2026 წლის 26 ივლისს პეტერბურგში რუსეთის საზღვაო ფლოტის დღის აღსანიშნავად გამართულ შეხვედრაში ტრადიციულად მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მთავარ საადმირალო უწყებაში სამხედრო მეზღვაურებს გაესაუბრა. დღევანდელ სტატიაში საგანგებოდ შევჩერდები მის მიერ შეხვედრისას გაკეთებულ ერთ განცხადებაზე, თუმცა იქამდე მსურს, თქვენთან ერთად გადავავლო თვალი მის სხვა განცხადებებს, რომლებიც ამ შეხვედრაზე გააკეთა.
პუტინმა ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი უკრაინაში ომის დაწყების პასუხისმგებლობის საკითხს: „რუსეთს არანაირი ომი არ დაუწყია, არამედ იგი პასუხობს იმ საბრძოლო მოქმედებებს, იმ ომს, რომელიც კიევის რეჟიმმა დასავლეთის მხარდაჭერით იმდროინდელი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართ გააჩაღა“.
დასავლეთი უკრაინის ტერიტორიაზე ძირითადად უკრაინელი ჯარისკაცების ხელით აწარმოებს ომს, რომელიც უკრაინულმა მხარემ დაიწყო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, კერძოდ, დონბასის ტერიტორიაზე. უკრაინის ფაშისტურმა ხელისუფლებამ და შეიარაღებულმა ბანდამ, რომლებიც დასავლეთის მიერ არიან წახალისებული, დაფინანსებული და შეიარაღებული, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რუსი ეროვნების, თვრამეტი ათასამდე უდანაშაულო მოქალაქე მოკლა. რუსეთს არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ საკუთარი ხალხი იარაღის ძალით დაეცვა. აი, ეს არის სულ ის პასუხისმგებლობა, რომელიც რუსეთს უნდა დაეკისროს, – განაცხადა პუტინმა, და, ობიექტურნი თუ ვიქნებით, მას მოვლენათა ამგვარ შეფასებასა და ახსნაში ვერავინ შეედავება.
რაც შეეხება ფრონტის მიმართულებით ძალების მობილიზებას, პუტინმა განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევისკენ ამჟამად მიმართულია მნიშვნელოვანი სახელმწიფო რესურსები და ეს სრულიად გამართლებულია. ფლოტის შემდგომი განვითარების გეგმები, როგორც შორეულ, ისე ახლო საზღვაო ზონებში, აუცილებლად რეალიზებული იქნება. პუტინის თქმით, „სამხედრო ოპერაცია რუსეთის გამარჯვებით დასრულდება“. მას ამაში არც ერთი წამით ეჭვი არ ეპარება. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება.
პუტინი კალინინგრადის საკითხსაც შეეხო და განაცხადა: „აუცილებლობის შემთხვევაში კალინინგრადის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება ყველა საშუალებით”. ვფიქრობ, რომ ამ წინადადებაში მთელი დატვირთვა მოდის სიტყვაზე „ყველა”. პუტინმა ისიც თქვა, რომ „ამ საკითხში წინა პლანზე ბალტიის ფლოტი უნდა იდგეს და შესაბამისი ამოცანა ფლოტის წინაშე დაყენებულია”.
პუტინმა ისაუბრა უკრაინის შიგნით არსებულ მდგომარეობაზე და აღნიშნა: „პოლიტიკურ წრეებში ყველა ერთმანეთს დაუპირისპირდა, იჩხუბეს, როგორც ქილაში გამომწყვდეულმა ობობებმა. ისინი ვერ იყოფენ უკრაინელი ხალხისგან ან დასავლეთის სპონსორებისგან მოპარულ ფულს, გარბიან საზღვარგარეთ, იმალებიან და ასეთ პირობებში ერთიანი ქვეყნის შენარჩუნება შეუძლებელია”.
პუტინი შეეხო მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის მდგომარეობასაც: „გაეროს წესდება იყო თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველი, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ე.წ. ცივ ომში გამარჯვებულებმა (აშშ და კოლექტიური დასავლეთი – ვ.კ) გადაწყვიტეს, რომ წესები საკუთარ თავზე მოერგოთ. მათ უგულებელყვეს რუსეთის ინტერესები და უსაფრთხოების გარანტიები, დაარღვიეს მიხეილ გორბაჩოვისთვის მიცემული პირობა, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, და ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდნენ უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან, კერძოდ – უკრაინის მხრიდან”. ამ კონტექსტში პუტინმა იუგოსლავიის დაბომბვა ახსენა.
პუტინს მხედველობიდან არ გამორჩენია რუსეთის არმიის შეიარაღების საკითხიც:
„სამხედრო-საზღვაო ფლოტის როლი რუსეთისთვის მარადიული და უცვლელია. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრების სამოც პროცენტზე მეტი წყლის სივრცეში, ზღვებსა და ოკეანეებზე გადის. რაც შეეხება გემთმშენებლობას, რუსეთის შეიარაღებაში ჩნდება მცირე წყალწყვის თანამედროვე გემები, რომლებიც აღჭურვილია უახლესი ზუსტი იარაღით. ამასთანავე, დიდი გაბარიტების მქონე ხომალდები კვლავ რჩება ფლოტის განვითარების ძირითად ბაზად. ვითარდება ახალი ტექნოლოგიებიც. ქვეყანა აგრძელებს საზღვაო ბაზირების ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექს „ცირკონის“ აქტიურ სრულყოფასა და მოდერნიზაციას. ნუკლეარული ტრიადის საზღვაო კომპონენტი მუდმივად ძლიერდება. რუსეთი უფრო სრულყოფილს გახდის სახომალდო ბაზირების ჰიპერბგერით რაკეტა „ცირკონს”. უეკიპაჟო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი” იმყოფება დასრულების სტადიაში, სულ მალე იგი მწყობრში ჩადგება და საბრძოლო მორიგეობას შეუდგება”.
პუტინი გაკვრით შეეხო არქტიკის საკითხსაც, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში ცენტრალური მნიშვნელობისაა. მან თქვა: „ეკონომიკური ინტერესების თვალსაზრისით, არქტიკა უმნიშვნელოვანესი რეგიონია. რუსეთი განაგრძობს მის ათვისებას. ამ რეგიონში რესურსების მოპოვებისას ძალიან ფაქიზად უნდა ვიმოქმედოთ თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით. არქტიკის ბუნება უაღრესად მოწყვლადია. რუსეთი არასოდეს ცდილობდა, არქტიკის საკითხის გარშემო კონფრონტაცია გაეღვივებინა, პირიქით, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ აქ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ინტერესებს, ისევე, როგორც ჩრდილოეთის სანაოსნო გზაზე”.
პუტინმა უკრაინის დასავლეთ ნაწილს ი.ბ. სტალინის საჩუქარი უწოდა. სწორედ აქ მივადექით იმ საკითხს, რომლის შესახებაც ვთქვი, რომ მასზე საგანგებოდ შევჩერდებოდი. უკრაინის შესახებ პუტინმა თქვა: „რუსეთი იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი რეალური გარანტი, მაგრამ კიევმა მოსკოვი მტრად გამოაცხადა, ხოლო თავად რუსები საკუთარ ქვეყანაში – „არატიტულოვან ნაციად“, რაც აბსურდია, სისულელეა (бред собачий)”.
პუტინს ადრეც უთქვამს, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთ გარანტს რუსეთი წარმოადგენდა. ამ ნათქვამის გამო რა ყიჟინაც უნდა გააჩაღოს დასავლეთმა და მისმა „მეხუთე კოლონამ” თუნდაც რუსეთში, ეს სწორია. მეტსაც მოგახსენებთ. პუტინის ეს ფორმულა საქართველოზეც ვრცელდება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ისტორიულ მტრად გვყავს გამოცხადებული და მასთან დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აღიარებული აქვს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, საქართველოს ერთიანობის გარანტი დღემდე რუსეთია. რომ არა რუსეთის ფაქტორი, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიები უკვე გადანაწილებული ექნებოდათ მეზობელ სახელმწიფოებს. საკითხს მხოლოდ ფრაგმენტულად თუ ვუყურეთ, გლობალურად ვერ დავინახავთ, მაგრამ გლობალურად თუ შევხედავთ, ფრაგმენტებიც სწორად გამოჩნდება. სამწუხაროდ თანამედროვე ქართველების სენი, როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, საკუთარი სამრეკლოდან რეკვაა.
პუტინი კი განაგრძობდა:
„უკრაინა დროთა განმავლობაში აუცილებლად დაკარგავს თავის დასავლეთ ტერიტორიებს – იმასაც, რაც ადრე პოლონეთს ეკუთვნოდა, უნგრეთს ეკუთვნოდა და რუმინეთს ეკუთვნოდა“. პუტინის თქმით, „ეს პროცესი გარდაუვალია, თუმცა მას შეიძლება წლები ან ათწლეულები დასჭირდეს, სანამ ყველაფერი ისტორიულ კალაპოტში ჩადგება “.
განსაკუთრებული ყურადღება პუტინის სწორედ ამ ნათქვამს მინდა მივაპყრო. პუტინმა დაკარგული ტერიტორიების თვალსაზრისით ისტორიული სამართლიანობის აღდგენა დაუშვა; კი არ დაუშვა, ეს გარდაუვალიაო, თქვა. იგი, მართალია, უკრაინის შესახებ საუბრობდა, მაგრამ ფორმულა ხომ იმისთვისაა, რომ ნებისმიერს მიესადაგოს. როდესაც ისტორიული მომენტი დგება, ვითარება მწიფდება და აპოგეას აღწევს, ყველაფერი საკუთარ (ბუნებრივ) ადგილს პოულობს. როგორც ეკლესისტე გვასწავლის, „ბუნებაში ყველაფერი წრეზე მოძრაობს და თავის საწყის ადგილს უბრუნდება: მზე ამოდის და ჩადის, რომ ისევ იქიდან ამოვიდეს; ქარი ბრუნავს და თავის წრეს უბრუნდება; მდინარეები ზღვას ერთვებიან, მაგრამ წყალი ისევ იმ გზას განაგრძობს“. მთავარია მიზნის ურყევობა, შინაგანი მზადყოფნა და სწორი მიმართულებით სვლა. თუკი იმ სახელმწიფოს ტერიტორიები, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდშიც კი ცალკე (დამოუკიდებლად) გაეროს წევრი იყო, შეიძლება ისტორიულ სინამდვილეს დაუბრუნდეს, მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში წინ რა უნდა აღუდგეს, მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე შეკითხვა – ვაკმაყოფილებთ აუცილებელ პირობებს, ანუ გვაქვს მიზნის ურყევობა, შინაგანი მზადყოფნა და, რაც მთავარია, გვიჭირავს სწორი გეზი?
ვალერი კვარაცხელია







