Home ახალი ამბები საქართველო ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ...

ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს – კელი დეგნანი ლაშა ჩხიკვაძეზე

146

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ჩხიკვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მან „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელს შეხვდა, რომელმაც საუბრისას გამოჰკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მიიღო მან გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. 

დეგნანის თქმით, „ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში აქ, მარტივად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს“. 

აშშ-ის ელჩს ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით უფრო ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ეხმარება საქართველოს, რომ ჰქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში. ეს არის ცენტრალური საყრდენი იმ სამუშაოსი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ აქ, რათა დავეხმაროთ საქართველოს კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მრავალ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს სასამართლოს სისტემაში ამ მიზნის მისაღწევად, რადგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემა არის ჯანსაღი დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებული“, – განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მთავარი“ არხის დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო განხილვის შედეგის გამო ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება.

ჩხიკვაძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე.

https://pia.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here