Home ახალი ამბები საქართველო კარგია, როცა გვეუბნებიან,  1774 ლარია საშუალო ხელფასიო, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი...

კარგია, როცა გვეუბნებიან,  1774 ლარია საშუალო ხელფასიო, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი ფურცელზეა და არა რეალობაში

საქართველოში 277 ადამიანის თვიური ჯამაგირი ნახევარ მლნ ლარს აღემატება, 12 500 ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი კი 100-დან 500 ლარამდე მერყეობს

197

საქსტატის  მონაცემებით, საქართველოში საშუალო  ხელფასი 1774 ლარია. რიცხვი აშკარად შთამბეჭდავია და ხელისუფლებაც თავს იწონებს, – საშუალო ხელფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეს ყველაფერი სწორი ეკონომიკური პოლიტიკითა და წინსვლით არის განპირობებულიო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გვეუბნებიან, რომ 1774 ლარია საშუალო ხელფასი, მაგრამ ვაი, რომ ეს ყველაფერი ფურცელზეა და არა რეალობაში. ახლავე აგიხსნით, როგორი მწარე და დაუნდობელია რეალობა. ჰო, დაუნდობელი, რადგან ციფრები, რომლებიც  საქსტატმა გამოაქვეყნა, წესითა და რიგით, ხელისუფლებას მშვიდად ყოფნის შესაძლებლობას არ უნდა აძლევდეს და ახლავე აგიხსნით, რატომ.

საქართველოში 277 ადამიანია, რომელთა თვიური ჯამაგირიც ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ანუ 277 კაცი თუ ქალი თვეში 500 ათას ლარზე მეტს იღებს და,  ვისაც დამსახურებულად აქვს ეს თანხა, ღმერთმა შეარგოს. იმავე საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები 12 500 ადამიანის ყოველთვიური შემოსავალი   100-დან  500 ლარამდე მერყეობს, ანუ ისინი იღებენ იმ თანხას, რომელიც საკვებადაც  არ არის საკმარისი. ჰოდა, 277-ისა  და  12 500 ადამიანის საშუალო არითმეტიკული რომ გამოვიანგარიშოთ, გამოვა, რომ თითოეული მათგანი თვეში დაახლოებით 21 ათას ლარს იღებს. ეს იქნება ფურცელზე, რეალობაში კი 277 კაცი იღებს ნახევარ მილიონზე მეტს, 12 500 კი – დაახლოებით საარსებო მინიმუმს.

პრობლემა ისაა, რომ რეგულარული სამუშაო არ აქვთ; მეტიც, თბილისის რესტორნებიც კი, რომლებშიც  თითქოს ადგილები არ იყო, მხოლოდ უქმე დღეების იმედად არიან, დანარჩენ დღეებში ვერ მუშაობენ და, როგორც აცხადებენ, ამის მიზეზი ორია: პირველი ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ფული არ აქვს; და მეორე  – სიძვირე. პროდუქტი ძალიან გაძვირდა, მაგრამ არა ისე, რომ გუდაურში ხაჭაპური 45 ლარი ღირდეს. ისე, რაღა გუდაურში, თბილისის თითქმის ყველა რესტორანში დაახლოებით ასეთი  ფასებია. ამას წინათ თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე რესტორანში  4 ფინჯან ჩაისა და 4 ნაჭერ ხაჭაპურში  კლიენტს 120 ლარი გადაახდევინეს. დედაქალაქში ხინკლის ფასი 1,50-დან 2,50 ლარამდე მერყეობს და, ორი კაცი რომ შევიდეს იმ 2,50–ლარიანი ხინკლის შესაჭმელად, სულ ცოტა, 50 ლარი მხოლოდ ხინკალში უნდა გადაიხადოს, მერე მომსახურების ცალკეე, ლუდიც ხომ უნდა მიაყოლონ და თანხა, საბოლოო ჯამში, ვიღაცის ერთი თვის ხელფასს ურტყამს და ეს მხოლოდ ორი ადამიანის სადილია. ცალკე სათქმელია ისიც, რომ არაერთი რესტორნის მფლობელმა ხმამაღლა განაცხადა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს არ მოვემსახურებითო და ახლა სწორედ ისინი ტირიან, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი  ჩვენი ქვეყნიდან  წავიდაო. რა გამოდის? ტელეკამერების წინ ურა-პატრიოტიზმის თამაში მოსულა და, როცა საქმე საქმეზე მიდგება, ცრემლად იღვრებიან: რა ცუდია, რუსეთის მოქალაქეები რომ წავიდნენ, გაცილებით მეტი შემოსავალი გვქონდაო.

ახლა რასაც გეტყვით, შესაძლოა, არც დაიჯეროთ, მაგრამ ვაი, რომ ამის შესახებ ნათქვამია ახალი პრემიერის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში  „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“. სხვადასხვა თემასთან ერთად ამ სტრატეგიაში პოლიციელების ჯამაგირია განხილული. ხომ გვახსოვს, სიტყვებს   „პოლიციელი გმირია“ ყველა მაშინვე მოიშველიებს, როცა ჩვენი სამართალდამცველები საკუთარი სიცოცხლის ფასად საფრთხეს აგვარიდებენ ხოლმე. ჰოდა, პოლიციელის ჯამაგირი 2060 ლარი გახდება… 2030 წელს. არ გეხუმრებით, მართლა ასე წერია. თურმე 2021 წელს  პოლიციელთა შრომის საშუალო ანაზღაურება 1435 ლარი იყო. გეგმის მიხედვით,  2024-ში, ანუ წელს ეს თანხა  250 ლარით გაიზრდება და 1685 ლარს გაუტოლდება; 2027 წელს 1800 ლარი გახდება და ზრდა 375 ლარი იქნება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ პოლიციელის  შრომის  საშუალო ანაზღაურებამ  625 ლარით მოიმატებს  და 2060 ლარი გახდეს. აბა, როგორ არ გავიხსენოთ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროექტი, რომლის მიხედვით 2025 წლიდან დეპუტატის ჯამაგირი 8 ათასი ლარით განისაზღვრება. ჰო, 8 ათას ლარს უკვე მომავალი წლიდან აიღებენ დეპუტატები,  პოლიციელები  კი – ოთხჯერ ნაკლებს… ოღონდ ამასაც მხოლოდ 6  წლის შემდეგ. სხვაობას, იმედია, ამჩნევთ და უხერხული ხომ არ არის ეს ყველაფერი? რაღაც არ გაგვიგია ფრაზა ,,პარლამენტარი გმირიაო’’ და ვერც ისეთ პარლამენტარს ვიხსენებთ, მისთვის გმირის წოდების მინიჭების საკითხი დამდგარიყოს დღის წესრიგში. ხელფასებს შორის სხვაობა „ავადსახსენებელი კომუნისტების“ პერიოდშიც იყო, მაგრამ პოლიტბიუროს წევრებსაც კი არ ჰქონდათ სამართალდამცველებზე  ოთხჯერ მეტი ანაზღაურება.  ახლა ვინმე აუცილებლად შეგვეკამათება: იმხანად  კორუფცია ყვაოდაო. მოდი, ამ თემაზე ნუ „გავხურდებით“, რადგან ჯერ შევარდნაძის  მაღალჩინოსნებს ადანაშაულებდნენ კორუფციაში, შემდეგ  – ნაციონალების პირველი პირები ქაფავდნენ ბიუჯეტის ფულს, ახლა იგივე ბრალდება  მმართველი გუნდის მიმართ ისმის. თურმე კანონმდებლებს ასეთი მაღალი ჯამაგირი იმისთვის სჭირდებათ, რომ კორუფციულ გარიგებებში არ  ჩაერთონ, ქრთამის აღებაზე ხელი არ წაუცდეთ და… ბატონებო, ახლა კორუფციულ გარიგებებში არიან და ქრთამს იღებენ თუ როგორ არის  საქმე? რატომ ემატებათ პოლიციელებს ხელფასი ნელ-ნელა  2023 წლამდე გათვლილი თუ დათვლილი ნაწვალები ლარებით და რატომ ემატებათ 150%-ით ჯამაგირი პარლამენტარებს ხელის ერთი მოსმით? ამას ახსნა არ აქვს და აქედანვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ პარლამენტარებისთვის გაზრდილი ჯამაგირი იმოქმედებს 2025 წლის საშუალო ხელფასზე, ის ისევ მოიმატებს  რეალურად კი  მოსახლეობის უდიდესი ნაწილის შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლები იქნება.

წლებია, პოლიტიკოსებისგან გვესმის: მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, ამას ვიზამდი, იმას ვიზამდი, პენსია და ხელფასი ზღაპრული იქნებოდაო, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.  „გირჩს“ თუ არ ჩავთვლით, ბევრი ოპოზიციონერი იყო ხელისუფლებაში და ვერაფერი გააკეთა. სწორედ  „გირჩს“ უნდა ვუმადლოდეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს მსუბუქი ნარკოტიკი გასინჯული აქვს და მსუბუქიდან მძიმეზე ბევრი გადავიდა. გამოდის, პოლიტიკოსები ვერაფერს აკეთებენ თუ ახერხებენ ვითარების  შესაცვლელად და მთავარი იმედი იმისა, რომ რაღაც მართლა შეიცვლებოდა, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაპირება იყო უფასო ფულზე, საოცარ მომავალზე, მაგრამ მერე ბატონმა ბიძინამ თქვა: რაღაცები კარგად ვერ გავთვალეთ და დავთვალეთო და ამით მორჩა.

სინამდვილეში, ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. მთავარია, ქვეყანამ რამე ნიშა იპოვოს და რაღაცის წარმოება დაიწყოს, ისეთის, მსოფლიო ბაზარზე მარტივად რომ გაყიდის, ოღონდ ეს „რაღაც“ დიდი ოდენობით უნდა იყოს, მასზე ეკონომიკის დიდი ნაწილი უნდა იდგეს. აგერ, საქართველოზე პატარა ფართობი აქვთ  ნიდერლანდებსა და დანიას, მაგრამ ეს ქვეყნები  არამხოლოდ  ევროპულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ნიდერლანდელები სოფლის მეურნეობის ბიოპროდუქტების მხრივ მსოფლიოს ყველაზე დიდი მიმწოდებლები არიან, ხოლო დანიელები უზარმაზარი რაოდენობით აწარმოებენ ღორის ხორცს. გადახედეთ საქართველოს ტერიტორიას და მიხვდებით, რომ, როგორც ბიოპროდუქტების, ისე ღორის ხორცის წარმოების მხრივ იდეალური პირობებია, მაგრამ საამისოდ, კონკრეტული ადამიანების მონდომების გარდა, სახელმწიფოს ჩართულობაა საჭირო, თუნდაც იმ დაპირებული მილიარდის თუ ორი მილიარდის ჩადება და სწორად განაწილება, თორემ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად მილიარდებს რომ ხარჯავს, ვიცით, მაგრამ რისთვის ხარჯავს – ვერ გავიგეთ. აი, მერე იქნება ღირსეული სამსახურიც და ღირსეული შემოსავალიც, თორემ  12 500 კაცი  500 ლარზე ნაკლებს რომ იღებს, იცით, ეს რას ნიშნავს? ეს 12 500 ოჯახია და ისინი შიმშილობენ მაშინ, როცა ქაღალდზე ჩვენ ეკონომიკური ზრდა და 1774- ლარიანი საშუალო ხელფასი გვაქვს.

ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here