საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები დარჩა. პოლიტიკურად ეს ძალიან მცირე დროა და, იმის მიუხედავად, რომ ახლა ძალიან ცხელა და არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში შვებულებების პერიოდია, დასასვენებლად არავის სცალია, ყველა ცდილობს, ვითარება ახლა „დაქოქოს“, სექტემბერში განავითაროს და ოქტომბრის ბოლოს პიკს მიაღწიოს.
ეს შემოდგომა პოლიტიკური თვალსაზრისით მთელი მსოფლიოსთვის ძალიაან მნიშვნელოვანია. სხვა თუ არაფერი, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, ოლაფ შოლსაც ისევ უნდა კანცლერის სავარძელი და მასაც მოუწევს ბრძოლა. ამ დროს პატარა საქართველო, წესით, არავის უნდა აინტერესებდეს, მაგრამ ჩვენთან გასამართ არჩევნებს ბევრი ლამის ისეთ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორსაც ამერიკის არჩევნებს. საერთოდ, აშშ-ში ვითარება აჭრილი რომ არის, ყველა ხვდება. ლიბერალური ფრთა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებში დონალდ ტრამპმა არ გაიმარჯვოს, ამ მიზნით ლეონიდ ბრეჟნევის ჩინურ ვარიანტად ქცეული ჯო ბაიდენი რბოლას ჩამოაშორეს და ახალგაზრდა კონკურენტი დაუყენეს ტრამპს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, წითურ ამერიკელს კამალა ჰარისმა აჯობოს.
და რა გააკეთა ქართულმა ოპოზიციამ? მიხვდა, რომ შეიძლება მართლაც ტრამპმა გაიმარჯვოს და, თუ აქამდე აგინებდნენ, ოლიგარქსა და ბიძინა ივანიშვილის ამერიკულ ვარიანტს ეძახდნენ, ახლა მისტერ დონალდი მათთვის დემოკრატიის გარანტი და უახლოესი მეგობარი გახდა. მერე რა, რომ იგივე ტრამპი ამბობს, გამარჯვებიდან ორ თვეში უკრაინაში ომს დავასრულებო? მთავარი ხომ ის არის, ტრამპის ადმინისტრაციამ „გააპრავოს“ ის ჩანაფიქრი, რომელიც ოპოზიციას, ბაიდენის ამჟამინდელ ადმინისტრაციასა და ევროპის ლიდერებს აქვთ. ჩანაფიქრი კი ისე დაუფარავია, რომ აგერ ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგმანტას პავილიონისმაც კი ალალად თქვა:
„მე 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში ვერ ჩამოვალ იმიტომ, რომ ჩვენც გვაქვს არჩევნები და, როგორც ჩანს, მეორე ტურიც იქნება, მაგრამ, თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, ნუ ინერვიულებთ, მე ჩამოვალ აუცილებლად და სხვა მეგობრებიც ჩამოვლენ. ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ ეს არის თქვენი უკანასკნელი ბრძოლა. მე ვხედავ, როგორ იბრძვის ბელარუსი ხალხი თავისუფლებისთვის ბოლო 30 წელი, ვნახე იგივე ტენდენციები, იგივე რუსული მეთოდები და ვთვლი, რომ ეს არჩევნები საქართველოში, შესაძლოა, უკანასკნელი იყოს. ბაიდენის სიტყვები რომ გავიმეორო, დიქტატორები და მეფეები არ იგებენ, ხალხი იგებს. ამიტომ, თუ ქართველ ხალხს სურს მშვიდობა ევროატლანტიკურ ოჯახში, მაშინ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი პოლიტიკური მიზნები“.
თუ გახსოვთ, ზუსტად იგივე განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთმაც. როგორც ლიეტუვაში, ისე გერმანიაშია არჩევნები და ამ ადამიანებს მაინც საქართველოსთვის სცალიათ. რატომ? მიზეზი ძალიან მარტივია – საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც დასავლეთს წინააღმდეგობას უწევს. სომხეთიც კი, რომელიც თითქოს არ იყო დასავლეთის მხარეს, ახლა ევროპას ეაჯება, ვიზალიბერალიზაცია გვაღირსეთო და იგივე ევროპა აზერბაიჯანს თითსუქნევს თითქოს, თუმცა ჯერჯერობით ფრთხილად, რადგან აზერბაიჯანს თურქეთის სახით ძალიან ძლიერი მოკავშირე ჰყავს და მათთან სიფრთხილეა საჭირო. აი, საქართველო კი ცდილობს, მარტომ მოიპოვოს დამოუკიდებლობა და როგორმე ნეიტრალური სტატუსი მოირგოს, რასაც უბრალოდ არ გვანებებენ.
აგერ პავილიონისი ამტკიცებს, ლიეტუვაში უმძიმესი არჩევნები გვექნება თავის მეორე ტურითო (ანუ ქვეყანაში სტაბილური სიტუაცია აშკარად არ არის და მოსახლეობის უმრავლესობას ერთი კონკრეტული პარტიის არ სჯერა), მაგრამ ის მაინც საქართველოზე აკეთებს აქცენტს და ესეც დასავლეთის დავალებაა – პავილიონისმა ზუსტად იცის, რომ ლიეტუვას „გასატეხი და დასაჩაგრი“ არაფერი სჭირს, მერე რა, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გასვლის შემდეგ ამ ქვეყნის მოსახლეობა ლამის 800 ათასით შემცირდა, ახლა მთავარი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაა, რათა მორჩილმა ოპოზიციამ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც ევროპა და ამერიკა ეტყვიან და გააკეთოს უმთავრესი – მეორე ფრონტი გაუხსნას რუსეთს, რათა საქართველო აღიგავოს პირისაგან მიწისა და ზუსტად ისევე დაიხრჩოს საუკუნოდ ვალებში, როგორც ახლა უკრაინა იხრჩობა. ჰო, ოფიციალური გათვლებით, უკრაინას, ყველაზე იდეალურ შემთხვევაში, ევროპისა და ამერიკის ვალებისგან გასათავისუფლებლად 70 წელი სჭირდება. ეს იდეალურ ვარიანტში, თორემ რეალურად უკრაინელებს ამის მისაღწევად საუკუნეც არ ეყოფათ. ჰო, ახლა ითქვა ხმამაღლა, რომ, მაგალითად, ამერიკიდან მიღებული დახმარების 90% ჩვეულებრივი სესხია და არა საჩუქარი, როგორც ეს აქამდე იყო თქმული.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი მზად არიან მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. ისინი კულუარებში ამბობენ, რომ არჩევნების მოგება არ იქნება პრობლემა, მთავარი პრობლემა მოგებულის ლეგიტიმაცია იქნება. დასავლეთი ყოველგვარი შელამაზების გარეშე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს „ქართული ოცნება“ მოიგებს, ამ შედეგს არ აღიარებს. ჰო, იმას კი არ ამბობს, არჩევნებს დავაკვირდებით და ღირსეული გაიმარჯვებსო, არამედ პირდაპირი მითითებაა – უნდა დამარცხდეს „ოცნება“ და სულ არ აინტერესებთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ერი.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, რომ არჩევნებზე ევროპა-ამერიკიდან არ იქნება ძალიან ბევრი დამკვირვებელი, თუმცა ისინი მაშინ ჩამოვლენ, როცა არჩევნების შედეგები გამოქვეყნდება და ჩამოვლენ ყველა ვარიანტში: მოიგებს „ოცნება“ – ჩამოვლენ გასაპროტესტებლად, წააგებს „ოცნება“ – ჩამოვლენ საზეიმოდ და ოპოზიციისთვის მითითებების მისაცემად. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და გვჯერა, რომ გამარჯვებას არამხოლოდ მოვიპოვებთ, არამედ მის ლეგიტიმაციასაც შევძლებთ, რადგან აქ მყოფ დამკვირვებლებსა და ადგილობრივ არასამთავრობოებს საჩივრების დაწერის შანსი არ ექნებათ“, – გვეუბნება ხელისუფლების წარმომადგენელი.
პავილიონისმა შემთხვევით არ ახსენა ბელარუსი. თუ გახსოვთ, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე დასავლეთს სერიოზული იერიში ჰქონდა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გაშვება გადაწყვეტილი იყო, მაგრამ, უზარმაზარი ფინანსების მობილიზების მიუხედავად, დასავლეთს არ ჰქონდა მთავარი – ადამიანური რესურსი და ეს რესურსი ვერც თანხების მობილიზების შედეგად უზრუნველყო. რეალურად, ამის იმედად არის საქართველოს ხელისუფლებაც, მას მოსახლეობის სიბრძნის იმედი აქვს, მაგრამ ხელისუფლებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ერი სოციალურად ძალიან შეჭირვებულია და არა ერთი და ორი გამოჩნდება ისეთი, რომელიც აქციებზე დგომის სანაცვლოდ დღიურად 100 თუ 200 ლარის მიღებას დათანხმდება, ოპოზიცია კი სიმრავლის ილუზიას შექმნის ზუსტად ისე, როგორც ეს მარტის აქციების დროს იყო, როცა მოსახლეობას პირდაპირ ტელევიზიიდან უცხადებდნენ: თქვენ ოღონდ მოდით, დანარჩენი ჩვენზე იყოსო. აქციები დღეში მილიონები ჯდებოდა თავისი განათებებით, საკვებით, დასარიგებელი ფულით, კარვებითა და საწვიმარებით. დასავლთმა ეს თანხა გაიღო, ეგონათ, რომ ეს ბოლო აქტი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ გენერალური რეპეტიცია გამოდგა იმისთვის, რისთვისაც შემოდგომაზე ემზადებიან.
ოპოზიცია ცდილობს, ერთობა დაანახვოს დასავლეთს – ცხვარი და მგელი ერთად ძოვენო. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ალეკო ელისაშვილი მამუკა ხაზარაძის ფრთის ქვეშ გაერთიანდებოდა. ის ელისაშვილი, რომელმაც ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში კორუფცირებული მევახშე უძახა, დაადანაშაულა იმაში, რომ ნაციონალების ზეობის ხანაში ღამის 2-3 საათზე ადამიანებს ქონებას ბანკში ადებინებდა და კაბალური პირობებით კრედიტს უმტკიცებდა. კრედიტის თანხა შემდეგ საპროცესო გარიგებებში მიდიოდა და გათავისუფლებული ბიზნესმენი ხაზარაძისა და მისი ბანკის ლუკმა ხდებოდა. ჰო, კორუფციის ეს სქემა ელისაშვილმა დეტალებში მოყვა, ხაზარაძეს პირდაპირ ეთერში ლამის დედა აგინა, ახლა კი… ახლა თურმე ყველა წყენა უნდა დაივიწყონ და „ოცნება“ დაამარცხონ. არადა, ეს წყენა არ არის, ეს არის უმძიმესი ბრალდება და, თუ ელისაშვილი მართალია, მაშინ ხაზარაძე ნაძირალა და კრიმინალი გამოდის, ასეთ პიროვნებასთან გაერთიანება კი არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ელისაშვილი ცრუობდა, მაშინ ის გამოდის ნაძირალა და ხაზარაძე არ უნდა გაეკაროს, მაგრამ ეს დასავლეთის მოთხოვნაა და ქართული ოპოზიცია დასავლეთს, უბრალოდ, ემონება, ამიტომაც ასრულებს დასავლელთა ყველა მითითებას, ამიტომ აქვს თავმოყვარეობა და ღირსება განულებული, თორემ კაცმა ასეთი ბრალდებები წაგიყენოს, ბოდიში არ მოიხადოს და გვერდით დაიყენო, მასთან ერთად მაგიდასთან დაჯდე… რა ვიცი, არ ხდება ასე თავმოყვარე ადამიანებში…
არჩევნებამდე 3 თვეზე ნაკლები დარჩა და სწორედ ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს, რომ ერი მზად იყოს დასავლეთის სცენარის გასაპროტესტებლად, საჭიროების შემთხვევაში კი ყველას დაანახვოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და არა მათი.
ლევან გაბაშვილი