Home ახალი ამბები საქართველო რუსთაველის პროსპექტზე დაკარგული ქალწულობა

რუსთაველის პროსპექტზე დაკარგული ქალწულობა

ჩვენი ქალბატონი, ანუ ევროპა, რომელიც ხანძარმა შთანთქა

629

დიდი ხანძრების ისტორია ევროპაში საკმაოდ ვრცელია, მაგრამ მათ შორის  რამდენიმეა გამორჩეული მისი მასშტაბურობისა და მნიშვნელობის გამო.

* 64 წელს რომში მოხდა გრანდიოზული ხანძარი, რომელიც საშინელი ქარიშხლის პირობებში ექვსი დღე-ღამე ბობოქრობდა და თითქმის მთელი რომი გადაწვა.

* 1421 წელს ხისგან ნაშენები ამსტერდამი მთლიანად დაიწვა. ამსტერდამში ძლიერი ხანძარი 31 წლის შემდეგაც განმეორდა -1452 წელს.

* 1666 წელს ლონდონში მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომელიც ისტორიას დიდი ხანძრის სახელით შემორჩა, მთელი ქალაქი ხელახლა ასაშენებელი გახდა. სხვათა შორის,  ეს ხანძარი ცნობილია იმით, რომ ჭირი, რომელიც იმ დროს ლონდონში მძვინვარებდა, ხანძრის შედეგად გაქრა.

* 1728 წელს ხანძარმა იფეთქა კოპენჰაგენში, ცეცხლმა ისტორიისა და კულტურის ძეგლები,  მუზეუმები და უნიკალური საარქივო მასალა გაანადგურა.

* 2019 წელს პარიზში გაჩენილმა ხანძარმა მთლიანად შეიწირა ნოტრ დამი (პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი), რომელიც ტაძართა ნიმუშად მიიჩნეოდა.

ევროპაში ბევრი სხვა საშინელი ხანძარი ყოფილა, რომლებსაც არამხოლოდ ისტორიული ძეგლები,  არამედ უდიდესი და ულამაზესი ქალაქები ეწირებოდა, მაგრამ არასოდეს მომხდარა ისეთი ხანძარი, რომელიც მთელ ევროპას მოედებოდა და შეიწირავდა.

2023 წლის 14 მარტს თბილისში გაჩაღებულმა ხანძარმა კი მთელი ევროპა შეიწირა. ნუ ღელავთ, ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობ. რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა დემონსტრაციულად ჩამოგლიჯეს დაპროტესტის ნიშნად დაწვეს. არ ვიცი, ვინ არიან ამის ჩამდენი ადამიანები, მაგრამ იმ სათქმელისთვის, რომელიც მსურს, გაგიზიაროთ, ამას  არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი სხვა რამ არის: საქართველოში აღმოჩნდნენ მოქალაქეები, რომლებსაც ევროპის მიმართ იმ მასშტაბის პროტესტი დაუგროვდათ, რომ ჩვენთვის ასე წარმოუდგენელი აქტი მოაწყვეას – მათ  საქართველოში ყველაზე მაღალ პოლიტიკურ “სიწმინდეზე” გაბედეს ხელის აღმაღთვა. ეს რევოლუციური,  ეპოქალური, ისტორიული მოვლენაა. ამ ფაქტით ისტორიული პოლიტიკური შემობრუნება არ მომხდარა,  ვინაიდან ჩამოგლეჯილი და დამწვარი დროშის ადგილზე ახალი აღმართეს, ხულიგნური (თუ პოლიტიკური) აქტის განამხორციელებლებს, რა თქმა უნდა, დასჯიან და მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრი (როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში) კვლავ  ევროპაზე ილოცებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუბიკონი გადაილახა, თვისება შეიცვალა და ისეთი რამ მოხდა, რომ ამ აქტის ჩადენამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ვერავინ დააბრუნებს. ეს აქტი ქალწულობის დაკარგვას ჰგავდა.  მორჩა, ნაბიჯი გადადგმულია, ვარდი მოწყვეტილია, ბროლი დამსხვრეულია, უბიწოება  შერყვნილია და მისი აღდგენა შეუძლებელია!  ევროკავშირის დროშის ჩამოხევა და დაწვა ახალი ეპოქის მომყვანი მოვლენა არ არის, მაგრამ იგი ახალი ეპოქის დადგომის მაცნეა. მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული, იგი მაცნეა გაზაფხულისა, რომელსაც თვითონ მოჰყავს მერცხალი. ევროპის დროშის დაწვას არ მოჰყავს ახალი ეპოქა, პირიქით,  ახალმა ეპოქამ ჩამოგლიჯა და დაწვა ევროკავშირის დროშა. რა არის, რას ნიშნავს და რა განსაკუთრებული ნიშნით მოდის ეს ახალი ეპოქა?

დასრულება დასავლური ცხოვრების წესის გაუაზრებელი და უკრიტიკო მიღებისა;

დასრულება დასავლური წნეხით მაზოხისტური სიამოვნების მიღებისა;

დასრულება დასავლური ცხოვრების წესის რელიგიის რანგში აყვანისა და ამქვეყნიურ სამოთხედ მისი გამოცხადებისა;

დასრულება დასავლეთიდან წამოსული დირექტივების პანაცეად მიჩნევისა;

დასრულება დასავლური სიმბოლიკის სიწმინდეებად აღიარებისა;

დასრულება დასავლეთის შესახებ აზროვნებასა და მსჯელობაში უკიდეგანო ცენზურისა და თვითცენზურისა;

დასრულება დასავლური კერპის წინაშე მონური თავდახრით დგომისა.

აი, რა ეპოქა მოდის და რისი მაცნეა რუსთაველის პროსპექტზე ავარდნილ ცეცხლის ალში გახვეული ევროკავშირის დროშა.

ვინ არიან კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებმაც ევროკავშირის დროშაზე ხელის აღმართვა გაბედეს, არ ვიცი. არ გამოვრიცხავ, რომ ისინი პოლიტიკური ავანტიურისტები ან სულაც პროვოკატორები აღმოჩნდნენ, მაგრამ ეს იმ ვითარებას არ ცვლის, რომ ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში დასავლეთის პოლიტიკური ფენომენი უკვე გაბახებულია. ხაზს ვუსვამ – პოლიტიკური ფენომენი. რაც შეეხება დასავლურ (ევროპულ) კულტურას – მეცნიერებას, ხელოვნებას, მწერლობას, ფილოსოფიას,  ეს სხვა ფენომენი და სხვა სამყაროა, რომელმაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პოლიტიკაში უცნაური ტრანსფორმაცია განიცადა და ფაშიზმი შვა, ოცდამეერთე საუკუნეში კი, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვა თვითმიზნურ მარაზმად გადააქცია და სოდომური ცოდვისა და გარყვნილების მორევში გადაეშვა;  მეორე მხრივ კი, ნეოფაშიზმის ახალი ტალღა წარმოშვა, რომელიც, შესაძლებელია, მსოფლიოს უფრო დიდ (ბირთვულ) ტრაგედიად დაატყდეს თავს,  ვიდრე მეოცე საუკუნეში დაატყდა. როგორი მოხიბლულიც უნდა ყოფილიყო ქართველი საზოგადოება დასავლეთით, ეს ფაქტი შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და არც დარჩა,  ამიტომ დასავლური პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პათოსიც გაჩნდა და ღია ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამაც არ დააყოვნა. გაჩნდა და იმძლავრა იმგვარმა აგრესიამაც, რომელიც სიმბოლიკის შეურაცხყოფის იმ დაუოკებელ სურვილში გამოვლინდა, პარლამენტის შენობასთან რომ ვიხილეთ.  ქართველმა ხალხმა იმ სისხლის სუნიც იყნოსა, რომელიც უკრაინის, ევროპისა და ამერიკის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეულ (თუკი ამას მოახერხებენ) ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას მოჰყვება. ამ მომენტებმა დაძრა საპირისპირო მიმართულების ის ტალღა, რომელიც იზრდება და ძალას იკრებს.  ამ საწინააღმდეგო ტალღას არამხოლოდ ის პოლიტიკური ტენდენცია კვებავს, რომელიც ახალ აზროვნებას მოაქვს, არამედ ძველი (შეურაცხმყოფელი) აზროვნების გამო გაბრაზების, ძველ სიყალბეთა გამოაშკარავებისა და ძველ ცოდვათა გამო შურისძიების ტენდენციაც ზურგის ქარივით ზრდის და მოერეკება.

რამდენიც უნდა იტირონ და იგლოვონ ამის გამო, ის ევროპა, რომელშიც ფაშიზმის, გარყვნილებისა და სატანის კულტი მძვინვარებს, საქართველოსთვის უკვე შთანთქა პარლამენტის წინ ავარდნილმა ალმა. ქართულ საზოგადოებრივ  ცნობიერებაში ისე დაიწვა და დაიფერფლა ევროპული (დასავლური) პოლიტიკა, როგორც პირველ საუკუნეში რომი, მეთხუთმეტე საუკუნეში ამსტერდამი, მეჩვიდმეტე საუკუნეში-ლონდონი, მეთვრამეტე საუკუნეში კოპენჰაგენი, ოცდამეერთეში კი ნოტრ დამი, რომელსაც ქართულად ზოგჯერ ასეც თარგმნიან – ჩვენი ქალბატონი.

ვალერი კვარაცხელია                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here