორედ 2011 წლიდან რეგულარულად იმართება ქართველი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული კამერული შემადგენლობების კონცერტები საქართველოში და საგასტროლო გამოსვლები გერმანიის ქალაქებში. საგულისხმოა, რომ ამ კამერულ ანსამბლებში მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეები, თბილისის კონსერვატორიის სტუდენტები. სხვადასხვა დროს „კამერტონი-საქართველოს“ სახელით გერმანიაში გამართულ კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა: ირმა გიგანმა, გიორგი ოიკაშვილმა, დავით ჯინჯიხაძემ, სანდრო სიდამონიძემ, ანი გიგაურმა, თათა მახარაძემ, ინალ ჯიოევმა, სენდი ვართანოვმა, სალომე ჟორდანიამ, ნატა როინიშვილმა, ნოდარ მდივანმა, ლევან უგულავამ, თამარ ტყაბლაძემ, თინათინ კობერიძემ, მარიამ დარჩიაშვილმა და სხვ. წლების მანძილზე პროექტის მხარდამჭერი და ხელშემწყობია ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი (დირექტორი გიორგი ქორქაძე), რომლის ბაზაზეც მიმდინარეობს სარეპეტიციო სამუშაოები.
პროექტი “კამერტონი” დიდად უწყობს ხელს ქართული საკომპოზიტორო და საშემსრულებლო სკოლის პროპაგანდა-პოპულარიზაციას საქართველოსა და გერმანიაში, ახალგაზრდების საშემსრულებლო რეპერტუარის გამდიდრებას ქართული და მსოფლიო შედევრებით, ახალგაზრდების საანსამბლო საშემსრულებლო ხელოვნების ხარისხის ამაღლებას, მათ საგასტროლო მოღვაწეობასა და შემოქმედებით წინსვლას.
„კამერტონი-საქართველომ“ წლების განმავლობაში დაიმკვიდრა მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი. ამას მოწმობს გერმანიაში, საქართველოსა და სომხეთში გამართული კონცერტები, ერთობლივი შემოქმედებითი ინიციატივები, გამოხმაურებები ქართულ და გერმანულ მედიაში და, რაც უმთავრესია, მსმენელთა ის გულწრფელი სიყვარული, რომელიც ამ ახალგაზრდებმა მოიპოვეს სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.
პანდემიის პერიოდში შეჩერდა „კამერტონი-საქართველოს“ უცხოეთში საგასტროლო გასვლები, თუმცა, მან საქართველოში გამართულ არაერთ კონცერტსა და ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. და აი, წლეულს, აგვისტოში ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები კვლავ გამართავენ კონცერტებს გერმანიის ქალაქებში.
მანამდე კი, 1 ივლისს, 18 საათზე ახალგაზრდები ქუთაისელი მსმენელების წინაშე წარსდგებიან. „კამერტონი-საქართველოს“ შემადგენლობაში იქნებიან თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: გიორგი ოიკაშვილი (კლარნეტი), ელენე კვანტალიანი (ფორტეპიანო), ფალანდა ღვინჯილია (ტენორი), ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები: ნატალია ტურიატკო (ვიოლინო), ეკა ნიკოლაძე, გიორგი წიკლაური (ფორტეპიანო). კონცერტს უმასპინძლებს ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი. ახალგაზრდების საკონცერტო პროგრამაშია მოცარტის, შუბერტის, შუმანის, ვერდის, ვენიავსკის, კრეისლერის, ჯორდანოს, მასნეს, უილიამსისა და აზარაშვილის ნაწარმოებები.
ღონისძიების მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტის პარტნიორი კი ააიპ „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“.
წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა მუსიკოსებს!