Home ახალი ამბები საქართველო კატასტროფული მდგომარეობა განათლების სისტემაში- 2023 წელს  სკოლაში  სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა

კატასტროფული მდგომარეობა განათლების სისტემაში- 2023 წელს  სკოლაში  სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა

152

დაგვეთანხმებით, ალბათ,  რომ ყველა სფეროში  სტაბილურობის განცდა  სამომავლო წარმატების ერთ-ერთი ფაქტორია. ეს განსაკუთრებით ითქმის განათლების სფეროზე, სადაც სტაბილურობა  მართლაც უმნიშვნელოვანესია. როცა ხელმძღვანელმა იცის, რომ მართვის სადავეებთან დიდხანს იქნება, თუ არაფერს გააფუჭებს, სახლში არ გაუშვებენ, ის იწყებს გრძელვადიან პროექტს, რომელიც ბოლომდე მიჰყავს და რომელსაც შედეგი მოაქვს. მარტივ მაგალითს კომუნისტებზე გეტყვით.

ომის პირობებში, 1936-44 წლებში, განათლების მინისტრი იყო გიორგი კიკნაძე. იმ ურთულეს პერიოდში, როცა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ფრონტზე ან თავისი ნებით მიდიოდნენ, ან სკოლის დამთავრების შემდეგ მიჰყავდათ, სწავლაზე აქცენტის გაკეთება ურთულესი საქმე იყო. კიკნაძის შემდეგ მოვიდა ვიქტორ კუპრაძე, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში უძღვებოდა განათლების სისტემას, შემდეგ – გიორგი ქინქლაძე, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში იყო მინისტრი. ის თამარ ლაშქარაშვილმა შეცვალა, რომელსაც მინისტრის პოსტი 16 წელი ეკავა. ხვდებით, როგორი მიდგომა იყო იმხანად? და იყო თუ არა იმ პერიოდში ერი განათლებული? იყო თუ არა გამართული ის სისტემა, რომელიც ხელის ერთი მოსმით დავანგრიეთ და რომელიც დღემდე შეინარჩუნა, მაგალითად, გერმანიამ, რომელიც მიხვდა, რომ ამაზე უკეთესს ვერ მოიფიქრებდა? 1936-დან 1986 წლამდე საქართველოში განათლების 5 მინისტრი შეიცვალა, ანუ საშუალოდ 10 წელიწადში ერთი. აი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ანუ 1990 წლიდან დღემდე, განათლების მე-19 მინისტრი გვყავს. ანუ, საშუალოდ 1,7 წელიწადში ერთხელ ვცვლით განათლების მინისტრს და რომელ სტაბილურობაზეა  საუბარი?

თანაც, „ნაციონალური მოძრაობის“  ზეობის ხანაში  დანიშნულ მინისტრებს თუ გადავავლებთ თვალს, შესაძლოა, თმა  ყალყზე დაგვიდგეს. მათ განათლების სისტემა ჯერ ალექსანდრე (კახა) ლომაიას ჩააბარეს, სოროსის ფონდის წარმომადგენელს, რომელმაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წერა არ იცოდა. შემდეგ იყო მაია მიმინოშვილი და მან მხოლოდ 1 წლის განმავლობაში იმუშავა, შემდეგ კი თანამდებობა კიდევ ერთ სოროსელს, გია ნოდიას, გადააბარა. ნოდიას შემდეგ იყო ნაპროკურორალ-ნაკაცარი ნიკა გვარამია, მერე                                    – სკოლებში წესრიგის დასამყარებლად მივლენილი დასავლელი აგენტი დიმიტრი შაშკინი, შემდეგ ხატია დეკანოიძე და ამის შემდეგ გვიკვირს, ნაცების პერიოდში განათლების სისტემა რატომ  მოირყა და ჩამოიშალაო…

ვაღიაროთ, განათლების სფერო  უკეთეს დღეში არც „ოცნებას“ ჩაუგდია. მინისტრად გიორგი მარგველაშვილი დანიშნეს, რომელსაც პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ მარგველაც დასავლეთის მიერ გუგულის კვერცხივით ჩადებული კადრი იყო. მარგველაშვილი თამარ სანიკიძემ შეცვალა, სანიკიძე – ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც  გაუგებრად დაიწყო და გაუგებრად დაასრულა. შემდეგ იყო მიხეილ ჩხენკელი, შემდეგ ისევ მიხეილი, ოღონდ ბატიაშვილი, მერე ისევ ჩხენკეელი და დღეს მოქმედი მინისტრია გიორგი ამილახვარი. ამ ამბებში ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, იცით, რა არის? აბსოლუტურად ყველა მინისტრმა (მარგველაშვილით დაწყეებული) განათლების განვითარების 10-წლიანი პროგრამა წარმოადგინა და ყველა მინისტრს პრემიერმა თუ პარლამენტმა დაუმტკიცა. იცვლებოდნენ მინისტრები, იცვლებოდა გეგმაც და ხედვაც, მიდიოდა გადაწყობა და გადმოწყობა და აღარ დამთავრდა, აღარ გავიდა ეს განვითარების ათი წელიწადი, ახალი ათვლა კი 2023 წლიდან დავიწყეთ… არადა, 2023 წელს მარგველაშვილის ათწლედი უნდა დასრულებულიყო. ხომ შეიძლება, ცნობილი მეცნიერები, აკადემიკოსები დასხდნენ, შეადგინონ  განათლების სფეროს განვითარების გეგმა და სახელმწიფომ ისე ქნას, რომ,  რამდენი მინისტრიც არ უნდა შეიცვალოს, ყველა ამ ერთ, დამტკიცებულ გეგმას მიჰყვეს. ეგებ მერე მაინც გვეშველოს, თორემ…

2023 წელს (წლევანდელი მონაცემები ჯერ არ არსებობს)  ქვეყნის  სკოლებში  სწავლა 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა. მათგან  8 502 ბიჭია, 6 409 კი – გოგონა. ყველაზე მეტი მოსწავლე მეათე კლასიდან გავიდა – 3 808, თუმცა სანუგეშო არც სხვა კლასებია. მაგალითად, პირველი კლასიდანვე სწავლა 832-მა მოსწავლემ შეწყვიტა, მეორე კლასიდან 1 137 ბავშვი გავიდა, მესამედან – 1008, მეოთხედან – 1 015 და ა.შ. ანუ, საუბარი არ არის იმაზე, რომ სკოლა მხოლოდ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებმა მიატოვეს, დაბალ კლასებშიც კი სკოლაში ბავშვები, უბრალოდ, აღარ მივიდნენ. რაც მთავარია, ამ საგანგაშო სიტუაციის შესახებ ხმამაღლა არავინ საუბრობს და მხოლოდ ის გვესმის, რომ წელს ბევრი აბიტურიენტი გვყავს, რომ კარგია 55 ათასი პირველკლასელი… არადა, კარგი კი არა, სრული კატასტროფაა და განათლების სისტემა დღეს საქართველოში ბოლომდე ჩამოშლილია, განულებულია და ამ გადმოსახედიდან საშველიც არ ჩანს. ჰო, საშველი არ ჩანს, რადგან არ არსებობს გეგმა, არ არსებობს სტრატეგია, არავინ  ამბობს, რა კეთდება იმისთვის, რომ ბავშვებმა სკოლა არ მიატოვონ და თანაც ეს მაჩვენებელი,  შარშანწინდელთან შედარებით,  68%-ით არის გაზრდილი, რაც საგანგაშოა.

გემახსოვრებათ, „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ოპოზიციური არხები როგორ სიამაყით გვიჩვენებდნენ იმ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ, პირდაპირ ეთერში ალაპარაკებდნენ  მეოთხე, მეხუთეკლასელ ბავშვებს და გვიმტკიცებდნენ, რომ ისინიც კი ხვდებოდნენ ამ კანონის სიცუდეს. რეალურად კი, ეს ბავშვები აქციაზე მხოლოდ იმიტომ იყვნენ,რომ  სკოლა  გაეცდინათ, თორემ მეხუთე და მეოთხეკლასელი ბავშვი იმ კანონის ავ-კარგიანობაში თუ ერკვევა, რომელსაც ვენეციის კომისიამ, პრეზიდენტმა და პარლამენტარებმა ვერ გაუგეს ვერაფერი, გენიოსები გვყოლია და ვაჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს…

რატომღაც გვგონია, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ბავშვები სკოლაში სიარულზე უარს ამბობენ, სოციალური ფონია. ჰო, ის ფონი, რომელიც ყველას გვაწუხებს და რომელიც ნელ–ნელა ყველას გვჭამს. ძნელია, ბავშვს აუხსნა, რატომ ვერ ყიდულობ 2 თუ 3–ათასლარიან ტელეფონს მაშინ, როცა მის თანაკლასელებს აქვთ; ძნელია, ბავშვს აუხსნა, რატომ დადის ყოველდღე ერთი სამოსით სკოლაში და რატომ არ იცვამს ახალს, როცა მისი კლასელი ან კლასელები ყოველდღე სხვადასხვა სამოსით დადიან. ჰო, ეს არის ბავშვური თავმოყვარეობა, რომელიც გარდამტეხ ასაკში განსაკუთრებით იჩენს თავს და ამას ვერავინ ვერაფერს მოუხერხებს. ჩვენც ასეთები ვიყავით, ალბათ, მაგრამ იმხანად განსხვავების პოვნა ძნელი იყო, რადგან არ არსებობდა ტელეფონები, სამოსი კი… სამოსი, მთელი საქართველოს მოსწავლეებისთვის ერთი იყო – თეთრი პერანგი, მუქი ფერის  შარვალი და მორჩა. იმ „ავადსახსენებელ კომუნისტებს“ ესეც გათვლილი ჰქონდათ – სკოლაში მაინც მოსწავლეებს შორის სოციალური სხვაობა შესამჩნევი არ უნდა ყოფილიყო. ჩვენ კი, პირველ რიგში, ეს მოვსპეთ და ახლა სკოლა მოდური სამოსის საჩვენებელ ადგილს უფრო ჰგავს, ვიდრე საგანმანათლებლო დაწესებულებას. არც ის არის უცხო, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ცდილობენ სადმე იმუშაონ, რათა ოჯახს ყოფა შეუმსუბუქონ. ისინი ხვდებიან, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას გადასახადის გამო ვერ მოახერხებენ და ცდილობენ, უმცროს და-ძმებს მაინც მისცენ ამის შანსი. ცალკე პრობლემაა სკოლის ბანკეტი. იცით, რომ დამამთავრებელი კლასების  უმრავლესობამ თითო მოსწავლეზე 800-დან 1000 ლარამდე შეკრიბა,  კარგ რესტორანში რომ  წასულიყვნენ, კარგ ექსკურსიაზე და ამ თანხის გარდა საჭირო იყო ახალი ტანსაცმელი პირველი დღისთვის, მეორე დღისთვის, მესამე დღისთვის… და მშობელთა  უმრავლესობას ეს თანხა, უბრალოდ, არ აქვს; ბავშვმაც იცის, რომ მშობელი ამ თანხას ვერ გადაიხდის და „მარტივ“ გამოსავალს პოულობს – სწავლას თავს ანებებს.

ახლა იმასაც ამბობენ,  უმაღლესში მისაღებად, შესაძლოა, ეროვნული გამოცდები საერთოდ ამოიღონ და იქ ჩაბარება ყველას შეეძლოს, მერე კი პირველი სემესტრის ან პირველი კურსის შემდეგ სასწავლებელი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს და ვინ – არა. გამოდის, სტუდენტები, სულ  ცოტა, ერთი წლის სწავლის ქირას გადაიხდიან და შემდეგ შეიძლება სასწავლებელი დაატოვებინონ ან პირიქით – სასწავლებელმა ჩათვალოს, რომ შემოსავალი ცუდი არ არის და ყველას  აუნთოს მწვანე, რაც სამომავლოდ  ქვეყანას უფსკრულამდე მიიყვანს.

არადა, ამ მდგომარეობიდან არის გამოსავალი – აუცილებელია ერთიანი სტრატეგიის შექმნა, თუნდაც  კომუნისტების მიერ მოფიქრებული სისტემის ნაწილის აღდგენა მაინც, იმ სისტემის, რომელსაც ევროპის არაერთი ქვეყანა დღემდე წარმატებით იყენებს და რომელიც ამერიკის არაერთ შტატში  „იტესტება“. სხვაგვარად არაფერი გვეშველება, საერთოდ არაფერი.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                

1 COMMENT

  1. ახლა იმასაც ამბობენ, უმაღლესში მისაღებად, შესაძლოა, ეროვნული გამოცდები საერთოდ ამოიღონ და იქ ჩაბარება ყველას შეეძლოს, მერე კი პირველი სემესტრის ან პირველი კურსის შემდეგ სასწავლებელი გადაწყვეტს, ვინ უნდა დარჩეს და ვინ – არა. გამოდის, სტუდენტები, სულ ცოტა, ერთი წლის სწავლის ქირას გადაიხდიან და შემდეგ შეიძლება სასწავლებელი დაატოვებინონ ან პირიქით – სასწავლებელმა ჩათვალოს, რომ შემოსავალი ცუდი არ არის და ყველას აუნთოს მწვანე, რაც სამომავლოდ ქვეყანას უფსკრულამდე მიიყვანს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here