Home რუბრიკები პოლიტიკა ლობიოობა დემოკრატიის სახელით

ლობიოობა დემოკრატიის სახელით

2603

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციები გრძელდება. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს და, სანამ ეს მოთხოვნა არ შესრულდება, დაშლას არ აპირებს. შეკრებილებს სამი მოთხოვნა ჰქონდათ _ ირაკლი კობახიძის გადადგომა, არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და გახარიას წასვლა. სამიდან ორი შესრულებულია, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, მადა ჭამაში მოდისო და აქცია არ იშლება. 

მოდი, ვთქვათ, რეალურად ვინ დგას დღეს აქციაზე, რატომ არის იერიში კონკრეტულად გახარიაზე და რას ვაგებთ ამ ყველაფრით ჩვენ _ ადამიანები, რომლებსაც არც ეს აქცია მოგვწონს და არც ხელისუფლება გვეხატება გულზე, მაგრამ გვაქვს პოზიცია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს. რამდენიმე მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რატომ არ უნდა წავიდეს ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან, მაგრამ უმთავრესი ორი რამ არის _ სწორედ გახარიამ აღკვეთა დაგეგმილი შტურმი პარლამენტის შენობაზე, რასაც, დიდი ალბათობით, სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვებოდა და მეორეც _ გახარია მინისტრთა კაბინეტში არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც აქვს პრინციპები, რომლებიც ადეკვატურია მიმდინარე მოვლენებისადმი და რომელსაც ვერ იტანს ოპოზიცია. ოპოზიცია კი მას სწორედ სიძლიერის გამო ვერ ეგუება.

ესეც არ იყოს, აქცია, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, უკვე გადაიზარდა გაუგებარ შეკრებაში, რომელიც ყოველ საღამოს იმართება, სადაც გამოდიან გაუგებარი ადამიანები. გაუგებარ ადამიანებში მათ ვგულისხმობ, ვინც მიკროფონთან მხოლოდ იმიტომ მიდის, რომ შეიგინოს, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიოს ყველა, ვინც მოესურვება და აღტკინებულმა ბრბომ, ტრიბუნიდან გინებას რომ გაიგონებს, ტაში დაუკრას. აქციაზე არც ლეგალიზებული მარიხუანის ნაკლებობაა და თრიაქით გაბრუებული ახალგაზრდები, გაურკვეველი ჯგუფების მიერ დაკრულ გაურკვეველ მუსიკასა და სიმღერაზე რიტმულად ასევე გაურკვევლად როკავენ. ეს ყველაფერი ერთ დიდ გაუგებრობად იქცა და მხოლოდ ორი ტელევიზია უთმობს ეთერს და უძღვნის ვრცელ სიუჟეტებს, იმიტომ, რომ მათ ხელს აძლევთ ხალხის გარკვეული რაოდენობა რუსთაველზე, რათა გაჭირვების შემთხვევაში, ზუსტად ისევე ჩაუდგნენ სათავეში და ცხვრის ფარასავით გაიყოლონ უკან, როგორც ერთხელ უკვე გააკეთეს “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს წევრებმა”. მართალია, იქ კიდევ იყვნენ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერები, მაგრამ პარტიას, რომელსაც იმაზე ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე საქართველოს ნაკრების თამაშებზე დადის გულშემატკივარი (და ბოლო პერიოდში გულშემატკივარი მთავარ სტადიონს ვერ ავსებს), სათვალავში არ მიიღება.

რამდენიც უნდა ამტკიცოს ოპოზიციამ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ახალგაზრდების პროტესტი, ფაქტია, რომ, როგორც კი ისეთი დაძაბულობის სუნს იკრავენ, რომლიდანაც შესაძლოა რამე გამოდნეს, მაშინვე აქციაზე გარბიან და სათავეში დგებიან და ეს იმის მიუხედავად, რომ, პრაქტიკულად, ყველა ლიდერს თავის დროზე ბოთლები დაუშინეს. ლოგიკურად, ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, თავმოყვარე პოლიტიკოსი აქციებს არ გაეკარებოდა, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში თავმოყვარეობა და პრინციპები უცხო სიტყვაა და ამიტომაც ისინი ყველაფერს კადრულობენ. თანაც, მათგან, ვინც საპროტესტო აქცია დაიწყო, დღეს რუსთაველზე 1%-იც აღარ დგას, იქაურობას პარტიული აქტივი “ამაგრებს” და მოთმინებით ელის, როდის გაუწყდება ხელისუფლებას მოთმინების ძაფი და, თუ არ გაუწყდება, შეეცდებიან, ერთი ისეთი პროვოკაცია კიდევ მოაწყონ, როგორიც 20 ივნისს მოაწყვეს და მერე…

ახლა ის ვთქვათ, რას ვიღებთ ჩვენ, აქციისადმი ნეიტრალური დამოკიდებულების მქონე ადამიანები; ის ადამიანები, რომლებსაც გვახსოვს, რომ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ახლა ქვეყნის მთავარ გამზირზე კეკლუცობენ, “აპრავებდნენ” 7 ნოემბერს, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებულ პროვოკაციას უწოდებდნენ 26 მაისს და მერე რა, რომ მაშინ ხალხიც დახოცეს, ასობით ადამიანი ციხეში ჩაყარეს, ათასობით კი დაასახიჩრეს. მაშინ ისე იყო საჭირო, ახლა _ ასეა. აკი გითხარით, _ თავმოყვარეობა და პრინციპები ქართული პოლიტიკისთვის უცხო ხილია-მეთქი.

იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, ყოველ საღამოს ქვეყნის მთავარ გამზირს მაინც კეტავენ. თრიაქით (და არამხოლოდ) გაბრუებული რამდენიმე ახალგაზრდა პირდაპირ გზაზე წვება (წყვილებიც წვებიან და ხვევნა-კოცნაც იშვიათი სანახავი არ არის) და ისედაც ავტოკოლაფსის პირობებში მყოფი დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა ჯოჯოხეთს ემსგავსება. იწყება შემოვლითი გზების ძიება, საპატრულო პოლიცია ცდილობს, დაარეგულიროს მოძრაობა ქუჩებზე, სადაც ორი მანქანა ძნელად თუ აუვლის ერთმანეთს გვერდს, აქეთ ეზოდან გამოსული მოსახლეობა კედელზე აკრული მიდის მაღაზიამდე ან მეზობლამდე, რათა გადაჭედილ ვიწრო ქუჩაზე ავტომობილმა არ გასრისოს.

პარალელურად, საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობა რუსთაველის გამზირზე სეირნობს და, როცა ხედავენ, რა ხდება, როგორ ხდება და რა საფრთხის შემცველია გაბრუებული და აღტკინებული ახალგაზრდების როკვა, რაღა თქმა უნდა, არც მეგობრებს ურჩევს ჩამოსვლას და არც თვითონ გამოიხედავს აქეთ. ორიოდე დღის წინათ ერთ-ერთი ფრანგი სტუმარი გავატარე სწორედ აქციის დროს რუსთაველზე და იცით, რა იკითხა? თუ აპროტესტებენ რამეს, რატომ მღერიანო? რა უნდა მეთქვა, როგორ უნდა ამეხსნა, რომ ეს ქართული ფენომენია, საპროტესტო აქციებზე სიმღერა, მიკროფონთან გინება, მოწოდებები გადატრიალებაზე?! აგერ, საფრანგეში თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ყვითელჟილეტიანთა აქციები, ათასობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმე დაიღუპა, მაგრამ სადმე მოგიკრავთ თვალი, რომ ეს ყვითელჟილეტიანები შეკრებილიყვნენ, ვიღაცას ემღერა და მათ კიდევ როკვა გაემართათ? არა, რადგან იქ არც ოპოზიციაა ისეთი უგუნური, ახალგაზრდებს მთავრობის სახლის შტურმისკენ მოუწოდოს და… ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო შენობების შტურმის დროს პოლიციას უფლება აქვს, ცეცხლი გახსნას. ანალოგიური რამ მოხდება ამერიკაშიც: თუ ვინმე გადაწყვეტს თეთრ სახლში შეჭრას, პოლიციას უფლება აქვს, ესროლოს თავდამსხმელს ან თავდამსხმელებს. აი, ასეთივე კანონი საქართველოშიც რომ მიიღონ, კარგი იქნება და იცით, რატომ? ერთხელ და სამუდამოდ ჩავიბეჭდავთ თავში, რომ დაუშვებელია ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობა! შესაძლოა, ვინმემ ამის გამო გაგვაკრიტიკოს, მაგრამ დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, თუ არა კანონების სიმკაცრე, ისე ვერ და არ ვიგებთ, რა შეიძლება და რა _ არა, რა არის კარგი და რა _ არა. აგერ, ნარკოლიბერალიზაციამ უკვე მოგვცა შედეგი: ქალაქსა თუ სოფელში დიდი თუ პატარა მარიხუანით გაბრუებული დადის და უფროსი თაობის ხალხი ამას ჩივის. მით უმეტეს ახლა, როცა მარიხუანის “მოსავალი” შემოდის და ახალგაზრდებს სხვა საფიქრალი არ აქვთ.

რაც შეეხება ამ ყველაფრის ეკონომიკურ შედეგს, სწორედ აქციებისას დაიწყო ლარის გაუფასურება და ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ცუდის მოლოდინის გამო დაიწყო. მართალია, სხვა მიზეზიც უამრავია, მაგრამ ის, რომ აღნიშნული აქცია უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკაზე, ფაქტია. ისედაც მდარე ინვესტიციების ფონზე, აღნიშნული აქცია აუცილებლად დააფრთხობს პოტენციურ ინვესტორს და არასტაბილურობასთან ერთად, გაუჩნდება განცდა, რომ ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას, არ შეუძლია რამდენიმე ასეული ადამიანის დაშლა და ეს სრული სიმართლეა. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფრის დემოკრატიის სახელით “გაპრავება” არ შეიძლება. ჯაბა იოსელიანმა თქვა თავის დროზე, _ დემოკრატია ლობიოობა არ არისო და ის, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, სწორედაც რომ ლობიოობაა და არა დემოკრატია.

ჩვენი ინფორმაციით, ოპოზიცია და კონკრეტული ტელევიზიები შეეცდებიან, აღნიშნული აქცია თუნდაც ასკაციანი შემადგენლობით მთელი ზაფხულის განმავლობაში შეინარჩუნონ და დაელოდონ მომენტს, როცა ხელისუფლება მორიგ შეცდომას დაუშვებს, რათა ქუჩაში ისევ გამოიყვანოს ხალხი და ისევ სცადოს ის, რაც 20 ივნისს არ გამოუვიდა. ხომ ფაქტია, რომ ოპოზიცია დარწმუნებულია, ძალოვანი უწყება ვეღარ გაბედავს რეზინის ტყვიის სროლას, რათა ისევ არ აგორდეს პროტესტის ახალი ტალღა და ამით შეგულიანებულ და თრიაქით გაბრუებულ ახალგაზრდებს ისევ წინ გაუძღვებიან, გადამწყვეტ მომენტში კი ზუსტად ისე გაიპარებიან მოწინავე პოზიციიდან, როგორც მელა იპარება ხოლმე საქათმიდან, რამდენიმე ქათამს რომ გადასანსლავს, მერე. ამიტომ ვამბობთ, რომ კანონია მისაღები, კანონია გასამკაცრებელი და ევროპა-ამერიკაც ხმას ვერ ამოიღებს, რადგან ეს კანონი მათი კანონის ანალოგი იქნება. სხვაგვარად, დემოკრატიის სახელით შეფუთული ლობიოობა გაგრძელდება, ლობიო კი სიცხეში ადვილად რომ ყროლდება, ჩვენზე კარგად უნდა იცოდეთ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here