Home ახალი ამბები საქართველო საწვავი კიდევ გაძვირდება, რადგან რუსეთი საწვავზე დაწესებულ აკრძალვას, დიდი ალბათობით,  ახალ წლამდე...

საწვავი კიდევ გაძვირდება, რადგან რუსეთი საწვავზე დაწესებულ აკრძალვას, დიდი ალბათობით,  ახალ წლამდე არ გააუქმებს

ჰოდა, ვთხოვოთ „სტრატეგიულ პარტნიორებს“, იმ ფასად მოგვცენ საწვავი, რომელ ფასადაც რუსეთი გვაწვდიდა

313

საქართველოში პოლიტიკური პოპულარობის მოხვეჭა ძალიან იოლია. საკმარისია, ხმამაღლა და საჯაროდ  აგინო რუსეთს და იმ დღესვე  ყველა ოპოზიციური არხის ვარსკვლავი ხდები, პირდაპირ ეთერში გსვამენ, დროს გითმობენ და სიყვარულით აღსავსე თვალებით გიმზერენ. მთავარია, აღებულ გეზს არ გადაუხვიო და რუსეთს აგინო, არ აქვს მნიშვნელობა, იმსახურებს თუ არა ამას ჩვენი მეზობელი, აქვს თუ არა რამესთან კავშირი… რუსეთი ხომ მტერია და ამიტომ აუცილებელია მისი კრიტიკა…

გასულ კვირას ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. ეს პროცესი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის წარმოებულმა 3-დღიანმა ომმა, რუსეთიდან საწვავის გატანის აკრძალვამ და კიდევ ცალკეულმა ფაქტორებმა გამოიწვია, მაგრამ გამოვიდნენ „ექსპერტები“ და ყველაფერი იმას დააბრალეს, რომ თურმე აგვისტოში რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა, რამაც საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინება შეამცირა და ეროვნული ვალუტა სწორედ რუსეთის გამო გაუფასურდა. არადა, იმავე მონაცემებით, აგვისტოში ფულადმა გზავნილებმა  ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკიდანაც იკლო, მაგრამ დასავლეთს ხომ არ დავადანაშაულებთ, როცა აგერ რუსეთი გვყავს და ამიტომ ყველაფერი ჩრდილოელ მეზობელს უნდა დავაბრალოთ.

აზერბაიჯანსა და  სომხეთს შორის  სამდღიანი ომი ტყუილად არ გვიხსენებია. როგორც კი პირველი ტყვია გავარდა მთიან ყარაბაღში, ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები რიგში ჩადგნენ და ყველამ ცალ-ცალკე გამოხატა შეშფოთება, რამდენიმემ – აღშფოთებაც კი და მხარეებს მოუწოდეს, სამხედრო დაპირისპირება  შეეწყვიტათ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. ეს არც ერთმა მხარემ არ გააკეთა და შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა (არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მხარეს), რამდენიმე ათასი ადამიანი დევნილად იქცა და დასავლელმა პარტნიორებმა ხელები დაიბანეს – კონფლიქტი დასრულდა, გარდაცვლილები მათთვის უბრალო სტატისტიკაა და ახლა  ამბობენ, სომხეთი და აზერბაიჯანი უნდა შევარიგოთო. თუმცა შერიგებამდე იყო აქციები სომხეთის პრემიერის გადადგომის მოთხოვნით; ერევანში, მთავრობის სახლის წინ, იარაღიც კი გავარდა და, სანამ დასავლეთი იმას ამტკიცებდა, რომ ეს აქციები რუსეთიდან იმართებოდა, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილი 270 პირი დააკავეს. ჰო, ეს ინფორმაცია დასავლეთმა ერთ ყურში შეუშვა და მეორედან გამოუშვა, ვითომ არც გაუგია, კომენტარი არც ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა (იმ ზელენსკიმ, რომლის გამოსვლასაც გაეროს დარბაზში 10 კაცი უსმენდა) და საუბარი იმაზე, რომ სომხეთში აქციებს რუსეთი მართავდა, შეწყდა. სამაგიეროდ, ახლა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახდა რუსეთის აგენტი და იცით, რატომ? სამდღიანი ომის დასრულების შემდეგ ბაქოს ქუჩებში გამოსულ მოსახლეობას ავტომობილებზე რუსეთისა და თურქეთის დროშები ჰქონდა დამაგრებული. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ალიევიც და მთელი აზერბაიჯანელი ერიც რუსეთის აგენტებად შეერაცხათ. ანუ, თუ რუსეთის მიმართ მადლიერების განცდა გაქვს, სამშობლოს მოღალატედ გაცხადებს დასავლეთი და არ აქვს მნიშვნელობა, აზერბაიჯანელი ხარ, ქართველი თუ მოზამბიკელი. მთავარია, რუსეთზე კარგი არ წამოგცდეს.

ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. ქვეყანაში საწვავი გაძვირდა და გაძვირდა იმის გამო, რომ რუსეთმა ქვეყნიდან საწვავის გატანა შეაჩერა. აბა, ამ შანსს ოპოზიცია ხელიდან როგორ გაუშვებდა?!  გამოვარდნენ და აყვირდნენ: რუსეთის ბრალია, საწვავი რომ ძვირდება, ხომ ვამბობდით, ჩვენი მტერიაო. არადა, როცა რუსეთიდან ბოლო თვეების განმავლობაში იაფი საწვავი შემოგვქონდა, მადლობა არავის უთქვამს.  ბატონებო, ხომ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ევროპა? ხომ შემოგვაქვს ახლა საწვავის უდიდესი ნაწილი ევროპიდან (ნაწილი თურქმენეთიდან შემოდის)? ჰოდა, ვთხოვოთ სტრატეგიულ პარტნიორებს, იმ ფასად მოგვცენ საწვავი, რომელშიც  რუსეთი გვაწვდიდა, მაგრამ არა – ევროპას თავისი ხედვა და ბიზნესი აქვს და  რა ეღირება საქართველოში ბენზინი საერთოდ არ აინტერესებს. გაძვირება კიდევ გაგრძელდება, რადგან, დიდი ალბათობით, რუსეთი საწვავზე დაწესებულ აკრძალვას ახალ წლამდე არ გააუქმებს…

ისე, 30 წელზე მეტია, პურისთვის საჭირო ხორბალი და ფქვილი სწორედ რუსეთიდან შემოგვაქვს. 30 წელზე მეტია, ამაზე იაფი და სარფიანი ბაზარი ვერ ვიშოვეთ და, რუსეთმა ხორბლის გატანაზეც რომ აკრძალვა დააწესოს, პურიც აუცილებლად გაგვიძვირდება და… ესეც რუსების ბრალი იქნება, თორემ ევროპა და ამერიკა რა შუაშია, ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ჩვენთვის ცუდი ხომ არ ენდომებათ?!  ამ 30 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც გამოსულა რომელიმე ქართველი პოლიტიკოსი და მადლობა უთქვამს რუსეთისთვის იმის გამო, რომ ყოველწლიურად ასეულობით მილიონს ვზოგავთ ხორბალსა და ფქვილში? ვინმეს წამოსცდა, რომ რუსეთთან ეგებ გრძელვადიანი ხელშეკრულებები გაგვეფორმებინა და თანამშრომლობა გაგვეღრმავებინა? მაშინ, როცა იქიდან საწვავის შემოტანა დავიწყეთ, ხომ შეიძლებოდა, ვინმეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომ რაიმე აკრძალვის შემთხვევაში საქართველოზე  არ გავრცელდებოდა? მაგრამ ამას როგორ გავბედავდით, დასავლეთი ხომ გაგვიბრაზდებოდა, – საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთთან ხელშეკრულებას აფორმებთო?! მერე რა, რომ ორიოდე დღის წინათ გერმანიის სახელმწიფო კომპანიამ რუსეთთან თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე ხელშეკრულება განაახლა და ზამთარს იმედიანად ხვდება. მერე რა, რომ ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე ლამის მთელ ევროპას აქვს გამზადებული კონტრაქტები და რუსეთთან ვაჭრობის აღდგენას აპირებს. ეს მათთვის შეიძლება, თორემ ჩვენთვის არა.  ჩვენ კანდიდატის სტატუსი თუ გვინდა, უნდა დავიტანჯოთ და შიმშილის ზღვარზე ვიცხოვროთ, „ცალ ფეხზე“ უნდა დავდგეთ…

ფულად გზავნილებს რაც შეეხება, ამ პერიოდში ყველა ქვეყნიდან იკლებს გადმორიცხვები, ეს წლიდან წლამდე ასეა და წლიდან წლამდე ყველაფერს მხოლოდ რუსეთს ვაბრალებთ. მერე რა, რომ ყურძნის მოსავალი იმის იმედად ავიღეთ, რომ ღვინოსა  და სხვა ალკოჰოლურ სასმელს სწორედ რუსეთში გავყიდით და მოსავლის 80%-ს სწორედ რუსეთში ვასაღებთ. მერე რა, რომ ქართული ტურისტული და სარესტორნო ბიზნესი გასულ ზაფხულს სწორედ რუსების ხარჯზე გადარჩა და სული მოითქვა, მთავარი ხომ ის არის, რომ რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა და ჩრდილოელი მეზობლის კრიტიკის საფუძველი მოგვეცა. არაერთხელ დაგვიწერია, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, ამ ყველაფერს ბოლო მოუღოს და კონკრეტულად, ეკონომიკური მიმართულებებით, რუსეთთან ძალიან სარფიანი ხელშეკრულებები გააფორმოს, ისეთი, რომლის გაფორმებასაც ევროპის დიდი ქვეყნები აპირებენ (გაფორმებას კი არა, განახლებას) და ჩვენ რატომ ვცდილობთ, რომ მაინც გავიჭირვოთ, გაუგებარია. აგერ, უკრაინის მეზობელი და თითქოს ყველაზე ახლო მეგობარი პოლონეთიც კი აცხადებს, რომ უკრაინა ჩასაძირად განწირულ ადამიანს ჰგავს, რომელმაც შეიძლება ჩაგითრიოს, ამიტომ პოლონელები ზამთრისთვის სწორედ რუსეთთან აპირებენ ურთიერთობის მოგვარებას, ჩვენთან კი ამ მიმართულებით ჩამიჩუმი არ ისმის. ზამთარში ხომ სტატუსს ველოდებით და ახლა რუსეთთან ურთიერთობის დათბობამ შეიძლება ამ სტატუსის მოცემაზე უარყოფითად იმოქმედოს, მერე ხალხი ქუჩაში გამოვა, მერე შეიძლება ვიღაცებმა ძალაუფლება დაკარგონ... არადა, ხალხს მშვიდობა და ფინანსური სტაბილურობა სურს და, თუ ეს ექნება, ვერანაირი სტატუსი ან  უსტატუსობა ქუჩაში ვერ გამოიყვანს. ჰოდა, მშვიდობისა  და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი, ბოლო წლებია, სწორედ რუსეთი რომ არის, ცხადად ვხედავთ, მაგრამ აღიარება არ გვინდა…

როგორც წესი, წინასაახალწლოდ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა იზრდება და ლარი აუცილებლად გამყარდება. ამ პერიოდში გადამორიცხვებიც იმატებს და მოიმატებს ყველა ქვეყნიდან, თუმცა ვაი, რომ, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია არაფერს იტყვიან რუსეთზე და ლარის გამყარებას ისევ დასავლეთს დააბრალებენ, აქაოდა, ევროპა-ამერიკიდან შემოვიდა დიდი თანხები და ვალუტას იმიტომ ეშველაო. მერე რა, რომ გადმორიცხვებში (შემცირებულშიც კი) პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია და მომავალშიც სწორედ ის იქნება, ჩვენ ხომ ამას არ ვაღიარებთ და ამის დანახვა არ გვინდა.

ზამთრის კურორტებზე არსებული სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ საახალწლოდ ნომრების დაჯავშნა უკვე დაწყებულია და ჯავშნის 70%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, ანუ ისინი ახალი წლის შეხვედრას აქ აპირებენ, რაც საქართველოს ბიუჯეტში შესული კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ამის მიუხედავად, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ტელევიზიები იმავე ზამთრის კურორტებზე რომელიმე ამერიკელ ან ევროპელ ტურისტს მონახავენ და სატელევიზიო ეთერს მას დაუთმობენ. ასე გაგრძელება რომ აღარ შეიძლება, ყველამ იცის, მაგრამ მაინც გრძელდება და, როდემდე გამოვცდით რუსეთის მოთმინებას, ვერც ამას გეტყვით. ჰო, როგორც კი რუსეთის მხრიდან ისეთი ნაბიჯი გადაიდგმება, რომელმაც  შეიძლება ისე გვავნოს, როგორც, მაგალითად, ახლა საწვავის ფასის მატებამ გვავნო, მაშინვე რიგი დადგება იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც რუსეთს გააკრიტიკებენ და ათასმეერთედ გამოაცხადებენ მტრად. ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლელმა „სტრატეგიულმა“ პარტნიორებმა ტაში დაგვიკრან.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here