Home ახალი ამბები საქართველო საქართველო  დემოგრაფიული კატასტროფის უფსკრულში მიექანება

საქართველო  დემოგრაფიული კატასტროფის უფსკრულში მიექანება

შარშანდელთან შედარებით, 6 799-ით ნაკლები ვართ და, საქართველოდან დედაბუდიანად წასულებსაც თუ მივამატებთ, კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ

264

იაპონელმა მეცნიერებმა  რამდენიმე  წლის  წინათ გამოაქვეყნეს სია იმ ერებისა, რომლებსაც გადაშენება ემუქრებათ. ჩამონათვალში საქართველოც იყო და იმხანად  ამას ყურადღება არავინ მიაქცია. არადა, კვლევაში გარკვევით ეწერა, რომ  2050 წლისთვის  საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელებზე  ნაკლები იქნება. 2050  წლამდე 3 ათეულ წელზე ნაკლები დარჩა. ეს კვლევა სერიოზულად არავინ აღიქვა და მართლაც,  ძნელია, დაიჯერო, რომ ერთ დღეს საქართველოში ქართველები უმცირესობაში იქნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას   ქართველების  აზრი უმნიშვნელო იქნება. ახლა კი…

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული გასული წლის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას  შორის  6799 იყო, ანუ უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ საქართველოში  42  319 ბავშვი დაიბადა, მათგან  –   21  897 ბიჭი და 20  422 – გოგონა. წინა წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი  7,9%-ით შემცირდა, ანუ გარდა იმისა, რომ სიკვდილიანობამ  შობადობას გაუსწრო,   შობადობაც გვარიანად  შემცირდა. ყველაზე ცოტა ბავშვი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაიბადა – 246.  2014 წლის აღწერით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, 32  049 ადამიანი ცხოვრობს, ანუ 130 ადამიანზე ერთი ბავშვი მოდის, რბილად რომ ვთქვათ, ლამის 40 ოჯახზე ერთი ახალი სიცოცხლე, რაც კატასტროფულად ცოტაა.

სამწუხაროდ, მხოლოდ დემოგრაფიული მაჩვენებელი არ იწვევს შეშფოთებას. იმავე საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში 26 048 ქორწინება აღირიცხა, მაგრამ გასულ წელს 32,3%-ით მოიმატა  განქორწინების მაჩვენებელმა და 14 098 შეადგინა, ანუ 14 ათასზე მეტი ოჯახი დაინგრა. სამწუხაროა, რომ განქორწინების მაჩვენებლით  მეორე ადგილზე არის იმერეთი – 2509.  სამწუხაროდ იმიტომ, რომ იმერეთი ქართველებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. პირველობას დადებითსა თუ უარყოფით მაჩვენებლებში დედაქალაქი არ თმობს და ეს გასაკვირი არცაა –  მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი  სწორედ თბილისშია თავმოყრილი.

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ის ციფრები გავაანალიზოთ, რომლებიც  საქსტატმა მოგვაწოდა. წლიურად ლამის  7-ათასიანი კლება( სხვაობა დაბადებულთა და გარდაცვლილთა შორის), იცით, რას ნიშნავს? უწინარესად  იმას, რომ გადაშენებისკენ მივდივართ და ათ წელიწადში 70 ათასით ნაკლები ვიქნებით (თუ ამ ტემპით გაგრძელდება) და  ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორც ჩვენ ვართ, 70 ათასი ძალიან ბევრია. ამას გარდა, ახალშობილების რაოდენობის კლება თავისთავად იწვევს ერის დაბერებას, დაბერებულ ერში კი სიკვდილიანობა უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ანუ 7-ათასიანი უარყოფითი მაჩვენებელი 2-3 წელიწადში მარტივად შეიძლება 10 და მეტ ათასიანად გვექცეს.  ეს პრობლემა ხვალ და ზეგ კი არა, დღესვეა  მისახედი და მოსაგვარებელი. მთავარი კითხვა   როგორ ?  ალბათ, ხელისუფლებას უნდა დავუსვათ, მაგრამ…

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თუ გსმენიათ, რომ  რომელიმე პარტიას ან პოლიტიკოსს  წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდა გაწერილი ამ პრობლემის მოგვარების გზები ან გეგმა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოსწორდეს?  არა, რადგან არავის ადარდებს, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ერთ დღეს შეიძლება ამომრჩეველი უბრალოდ აღარ შერჩეთ? არა, ისინი ფიქრობენ მხოლოდ ერთზე – ხელისუფლებაში მოსვლასა და ძალაუფლებაზე, რის შემდეგაც, ისედაც შეცოტავებულ, ისედაც გათითოკაცებულ ერს კიდევ უფრო მოუჭიროს მარწუხები და, რაც აქვს, ისიც აღარ შეარჩინოს. შევარდნაძის ხელისუფლებას სააკაშვილის ხელისუფლება აყვედრიდა:  ხალხი გარბის საქართველოდან, აქ ცხოვრება აღარავის უნდაო. მერე „ოცნება“ აყვედრიდა ნაციონალებ“ იმავეს, ახლა პირიქით – ნაციონალები ეუბნებიან  „ოცნებას“, –  ქვეყანა იცლებაო. ეს, ალბათ, ერთადერთი შემთხვევაა, როცა ყველა მართალია – ხალხი ყველა ხელისუფლების დროს მიდიოდა და მიდის საქართველოდან, მიდის უკეთესი პირობების საძებნელად, მიდის მონობისთვის ევროპა-ამერიკაში, მიდის დამცირების ასატანად და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ფიზიკურად გადარჩეს. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ იმაზე მეტი ქართველია, ვიდრე საქართველოში. და ვაი, რომ უკან დაბრუნების სურვილი ძალიან ცოტას აქვს. ორიოდე თვის წინათ  მომხდარს გეტყვით:  ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერი საქართველოდან ამერიკაში მას შემდეგ წავიდა, როცა  მწვანე ბარათი მოიგო. აქ  3 ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი, იქ ტაქსაობს და 3 ათასი ლარი კვირაში რჩება. წაიყვანა მეუღლე, ორი შვილი და… 10 წლის შემდეგ ვიფიქრებ დაბრუნებასო, მაგრამ არ იფიქრებს; იმიტომ არ იფიქრებს, რომ მისი 8 და 10 წლის შვილები ათი წლის შემდეგ ამერიკულ ყაიდაზე იქნებიან გაზრდილი და აღარც აქაური მთა-ბარი ემახსოვრებათ და აღარც  ადათ-წესები. თვითონ თუ მოისურვებს დაბრუნებას, შვილები  ეტყვიან უარს წამოსვლაზე, იქ ისწავლიან, იქ დაოჯახდებიან და მათ შვილებს უკვე ქართულად საუბარი გაუჭირდებათ.

ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ ისიც ხომ მწარე რეალობაა, პატრიარქის მიერ  მონათლულთა  (მისმა უწმინდესობამ ყოველ მესამე შვილს მე მოვუნათლავ ოჯახებსო), რაოდენობა შემცირდა. თუ ადრე ათასობით იდგნენ ოჯახები რიგში, ახლა მათი რაოდენობა  ასეულებს ძლივს სცდება და ცხადია, რომ ის ენთუზიაზმი და აღტკინება, რომელიც პატრიარქის განცხადებას ჰქონდა, მინელდა. დემოგრაფიული ვითარების გამოსასწორებლად  მხოლოდ  საპატრიარქოს ძალისხმევა აშკარად არ კმარა. სახელმწიფო კი  ყოველწლიურად სიამაყით გვამცნობს, რომ მრავალშვილიანი  ოჯახების დახმარება 20 თუ 50 ლარით იზრდება. 50 ლარი კი არა, ამაზე  ოთხჯერ და ხუთჯერ მეტი თანხაც არ კმარა ერთი ბავშვის სრულფასოვნად გამოსაკვებად  თვეში, აღარაფერს ვამბობთ ჩაცმაზე, განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე. სამაგიეროდ, სახელმწიფო უწყებებისთვის ყოველწლიურად ავტოპარკისა თუ საოფისე ავეჯის განახლების პრაქტიკა ისე მყარად დამკვიდრდა, მის შეცვლას არც არავინ ფიქრობს და არც არავინ აპროტესტებს.

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში არც ტურიზმის განვითარებისთვის  იკლავს თავს ხელისუფლება და არც ადგილობრივებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე  საუბრობენ. როცა საქმე  მაღალმთიან სოფლებს ეხება  თავს იმით იმშვიდებენ, რომ იქ პენსია 70 ლარით მეტია და მერე რა, რომ სკოლებში, სადაც „ავადსახსენებელი კომუნისტების“ დროს 250-300 ბავშვი სწავლობდა, ახლა ერთი ათეულიც არ დადის. მერე რა, რომ სკოლაში, სადაც 7 ბავშვი დადის, 21 მასწავლებელია და ისინიც ამბობენ, რომ წლები გადის და ერთი პირველკლასელიც კი სანატრელი გაუხდათ. ადგილობრივების გამტყუნება ძნელია, რადგან ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ვერც საკუთარი თავისთვის და მით უმეტეს ვერც შვილებისთვის სოფლებში პერსპექტივას ვერ ხედავენ. განათლების დონე უმდაბლესია, ინფრასტრუქტურა – მოუწყობელი, ღირსეული სამუშაოს და შესაბამისი ანაზღაურების მოლოდინი – ნული, მოწეული მოსავლის შესაბამის ფასში გაყიდვის პერსპექტივა – განულებული, რადგან დედაქალაქამდე ტრანსპორტირება რთულია, ადგილზე ჩასული ვაჭრები კი მიზერულ თანხას იხდიან. შესადარებლად იმერეთის  სოფლებში ნაქები იმერული ყველი ბაზარზე 12-13 ლარად იყიდება, დედაქალაქში ფასი 16 ლარიდან იწყება და… გასულ კვირას აღებული ათი სინჯიდან გაირკვა, რომ ის, რასაც დედაქალაქში იმერული ყველი ჰქვია, სინამდვილეში ირანული რძის ფხვნილისა და პალმის ზეთისგან დამზადებული გაურკვეველი თეთრი მასაა. ჰო, ათი სინჯიდან (ბაზარი, სუპერმარკეტი, ქუჩა) ყველი ერთიც არ აღმოჩნდა. რატომღაც გვგონია, რომ ყველა პროდუქტის მიმართ ანალოგიური ვითარება  იქნება.

ისევ დემოგრაფიულ პრობლემებზე ვთქვათ. კარგია, როცა პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში საკუთარი ოჯახების ფოტოებს აქვეყნებენ  და მათი მხარდამჭერები კომენტარებში ილოცებიან, ღმერთმა გამრავლოთო. დაბანილ-დავარცხნილ-ბრენდებმოსხმული ბავშვების ხილვა კარგია, მაგრამ იმავე პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო: როგორ გგონიათ, ბატონებო, რიგით ადამიანებს არ სურთ, ბევრი შვილი ჰყავდეთ, მათ შვილებსაც ისეთივე მშვიდი თვალები ჰქონდეთ, როგორიც თქვენსას,  ისეთივე ლაღები და ბედნიერები იყვნენ? უნდათ, ძალიან უნდათ, მაგრამ სწორედ თქვენი ქმედებების გამო ამის შესაძლებლობა არ აქვთ. არ აქვთ დედებსა და მამებს ღირსეული სამსახური და, რაც აქვთ, იმით ახალი ბინის შეძენა გამორიცხულია. ახალი ბინა თუ არ იქნა, ახალი ოჯახის შექმნა დიდი კითხვის ნიშნის  ქვეშ დგება, რადგან ძნელია,  მიიყვანო ცოლი სახლში, სადაც დედ-მამა და  დედმამიშვილებიც ცხოვრობენ;  ძნელია იქ კიდევ ბავშვზე იფიქრო და, რაც მთავარია, იფიქრო რამდენიმე ბავშვზე. ამიტომ კეთილი ინებეთ და იმაზე იფიქრეთ, ადამიანებს ღირსეული სამსახური  რომ  ექნეთ, ღირსეული ანაზღაურება და მერე,  პატრიარქის შეძახილით კი არა, საკუთარი სურვილით ეყოლებათ მესამეც, მეოთხეც და მეხუთე შვილიც…

ოფიციალურად,  შარშანდელთან შედარებით, 6 799-ით ნაკლები ვართ და, საქართველოდან დედაბუდიანად წასულებსაც თუ მივამატებთ, კატასტროფულ მდგომარეობას მივიღებთ.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here