Home ახალი ამბები საქართველო რუდიმენტები

რუდიმენტები

273
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 14 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება და 6 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო

საქართველოში დააკავეს ასაფეთქებელი ნივთიერება და მოწყობილებები, რომლებიც უკრაინიდან ოთხი სახელმწიფოს (რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საქართველო) გავლით რუსეთში უნდა შეეტანათ ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. ამ დანაშაულებრივ ოპერაციაში ჩართული იყვნენ სამი სახელმწიფოს (უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს) მოქალაქეები. ეს სერიოზული ამბავია.

დღეს საიდუმლოს  არავისთვის წარმოადგენს  ის, რომ რუსეთთან ომს, უკრაინა კი არა, მთელი დასავლეთი აწარმოებს. ასაფეთქებელი ნივთიერებისა და მოწყობილობების არალეგალური გატარება სახელმწიფო საზღვრებზე დღეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ დანაშაულებრივმა ტვირთმა შეუფერხებლად გადაკვეთა ჩამოთვლილი ქვეყნების სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა. დავიჯეროთ, რომ ეს ამ დანაშაულებრივ ოპერაციაში ჩართულმა ადამიანებმა (უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებმა) სხვა, გაცილებით სერიოზული ძალების დახმარების გარეშე შეძლეს? არა, უფრო  სარწმუნო სწორედ ის ვერსიაა, რომლის მიხედვითაც უკრაინიდან რუსეთის მიმართულებით ამ ბინძური ტვირთის მოძრაობა დასავლეთის სპეცსამსახურების ხელშეწყობით მიმდინარეობდა. ამიტომაც გამოიარა ტვირთმა შეუფერხებლად ნატოს წევრი სახელმწიფოები (რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი), საქართველოში კი იგი გაშიფრეს და დააკავეს. აი, რით არის ეს მოვლენა საინტერესო.

რა თქმა უნდა, შესანიშნავია ის ამბავი, რომ ტერაქტი ვერ შედგა და ღმერთმა იცის, რამდენი უდანაშაულო სიცოცხლე გადარჩა, მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა; მეორე მხარე კი ის არის, რომ საქართველო სწორედ ის სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელში დასავლეთის სპეცსამსახურებმა არალეგალური და დანაშაულებრივი ტვირთი ვერ გაატარეს. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო დასავლეთის ყურმოჭრილ მონად არ გამოიყურება; რომ ჩვენი ქვეყანა დასავლეთის მიერ მიტაცებულ სუვერენიტეტს იბრუნებს; რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც შეუძლია, პირველ რიგში, საკუთარი ღირსების, შემდეგ კი სახელმწიფო საზღვრებისა და ეროვნული უსაფრთხოების დაცვა. ზოგადი ხასიათის ეს პირველი დასკვნა, რომელიც ამ ფაქტიდან გამომდინარე შეიძლება გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ აქედან მეორე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთებაც შეიძლება. ეს დასკვნა საქართველოს კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა გააკეთა: აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების  ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლეიც განხორციელდებოდა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში. აი, ეს არის მთავარი. დანაშაულს, რომელიც დაიგეგმა და რომლის განხორციელება უკვე მიმდინარეობდა, რამდენიმე მიზანი ჰქონდა:

1. ტერაქტის განხორციელება რუსეთში;

2. ამ საქმეში საქართველოს გამოყვანა დამნაშავე სახელმწიფოდ, რაც შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი ვითარების შექმნას დადებოდა საფუძვლად;

3. ტერაქტის განხორციელება საქართველოში, ომელი ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავდა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დანაშაულებრივი ოპერაციის უმთავრესი მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის ომის პროვოცირება იყო, რომელიც დასავლეთს ჰაერივით სჭირდება, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული ოპერაცია “უკრაინა” ჩაფლავდა. დასავლეთმა ეფექტი, რომელსაც ამ ოპერაციიდან  მოელოდა, ვერ მიიღო. რუსეთის ეკონომიკამ, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა და არმიამ დამაჯერებლად ჩააბარეს გამოცდა. ევროპის ეკონომიკა ინგრევა, კონტინენტი საპროტესტო ქაოსმა მოიცვა, რუსული არმია კი უკრაინაში ნელა ფქვავს, წვავს, ანადგურებს დასავლურ შეიარაღებას, რომლის იმედითაც რუსეთის დამარცხებაზე ოცნებობდნენ. ახლა იმის იმედად არიან, რომ იქნებ აღმოაჩინონ რუსოფობიით უკრაინის დონეზე დაავადებული კიდევ რომელიმე ერი, რომელიც დასავლეთის პოლიტიკურ ინტერესებს უყოყმანოდ შეეწირება. ამ ძებნაში მზერას საქართველოსკენ აპარებენ, რადგან იციან, რომ ეპოქალურმა სიგიჟემ ჩვენც დაგვრია ხელი: ქართველებიც დააფრიალებენ უკრაინულ დროშებს; ქართველებიც გაიძახიან „სლავა უკრაინეს”; ქართველებიც ომობენ უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ; და ბოლოს, ქართველებსაც გვყავს ვინმე შოთა უტიაშვილი („ნაციონალური მოძრაობის” ეპოქის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსი), რომელიც უპასუხისმგებლო განცხადებების კეთებით საკუთარ მეუღლეს, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესაც კი უკან მოიტოვებს. „სუს-ის მიერ გავრცელებული ცნობები ბუზისგან სპილოს გამოყვანის მცდელობაა. საიდან იციან საქართველოს სუს-ში, რომ უკრაინელებს უნდოდათ ვორონეჟში ისეთი აფეთქება, რომ ადამიანური მსხვერპლი გამოეწვიათ და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაეზიანებინათ? რატომ არ შეიძლება, რომ ეს ნივთიერება განკუთვნილი ყოფილიყო რუსულ სამხედრო ობიექტზე შეტევისთვის? რანაირად შეიძლება იცოდეს სუს-მა, უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ქართული წარმოშობის პირს, რა მიზანი ჰქონდა რუსეთში?!” – აცხადებს უტიაშვილი. იგი აქ არ ჩერდება: „უკრაინიდან თუკი მართლაც იგეგმებოდა რაიმე, სუს-ს შეეძლო, პირდაპირ უკრაინისთვის მიემართა, –  თქვენი მოქალაქე ასაფეთქებელ ნივთიერებას გზავნის საქართველოშიო. უკრაინელებს თუ არ ენდობიან, ამერიკელებისთვის ეცნობებინათ, – უკრაინელები ასე იქცევიან და თავი დაგვანებონო. არც ერთი გააკეთეს და არც მეორე… მოკლედ, ვხედავთ პროპაგანდას და სხვა არაფერს. ისე დიდია პროპაგანდისტული ელემენტი, რომ მთლიანად ფარავს, თუ რამე იყო რეალური”. ამან (ამ უტიაშვილმა) უნდა თქვას, კაცი ვარ და ქუდი მხურავსო, რადგან არც ჭკუა აქვს და არც ნამუსი, კაცობას (კაცობის ქუდს) კი ეპოტინება და განცხადებებსაც ქართველი ხალხის სახელით აკეთებს. აქეთ ცოლი, იქით ქმარი, ერთ მუშტად შეკრულნი უტევენ რუსეთს. მე ვიცი, რომ რუსეთს ნატო ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ცოლ-ქმარ უტიაშვილ-კვესიტაძეს როგორ გადაურჩება, არ ვიცი. უტიაშვილის ორატორული ხელოვნებისა და კვესიტაძის „ძალიან მაღალი აიქიუს” გაძლებას ეხუმრები?!

სუს-ის ცნობით,  ოპერაციას უკრაინის მმართველი პარტიის წევრი, წარმოშობით ბათუმელი ანდრეი შარაშიძე ხელმძღვანელობდა                   

მეცოდება რუსეთი.

უტიაშვილ-კვესიტაძის ცოლქმრულ დუეტს რომ გადაურჩეს კიდეც, მენშევიკების პირგამეხებული შთამომავლის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რისხვას სად გაექცევა?! რამდენიმე დღის წინათ პარლამენტში რიხიანად მისულ პრეზიდენტს იმის ნიშნად, რომ მას პრეზიდენტად არ აღიარებენ, უმრავლესობა ფეხზეც არ წამოუდგა, მაგრამ ზურაბიშვილის რუსოფობიას ამის გამო მისხალიც არ მოჰკლებია:

„უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა. მეტიც, ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს”. დასავლეთის სამსახურში დგომის გამომხატველია პარლამენტის წინაშე პრეზიდენტ ზურაბიშვილის ანგარიშის პირველსავე სიტყვებში გაცხადებული ეს უკიდეგანო სიყვარული უკრაინული ფაშიზმისა და დაუფარავი სიძულვილი რუსეთისა და რუსებისა. ჰოდა, უტიაშვილ-კვესიტაძის ცოლქმრულ ტანდემსა და საქართველოში ჩაბუდებულ „მეხუთე კოლონასაც” რომ გადაურჩეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის რისხვას სად დაემალება რუსეთი?! ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, სასიხარულოა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წინამორბედი ხელისუფლებებისგან განსხვავებით, უარს აცხადებს ტერორისტებთან თანამშრომლობაზე, თუნდაც ეს ტერორისტები დასავლური სპეცსამსახურების შეკვეთებს ასრულებდნენ. ამ ფონზე უსაშველოდ მოძველებულია ის, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი გვთავაზობს: „გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის”. უცნაური არ არის? ერთობის პლატფორმა საქართველოსთვის კი არა, ევროპისთვისო. რა ქნას? როგორც ჩანს, სამუდამოდ ჩარჩა წარსულსა და იმ პოლიტიკურ სულისკვეთებაში, რომლის გამოც სტალინმა მისი განძიპარია წინაპრები საქართველოდან გააძევა. იმ მძიმე წარსულის რუდიმენტები დღემდე მოგვყვება და ვერ მოგვიცილებია, რადგან რუდიმენტების გაქრობას საუკუნე არ ჰყოფნის, საუკუნეები სჭირდება. ამ რუდიმენტებს ხან განზოგადებული სახე აქვთ, ხან კონკრეტული სახელი და გვარი; ისინი ხან შორს რჩებიან, ხან ახლოს მოდიან; ხან ისტორიული პერსონაჟები არიან, ხან თანამედროვეებად გვევლინებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მუდმივად იმ (ძველ) რეალობაში რჩებიან, ჩვენ კი ამ (ახალ) რეალობაში ვცხოვრობთ, მათ შორის საუკუნოვანი წყალგამყოფია გაწოლილი. ორი ეპოქა დიალექტიკურად, შესაძლებელია, ერთიმეორის გაგრძელებას წარმოადგენდეს, მაგრამ ერთი ეპოქიდან მეორეში მექანიკურად გადმოსული პოლიტიკური რუდიმენტები, ერთი მხრივ, კომიკურნი, მეორე მხრივ კი, ხელისშემშლელნი არიან, რაც პარლამენტში წლიური ანგარიშის ჩასაბარებლად მისული პრეზიდენტის მაგალითზე თვალნათლივ ვიხილეთ.

საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული ტერორისტებიც რუდიმენტები არიან რუსეთის მიმართ დასავლეთის უკიდეგანო სიძულვილისა და შეურიგებლობისა; უკრაინული ფაშიზმიც რუდიმენტია გერმანული (დასავლური) ფაშიზმისა; დღეს გაბატონებული რუსოფობიაც რუდიმენტია ევროპული ანტისემიტიზმისა, ისევე, როგორც ქართველების ერთი ნაწილის დასავლეთით გამოლენჩებაა რუდიმენტი ძველი, განუხორციელებელი გეოპოლიტიკური ალტერნატივისა, ისტორიული აკვიატებისა, ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობისა და რეალობის დეფორმირებული აღქმისა.

ვალერი კვარაცხელია

                                                                               

1 COMMENT

  1. ამერიკის აბორიგენი ..ხალხო, რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი?! ჩვენი სატკივარი ის არის, რომ ვართ დაქსაქსულები!-რა ძალები ებრძვიან მართმადიდებელ ეკლესიას? ეკლესიაზე დარტყმები გაძლიერდება! ირმა ინაშვილის სტუდია N8 · Только что”’დაიცავით საქართველო!…….…მოვლენები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე ვითარდება, არც მხოლოდ რუსეთსა და უკრაინას შორის ომია და არც მხოლოდ რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი. თუ ჩავუღრმავდებით, ეს დასაღუპავად განწირული კაპიტალიზმის ომია საკუთარ თავთან, საკუთარ წინააღმდეგობებთან და საკუთარ კრიზისებთან..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here