Home ახალი ამბები საქართველო საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა

საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა

დღეს იმ ადამიანთა ერთობა, რომელსაც ოპოზიცია ჰქვია, ყველაფერზეა წამსვლელი, ევროპამ კი ნათლად დაგვანახვა, რომ საქართველოში მშვიდობა არ სჭირდება

239

ევროკავშირმა 23 ან 24 ივნისს ოფიციალურად უნდა თქვას, გვანიჭებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა, ევროკომისიის რეკომენდაციით თუ ვიმსჯელებთ, ამის პერსპექტივა ნაკლებად გვაქვს. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის, მაგალითად, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, 1973 წელს კავშირში შესული გაერთიანებული სამეფო იქიდან 2020 წელს გამოვიდა. და კიდევ: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, ევროკავშირში მიღებას 1999 წლიდან გვპირდებიან და იმასაც გვეუბნებიან, რომ რეფორმები უნდა გავატაროთ, მაგრამ ამ რეფორმებს ბოლო არ უჩანს და, რაც მთავარია, ჩვენ არასოდეს გავატარებთ ისეთ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგებაო.

თუ გახსოვთ, ხელისუფლებაში ნაციონალების ყოფნისას მაპ-ს ველოდებოდით, ანუ მას თუ მოგვცემდნენ, ნატოში გაწევრების კანდიდატები ვხდებოდით. მაპ-ი არ მოგვცეს, მაგრამ რაც მოგვცეს, ნაციონალებმა გამოგვიცხადეს, მაპ-ზე უკეთესიაო. სამაგიეროდ,  საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის  დატოვების შემდეგ, ნიკოლა სარკოზიმ პირდაპირ თქვა: საქართველოსა და უკრაინას ნატოში არასდროს მიიღებენ, დროა, მათ ცალკე კავშირის შექმნაზე იფიქრონ, რომელშიც შავი ზღვის სხვა ქვეყნებიც შევლენო. ჰოდა, საფრანგეთის პრეზიდენტის ნათქვამი  დაგვებედა _ სანამ ევროკომისია დასკვნას დადებდა, ემანუელ მაკრონმა  თქვა, საქართველოს არც გეოპოლიტიკური და არც გეოგრაფიული მდებარეობა არ აქვს ისეთი, ევროკავშირის წევრად რომ მივიღოთო. ეს იყო პირდაპირი მინიშნება, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირში არ არის. ჰოდა, ევროკომისიამაც _ მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მივცეთ, საქართველოს კი _ გასატარებელი რეფორმების ჩამონათვალიო. სასაცილოა, რომ გასატარებელი რეფორმების ჩამონათვალში საქართველო უკრაინასაც და მოლდოვასაც იმავე ევროპელების მიერ შედგენილ სარეიტინგო სიაში დიდად უსწრებს.  დღეს ჩვენ მათზე გაცილებით უკეთესი პოზიცია გვაქვს, რეფორმების ინდექსი _ მათზე უკეთესი, მაგრამ მაინც ჩვენ გვაძლევენ რეკომენდაციას რეფორმებზე და არა მათ. ისიც აღვნიშნოთ, რომ თავის დროზე, როცა დსთ-დან გამოვედით, მთავარი მიზანი და მიზეზი ის იყო, რომ  დსთ-ში მყოფ ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირში არ მიიღებდნენ და… მოლდოვა დღემდე დსთის წევრია.

როგორ არ გავიხსენოთ, თავის დროზე, როცა მაპზე უკეთესი მოგვცეს, გასატარებელი რეფორმების მთელი ნუსხა მოაყოლეს და ისიც თქვეს, ქართველმა ჯარისკაცებმა სხვადასხვა მისიაში უნდა მიიღონ მონაწილეობაო. სამწუხაროდ, იმ მისიებში, არაერთი ქართველი ბიჭი დავკარგეთ და შედეგად რა მივიღეთ? ნატოს მყარად დახურული კარი და გასაგებად ნათქვამი, რომ ჩვენი ადგილი ნატოში არ არის და ნახევარი საუკუნის განმავლობაში კიდევ არ იქნება.

და მაინც, რა არის რეალური მიზეზი იმისა, რომ ევროკომისიამ ასეთი რეკომენდაცია გასცა? უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ კავკასიაში რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაგვეხსნა, ევროპელი ლიდერები ამას შეფარვით აკეთებდნენ. მათ ძალიან, ძალიან უნდოდათ, რომ საქართველოს გაესროლა, ანკესზე ზუსტად ისე წამოგებულიყო, როგორც 2008 წელს, და, მაშინ ანკესზე რომ წამოვეგეთ, ყველაზე კარგად სწორედ ახლა დამტკიცდა. ჯოზეფ ბაიდენმა ხმამაღლა და გამოთქმით თქვა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დაგვიჯერა, როცა ვეუბნებოდით, რომ ომის დაწყება სავსებით რეალური იყოო და ზუსტად იგივე თქვა 2008 წელს ამერიკის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა, ოღონდ იმხანად ამერიკას თურმე მიხეილ სააკაშვილმა არ დაუჯერა. არადა, ორივე შემთხვევაში დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ომი დაწყებულიყო და საქართველოს შემთხვევაში ამ ყველაფერმა არ გაამართლა, რადგან ქვეყნის მასშტაბებიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე, ყველაფერი რამდენიმე დღეში დასრულდა. ახლა კი სხვა სიტუაციაა, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო  ზესახელმწიფოს ეომება და ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ხშირ-ხშირად იმეორებს: ეს ომი, შესაძლოა, წლები გაგრძელდესო.

20 ივნისს ოპოზიციამ დედაქალაქში აქცია დააანონსა. აქციას ორი მიზანი ექნება _ ხელისუფლების “სახლში გაშვება” და ევროპელი ლიდერებისთვის შეხვეწნა: არიქა, ბიძიებო და დეიდებო, გეაჯებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვეცითო. აღნიშნულ აქციაზე მისვლას საქართველოში მყოფი ევროპელი ელჩებიც აპირებენეს უკვე დაცინვაზე მეტია. სწორედ იმ ქვეყნების ელჩები მიდიან აქციაზე, რომლის წარმომადგენლებმაც საქართველოზე უარყოფითი რეკომენდაცია გასცეს. რეალურად, ამ ყველაფერს ერთი მიზანი აქვს _ დასავლეთი ტესტავსთუ აქცია ისე აგორდება, რომ ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა გაჩნდება, მაშინ ევროსაბჭოც უარს იტყვის კანდიდატის სტატუსზე, რათა ცეცხლზე ნავთი დაასხას, ხოლო, თუ ეს აქციაც ისეთივე უნიათო და არაფრისმომცემი იქნება, როგორც ოპოზიციის წინა აქციები, მაშინ, შესაძლოა, ევროკომისიის რეკომენდაცია არ გაითვალისწინოს და რუსეთის გასაღიზიანებლად კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგრამ…

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროკავშირს პენალტი დაურტყა, როცა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ არის, თუ უკრაინა, საქართველო ან ნებისმიერი მისი მოსაზღვრე ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება. „ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ჩვენ პრობლემა ნატოში გაწევრებაზე გვაქვს, რადგან ეს არის სამხედრო ალიანსი და პირდაპირი საფრთხე რუსეთისთვის“, _ განაცხადა პუტინმა. რა გამოდის? კანდიდატის სტატუსის მოცემით რუსეთს ვერ გააღიზიანებენ, ამიტომ ისევ აქციის მასშტაბებს, პროვოკაციებსა და რევოლუციურ სცენარს უნდა მიაწვნენ და ამას აპირებენ კიდეც. ჰო, აპირებენ, რადგან არაპირდაპირი მოწოდებები ისმის, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რომ პოლიტიკოსები მეორე პლანზე იქნებიან, წინაზე კი _ ე.წ. სამოქალაქო აქტივი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ იმ აქტივშიც უმრავლესობა სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. ეგ კი არა, სახალხო დამცველიც კი ოპოზიციის ინტერესებს იცავს და საკმარისია, საქმე ხელისუფლების მხარდამჭერს ეხებოდეს, სახალხო დამცველი თითქოს არც არსებობს.

20 ივნისის აქცია აგრესიული რომ იქნება, უკვე გამოფენილი ბანერებიდანაც ჩანს და იქიდანაც, რომ ოპოზიციური მედია უკვე ადგილზეა და ყველას აგრესიული ტონით მოუწოდებს აქციაზე მისვლისკენ. პრაქტიკულად, ყველა მედიის წარმომადგენელს ვიცნობ და ვიცნობ ძალიან ახლოს, თუმცა ვერ ვხვდები, როცა ჟურნალისტი გქვია, როგორ უნდა გააკეთო ხელისუფლების შეცვლის მოწოდება? ჟურნალისტმა უნდა გააშუქოს მოვლენები ობიექტურად, უნდა თქვას, რაც ხდება რეალურად და ყელის ძარღვების დაბერვამდე არ უნდა იყვიროს: ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ესენი უნდა დავამხოთო. ახლა იტყვიან, _ სიტყვა დამხობა არ გვიხსენებიაო, მაგრამ, როცა აგრესიული ხმით მოსახლეობას შეკრებისკენ და ადგილზე დარჩენისკენ მოუწოდებ, რის მიღწევა გსურს? არადა, ამ ჟურნალისტთა უმრავლესობას ნაციონალების ხელკეტებიც ნაგემი აქვს და ბევრი სხვა რამეც, მაგრამ თითქოს აღარ ახსოვს, თითქოს ის წლები სადღაც გაქრა და იარებიც მოშუშდა.

სასაცილოა, მაგრამ საყოველთაო აქციაზე არავის უნდა გიორგი გახარიას პარტიის წევრების დანახვა, აქაოდა, 2019 წლის 20 ივნისს სწორედ გახარიამ დაგვარბიაო, მაგრამ… აბა, წყენა გვერდით გადავდოთ და ყველა გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვისო? თუ გახარია არ ითვლება, ის მაინც ამიხსენით, “იმედის” დამრბევი და ჟურნალისტების მცემელი ვანო მერაბიშვილი რატომ ითვლება საჭირო პერსონად და რატომ არის აქციის ერთ-ერთი ფარული ორგანიზატორი?

საქართველოს ხელისუფლებას  და სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწევს ბეწვის ხიდზე გავლა; მოუწევს იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ, დღეს იმ ადამიანთა ერთობა, რომელსაც ოპოზიცია ჰქვია, ყველაფერზეა წამსვლელი. ევროპამ კი ნათლად დაგვანახვა, რომ მშვიდობა საქართველოში არ სჭირდება, არ სჭირდება დავარცხნილი ქვეყანა, საქართველო მხოლოდ რუსეთის გასაღიზიანებლად არის კარგი, თორემ, თუ რუსეთს არ გავაღიზიანებთ, მაშინ არაფერში ვჭირდებით. პრინციპში, არც ახლა ვჭირდებით რამეში და ამიტომ გვიხურავენ ევროკავშირის კარს (შევთანხმდეთ, რომ ნატოს კარი უკრაინის მაგალითზე ოფიციალურად დაიხურა) და საკმარისია, ერთი ტყვია გავარდეს, რომ კანდიდატის სტატუსს ჯიბეში ჩაგვიდებენ, რათა უფრო მეტი ემოციით ვიბრძოლოთ.

სხვათა შორის, უკრაინაში უკვე 16 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. იმაზე 16-ჯერ მეტი, ვიდრე მოლდოველი (ისინი არ იბრძვიან), რამდენიმეჯერ მეტი, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის. და რა გამოდის _ ეს სისხლი ცოტაა? მეტი უნდა დაიღვაროს ქართული სისხლი, ევროპამ რომ მიგვიღოს და აუცილებლად ნასახლარს უნდა დაემსგავსოს ქვეყანა?!

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here